საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვის ჰყავს ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი სამხრეთ კავკასიაში?! - კვირის პალიტრა

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი - ვის ჰყავს ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი სამხრეთ კავკასიაში?!

საზოგადოების ნაწილში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს იმის შედარება, თუ ვის უფრო ძლიერი არმია ჰყავს სამხრეთ კავკასიაში - აზერბაიჯანს,სომხეთსა თუ სულაც ჩვენს საქართველოს?

გასაგებია, რომ ასეთი რეიტინგის გაანალიზება არმიებს შორის, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე საფეხბურთო კლუბების შესაძლებლობების განხილვისას, რადგან ეს თემა ყოველთვის იზღუდება სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების დაცვის მოტივით და არც საქართველოს თავდაცვის ძალები და მითუმეტეს არც აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროები წინ არ გადაგიშლიან ცხრილებს თუ რამდენი ტანკი ან თვითმფრინავი ჰყავთ.

ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროს 1990 წელს პარიზში ნატოს წევრი ქვეყნებისა და ვარშავის პაქტის სახელმწიფოების მიერ ხელმოწერილი "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება" წარმოადგენდა, რომელიც ხელმომწერ ქვეყნებს ხუთი სახის შეიარაღებაში - ძირითად საბრძოლო ტანკებში, საბრძოლო შეჯავშნულ მანქანებში, 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის არტილერიაში, დამრტყმელ შვეულმფრენებსა და საბრძოლო თვითმფრინავებში ქვოტებს უწესებდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლის მაისში ტაშკენტში დაიდო ხელშეკრულება,რომელიც საბჭოთა კავშირისთვის გამოყოფილ ქვოტებს ჩვეულებრივ შეიარაღებაში(ოღონდ რომელიც ურალის ქედამდე იყო განთავსებული) გადაანაწილებდა შვიდ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე -რუსეთზე, უკრაინაზე,ბელარუსზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, სომხეთსა და საქართველოზე.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის ერთნაირი ქვოტა გამოიყო, რომლის მიხედვითაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიებს შეიარაღებაში შეიძლება ჰქონოდათ(თითოეულს) არაუმეტეს 220 ტანკი, 220 საბრძოლო შეჯავშნული მანქანა, 285 ერთეული 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის არტილერია, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი.

გასაგებია, რომ ეს ქვოტები სამხრეთ კავკასიაში მუდმივად ირღვეოდა - თუკი აზერბაიჯანი და სომხეთი ტანკების რაოდენობას ყოველწლიურად ზრდიდნენ, ქართული არმია ერთ დონეზე იყო გაყინული 2006-2008 წლებამდე, მაგრამ აქ მთავარი ის გახლდათ,რომ საერთაშორისო სამხედრო ვერიფაკატორები სისტემატურად ატარებდნენ შემოწმებებს და თითოეულ ტანკსა თუ ჰაუბიცას ითვლიდნენ ყოველწლიურად, რაც ოფიციალურ დოკუმენტებში აისახებოდა.

მართალია, ეს დოკუმენტები სამსახურებრივი მოხმარების იყო და მასმედიით არ ვრცელდებოდა, მაგრამ მათი მოპოვება მაინც იყო შესაძლებელი და დიდი სიზუსტით იმის გაანალიზება, ვის რამდები საბრძოლო ტექნიკა ჰყავდა, რაც იმ პერიოდში „კვირის პალიტრაში“ არაერთხელ გამოგვიქვეყნებია.

2007 წელს რუსეთმა მორატორიუმი გამოცხადა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე, ხოლო 2023 წლის მაისში "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" დენონსაციის შესახებ განაცხადა.

ყარაბაღის ბოლო, 2020 წლის ომმდეც და მითუმეტეს მის შემდეგ, არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი აღარ აწვდიან ზუსტ ინფორმაციას თავიანთი შეიარაღების თაობაზე და ერთადერთ მეტ-ნაკლებად სანდო წყაროს ლონდონში მდებარე "სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის" (IISS) მიერ ყოველწლიურად გამოცემული კატალოგი The Military Balance წარმოადგენს, რომელშიც მსოფლიოს 170-მდე ქვეყნის არმიისა და თავდაცვის პოტენციალის ანალიზია მოცემული.

