რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ზღუდე გარღვეულია? - პენტაგონი ადასტურებს... - კვირის პალიტრა

რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი ზღუდე გარღვეულია? - პენტაგონი ადასტურებს...

"ჩნდება იმის ბევრი ნიშანი, რომ უკრა­ინის არმიამ მოახერხა ზაპოროჟიეს ფრონტის­ ხაზზე რუსების თავდაცვის პირველი ზღუდის გარღვევა. სამხრეთით ნოვოპროკოპივკას უტევენ, აღმოსავლეთით ვერბოვოეს და აფართოებენ სოლს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქ ტოკმაკის მიმართულებით", - ეს სიტყვები, რომელიც 25 აგვისტოს СNN -მა გაავრცელა, ეკუთვნის, არც მეტი, არც ნაკლები... აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, ოთხვარსკვლავიან გენერალ მარკ მილის. ანუ აშშ-ის მაღალჩინოსანი სამხედრო ოფიცერი, რომელიც ასევე აშშ-ის პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველია, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევების წამოწყებიდან თითქმის სამი თვის თავზე მაინც მოახერხა რუსი ოკუპანტების თავდაცვის პირველი და ყველაზე რთული ზღუდის გარღვევა და ახლა ცდილობს განავითაროს შეტევა სამხრეთით, ტოკმაკის მიმართულებით.

samx22-1693170079.jpg
ზაპოროჟიეს ფრონტის მონაკვეთზე უკრაინის არმიის მიერ რუსების თავდაცვითი პირველი ზღუდის გარღვევისა და შემდგომი შეტევების მიმართულებები აზოვის ზღვის სანაპიროზე გასასვლელად...

უკრაინის მხარე ძალზე ძუნწია ამ თემაზე ახალი ინფორმაციის ოფიციალურად­ გავრცელების მხრივ, რაც გასაგებიცაა, რადგან მოწინააღმდეგის თავდაცვითი ზღუდის გარღვევის შემდეგ საჭიროა ახალგათავისუფლებულ რაიონში ფეხის მოკიდება, გამაგრება, მეორე ეშელონის საჯარისო დანაყოფების დამატება და შეტევის სამხრეთი მიმართულებით გაგრძელება, რაც ერთ-ორ დღეში შეიძლება ვერც მოესწროს. რუსეთის ხელისუფლების დუმილიც გასაგებია - ვის სურს აღიაროს, რომ ნახევარი წლის განმავლობაში აგებული ამ­, მართლაც ძალიან ძლიერი თავდაცვის ზღუდის გარღვევა უკრაინის არმიამ მაინც მოახერხა?

ჩვენ ვეცადეთ რუკის საშუალებით მკითხველისთვის მარტივად აგვეხსნა, თუ სად და როგორ გაარღვიეს რუსების თავდაცვის­ ზღუდე და ახლა საით არის მიმართული უკრაინის კონტრშეტევების მთავარი მიმართულებები. მართალია, რუსების თავდაცვის პირველი ზღუდის გადალახვის შემდეგ კიდევ არის ორი-სამი ასეთივე ზღუდე უშუალოდ ტოკმაკისა და მელიტოპოლის გარშემო, მაგრამ პირველი ზღუდე მაინც ყველაზე რთულად ასაღები გახლდათ, რადგან მისი მისადგომები უხვად იყო დანაღმული, რომელთა გადალახვისას უკრაინის ჯავშანტექნიკამ საგრძნობი დანაკლისი განიცადა. რუსების თავდაცვის მეორე და მესამე ზღუდეები ასე უკვე აღარ არის დანაღმული, რადგან ამ სივრცეში გადაადგილება ხომ თავად რუს ოკუპანტებსაც უწევდათ. თუმცა, თუკი უკრაინის არმია ამ კონკრეტულ მიმართულებაზე შეანელებს შეტევების ტემპს, ადვილი მოსალოდნელია გარღვეული თავდაცვის პირველი ზღუდიდან უკანდახეულმა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სასწრაფოდ დაიწყონ მეორე ზღუდის წინ ახალი დანაღმვები, მათ შორის დისტანციური დანაღმვის მობილური მანქანების გამოყენებითაც. ასევე მოსალოდნელია უკრაინის არმიის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატების საპასუხოდ სამხრეთის, ზაპოროჟიეს ფრონტზე, რუსეთის გენშტაბმა სცადოს ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუპიანსკთან შეტევა განავითაროს და კიევი იძულებული გახადოს ზაპოროჟიეს მიმართულების შეტევიდან მოხსნას ბრიგადები და ისინი კუპიანსკის დასაცავად გადაისროლოს, რადგან რუსი ოკუპანტებისგან ერთხელ უკვე გათავისუფლებული ეს უკრაინული ქალაქი ისევ პუტინის არმიას არ მიუგდოს საჯიჯგნად.უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწევს დიდ რისკზე წასვლა და მთელი ძალების კონცენტრაცია სწორედ ტოკმაკი-მელიტოპოლის მიმართულებაზე შეტევების გასაძლიერებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები, რადგან თუ ეს შეტევები ჩაიფუშა, რუსეთის საოკუპაციო ძალები მოახერხებენ თავდაცვის პირველი ზოლის აღდგენას.