გველების „მესაიდუმლე“ - კვირის პალიტრა

გველების „მესაიდუმლე“

გველები ყველაზე იდუმალი, უცნაური არსებები არიან. ადამიანთა მოდგმის დიდ ნაწილს აუხსნელი შიში აქვს მათი, თუმცა არიან ისეთები, ვისაც ქვეწარმავლებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, მათ შორისაა ეკოლოგი ალისა სანაკოევა:

- საბავშვო ბაღში ჩემი ტოლი გოგონები თოჯინებით რომ თამაშობდნენ, მე ჭიანჭველებს ან სხვა მწერებს ვაკვირდებოდი. 12 წლის ვიყავი, როცა გველი პირველად დავიჭირე ხელში და მაშინვე გავიფიქრე, ეს რა ლამაზი და საინტერესო არსებაა-მეთქი... სკოლის შემდეგ ილიას უნივერსიტეტში ჩავაბარე და ამ საქმით უფრო დავინტერესდი, თანაც, გველების დაცვის სურვილი გამიჩნდა.

სტუდენტობაში ჯგუფელები ხშირად ავდიოდით ლისის ტბაზე, იქ ვხედავდი, როგორ ხოცავდნენ ადამიანები ამ უდანაშაულო არსებებს: ლისის ტბის ახლოს, ძირითადად, ანკარები და გველხოკერები ბინადრობენ, რომლებიც ადამიანებს არაფერს უშავებენ, პირიქით, სარგებელი მოაქვთ. რაც უფრო მეტად ვაკვირდებოდი ქვეწარმავლებს, უფრო მომწონდა და თანდათან ეს გატაცება ჩემს პროფესიად იქცა.

- ალისა, თუ ყოფილა შემთხვევა, რომ გველს უკბენია?

- უშხამოებს იმდენჯერ უკბენიათ, ვინ მოთვლის... შხამიან გველებთანაც ხშირი კონტაქტი მქონდა, როცა ზოოპარკში ვმუშაობდი, მაგრამ მათთან ძალიან ვფრთხილობდი. ჩვენთან ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება. გველგესლებიც შხამიანები არიან, მაგრამ მათი შხამი საშიში არ არის. გველის შხამი მხოლოდ იმ შემთხვევაში უქმნის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს, თუ ის ალერგიულია. რამდენიმე თვის წინ გველგესლამ ჩემს ერთ კოლეგას უკბინა, ბიჭი მშვიდად იყო, ჩვენც, ვითომც არაფერი მომხდარა და მძღოლები, რომლებსაც დავყავდით, კინაღამ გაგიჟდნენ, ასე მშვიდად როგორ ხართ, "სასწრაფოში" რატომ არ რეკავთო...

- ქვეწარმავლები ოჯახშიც გყავთ?

- ამჟამად მხოლოდ ერთი - ნარინჯისფერი მცურავი მყავს, რომელიც ამერიკული გველია. ერთხელ ჩემი ტერარიუმის კარი ღია დამრჩა, ექსპედიციაში მივდიოდი და ძალიან ვჩქარობდი. უცბად შევნიშნე, რომ გველი იქ აღარ იყო, დროც აღარ მქონდა, რომ მეძებნა და ექსპედიციაში წავედი. იმ სამი დღის განმავლობაში მარტო იმაზე ვფიქრობდი, ჩემი გველი სად უნდა ყოფილიყო, თანაც, ბაკურიანიდან ჩამოსული იყო ბებიაჩემი, რომელსაც ქვეწარმავლების შიში აქვს. როცა წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ოთახში, სადაც გველი გაიქცა, მას ეძინა, გული მისკდებოდა. ექსპედიციიდან ჩამოვედი, ჩემს გველს დიდხანს ვეძებდი და უეცრად შევამჩნიე, რომ დივნის ქვეშ შალითაში შემძვრალიყო. გველს საკვები და წყალი ხშირად არ სჭირდება და თუ მშიერი არაა, შეუძლია საათობით იწვეს გაუნძრევლად. კიდევ კარგი, ბებიაჩემს არ გაუგია, რომ დივანზე გველთან ერთად ეძინა, თორემ არ ვიცი, რა მოუვიდოდა! ჩემს ოჯახში ქვეწარმავლების ყველას ეშინია: ორივე ბებიას, დედ-მამას - ყველას, ბაბუაჩემი გველებს მოსაკლავად დასდევდა, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი შვილიშვილი ქვეწარმავლების დამცველი­ გახდებოდა. იმის გამო, რომ მათი ბევრს ეშინია, მეზობლებს არ ვუმხელ, რომ სახლში გველი მყავს, თან, ვცდილობ ხალხი გველის შიშს გადაეჩვიოს და ღონისძიებებზე სულ დამყავს. სხვათა შორის, ვინც ქვეწარმავალს ხელში დაიჭერს, მერე შიში უქრება.

gveli2-1688901530.jpg

- ალბათ, ქვეწარმავლების გამო უსიამოვნებაშიც გახვეულხართ?

