„რკინის ჯარისკაცი“ - კვირის პალიტრა

„რკინის ჯარისკაცი“

20 წლის ანა ჯანჯალიას ამერიკულმა ეროვნულმა გვარდიამ "რკინის ჯარისკაცის" წოდება მიანიჭა. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისაც ამერიკული ჯარი სწავლას უფინანსებს პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მადლიერია და მიიჩნევს, რომ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ამ ქვეყანამ მისცა, ყველაფერს საქართველოს სახელით, საქართველოსთვის აკეთებს. "რკინის ჯარისკაცის" მიზანი სამშობლოში დაბრუნებაა. უსაზღვროდ ენატრება მარჯანიშვილის ქუჩა, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა, ირწმუნება, რომ აუცილებლად ქართულ ოჯახს შექმნის და შვილებს საქართველოში გაზრდის. ანა, მშობლებსა და და-ძმასთან ერთად ფილადელფიაში ცხოვრობს. მისი მშობლები ქართული შეიარაღებული არმიის ყოფილი ჯარისკაცები არიან, 28 წელი იმსახურეს არმიაში, ახლა კი მამა ტრაილერის მძღოლია, დედა კი მოხუც ქალს უვლის. გრინქარდის მოგების შემდეგ თბილისში სახლი გაყიდეს და ფილადელფიაში დაფუძნდნენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან. ინტერვიუ მხოლოდ ანასთან მქონდა დაგეგმილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ საუბარში ანა ჯანჯალიას დედა, ფატი ჯანჯალიაც­ ჩაგვერთო. დედა და შვილი საინტერესო ადამიანები და კარგი რესპონდენტები აღმოჩნდნენ.

ანა: - 15 წლის ვიყავი, ამერიკაში რომ ჩამოვედით, კიდევ ერთი ძმა და და მყავს. დედ-მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მიაჩნდათ, რომ შვილებისთვის მეტის გაკეთება შეეძლოთ (მამა 50 წლისაა, დედა 44-ის) და ჩვენი უკეთესი მომავლისთვის ამერი­კაში წასვლა გადაწყვიტეს. ენის ბარიერი მალევე დავძლიეთ, აქ ბევრი ქართველი იყო და ისინი დაგვეხმარნენ, მაგრამ მაინც გვენატრებოდა სამშობლო. ამიტომ მშობლებმა 8 თვის შემდეგ მე და მარიამი საქართველოში გამოგვიშვეს, მაგრამ შემდეგ მშობლებისა და ძმის გარეშე ყოფნა გაგვიჭირდა და ისევ ამერიკაში დავბრუნდით.

ფატი: - მე და ჩემი მეუღლე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები­ ვიყავით. ჩემს მეუღლეს მაღალი წოდება­ ჰქონდა, კარგი ხელფასი, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. სამი შვილი გვყავს და მთელი ჩვენი შემოსავალი მხოლოდ ბავშვების განათლებას სჭირდებოდა, სხვას ვეღარაფერს ვაკეთებდით. ძმა მყავს ამერიკაში, რომელმაც­ გრინქარდის შევსება გვირჩია. პირველ წელს არა, მაგრამ მეორე წელს გაგვიმართლა და ჩვენც ბევრი აღარ გვიფიქრია. მეუღლეს უზომოდ უყვარს სამშობლო, პატრიოტი კაცია. ამერიკაში რომ მივდიოდით, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ აქ გაძლებდა. უბრალოდ, ძალიან დავიღალეთ ყოფით პრობლემებთან ჭიდილში.

ანა: - ამერიკაში ნაცნობი თუ უცნობი­ ყველა გიღიმის, ყველა თავაზიანია, საქართველოში კი თითქმის ყველა გაღიზიანებულია. კარგად მოვიქეცი, რომ დავბრუნდი, ჩემს ქვეყანაში ვერ შევძლებდი იმის გაკეთებას, რასაც აქ მივაღწიე. 16 წლისამ მუშაობა დავიწყე, 19 წლისას უკვე კარიერა მქონდა. ჩემს მშობლებს ჩვენი განათლებისთვის ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავთ. სკოლა ძალიან დამეხმარა. საკმარისი იყო, მასწავლებლებისთვის მეთქვა, რომ რაღაც კარგად ვერ გავიგე, შეეძლოთ საღამოს 9-10 საათამდე ვემეცადინებინე.

