„იქმნება სიწმინდით სავსე ნახატები: უბრალო, სადა, მარტივი და იდუმალი“ - კვირის პალიტრა

„იქმნება სიწმინდით სავსე ნახატები: უბრალო, სადა, მარტივი და იდუმალი“

ბუნებაში არ არსებობს ორი ერთნაირი აგებულების ფოთოლიც კი - ხშირად იმეორებდა ქადაგებისას ახალაღსაყდრებული პატრიარქი ილია მეორეII. მით უმეტეს, განუმეორებელია ყოველი ადამიანი. ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ძალუძს, ღვთის შემოქმედების მადლი იგრძნოს­ და გადმოსცეს იგი სხვათა სახილველად, აღიქვას მელოდიური ჰანგები, ანდა ყოველივე ეს გამოთქვას სიტყვით.

აი, მისი ფოთოლი, სავსე მთვარის შუქზე განათებული ხის ერთი ფოთოლი, მზეჩამდგარი, თითქოსდა ინსტრუმენტის ფორმის, რომელიც ეს-ესაა მოწყდება და საიდუმლო მუსიკას ისევ ღამეს გაუმხელს. ამ მდუმარებას ამეტყველებს მხატვარი. ვინც ამ სილამაზეს ეზიარება, ნაკლებად ხელეწიფება იმ კანონზომიერების დარღვევა, რაც უფალმა ქმნა. და ჩვენ თვალწინ საოცარი მრავალფეროვნებით იშლება ბუნების უმშვენიერესი სურათები, სინატიფითა და სიფაქიზით აღქმული და გადმოცემული. ჰაეროვნად საგრძნობი წელიწადის დროები: "გაზაფხული" - ჯერ კიდევ ხის შიშველი ტანი თეთრ ნისლს შეუმოსავს და აჩნდება ალაგ-ალაგ ზმანებანი სიხარულისა - ყვავილი აისისფერი; "ზამბახი" - ხავერდოვანი, მყიფე, უნაზესი, უჩვეულო სურნელის ყვავილი დიდი ფურცლებით, მისი ფერია ირგვლივ ფონი: ლურჯი ცა და თეთრი ღრუბლები ჩარჩოსავით შემოფარგლავს გამორჩეულ მცენარეს, რომელსაც მრავალი შემოქმედისათვის გული შეუძრავს: თუნდაც ჩვენი გალაკტიონი და ჰესე - გამოჩენილ გერმანელ მწერალს განსაკუთრებით უყვარდა ზამბახები. ზაფხული იწყება და მას შემოდგომა მოსდევს; "ბროწეულები", "ყურძენი", ჩნდება ნაყოფი, მაგრამ თითქოს ფონი გაცრეცილია; ზამთრის პირი დგება, იქმნება სიწმინდით სავსე ნახატები: უბრალო, სადა, მარტივი და იდუმალი... ხელის ერთი მოსმით შესრულებული ჩანახატები, მხოლოდ თოვლი და ხეები, მათი ტოტები, აქ არ იგრძნობა­ ზამთრის სუსხი და სიცივე, პირიქით, სითბო იღვრება სიცოცხლისა, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპისა... თითოეულ ხეს თავისი ცხოვრება აქვს, თავისი სახე - "ხის ტანი ზამთარში";

naxati2-1694357054.jpg

შემოდიან ნახატებში ცხოველები დიდი დატვირთვით: "ირმები", სხვადასხვა სახით - უბიწო სილამაზე და სიდიადე შერწყმული შემოდგომის მიმკრთალ ფერებში; აი, "თეთრი რაში" - ბადრი მთვარის ფონზე, მდუმარე ყელმოღერებით; კვლავ ცხენი ჩამავალი მზის სიწითლეში და მზის სფეროში მოქცეული თავით, რომელსაც უკვე უახლოვდება ადამიანი, ხელგაწვდილი. აი, რა საკვირველებაა!... აქ ლომი წევს მცხუნვარე მზეში. თათებით მიწას ჩაბჯენილი და მიმანიშნებელი მზერით. "მგელი მთვარიან ღამეში"­ - მომლოდინე და ენაგადმოგდებული: ლომი და მგელი - ვით კაცთა ვნებათა წარსაწყმედლად გამტაცებელნი... და იწყება ჭიდილი ავისა და სიკეთისა...

