საუკეთესო დასვენება - სოციალურ ქსელთან დისტანცირება და ბუნებასთან სიახლოვეა - კვირის პალიტრა

საუკეთესო დასვენება - სოციალურ ქსელთან დისტანცირება და ბუნებასთან სიახლოვეა

ჰო, ასეა, ყოველ შემთხვევაში ჩემი შვებულების დროს თუ სოციალურ ქსელს თვალი ვადევნე, ვიღაცის პოსტები ვიკითხე და პარალელურად ჩემი ფოტოები (რაც გინდა აღფრთოვანებული ვიყო) ჩატში ვყარე, ნახევარ-დასვენება გამომივა. მოკლედ, ახლა მინდა გთხოვოთ თვალი მიადევნოთ ჩემს ბლოგს და ოდნავ მაინც განიცადოთ რა სილამაზე გვაქვს ჩვენს ქვეყანაში და კიდევ არ ვაფასებთ.

რამდენიმე წლის წინ ცაგერთან ახლოს ვიყავი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში და სარემონტო სამუშაოები დამხვდა. წელს უკვე შესაძლებელი იყო მოლოცვა და ცოტა ქვემოთ მოგიყვებით ამის შესახებ. ცაგერიდან ლენტეხისკენ წავედი ჯერ. ულამაზესი ხეობები ვნახე, თავისი ჩანჩქერებით, უნიკალური ბუნებით, ხალხით. არა, უფრო სწორად ლენტეხსაც გავცდი, ყბადაღებული კურორტი „მუააში“ მაინტერესებდა. ბავშვობაში გამეგო მის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე გაუქმებულ „მუაშს“ ვესტუმრე.

muashi-1693232372.jpg
განადგურებული კოტეჯები

გზად, ჟახუნდერის ეკლესია გავიარე, რომელიც ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში მდებარეობს. შეუძლებელია ამაზე ორი სიტყვა არ გითხრათ, რადგან ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლი ყოფილა და მე-10 საუკუნით თარიღდება. ტაძარი ქვითაა ნაგები და ბაზილიკის ტიპისაა.

„ეკლესია წმინდა გიორგის ნაშენია კარგი თლილი ქვით, ასწლოვან მუხებს შუა. საზოგადოდ ჟახუნდერის ეკლესია ერთ საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს სადადიანო სვანეთში. აღმოსავლეთის კედელზე ყოფილა ხუცური წარწერა, რაც იშვიათია სვანეთში“, - ასე აღწერს ექვთიმე თაყაიშვილი ჟახუნდერის ეკლესიას...

ჟახუნდერის ეკლესიის საგანძურში ინახებოდა ვერცხლის ჭედური ღვთისმშობლის გაშლილი ხატი. მაცხოვრის ხატი და მთავარანგელოზის ხატი ბერძნული წარწერით.

ჟახუნდერის ეკლესია, ძვირფასი საგანძურის გარდა, უნიკალურია იმითაც, რომ იგი შემკული იყო უძვირფასესი ხის მოჩუქურთმებული კარებით და დღესაც მსოფლიოში შუა საუკუნეების ხეზე კვეთის უნიკალურ ნიმუშად არის მიჩნეული. კარები კაკლის ხისგან არის დამზადებული და მასზე ჩუქურთმებთან ერთად ამოკვეთილია სკულპტურული ფიგურები. ჟახუნდერის ეკლესიის ხის მოჩუქურთმებული კარები დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. თუ აქეთ მოხვდებით აუცილებლად მოინახულეთ.

კურორტ „მუაშისკენ“ გზა განვაგრძე და ბატონ გრიშა ონიანის ეზოში სტალინის ძეგლს გადავაწყდი. არ ვიცოდი, ფოტოს გადაღებით გავაღიზიანებდი თუ არა და ამიტომ, მანქანიდან გადავიღე.

stalinis-zegli-grisha-onianis-ezoshi-1693232311.jpg
გრიშა ონიანის ეზოში მდგარი სტალინის ძეგლი

კურორტი „მუაში“ ქვემო სვანეთში ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. კურორტი აღარ არის აქ და ადგილობრივები ძალიან წუხან ამაზე. ულამაზესი ბუნება ისევ თვალშისაცემია, მაგრამ გაუქმებული და ნაგვადქცეული კოტეჯები გულდასაწყვეტი.