- პროფესიული არჩევანი რამ განაპირობა?

- პატარაობიდან მესმოდა, რომ საქართველოს სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, რომ სამშობლოს შეიძლება ნებისმიერ დროს დასჭირვებოდა ჩემი ძალისა და გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება. მეც მინდა მშობლების მსგავსად ვუთხრა ჩემს შვილებს, რომ ყოველთვის მზად ვიყავი სიცოცხლე შემეწირა სამშობლოსათვის.

- თქვენი მშობლები სამშობლოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, თქვენ კი ამერიკულ გვარდიაში ხართ.

- კი, მაგრამ მე აქ ჩემს ქვეყანას ვასა­ხელებ. ერთმა სერჟანტმა მითხრა, ჯერ პატარა ხარ და კიდევ არა გაქვს გააზრებული­, რა გააკეთე შენი სამშობლოსთვისო. ამერიკელებს ჩემი ქვეყნის ისტორიას, ჩვენი გმირების თავგანწირვის ამბებს ვუყვებოდი. ზოგიერთი ქართველ ჯარისკაცებს ერაყისა და ავღანეთის მისიებში შეხვედრია, მეც გამიცნეს და ქართველებზე უფრო კარგი წარმოდგენა შეექმნათ.

- რა დაგხვდათ ამერიკულ არმიაში?

- დისციპლინა და მაღალი პროფესიონალიზმი დამხვდა.

- ყველაზე რთული რა იყო?

- მართალია, დედ-მამა ჯარში მსახურობდა­ და საცხოვრებელ ადგილებსაც ხშირად იცვლიდნენ, მაგრამ ჩვენც თან დაგვატარებდნენ, 9 სკოლა მაქვს მოვლილი. ბოლოს ამერიკაშიც ერთად წამოვედით. ჯარში რომ წავედი, პირველი ექვსი თვის განმავლობაში სრულიად მოვწყდი ოჯახს, ტყეში ვცხოვრობდით, მხოლოდ ორი კვირა გამიჭირდა, მერე შევეჩვიე.

- "რკინის ჯარისკაცის" ტიტული როგორ მოიპოვეთ?

- ამერიკულ არმიაში ყოველ წელს ამოწმებენ ჯარისკაცების ფიზიკურ მონაცემებს და ბატალიონში საუკეთესოს "რკინის ჯარისკაცის" ტიტულს ანიჭებენ.

- აქცენტი მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება თუ გონებრივ შესაძლებლობებზეც?

- ყველა ფაქტორს ითვალისწინებენ. როგორც ამერიკელები ამბობენ, ქართველები ორივეში გამორჩეული არიან. ერთ ამბავს გიამბობთ: წვრთნებია და მისია მაქვს - ხუთი ჯარისკაცი მყავს, უნდა შევიდე შენობაში, სადაც ტერორისტები არიან გამაგრებული და ყველა გავანადგურო. ამერიკული არმიის წესდების მიხედვით, მეთაური ყოველთვის პირველი მიდის. უკან წრიულად ჯარისკაცები მომყვებოდნენ. ერთმა ჩემმა ჯარისკაცმა ოთხი ტერორისტი შესვლისთანავე მოკლა. შენობა "გავწმინდეთ", გამოვედით და მისიის ხელმძღვანელს ვეუბნები, რომ მისია შესრულებულია. ის შედის შენობაში და ირკვევა,­ რომ ერთი ტერორისტი მძიმედ არის დაჭრილი, მაგრამ ცოცხალია. მე პასუხს მთხოვენ და ვფიქრობ, რა ვუპასუხო. უცებ გონება მინათდება და ვეუბნები, რომ ის მიზანმიმართულად არ მოვკალი, ინფორმაციის მიღება მსურდა. ინსტრუქტორებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს, პირველად მაშინ მომანიჭეს "რკინის­ ჯარისკაცის" ტიტული. აქ ჯარისკაცის დამცირება არ მოსულა, პირიქით, ყველანაირად შენ გვერდით­ დგანან. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი­ ფაქტორი მინდა გამოვყო, ბევრი ერის წარმომადგენელი ვიყავით ერთად. ამიტომ ინსტრუქტორები ცდილობდნენ ჩვენთვის ერთმანეთის წარმომავლობის დაფასება ესწავლებინათ.

- რუსების მიმართ პროტესტი არ გქონია?

- ერთი რუსი გოგონა იყო. ძაღლი და კატასავით ვიყავით. ინსტრუქტორებმა­ პრობლემის მოგვარების ასეთ ხერხს მიმართეს - რამდენიმე დღით ერთ ოთახში გამოგვკეტეს. იძულებული გავხდით, ერთმანეთს დავლაპარაკებოდით... აღმოჩნდა, რომ ელენა ძალიან მარტოსული იყო. რუსეთიდან ამერიკელების ოჯახში იყო გაშვილებული. მშვილებელ ოჯახთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა და ჯარში­ ახალი ცხოვრების დასაწყებად წამოვიდა, მაგრამ ვერ შეეგუა ჯარისკაცის ცხოვრების წესს და ერთ დღესაც თავი მოიკლა.

მე მშობლების სითბომ და მოტივაციამ გამაძლებინა. ჯარში მშობლების წერილებს ვიღებდი, სადაც მწერდნენ, რომ ამაყობდნენ ჩემით, რომ ჩემი საქციელით სამშობლო უნდა მესახელებინა, რომ მე ქართველი ვიყავი... ეს მამხნევებდა და მიჩენდა განცდას, რომ მთების გადადგმაც კი შემეძლო.

ფატი: - ძალიან ბევრი ოფიცერია ამერიკაში ჩამოსული. ნეტავ საქართველოში დარჩა ვინმე? აქ ჩემი მეუღლის ტოლი ოფიცრები არიან, რომლებმაც­ ცხოვრების ყველა­ მნიშვნელოვანი დეტალი გამოტოვეს, შვილების ბაღში, სკოლაში წასვლა, დაბადების დღეები... მათ არმიაში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღეს,­ იმის მაგივრად, ახლა საკუთარ ქვეყანაში ახალგაზრდებს უზიარებდნენ ცოდნას, დატოვეს ოჯახები და აქ ტრაილერის, ტაქსის მძღოლებად ან დამტარებლებად მუშაობენ.

- ანა, თქვენ რამდენ ხანს აპირებთ ამერიკულ გვარდიაში მსახურებას?

ანა: - ექვსწლიან კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი, მაგრამ ვაპირებ 20 წელი მაინც ვიმსახურო.

- ეს ნიშნავს, რომ თქვენი გეგმები საქართველოს აღარ უკავშირდება?

- საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. უამრავი ქართველი მეგობარი მყავს, თითოეულის გეგმები საქართველოს უკავშირდება, უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ იქ ჯერ არავის ვჭირდებით.

- ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ჩამოხვალთ?

ფატი: - აუცილებლად წამოვალთ! ჩვენთვის არაფერია სამშობლოზე ძვირფასი­. ჩემს 10 წლის ვაჟსაც, ავთანდილს, გათავისებული აქვს, რა მისია და მოვალეობა აქვს ღვთისგან დაკისრებული. ძალიან იშვიათად სახლიდან გავიდეს მაისურის გარეშე, რომელზეც საქართველოს დროშა, რუკა ან ქართული წარწერა მაინც არ იქნება გამოსახული. უფროსი ქალიშვილი მარიამიც ასეთივე განწყობისაა. სხვათა შორის, ძალიან კარგად მღერის, უშიკიშვილის მოსწავლე იყო და გული მწყდება, რომ ახლა ამის შესაძლებლობა აღარ აქვს.

ანა: - სამშობლოსათვის ბრძოლა ჩემი უპირველესი მოვალეობაა. ამერიკამ ბევრი სიკეთე, შესაძლებლობა მომცა, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავდგე, რომ მითხრან, თუ საქართველოში წახვალ, აქ ვეღარ დაბრუნდებიო, დაუფიქრებლად წამოვალ. მე მზად ვარ თავი გავწირო საქართველოსთვის.

ხათუნა ბახტურიძე