სიღნაღელი პატარა „ჯარისკაცები“ - კვირის პალიტრა

სიღნაღელი პატარა „ჯარისკაცები“

ზუსტად ერთი წლის წინ სიღნაღის ისტორიულ გალავანზე სამხედრო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები პირველად გამოჩნდნენ. ამ ფაქტს მაშინ ყურადღება არ მივაქციე და სკოლის მოსწავლეების გასართობ პერფორმანსად ჩავთვალე. შემდეგ, სოციალურ ქსელში მათ საველე ვარჯიშების ამსახველ ფოტოებს წავაწყდი. სიღნაღელი ,,ჯარისკაცები" გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის სიღნაღის რაზმის წევრები აღმოჩნდნენ. მეთაური 21 წლის ნათია გურაშვილია. შეხვედრა სოფელ საქობოს ტყეში, ძველი ციხის ნანგრევებთან დამითქვეს. დამინახეს თუ არა, სამხედროფორმიანი გოგო-ბიჭები ჩემს შესახვედრად მწყობრი ნაბიჯით გამოეშურნენ. სამშობლოს პატარა ჯარისკაცები ჩემს წინ ჩამწკრივდნენ და ერთხმად მომესალმენ - თავი სიზმარში მეგონა. შემდეგ იქვე ჩამოვჯექით და ერთმანეთი გავიცანით. გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2013 წლიდან დაიწყო ახალგაზრდების გადამზადება სამხედრო საქმეში. 2022 წლის აგვისტოში კი პირველად კახეთში სიღნაღის რაზმი დაარსდა. როგორც რაზმის მეთაურმა განმიმარტა, მათი მიზანია სამშობლოს სამსახურში ახალგაზრდების გაერთიანება, მათში პატრიოტული სულის გაღვივება და სამხედრო ძალებში მობილიზება:

"თითოეული ჩვენგანის მისია, ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა და დაცვა უნდა გახდეს. იმ ხელოვნური ბარიერების დაძლევა, რომელიც რაზმის წევრებს ვარჯიშის დროს გვხვდება, დაგვეხმარება გავხდეთ ფიზიკურად და სულიერად ძლიერები, ცხოვრებისეული დაბრკოლებები ადვილად გადავლახოთ. თავისუფლებისკენ რომ ვისწრაფვით ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ თავისუფალი მაშინ ხარ, როცა შენს სურვილებზე ზემოთ ქვეყნის საჭიროებებს აყენებ". სიღნაღის რაზმში ამჟამად 13 წევრია. უმეტესობა გოგონები არიან. ყველაზე უფროსი 23 წლისაა, უმცროსი კი 12-ის. კესო გურაშვილი, მარიამ შიხაშვილი, ანანო ჭოტაშვილი, საბა სპანდერაშვილი, მარიამ შიხაშვილი... რაზმის მეთაურმა ყველაზე მეტად 12 წლის ანდრია ქიტუაშვილი აქო - ჩვენთან რომ მოვიდა უკვე ნაწრთობი ჯარისკაცის ჩვევები ჰქონდაო. ანდრია სამხედრო გენერლობაზე ოცნებობს. რაზმის წევრების უმეტესობა სამშობლოს ჯარისკაცობას აპირებს - ზოგმა მედდა ვიქნებიო, ზოგმა დრონების ტექნიკას შევისწავლიო...

jar3-1691946673.jpg

- საინტერესოა კახეთში, პირველად სიღნაღში რატომ ჩამოყალიბდა გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის რაზმი.

- ისტორიულად მთელ კახეთში, სწორედ სიღნაღში იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სადროშო. გადავწყვიტეთ, ფეხი აგვეწყო ისტორიული წარსულისთვის და მოწინავეობა ამჯერადაც არავისთვის დაგვეთმო. ლეგიონის მეთაურებსა და სიღნაღის მერიას რომ გავუმხილეთ ჩვენი იდეა, მოგვიწონეს და დახმარებას შეგვპირდნენ. ჩვენი რაზმი სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისგან არის დაკომპლექტებული. რაზმში გაწევრიანება ყველა ახალგაზრდას შეუძლია - სკოლის მოსწავლეს, სტუდენტს... სანამ სამხედრო სწავლებებზე გადავალთ, ახალწვეულებს ვუხსნით, როგორი უნდა იყოს ლეგიონერი.

ჩვენი რაზმის წევრისთვის საკუთარი ღირსება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ლეგიონერი უნდა იყოს მაღალი მორალისა და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდა და სამშობლოსთვის გულანთებული ჯარისკაცი. ზედმიწევნით უნდა იცნობდეს საკუთარი ქვეყნის წარსულს და პატივს სცემდეს და აფასებდეს სახელოვან წინაპრებს. ჩვენს რაზმს მუნიციპალიტეტში აქვს საგანმანათლებლო აქტივობები, რომელშიც სხვა ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. სწორედ ჩვენი აქტიურობის შედეგია, რომ ე.წ. ლეგიონში წვევამდელების მიღებაზე, ჩვენს რიგებში მოხვედრის სურვილი უკვე 25-მა ახალგაზრდამ გამოთქვა.

გარდა იმისა, რომ ვიკრიბებით და შეძენილ ცოდნას ვიმტკიცებთ, მუნიციპალიტეტში გარკვეულ ღონისძიებებსაც ვატარებთ. ყოველ 9 აპრილს, სიმბოლურად, ყველა ლეგიონერი ფეხით გავდივართ 9 კილომეტრს და 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა მემორიალთან სანთლებს ვანთებთ. ყოველ 8 აგვისტოს კი, 8-კილომეტრიან მარშს ვატარებთ და წნორიდან ფეხით ავდივართ სიღნაღში და 2008 წლის ომის დროს დაღუპული ექიმის, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი აბრამიშვილის საფლავთან პატივს მივაგებთ მის ხსოვნას. გიორგი აბრამიშვილი მოიერიშე თვითმფრინავებისა და ტყვიების ,,წვიმაში"“ ჰოსპიტალში დარჩა და სხვების გადარჩენისთვის თავი გაწირა. ცხადია, თავადაც კარგად აცნობიერებდა, რომ სიკვდილზე მიდიოდა, მაგრამ უკან არ დაუხევია და ექიმის მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ახალწვეულებს ხშირად ვესაუბრებით გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გენერალი 1923 წლის 21 მაისს, საბჭოთა რეჟიმმა თბილისში დახვრიტა კოტე აფხაზთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად.

გასულ წელს ლეგიონერის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია სიღნაღის გალავანთან აღვნიშნეთ - ახალგაზრდები ჩირაღდნებით დავდექით გალავნის რკალზე. წელს კი გადაწყვეტილი გვაქვს, სწორედ ჭიან ტყეში გადავცეთ ახალწვეულებს­ სერტიფიკატები.

ამას წინათ ერთმა ომის ვეტერანმა დაგვარიგა: ყოველთვის იფიქრეთ თქვენს სახელზე და არასდროს შებღალოთ ის. როცა ნამდვილი ჯარის მეთაურები გახდებით და 20-30 ადამიანის სიცოცხლეს ჩაიბარებთ, თქვენს სიტყვას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფასი და სარწმუნო იყოს. ამას მხოლოდ სამხედრო განათლებით ვერ მიაღწევთ. ამის საწინდარი თქვენი განვლილი ცხოვრების გზა იქნება. საქართველო პატარაა, არასდროს არაფერი იმალება, ამიტომ იცხოვრეთ ისე, რომ თავი არ წაიხდინოთ და საქმეც არ წაგიხდებათო. ეს დარიგება თითოეულმა ლეგიონერმა ჩვენი ცხოვრების მთავარ პოსტულატად ვაქციეთ. გვიხარია, რომ საზოგადოებას მოსწონს ჩვენი აქტივობა და შემართება. ამას წინათ სამხედრო ფორმა გვეცვა და სიღნაღში ფეხით მივდიოდით. უცებ ვიღაცამ მანქანა შეაჩერა და მხედრულად დაგვიძახა - სიღნაღელო ჯარისკაცებო, დაჯექით მანქანაშიო. მძღოლი ყოფილი მებრძოლი აღმოჩნდა. გზაზე თავისი საბრძოლო ისტორიები მოგვიყვა.

ერთხელ აფხაზეთის ომის ქიზიყელ ვეტერანს შევხვდით, რომელმაც თავისი გამოცდილება გაგვიზიარა. ამას წინათ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გვქონდა შეხვედრა, ერთ-ერთ ვეტერანს შემთხვევით გაუგია და ისიც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომი ჰქონდა გამოვლილი და სამხედრო მისიებში იღებდა მონაწილეობას. ჩვენს საუბარში ისიც ჩაერთო, ახალგაზრდებს საბრძოლო მოქმედებების დროს სასმელი წყლის გამოყენების შესახებ გვესაუბრა და თავს გადახდენილი საინტერესო ამბავი მოგვიყვა. მისიაში ყოფნის დროს სამი დღე და ღამე ვიყავით ჩასაფრებული და წამოდგომის საშუალება არ გვქონდა. რამდენიმე ადამიანს მხოლოდ ერთი მათარა წყალი დაგვრჩა. იმ დროს ეს წყალი კი არა, ჩვენი ადამიანობის საზომი იყო. სამი დღის განმავლობაში თითო ყლუპს ვინაწილებდით და ყველანი ასე გადავრჩითო. ერთხელ სიღნაღში მოვიწვიეთ სამშვიდობო მისიის მონაწილე, რომელმაც ავღანეთის ამბები მოგვითხრო. გვითხრა, რომ ავღანელმა ტერორისტებმა მათი ბაზის შვილობილი, პატარა ბიჭუნა გადაიბირეს და აპირებდნენ, ნაღმით შეეგზავნათ მათთან. ისიც გაწირეს და ჩვენს აფეთქებასაც აპირებდნენ. საბედნიეროდ დაზვერვამ კარგად იმუშავა და ეს ტრაგედია თავიდან აგვაცილაო. იყო შემთხვევა, როცა ქალი ორსული გვეგონა, დავეხმარეთ და სინამდვილეში, კაბის ქვეშ ნაღმს მალავდაო. ეს ფაქტები ახალგაზრდებმა იმიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ კარგად გავაცნობიეროთ, რა რისკები აქვს ომს და როგორ დავიცვათ თავი, ოჯახი და სამშობლო.

jar2-1691946673.jpg

- რა გზის გავლა დასჭირდება ახალგაზრდას ლეგიონერი რომ გახდეს?

- რაზმში მოხვედრის მსურველი თავდაპირველად 8-კვირიან კურსებს გადის, რომელიც მოიცავს თეორიულ და საველე სწავლებებს. ვასწავლით, როგორ უნდა გადაადგილდნენ ბრძოლის ღია ველზე, საომარი მოქმედებების დროს როგორ გაიარონ შეუმჩნევლად ტყე და ა.შ. შემდეგ ტარდება გამოცდა. თუ ახალწვეული ცოდნის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, ხდება ლეგიონერი და მას ვაძლევთ სერტიფიკატს. სერტიფიცირებულ ლეგიონერს შეუძლია დარჩეს ან დატოვოს ლეგიონი. ორგანიზაციაში ვინც რჩება, ირჩევს შემდგომი სწავლებისა და სამეთაურო მიმართულების კურსს - ზოგი სამედიცინო მიმართულებით მიდის. ჯამში 8-9 სექციაა და სწავლებებს გამოცდილი სამხედრო მაღალჩინოსნები ატარებენ. ცხადია, ჩვენი წევრებისთვის ყველა კურსი უფასოა.

საქართველოს უახლესი ისტორიიდან ვიცით, რომ ომებში წასულ მოხალისეებს არ ჰქონდათ შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, არ იცოდნენ როგორ უნდა ემოქმედათ ომის დროს, რამაც მსხვერპლის ზრდა გამოიწვია. ომში წასულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, როგორ დაიდოს ლახტი ძლიერი სისხლდენის დროს. ღამით თუ გაგზავნეს დასაზვერად, არ მოწიოს სიგარეტი, რადგან მტერი სინათლის სხივით მიაგნებს და გაანადგურებს. ომის დროს ისე არ უნდა იაროს, როგორც მშვიდობის დროს დადის და ა.შ. იარაღის უსაფრთხო მოხმარების კურსსაც გავდივართ. ეს ცოდნა არასამხედროებსაც სჭირდებათ, რადგან ბევრი ფაქტი ვიცით, როცა იარაღი უსაფრთხოების არმცოდნე ადამიანს ჩაუვარდა და ფატალურმა შედეგმაც არ დააყოვნა.

წელს პირველად შევედით სკოლებში და პრეზენტაცია ჩავატარეთ. ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს გავაცანით ლეგიონის ისტორია, შინაარსი და სამომავლო გეგმები. ბევრმა გამოხატა ინტერესი და გამოთქვა სურვილი, მომავალი ლეგიონერი გახდეს.

ნელი ვარდიაშვილი