მართალია ეს კატალოგი საერთაშორისო სამხედრო ანალიტიკოსთა წრეებში დიდი პატივისცემით სარგებლობს, თუმცა წლების განმავლობაში იმდენ უზუსტობას ბეჭდავდა ქართული არმიის შესახებ, რომ მათ კომპენტეციაში ზოგჯერ ეჭვიც შეგეპარებოდა, მაგრამ სხვა ამგვარი საინფორმაციო წყაროების თითქმის არ არსებობის გამო, მოგვიწევს მათი ანალიზით სარგებლობა ჩვენი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სამხედრო პოტენციალის შეფასებისას.

ამ წლის ახალი, The Military Balance 2023 კატალოგის თანახმად სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს არმიები და მათი შეიარაღება შემდეგნაირად გამოიყურება:

სომხეთი

სომხეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 42 900 კაცს შეადგენს, რომელთაგან 40 ათასი სახმელეთო ძალებში, 1 100 საჰაერო ძალებში,ხოლო 1 800 კი საჰაერო თავდაცვის ძალებში მსახურობს. გარდა ამისა, 4 300 ადამიანი პარამილიტარულ სტრუქტურებშია(შინაგანი და სასაზღვრო ჯარები) გაერთიანებული. სომხეთის სამობილიზაციო რეზერვი 210 ათასი ადამიანითაა განსაზღვრული.

სომხეთის სახმელეთო ჯარების სტრუქტურაში შედის ოთხი საარმიო კორპუსი და ცალკეული ბრიგადები და ბატალიონები, რომელთა შეიარაღებაშია 109 ტანკი, 262 ჯავშანმანქანა, 225 საარტილერიო სისტემა და რაც მთავარია 14 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარი, მათ შორის 7 "სკადი", 3 "ტოჩკა-უ" და ოთხი, თვით "ისკანდერ-მ"-იც კი...

სახმელეთო ჯარების საჯარისო საჰაერო თავდაცვის არსენალშია "კრუგის", "კუბის", "ბუკის", "ოსასა" და "ტორის" მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

სომხეთის საჰაერო ძალების განკარგულებაშია 13 "სუ-25" მოიერიშე, 4 მრავალფუნქციური "სუ-30სმ" , 3 სატრანსპორტო "ილ-76",4 სასწავლო-საბრძოლო "ლ-39", 11 დამრტყმელი "მი-24", 16 სატრანსპორტო "მი-8", ასევე "ს-300" ტიპის შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

ეს მონაცემები, განსაკუთრებით კი ტანკებსა და ჯავშანმანქანებთან დაკავშირებით, თავიანთი სანდოობით დიდ ეჭვს იწვევს, რადგან სომხეთს ბევრად მეტი მძიმე შეიარაღება აქვს(2020 წლის ყარაბაღის ომამდე კიდევ მეტი ჰქონდა), ოღონდ მათი ნაწილი ყარაბაღშია განთავსებული, რომელთა აღრიცხვა ღია წყაროებით ურთულესია.

სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაში 3 500-მდე რუსეთის მოქალაქე სამხედრო მსახურობს(თუმცა მათი ნაწილი სომეხი ეროვნებისაა) და ამ ბაზის შეიარაღებაშია 74 ტანკი, 160 ჯავშანმანქანა, 24 საარტილერიო დანადგარი

ამავე სამხედრო ბაზის ერევნის საჰაერო ჯგუფში ირიცხება 18 "მიგ-29" გამანადგურებელი თვითმფრინავი, დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენები, ასევე "ს-300" ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

2-bal-1693816742.png
საქართველოში გამართულ საერთაშორისო სამხედრო სწავლებებზე ზოგჯერ ერთდროულად სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედროებიც მოხვედრილან თავიანთი სახელმწიფოების დროშებით...

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პირადი შემდაგენლობის რიცხოვნობას ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსები 64 500 კაცით საზღვრავენ, საიდანაც 44 500 სახმელეთო ჯარებში მსახურობს, 8 650 საჰაერო ძალებში, 1 750 საზღვაო ძალებში.პარამილიტარულ სტრუქტურებში კი 15 ათასამდე ადამიანია გაერთიანებული. აზერბაიჯანის სამობილიზაციო რეზერვი 300 ათასი კაცითაა შეფასებული.

სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში ხუთი საარმიო კორპუსი და სპეციალური ძალების ხუთი ცალკეული ბრიგადა შედის, რომელთა შეიარაღებაშია 497 ტანკი, 900-მდე სხვადსხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 1 251 ერთეული 100 მმ-ზე მსხილი კალიბრის ბუქსირებადი და თვითმავალი საარტილერიო სისტემა, ასევე ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები-3 "ტოჩკა-უ" და ისრაელის წარმოების "ლორას" ოთხი სარაკეტო დანადგარი.

აზერბაიჯანის საზღვაო ძალების განკარგულებაშია 11 ერთეული სხვადასხვა კლასისა და ტიპის მცურავი საშუალება, მათ შორის საპატრულო ხომალდები, რომლებიც ისრაელიდან კასპიის ზღვაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩაიტანეს.

აზერბაიჯანის საჰაერო ძალების არსენალშია 52 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი, მათ შორის 14 გამანადგურებელი "მიგ-29" და 38 მოიერიშე "სუ-25", 44 დამრტმელი "მი-24" და 33 სატრანსპორტო შვეულმფრენი.

საჰაერო თავდაცვა აღჭურვილია როგორც საბჭოთა/რუსული წარმოების "ს-300"-ებით, ისე ისრაელის საზენიტო-სარაკეტო "ბარაკებით".

საქართველო

The Military Balance 2023 კატალოგის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებში მხოლოდ 20 650 ადამიანი მსახურობს, რომელთაგან 19 500 არმიაში, ხოლო 1 600 ეროვნულ გვარდიაშია გაერთიანებული. პარამილიტარულ დანაყოფებში(ალბათ, იგულისხმება შსს-ს სასაზღვრო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი) 4 500 ადამიანი ირიცხება.

სახმელეთო ძალებში გაერთიანებულია ოთხი ქვეითი და ერთი სპეცდანიშნულების ბრიგადა და ცალკეული დანაყოფები, რომელთა შეიარაღებაშია 123 ტანკი, 300-მდე სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 240 საარტილერიო სისტემა.

ქართული საბრძოლო ავიაციის შემადგენლობას დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები ასე განსაზღვრავენ: 5 მოიერიშე "სუ-25" თვითმფრინავი,6 დამრტყმელი "მი-24" და 17 სატრანსპორტო "მი-8" შვეულმფრენი...

რა შეფასების გაკეთება შეიძლება...

The Military Balance 2023 კატალოგის მონაცემები ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა თუკი აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების შესახებ მოწოდებულ ინფორმაციებს ობიექტური მიზეზების გამო ძნელად თუ გავაკრიტიკებთ(თუმცა მათშიც ბევრი უზუსტობაა), საქართველოს თავდაცვის ძალებზე დაწერილი, ძალიან ბევრ შეცდომას შეიცავს, არადა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების" მონაწილე ნატოს ქვეყნებს საქართველო თავისი არმიის შესახებ ყოველწლიურად ამომწურავ ინფორმაციას აწვდის(განსხვავებით სომხეთისა და აზერბაიჯანისგან) და დასავლელ სამხედრო ანალიტიკოსებს შეეძლოთ თავიანთი თავდაცვის სამინისტროებისგან ბევრად უფრო ზუსტი მონაცემები მიეღოთ საქართველოს სამხედრო შესაძლობებთან დაკავშირებით...

და მიუხედავად ყველაფრისა, ამ ყოველწლიურ კატალოგში მოყვანილი მონაცემები მაინც ქმნის შედარებით წარმოდგენას, თუ როგორი სამხედრო ბალანსია შექმნილი დღეს სამხრეთ კავკასიაში,სადაც თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით უთუოდ აზერბაიჯანის არმია ლიდერობს, საბრძოლო გამოცდილება, თუგინდ წაგებული ომის სახით, სომხეთის არმიასაც დაუგროვდა, საქართველოს თავდაცვითი ძალები კი თავისი ცხოვრებით აგრძელებენ გზას...