367510081-1693232553.jpg

მუაში ბალნეო-კლიმატური კურორტი იყო თავის დროზე. დღეს აქ რამდენიმე წუთით თუ ამოვა ხალხი, ჟანგბადისთვის, რასაც ასე ხშირად ვახსენებთ და გვენატრება ქალაქში, ასევე იმ მჟავე, მინერალური წყლისთვის, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. თავის დროზე ლექსიც კი მიუძღვნიათ ამ განსაკუთრებული წყლისთვის და ადგილისთვის, მაგრამ გარემო გულმოსაკლავად გაუბედურებულია. იმედია, ოდესმე ვინმე ბიზნესმენი გამოჩნდება, რომელიც აღნიშნული ადგილით დაინტერესდება. აქვე, ქვემო სვანებსაც ვურჩევდი, რომ აღდგენის შემთხვევაში ხელისუფლებას მოსთხოვეთ ადგილობრივების დასაქმება, ნორმალური ხელფასები და სხვა, მაგრამ ნუ მოსთხოვთ უზარმაზარ წილებს, თუკი კურორტი გაიყიდა...

აქ გავიგე, რომ პატრიარქის კურთხევით შეიქმნა ხატი, ხელაპყრობილი, მვედრებელი ღვთისმშობელი საქართველოს რუკის ფონზე, ჩვენი ქვეყნის მფარველ წმინდანებთან ერთად. ბოლო ჟამს შექმნილ ამ ხატს უწმინდესმა „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“ უწოდა... ეს ხატი უკვე წაბრძანებული იყო ცაგერთან არსებულ წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში და ქვემო სვანებთან სტუმარ-მასპინძლობის შემდეგ, მეც იქითკენ გავეშურე.

xati-1693232444.jpg

ქვემო სვანეთი მოიარეთ. ნახეთ ეს ულამაზესი მხარე. ვერავითარი შვეიცარიისა და ჰოლანდიის მთები ვერ შეედრება.

დავეშვი ცაგერისკენ. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის აღდგენილი მონასტერი მაინტერესებდა. წინამძღვარი მამა ილარიონი დამხვდა და მითხრა: „ის ხატი (რომელიც ზემოთ ვახსენე) პატრიარქის კურთხევით საქართველოს ყველა საზღვარს მოივლის და დალოცავს ჩვენს ქვეყანას. მისი თქმით, ბოლო ჟამის პერიოდში „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს“ ხატი ბევრ სასწაულს მოახდენს ჩვენს ქვეყანაშიო..

მამა ილარიონი არ დამზარდა მცირე ისტორია გაეხსენებინა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტრისა. „ეს ტაძარი ამ მხარეში ეპარქიის საკათედრო ტაძრად ითვლებოდა. წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და წმინდა ნაწილები აღმოჩენილია მამათა მონასტერში. ნაპოვნია სხვა ნაწილებიც, რომლებიც წმინდანის მოწაფეებს ეკუთვნოდათ.

მცირე ბაზილიკური ტიპის ტაძარი წლების განმავლობაში დანგრეული იყო. 80-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ის საკუთარი ძალებით აღადგინა. მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით, ტაძრის გარშემო ბერებისთვის საცხოვრებელი სენაკები აშენდა...

367611393-6548236201929706-7094928123384323758-n-1693232691.jpg

დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, სად გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები წმინდა მაქსიმემ. 2003 წლის 21 ოქტომბერს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) რამდენიმე პირთან ერთად მიაკვლია იმ ადგილს, სადაც, სავარაუდოდ, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა თავისი მოღვაწეობის უკანასკნელი დღეები დაყო...

სამონასტრო ცხოვრება აქ 2005 წლიდან დაიწყო. მცირედი სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ მიდის, მაგრამ მლოცველებისთვის მონასტრის კარი უკვე ღიაა...“

რა ცუდია, რომ ჩემს ფოტოებში ჩემი უსაზღვრო ემოციები არ ჩანს. ჩემი ქვეყნის მთების სიყვარული არ ჩანს, მაგრამ მართალს გეუბნებით, სადღაც, ზემოთ ვთქვი, ამ სილამაზეს ვერავითარი შვეიცარიის, ან სხვათა მთები ვერ შეედრება. იარეთ და განიცადეთ თქვენც.