"ჩემს უბანში, ახალ სტადიონზე,­ მთელი დღე-ღამის განმავლობაში წივილ-კივილია, შეუძლებელია ძილი. შემიძლია თუ არა მათ თამაში ავუკრძალო?" - სამეზობლო დავები და განქორწინებულთა დილემა - იურისტის პასუხები - კვირის პალიტრა

"ჩემს უბანში, ახალ სტადიონზე,­ მთელი დღე-ღამის განმავლობაში წივილ-კივილია, შეუძლებელია ძილი. შემიძლია თუ არა მათ თამაში ავუკრძალო?" - სამეზობლო დავები და განქორწინებულთა დილემა - იურისტის პასუხები

"კვირის პალიტრაში" გამოგზავნილ მოქალაქეთა კითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი:

- ჩემს მეზობელს თავის ეზოში, მოსაზღვრე ღობესთან, დარგული აქვს უზარმაზარი თუთის ხე. ყოველ წელს გვაქვს ერთი და იგივე პრობლემა, თუთა იყრება ჩემს ეზოში და მთლიანად დაბინძურებულია ეზო, მაინტერესებს, შემიძლია თუ არა დავავალდებულო მეზობელი, რომ მოჭრას ხე?

- მეზობელს ვერ დაავალდებულებთ, რომ თუთის ხე მოჭრას, მაგრამ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, თქვენ გაქვთ უფლება თვითონვე მოჭრათ იმ ხის ან ბუჩქის ფესვები, ტოტები, რომლებიც თქვენს ნაკვეთზე არის გადმოსული.

- ვცხოვრობ 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე. მე-5 სართულზე მცხოვრებმა­ მეზობელმა გამოგვიცხადა, რომ დაზიანდა სახურავი და წყალი ჩამოდის, ამიტომ ითხოვს, რომ სამეზობლომ გავიღოთ ხარჯები, მაგრამ მე სახურავთან არანაირი შეხება არა მაქვს. ვარ თუ არა ვალდებული გავიღო ხარჯები?

- ბინათმესაკუთრეთა კანონის თანახმად, სახურავი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას, შესაბამისად, თქვენც გევალებათ სახურავის შესაკეთებლად ხარჯის გაღება. მესაკუთრე, განურჩევლად მისი ბინის მდებარეობისა, სხვა ბინის მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულია თავისი წილის შესაბამისად გასწიოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის ხარჯები, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი...

- ჩემს უბანში გაკეთდა ახალი სტადიონი,­ რომელიც 10 მეტრშია ჩემი კორპუსიდან. მთელი დღე-ღამის განმავლობაში არის წივილ-კივილი, ბიჭები შუაღამის 3-4 საათამდე ფეხბურთს თამაშობენ, ერთმანეთს მიმართავენ უცენზურო სიტყვებითაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია ძილი. შემიძლია თუ არა მათ თამაში ავუკრძალო?

- თუკი ეს ხმაური არის სპეციალური რეგლამენტით დასაშვები ნორმის ფარგლებში, 23:00 საათამდე გაქვთ თმენის ვალდებულება, ხოლო 23:00 საათის შემდეგ გაქვთ უფლება აუკრძალოთ ხმაური დილის 08:00 საათამდე. შესაბამისად, თუკი თამაში იწვევს ხმაურს შეგიძლიათ თამაშიც აუკრძალოთ.

- ჩემმა კარის მეზობელმა ჩვენს სართულზე, ჩემთან შეთანხმების გარეშე, გააკეთა­ რემონტი. ახლა რემონტის თანხის ნახევრის გადახდას მთხოვს. აქვს ამის უფლება?

- სადარბაზო წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. თუკი რემონტი საჭირო იყო, კანონით თქვენც გევალებათ ხარჯის გაღება.

- მეზობელს გაზის ქურა გამოტანილი­ აქვს აივანზე, საჭმლის სუნი შემოდის ჩემს სახლში­ და ძალიან შემაწუხებელია. შემიძლია ავუკრძალო აივანზე საჭმლის გაკეთება?

- სამოქალაქო კოდექსით თქვენ გაქვთ თმენის ვალდებულება, ვინაიდან კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.

- რა არის სანოტარო მედიაცია და როდის შეიძლება მისი გამოყენება?

- სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული­ ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით. ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზო­ბლო და სხვა ქონებრივ თუ არაქონებრივ სამოქალაქო დავებზე. მოდავე მხარეები მედიატორ-ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით შეთანხმებას აღწევენ. სანოტარო მოქმედების­ საზღაური განისაზღვრება­ მხარეებსა­ და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად. მედიატორი-ნოტარიუსი მხარეთა ინტერესებს თანაბრად იცავს­ და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში; ნოტარიუსს არა აქვს უფლება გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციისას გახდა ცნობილი და ნოტარიუსი მოარიგებს მხარეებს. შედგება მორიგების აქტი, რომელიც სანოტარო წესით არის დამოწმებული.

- სად შემიძლია ავიღო სამუშაო სტაჟის შესახებ ინფორმაცია?

- უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს. ეროვნულ არქივში დაცულია­ სახელმწიფო ორგანიზაციათა საბუღალტრო­ მასალები, რომელთა მიხედვითაც გაიცემა შესაბამის ორგანიზაციაში პირის სამსახურში მიღება-გათავისუფლებასა და შრომით ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცნობები.­ ცნობის მისაღებად უნდა იქონიოთ: პირადობის მოწმობა­ ან პასპორტი­. თუ ხართ ვეტერანი,­ უნდა წა­რადგინოთ მოწმობა და­ ცნობას მიიღებთ უფასოდ. ცნობა უფასოდ გაიცემა­ იძულებით გადაადგილებულ პირზეც, თუ მას აქვს შესაბამისი მოწმობა; ცნობას ასევე უფასოდ მისცემენ სოციალურად დაუცველი სტატუსისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს, საპენსიო სტატუსის მქონე პირს კი 50%-იანი შეღავათით გაუწევენ მომსახურებას.

ორგანიზაციის 1-დან 5 წლამდე დოკუმენტების მოძიება განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში ღირს 15 ლარი, 5 სამუშაო დღეში - 30 ლარი; 5-დან 15 წლამდე დოკუმენტების მოძიება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 30 ლარი, 5 სამუშაო დღეში - 60 ლარი; 15 და მეტი წლის დოკუმენტების მოძიება: განაცხადის შეტანიდან 10 სამუშაო დღეში - 50 ლარი, 5 სამუშაო დღეში - 100 ლარი.

„ბავშვის აზრი მნიშვნელოვანია!“

- სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მამა შვილთან ურთიერთობას ვერ ახერხებს, სასამართლოს დაწესებულ დღეებშიც ვერ მიჰყავს სახლში. ასეთ დროს რა გზა არსებობს?

- როცა ყოფილ მეუღლეებს შორის ურთიერთობა დაძაბულია, სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. ბავშვზე ხდება ზეგავლენა, რომ არ გაჰყვეს მეორე მშობელს, იმიტომ, რომ ეშინიათ, მან შეიძლება არ დააბრუნოს­ უკან. მსგავს შემთხვევებში სოციალური სამსახურის ჩართვა აუცილებელია, ის არეგულირებს ამ საკითხს. მსგავსი შემთხვევები ახლა ნაკლებად გვაქვს, რადგან სასამართლო­ განხილვის ეტაპზეც კი ითხოვს დროებითი განკარგულების გამოცემას, რათა ბავშვთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. მშობლები, ასე თუ ისე, ამას ეგუებიან და თუკი ძალიან დაძაბული გარემო არ არის, ეს მშობლებს შორის მაინც მიღწევადია. ადრე 10 წლიდან ეკითხებოდნენ ბავშვს აზრს, ახლა ბავშვთა კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი აზრი, თუნდაც 2 წლის იყოს. თუ ბავშვი ვერ საუბრობს გამართულად, შეიძლება მან დამოკიდებულებით მიანიშნოს და ამასაც ითვალისწინებს სასამართლო. ბავშვის­ აზრი მნიშვნელო­ვანია. საცხოვრებლის განსაზღვრის დროს მნიშვნელობა აქვს ბავშვის­ აზრს და ადვილად დასადგენია,­ თუ რა ჩართულობა აქვს მშობელს, ვისზეა ბავშვი მიჯაჭვული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადაწყვეტენ, თუ რომელ მშობელთან დარჩება ბავშვი. გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

- მეუღლესთან განქორწინებას ვითხოვ და საჩივარი შეტანილი მაქვს. სასამართლო გაყოფს თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას?

- გაიყოფა ის ქონება, რომელიც მეუღლეთა საერთო საკუთრებაა, ანუ შეძენილია­ ქორწინების შემდგომ პერიოდში.­ თუ ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს­ აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს ქონება,­ ის არ იყოფა, მაგრამ თუ თანაცხოვრების­ პერიოდში შეიძინეს, აუცილებლად გაიყოფა...­ მხარეები ხშირად აპელირებენ, ახლა ამას რომ გადავუფორმო ქონება, ბავშვებს არ მოახმარს, გაყიდის და მათ ქუჩაში დატოვ­ებსო. ასეთ დროს ვცდილობთ ბავშვი დავარეგისტრიროთ ამ ქონების თანამესაკუთრედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს. თუკი აუცილებლობა იქნება გაყიდვის, მაშინ სასამართლოსთვის მოუწევთ მიმართვა და მოსამართლე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტს საკითხს.