„ადამიანს, რომელსაც დასვენებაზე წარმოდგენა არა აქვს, მცდარი წარმოდგენა აქვს მუშაობაზეც“ - კვირის პალიტრა

„ადამიანს, რომელსაც დასვენებაზე წარმოდგენა არა აქვს, მცდარი წარმოდგენა აქვს მუშაობაზეც“

სათანადოდ გამოყენებული შვებულება მთელი წლის განმავლობაში გამოყენებული­ ძალის აღდგენაში გვეხმარება... "ბუნებაში ყველაფერი დაბალანსებულია: ზამთარი-ზაფხული, სიცხე-სიცივე, დილა-ღამე. ამიტომ ადამიანის მოქმედებაც დაბალანსებული უნდა იყოს: მუშაობა-დასვენება", - ამბობს ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე.

- დასვენება არის ბუნებრივი მოთხოვნილება და ხმარდება ენერგიის აღდგენას. ამიტომ დასვენების უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ციკლურობა ირღვევა და ადამიანი ჯანმრთელად რომ იყოს, ძალის აღდგენა სჭირდება. უბრალოდ, დასვენებას ცოდნა უნდა. ადამიანი ისვენებს,­ როცა ფსიქოემოციურად კომფორტულად არის, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას ხარჯავს, როცა სეირნობს ბუნებაში (ყველა გადაადგილება ენერგიის ხარჯვაა), მაგრამ ეს მაინც დასვენებაა, იმიტომ, რომ სიამოვნებას განიჭებს.

- რისგან უნდა დავისვენოთ, როგორი ყოფისგან, საერთოდ, რა არის დასვენება?

- უნდა დაისვენოთ იმისგან, რაც გღლით. მოქმედების გარკვეული ტიპის ცვლილებაც შეიძლება დასვენება იყოს. ვთქვათ, მთელი დღე მუშაობთ, დაიწყეთ სპორტდარბაზში სიარული, ან აუზში იცურავეთ,­ ამ დროს კი არ იღლებით, მიუხედავად იმისა, რომ ენერგიას ხარჯავთ, ისვენებთ, იმიტომ, რომ შეცვალეთ მოქმედება, ნაკლებად უსიამოვნო გადაცვალეთ სასიამოვნოში. ვიღაცას თუ წარმოუდგენია, რომ დასვენება მარტო კუნთების დასვენებასთან ასოცირდება, ცდება, ამისთვის ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობა უნდა შეიცვალოს.

ორგანიზაცია, რომელიც არ ფიქრობს­ თანამშრომლების დასვენებაზე, ფაქტობრივად, არც თავზე ზრუნავს.­ დასვენებული თანამშრომელი მისი რესურსია. ხშირად გეუბნებიან, გადი შვებულებაში,­ მაგრამ კავშირზე იყავიო. ან გახვედი შვებულებაში, მაგრამ უფროსი გირეკავს საქმეზე, ეს ნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელი ვერ ერკვევა­ დასვენების არსში... ადამიანს, რომელსაც დასვენებაზე წარმოდგენა არა აქვს, სავარაუდოდ, ძალიან­ მცდარი წარმოდგენა აქვს მუშაობაზეც.

- რას გულისხმობს დასვენება, გარემოს თუ გეოგრაფიული ადგილის შეცვლას, იქნებ საცხოვრებელი პირობების შეცვლასაც?

- თუ გარემო გახსენებს სიტუაციას, რომელიც კავშირშია მუშაობასთან, მაშინ ჯობს გამოიცვალო... რაც უნდა არაჩვეულებრივ ადგილას იყოთ, თუ თქვენ ირგვლივ არიან ის ადამიანები,­ რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ თქვენზე, სულ კანარის კუნძულებსა და ბალიზე რომ გაემგზავროთ, იქაც ვერ დაისვენებთ.

- როგორ უნდა მივხვდეთ დაღლას ან იმას, რომ დასვენების დრო დადგა, ან რამდენ ხანს უნდა ვისვენებდეთ?

