აგვისტოს ომი უკრაინის ომის სცენარით რომ გაგრძელებულიყო... - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომი უკრაინის ომის სცენარით რომ გაგრძელებულიყო...

15 წელი ცოტა არ არის ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ უცილობლად ძალიან ბევრ ჩვენგანს ისევ თვალწინ წარმოუდგება აგვისტოს ომში გატარებული თითოეული წუთი...

მაშინ ის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო პირველი რეალური ომი ორ სახელმწიფოს შორის ევროპაში, 21-ე საუკუნის დასაწყისიდან და, მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ხუთიოდე დღეს გაგრძელდა, ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რაც დღეს ხდება...

მართალია, ამ ომმა, პირველ რიგში, ჩვენს საქართველოს გაუჩინა საშვილიშვილო პრობლემები, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიის ორი რეგიონის ოკუპაციის სახით, მაგრამ მან ... თავად რუსეთისთვისაც შეასრულა დათვური სამსახური და ის უკრაინასთან ხანგრძლივი ომის ჭაობში აღმოაჩინა...

სწორედ იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოში კრემლს საქართველოში ტანკებით შემოჭრა, ფაქტობრივად, შერჩა და ეს დასავლეთმა „გადაყლაპა“, პუტინმა იფიქრა, რომ მომავალშიც ასე, დაუსჯელად გააგრძელებდა „რუსეთის იმპერიის“ აღდგენა, ცეცხლითა და მახვილით, რაც თავიდან გამოუვიდა კიდეც უკრაინის ყირიმის ერთი გასროლის გარეშე ჯერ ოკუპირებისა და შემდეგ ანექსიის სახით, ხოლო შემდეგ დონბასის „აფეთქებით“...

2-a-1691482289.png
დაპყრობილ ქართულ სამხედრო ბაზაზე რუსი ოკუპანტების მიერ ალაფად აღებული ამერიკული ავტომატური კარაბინების პარტია, რომლებიდანაც ჯერ ერთი გასროლაც კი არ ჰქონდათ გაკეთებული ქართველ ჯარისკაცებს...

თუმცა დონბასში რვაწლიანი „გაყინული ომის“ ერთი ხელის მოსმით „მოგებისა“ და მთლიანად უკრაინის ბლიცკრიგით „დაჩოქების“ შესაძლებლობის მცდარმა იმედმა, პუტინის რუსეთი დღევანდელ სიტუაციაში აღმოაჩინა.

რა მოხდებოდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საბრძოლო მოქმედებები ოთხ-ხუთ დღეში არ დამთავრებულიყო და ქართულ არმიას, მოსახლეობის დიდ ნაწილთან ერთად, უფრო ხანგრძლივი წინააღმდეგობა გაეწია რუსი ოკუპანტებისთვის და მის ქვეშ მყოფი „ჩვენებური“ სეპარატისტებისთვის, როგორც ამას წელიწად-ნახევარია უკრაინის არმია თანამოქალაქეებთან ერთად დიდი სისხლის ფასად ახერხებს?

საქართველოში შემოჭრილი რუსი სამხედროებისთვის ბევრად უფრო მეტად მგრძნობიარე საბრძოლო დანაკარგების მიყენება ქართულ არმიას ნამდვილად შეეძლო, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინდელ რუსულ არმიას სერიოზული პრობლემები გააჩნდა ჯარების მართვის, დაზვერვისა თუ ლოჯისტიკის მხრივ, რისი ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება ნამდვილად შეგვეძლო...

მაგრამ რამდენ ხანს გავუძლებდით როკის გვირაბიდან კოლონა-კოლონაზე წამოსულ რუსულ ჯავშანტექნიკასა და ცოცხალ ძალას და რისი იმედი უნდა გვქონოდა - დასავლეთის სამხედრო დახმარების?

სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, არა - საქართველოს სასწრაფო სამხედრო დახმარებას, ქართული არმიისთვის ჰაუბიცების, ჭურვებისა და საზენიტო რაკეტების გამოგზავნით, თვით აშშ-იც (რომლის მზესაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი საქვეყნოდ ფიცულობდა და პრეზიდენტ ბუშს ლამის თავის ძმაკაცად წარმოუდგენდა საქართველოს საზოგადოებას) კი არ გარისკავდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ნატოს წევრი „ბებერი ევროპის“ იმ ქვეყნებზე, რომელთა გამორჩეული სამი ლიდერი-სარკოზი, ბერლუსკონი და მერკელი იმ პერიოდში, ფაქტობრივად, პუტინის პოლიტიკური ფიგურით „მონუსხულებად“ გამოიყურებოდნენ...

ქართული არმიის მიერ თავისი რესურსებით საბრძოლო მოქმედებების გახანგრძლივების შემთხვევაში, რუსი აგრესორები უცილობლად დაიწყებდნენ იმ დაუნდობელი ტაქტიკის გამოყენებას, რასაც ახლა ადგილი აქვს უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვისას.

აგვისტოს ომის მხოლოდ ხუთ დღეში რუსეთმა მოასწრო გორის, სენაკის, ფოთის რამდენჯერმე დაბომბვა ავიაციითა და სარაკეტო თავდასხმებით - საერთო ჯამში, ქართული ქალაქების წინააღმდეგ გამოყენებული იქნა 21-23 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის - ორი „ისკანდერ-მ“-ის, დანარჩენი კი - „ტოჩკა“ და „ტოჩკა-უ“-ს ტიპის. რუსულმა მოიერიშე „სუ-25“-ებმა, საფრონტო ბომბდამშენებმა „სუ-24მ“-ებმა და შორი მოქმედების ბომბდამშენ-რაკეტმზიდებმა „ტუ-22მ3“-ებმა ათეულობით მსხვილკალიბრიანი საავიაციო ბომბი ჩამოგვიგდეს და ასეულობით უმართავი საავიაციო რაკეტა გვესროლეს ქართული სოფლებისა და ქალაქების მიმართულებით, რასაც „მხარს უბამდა“ რუსული „გრადებისა“ და „ურაგანების“ მიერ ნასროლი რაკეტების ზალპებიც...

3-a-1691482344.png
ცხინვალის ქუჩაში ბრძოლაში დაზიანებული ქართული პოლიციის ჯავშანმანქანა „კობრა“...

აგვისტოს ომის სულ რაღაც ხუთიოდე დღეში რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაგვანახეს იმ უდიდესი ნგრევა-ხოცვის საწყისი ნიშნები, რაც დღეს ხდება მრავალტანჯულ უკრაინის მიწაზე...

აგვისტოს ომის მეორე დღესვე გამოჩნდა, რომ საქართველოს მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ იგრძნო მოახლოებული დიდი კატასტროფა და პოლიტიკოსების პანიკა სამხედრო მეთაურებსაც გადაედო, თუმცა ჯარების ოპერატიული მართვის პრობლემები ჯერ კიდევ 8 აგვისტოს, გამთენიისას გამოიკვეთა, რისი უშუალო თვითმხილველი-მსმენელი ამ სტატიის ავტორი თავისდაუნებურად გახდა: შუაღამისას გორის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ ვდგავარ, ცხელა, შენობის მეორე სართულზე ფანჯრები ღიაა და მკაფიოდ ისმის ხმები, - რატომ ვერ უტევთ? მარცხენა ფლანგიდან დასცხეთ, დაგსჯით, თქვენი...

ნებისმიერმა გამვლელმა შეიძლება მოუსმინოს ამ სატელეფონო ყვირილს, გზაც რატომღაც არაა გადაკეტილი, მაგრამ ბევრისგან განსხვავებით, მე ხომ ვცნობ კონკრეტული მინისტრებისა და გენერლების სასოწარკვეთილ ხმებს? თანაც, ძალიან სახიფათო დასკვნა მიყალიბდება - ვერ არის საქმე მთლად კარგად ფრონტის ხაზზე... გამთენიისას პოლიციის შენობას შეჯავშნული "ჰამერი" ადგება, რომლიდანაც სახემოღუშული პრეზიდენტი გადმოდის...

რეალურად არ არსებობდა იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მაშინდელი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეთაურობით ქართულ არმიას ღირსეული საბრძოლო წინააღმდეგობა გაეწია ქვეყანაში ორი მხრიდან (ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში) შემოჭრილი რუსი აგრესორებისთვის (იგეგმებოდა მესამე მხრიდან - სომხეთიდან რუსული გიუმრის სამხედრო ბაზის საბატალიონო-ტაქტიკური ჯავშანჯგუფის შემოჭრა და თბილისისკენ სვლაც) და იმ რთულ პერიოდში მიღებული იქნა ძალიან მძიმე, მაგრამ იძულებითი გადაწყვეტილება - ქართული არმიის უკანდახევის თაობაზე, რამაც, ფაქტობრივად, გადაგვირჩინა ბევრი ჩვენი სამხედროს სიცოცხლე, ასევე, განადგურებას ავაცილეთ საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების დიდი ნაწილიც...

დასავლეთის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით საქართველომ მაშინ ძალიან ბევრი წააგო, მაგრამ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში, უცილობლად ბევრად დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა ჩვენს ქვეყანაში აგრესორი რუსეთის მხრიდან - იგივე, რასაც ის დღეს სჩადის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ უკრაინაში...

საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ აგვისტოს ომი თავიდან რამენაირად საერთოდ აგვეცილებინა, რაც დღევანდელი გადასახედიდან ცოტა შეუძლებლად მოჩანს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემხედველი, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი შეცდომებით ცეცხლზე ნავთი დაასხა და პუტინს - 21-ე საუკუნის ჰიტლერს, საშუალება მისცა, „რუსეთის იმპერიის“ აღდგენის სისხლიანი მცდელობა სწორედ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმით დაეწყო...