- ერთხელ სამარშრუტო ტაქსიდანაც ჩამომაგდეს: როცა ქალაქიდან გავდივარ, ჩემს ნარინჯისფერ მცურავს თავის პატარა ჩანთაში ვსვამ ხოლმე. იმ დღესაც ძალიან ვჩქარობდი, სახლში ავირბინე, გველს ხელი დავავლე და მანქანაში რომ ჩავჯექი, მერე მივხვდი, რომ მისი ჩანთაში ჩასმა დამავიწყდა. მაქსიმალურად ვცდილობდი როგორმე დამეფარა, მაგრამ მგზავრებმა მაინც შენიშნეს, ატყდა პანიკა და სამარშრუტო ტაქსიდან დროზე ადრე მომიხდა ჩამოსვლა.

ერთ-ერთი ექსპედიციიდან ათამდე გველი წამოვიყვანეთ უნივერსიტეტის მუზეუმისთვის. რასაკვირველია, ყველა ტომარაში იყო ჩასმული. გზაში ვიღაც ქალი დაგვემგზავრა. ბევრი ვისაუბრეთ და ვუთხარით, ეკოლოგები ვართ და ცხოველებს ვიკვლევთ-მეთქი. ყველა ცხოველი ძალიან მიყვარს, ერთადერთი, რომელსაც ვერ ვიტან და მის დანახვაზე გული მიმდის, გველიაო, გვითხრა. არადა, ამ დროს გველების გარემოცვაში იყო. თბილისში ისე ჩამოვედით, არ გვითქვამს, რომ იმ მანქანით ჩვენთან ერთად გველებიც "მგზავრობდნენ".

ჩვენს კოლეგებს შორის არის შვეიცარიელი მკვლევარი, კონრად მებერტი, რომელსაც გველგესლას შხამზე ალერგია აქვს. მიუხედავად ამისა, მაინც გველგესლებს შეისწავლის. როდესაც ალერგიული ადამიანი ექსპედიციაში მიდის, შემთხვევით ქვეწარმავალმა რომ უკბინოს, ქალაქამდე ვეღარ ჩამოაღწევს. ისიც, ორ-სამჯერ ვერტმფრენით ჩამოიყვანეს თბილისამდე და გველგესლებს მაინც არ ეშვება, ეს ყველაზე საინტერესო სახეობააო, ამბობს...

- ალისა, ყველაზე სამახსოვრო ექსპედიცია თუ გახსენდებათ?

- ერთი ძალიან ცუდად მახსენდება: გზაზე დავინახეთ გატყავებული გველი, რომელსაც თავი მომძვრალი ჰქონდა. საშინელი რეაქცია გვქონდა: წამით წარმოიდგინეთ, ძაღლების მოყვარულმა უთავო, გატყავებული ძაღლი რომ ნახოს... იქვე იდგა ვიღაც ქალი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი ახლდა. ცხადია, გამოვკითხეთ, რა ხდებოდა - თურმე ქალი არატრადიციული მედიცინის მიმდევარი ყოფილა და გველის თავს და სხეულის ნაწილებს წამლისთვის აგროვებდა. ვხედავდი, რომ ის საცოდავი ჯერ არ მომკვდარიყო და სიმწრისგან იკლაკნებოდა. საერთოდ, გველს თავს რომ წააცლიან, ცოტა ხანს კიდევ ცოცხლობს, რადგან ჟანგბადზე მოთხოვნილება ნაკლებად აქვს. ამ სანახაობამ ყველა იქ მყოფი შოკში ჩააგდო. ბევრი ვიკამათეთ, ვუთხარით, რომ ეს სავსებით უწყინარი, უშხამო გველი იყო, რომელსაც ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს, მაგრამ ამაოდ.

- მაინც რატომ არის გველი სასარგებლო?

- ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მისი შხამი მედიცინისთვის ფასდაუდებელია, უბრალოდ, ამ შხამს ისე აცლიან, რომ ცხოველს არ კლავენ და ზიანს არ აყენებენ. გარდა ამისა, ქვეწარმავლები თაგვებს, ვირთხებს და სხვა მღრღნელებს ანადგურებენ. თუ მიხვდება, რომ ჩვენგან საფრთხე არ ემუქრება, გაიქცევა, რადგან ჩვენი ძალიან ეშინია.

- ზაფხულია, ადამიანები აგარაკებზე მიდიან და ძალიან აწუხებთ ასეთი შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სახლში "დაუპატიჟებელი სტუმარი" გვეწვევა?

- უმჯობესია, 112-ში დარეკოთ. თუ არ იცით, გველი შხამიანია თუ უშხამო, მასთან დისტანცია უნდა დაიცვათ. რაც მთავარია, ფეხი არ დაადგათ, ან ხელით არ შეეხოთ. როგორც გითხარით, ქვეწარმავლებს ჩვენი ძალიან ეშინიათ და თუ საშუალებას მივცემთ, გარბიან და იმალებიან. ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვა: ჩვენს ეკოსისტემაში ქვეწარმავლებს თავისი როლი და ადგილი აქვთ, ამიტომ მათი ხელაღებით დახოცვა დაუშვებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე