"ვიცი, თუ რამდენი ქართულნომრიანი მანქანა შევიდა აფხაზეთში რუსეთის მხრიდან. აფხაზები პანიკაში არიან, ქართველები ბრუნდებიანო" - კვირის პალიტრა

"ვიცი, თუ რამდენი ქართულნომრიანი მანქანა შევიდა აფხაზეთში რუსეთის მხრიდან. აფხაზები პანიკაში არიან, ქართველები ბრუნდებიანო"

გთავაზობთ ნაწყვეტს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც მან "კვირის პალიტრას" მისცა

- აგვისტოს ომის მე-15 წლისთავიდან რამდენიმე დღეში "ბლექ სი არენის" სცენაზე მაყურებლის პროტესტის მიუხედავად, რუს დრამერს დაკვრის საშუალება მისცეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა ისიც კი გვითხრეს, რომ რუსები და ქართველები ძმები და დები ვართ. ამ დროს სოციალური ქსელები გიორგი ანწუხელიძის სურათებით არის აჭრელებული. ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ერთ დღესაც ემოციურ ქართველებს ნერვებმა უმტყუნოთ, შესაბამისი სამსახურების თვალის დევნებამ საქმეს აღარ უშველოს და ხელისუფლების სიმწრით შენარჩუნებული მშვიდობა არეულობაში გადაიზარდოს?

- ჩვენ ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეში ვართ, აქ მშვიდობა ყოველთვის მყიფეა და ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი არეულობის დაწყება. ისეთი ექსცესები, რომელზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას, დროულად უნდა იქნეს აღკვეთილი, პროცესში ჩართული პირები კი არასასურველ პერსონებად უნდა გამოაცხადონ და ქვეყნიდან გააძევონ. რაც ქვეყანას არ აწყობს, ლიკვიდირებული უნდა იყოს, მაგრამ ამის მასობრივად გაკეთება არ შეიძლება. მეც შემიძლია სახელებითა და გვარებით დავასახელო ადამიანები, რომლებიც ანტიპუტინისტურ მოძრაობაში არიან ჩართული. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ქსელი საერთაშორისო მასშტაბით არის შექმნილი და თბილისში ამგვარ ჯგუფებს ძალიან სერიოზული ადგილი უკავიათ.

- მათი მოქმედების შედეგი რომ არ ჩანს?

- არც ისე ბევრი არიან. სხვათა შორის, სოციალური მედიით უფრო რუსების თავხედობისა და უტიფრობის ამსახველი ამბები ვრცელდება. მე ძალიან ბევრი ამბავი ვიცი, როდესაც რუსები კარგად გაილახნენ, მაგრამ ასეთი ფაქტები არ გახმაურებულა.

ხომ ყველამ ვიცით, რომ რუსები უცერემონიო ხალხია. ასე მოსდგამთ ისტორიულად და ასე იქცევიან ყველგან, სადაც გაუვათ. ევროპაშიც არიან შემჩნეული მსგავს ქმედებებში და არაერთ ქვეყანაში გაიმართა აქცია ლოზუნგით "მოგვაშორეთ რუსები". სხვათა შორის, პოლონეთშიც გაიმართა აქცია ლოზუნგით "მოგვაშორეთ უკრაინელები".

- პოლონეთში ასეთი აქციის მიზეზი რა იყო?

- პოლონელებს ახსოვთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელებმა ათასობით პოლონელი ამოხოცეს.

- ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ რუსები საქართველოში ყიდულობენ უძრავ ქონებას. ბოლო პერიოდში გურიით დაინტერესდნენ, განსაკუთრებით აჭარის სოფლებით, კონკრეტულად, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებით. რაც ყველაზე სამწუხაროა, ამაში მათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ეხმარებიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვინაიდან უცხოელებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა საქართველოში კანონით აკრძალულია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები მიწას უცვლიან დანიშნულებას, დანიშნულებაშეცვლილი მიწის ნაკვეთს კი რუსეთის მოქალაქეები მარტივად ყიდულობენ. რა ხდება, რუსებს ზღვისპირეთი მოსწონთ თუ რუსეთის ფედერაციის მიზანმიმართულ ქმედებებთან გვაქვს საქმე?