- ორგანიზმი თვითონ გეტყვით, როდის ხართ დაღლილი. დასვენებაზეც იგივეა. ვთქვათ, ძილი გაკლიათ. დაიძინეთ, გამოიძინეთ, მერე გაგეღვიძებათ და თვითონ მოგინდებათ ადგომა, ანუ მეტს ვეღარ დაიძინებთ. ორგანიზმი იძლევა ნიშნებს. მაგალითად, ნიშანია, როდესაც ყურადღება სუსტდება,­ შეცდომები მრავლდება, მიდიხარ სახლში­ და სხვა აქტივობის ენერგია აღარ გაქვს - ეს ნიშნავს, რომ გადაღლილი ხარ.

- ბევრ სამსახურში შვებულებისთვის 3 კვირაა გამოყოფილი. დღეთა ეს რაოდენობა რაზე დაყრდნობით შეარჩიეს?

- ეს კანონზეა დაფუძნებული. სამსახურს არა აქვს უფლება 24 დღეზე ნაკლები შვებულება მოგცეს, თანაც შვებულება ფასიანი უნდა იყოს. სხვათა შორის, ორგანიზაციას აქვს უფლება 30 და სურვილისამებრ მეტდღიანი შვებულებაც დააწესოს. არა აქვს უფლება თანამშრომლები 24-ზე ნაკლები დღე დაასვენოს, რადგან ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და შესაძლოა ამისთვის ვიღაცამ უჩივლოს.

მოდი, ვნახოთ, როგორ ისვენებდნენ წინა საუკუნეში. მაგალითად, სადღაც რომ მიდიოდი დასასვენებლად, ითვლებოდა, რომ მარტო აკლიმატიზაციას 3 დღე სჭირდებოდა. ზღვაზე რომ ჩახვიდოდი, პირველი 3 დღე ჯობდა არ გებანავათ, იმიტომ, რომ ორგანიზმს ეს დრო ახალი პირობებისათვის შეგუებისთვის სჭირდება. ახლა რომელი ადამიანი მოითმენს 2-3 დღეს, ისედაც შვებულების ყოველი წუთი გათვლილი აქვს. სხვათა შორის, ახლა ევროპაში დაიწყო მსჯელობა, რომ იქნებ 4-დღიანი სამუშაო კვირა დაწესდეს, 3 დღე კი უქმე იყოს. ხშირად არასწორი განწყობებით, არა­სწორად აღწევენ წარმატებას. ხშირად ამბობენ, რაღაცას "მუხლჩაუხრელი შრომით" მიაღწიაო, ან არიან ადამიანები, რომელთაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა­ აქვთ, ისინი დასვენებისას თავს დამნაშავედ გრძნობენ, რადგან უსაქმოდ არიან. არასწორი განწყობები აიძულებთ უფრო მეტად დაიხარჯონ, ვიდრე ეს მისაღებია მათი სხეულისთვის, მათი ფსიქოემოციური სტაბილურობისთვის. როდესაც გეგმავთ დღის წესრიგს, გაწერთ, რა არის პრიორიტეტული, მაგალითად, მთავარი საქმე და რა - მეორეხარისხოვანი, დასვენება ყოველთვის უნდა ჩასვათ მთავარი საქმეების რანგში. ეს არ არის მეორე და მესამეხარისხოვანი საკითხი. არადა, ადამიანები, როგორც წესი, ყველაზე აგდებულად დასვენებას უყურებენ (მით უმეტეს, ვისაც აქტიური სამსახური აქვს), რაც ასაკთან ერთად აისახება ენერგიის დაქვეითებაში, უხალისობაში, უძილობაში და საბოლოოდ ეს ყველაფერი აისახება ჯანმრთელობაზე.

- რამდენად სწორია, რომ დასვენებისთვის ზაფხული გამოვიყენოთ?

- ეს ბავშვებიანი ოჯახების ფაქტორმა განაპირობა. ბავშვებს ზაფხულში არდადეგები აქვთ და მშობლებს სურთ მათთან ერთად გაატარონ შვებულებაც. ამას ორგანიზაციებიც მიეჩვივნენ, მით უმეტეს, ზაფხულობით ცხელა და სიცხეში მაინცდამაინც ხალისიანად ვერ მუშაობ. ამიტომ ჰქვია ზაფხულს დასვენების სეზონი.