- არ გამიკვირდება, რომ აჭარაში რუსეთის ფედერაციის დავალებით მოქმედებდნენ გარკვეული ჯგუფები. ეს ავტონომიური ოლქი რუსეთისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც ანტითურქული აქტიურობის სივრცე. ჩვენი კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და ქვეყანას ბევრი მიმართულებით უქმნის საფრთხეს. ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დაუშვებელია უცხოელებისთვის სოფლების აშენება. როგორ შეიძლებოდა ყვარელსა და კასპში არაბული სოფლების აშენება? ექსტრემალური სიტუაციის დროს ასეთი საკითხები ყოველთვის დიდ პრობლემად იქცევა. მე ვფიქრობ, რუსისთვის თუ არაბისთვის მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მიწების მიყიდვა. როდესაც სოციალურ ქსელში მსგავსი საკითხებით აღშფოთებული ქართველების მოსაზრებებს ვკითხულობ, მეც ვუერთდები, მაგრამ ხომ ხედავთ, ამ პროცესის მთავარი ხელშემწყობი მაინც ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეები არიან.

- ბრძანეთ, რომ აჭარაში მიწების ყიდვით შეიძლება რუსეთის სახელმწიფო იყოს დაინტერესებული, მაგრამ რა შეგიძლიათ თქვათ ჩვენი ხელისუფლების ინტერესებზე, თუნდაც ბალანსის მიზნით?

- ერთი შეხედვით, ასე ჩანს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მომგებიანია სხვისი ხელით ნარ-ეკლის გლეჯა და რუსებისა და თურქების ერთმანეთთან შეტოვება. ვინც ოდნავ აზროვნებს, ყველამ იცის, რომ გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, თურქეთსა და რუსეთს შორის გააფთრებული ბრძოლაა სამხრეთ კავკასიის გასაკონტროლებლად. თუმცა ეს არ არის სწორი სტრატეგია. საკუთარი თავის პატივისმცემელმა სახელმწიფომ თავად უნდა შეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვა. ჩემთვის მიუღებელია საქართველოს მიწების მასობრივი გაყიდვა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული მიწების გაყიდვა, ქვეყნიდან ქართველების მასობრივი გადინება, ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიულ სურათს ხომ არ შეცვლის?

- მე ქართველების მასობრივად გადინებას უფრო მნიშვნელოვან პრობლემად მივიჩნევ, ვიდრე რუსების ჩამოსვლას. სიმართლე ვთქვათ, დღეს კამპანიური ხასიათი აქვს რუსების მიერ მიწების ყიდვის გამო აღშფოთებას. წლების განმავლობაში სხვისდება მიწები სხვადასხვა ეთნოსის ხალხზე, ზოგჯერ ყველა ერთად არის აღშფოთებული, ზოგჯერ კი ყველა ერთად არის გატრუნული. საქართველოში რუსები ჩამოვლენ თუ არა, საქართველოს დემოგრაფიული სურათი მაინც მძიმეა და ამის მთავარი პრობლემა ქართველი ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებაა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ რუსეთის ის მოქალაქეები, ვინც საქართველოს მოქალაქეობაც მიიღო, ეთნიკური ქართველია და ისიც გაითვალისწინეთ, რომ მაინცდამაინც თავგადაკლული პატრიოტები არ არიან. სხვათა შორის, მაქვს მონაცემები, თუ რამდენი ქართულნომრიანი მანქანა შევიდა აფხაზეთში ამ ბოლო დღეების განმავლობაში. ე.ი. აფხაზეთში ქართველების შესვლა არ შეიძლება, სპეციალური კონტინგენტის ქართველების შესვლა შეიძლება?!

- რას გულისხმობთ, რა კონტინგენტს წარმოადგენს ეს ხალხი?

- ჯერ მეტს არაფერს ვიტყვი. ერთი რამ მინდა დავამატო - აფხაზებმა ეს ამბავი უკვე შეამჩნიეს და პანიკაა ატეხილი, ქართველები ბრუნდებიანო. ამასთან, ყველა ის მანქანა სოჭის მხრიდან, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა.

განაგრძეთ კითხვა