მას ორი ავტოპორტრეტი აქვს: ერთი ჰარმონიულ ცხოვრებას გამოხატავს, ხოლო მეორე გამორჩეული, ძლიერი მამაკაცის ბრძოლებით დატვირთულ ცხოვრებას. დიახ: ერთ სურათს ჰქვია "როგორ?" როგორ გაართვას ადამიანმა თავი ამ წაღმის უკუღმად ქცეულ ცხოვრებას, განა ყველას შეუძლია ამ ორომტრიალის აღქმა და შემდეგ დაძლევა მისი, რაც მოცემულია მის მრავალ ნახატში... მოჩანს აბსტრაქტული ფერები, თითქოს გაგონებს სამყაროს ოთხ შემადგენელ ელემენტს: მიწას, ჰაერს, წყალსა და ცეცხლს. ფერები ფანტასმაგორიად იქცევა ბევრგან, ჩნდება ადამიანის სილუეტები. სურათების სახელწოდებები სიმბოლოთა ამოხსნისაკენ გიბიძგებენ. ილანდება სილუეტებში მეორე ადამიანი, ანდა სიმბოლო, რომელთანაც იდუმალი საუბარი გაიბმება. ამორფული ფერები იხვეწება, იძენს მოძრაობას, ჩნდება ქალის სახე სხვადასხვაგვარად: გამოირჩევა ერთი ნახატი: წითელი მზე, მსხმოიარე ხესთან მჯდომი ქალის ფიგურა, ხის ტანთან შერწყმულ-მოაზრებული, როგორც ცხოვრების მდინარების გამგრძელებელი და ამავ დროს მაცქერალი ამ საოცრებისა; ცხოვრებისეული ქალები აბსტრაქციულად, დანაწევრებულად აღიქმებიან, რომელთაც სიმბოლოები ამშვენებს. ქალის გრაცია და შერწყმა ბუნებასთან, ყოფითობასთან... სამყაროსთან... თვალს გტაცებს "ანარეკლები", ცისფერი­ და წითელი ფონით, რომლებიც "ზღვა-მზესთან" ახლოსაა თავისი აღქმით, წყალთან­ შერწყმული მზის სხივები, მრავალი კომპოზიციის მომცველი, როგორც ოცნება... ფერები არამძაფრი, მაგრამ ემოციური...

naxati3-1694357055.jpg

ახალმთვარიანი ღამეა. წვიმაში, ურბანულ გარემოში მიაბიჯებს ძლიერი აღნაგობის დაფიქრებული კაცი... ბუნებისა და ადამიანის სიღრმე აქ ერთიანობაში აღიქმება. კაცურ კაცს ბევრი აქვს გადასატანი ცხოვრებაში. მთვარიან ღამეში მშიერი მგელივით იყურება ცხოვრება, სიფრთხილეა საჭირო: ბადრ მთვარეს მრავალი საშიში ფრინველი ჩამოჰყავს, ბევრი საკბილო ჩნდება მათთვის; კვლავ და კვლავ სიფხიზლეზე მიგვანიშნებს წინასწარმეტყველი მხატვარი... ბევრი ნახატი დიდი ექსპრესიითაა გადმოცემული, გაოგნებული ადამიანები შეჰყურებენ სრულ მთვარეს.

ხანდახან თითქოს იხსნება ჯოჯოხეთის სურათებიც, მაგრამ ყოველივე ამას ერევა ტაძარი. ცის კაბადონზე დაძაბულ ფერთა დინამიკით მანათობელი ბადრი მთვარე დაჰყურებს ტაძარს, აქედან იწყება ხსნა: ჩნდება ჯვარი და მზე ფონად. გოლგოთასთან დგას კაცი და შეჰყურებს სამ აღმართულ ჯვარს, ერთზე ქრისტეს გააკრავენ... ადამიანის წამებაც, ცოდვებიც დასრულდება, ქრისტეს შეუძლია გამოხსნა კაცის, მხურვალე გულისა და სინანულში მყოფის.

მისი ერთ-ერთი ადრეული ნახატი "ქოროღლი" თვალს მოგტაცებს ერთი წითელი ყაყაჩოთი. ხომ არ არის ეს მისი მხურვალე სიყვარულის ნიშანი სიცოცხლისადმი?

გიორგი (ბაჩო) ვაშაკიძე დრამატული მხატვარია, აბსტრაქციითა და ექსპრესიულობით გაჯერებული ნახატები მითოსურ-რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებთან მიგვიყვანს, მაგრამ რაც საერთოდ მხატვრულობას ამკობს, მისი აღქმებია ბუნებისა და მშვენიერებისა. იგი შინაგანი ძიების გზას გამოხატავს და აღქმებს უამრავ ტილოზე შეაჩერებს. აშკარად ჩანს მისი სიღრმისეულად პიროვნული განვითარების ურთულესი გზა. მისი ერთ-ერთი სურათი "ხარის ხრა" მეტად დამაფიქრებელია... დიდი ძალისხმევაა საჭირო, რათა სიძლიერე კაცისა არ გამოიხრას ამაოდ.

ნიჭიერი და პროდუქტიული მხატვრის ნახატები შემთხვევითი არ არის, რომ გამოფენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმში. აზრითა და გრძნობით სავსე მისი ნამუშევრები თამამად დაუდგება გვერდში ჩვენს გამოჩენილ მხატვრებს.

გიორგი ვაშაკიძის დედამ, ქალბატონმა ნათელამ (ნათულიმ) ერთხელ გადმომცა ფოტო, რომელზეც თვითონ იგი და მისი და ბავშვობაში ერთად არიან გადაღებული ქვიშხეთში მყოფ მწერლებთან ერთად. მამამისი, ბონდო კეშელავა, თავმდაბალი, პატრიოტული გრძნობებით ანთებული პოეტი, არ ერეოდა საბჭოთა მწერალთა დიდ ტრადიციებში; სწორედ ამიტომ მას მეტი დაფასება ჰქონდა გამორჩეულ ქართველ პოეტებში. ლადო ასათიანის ბალადა მახსენდება მასზე. ქალბატონ ნათულის ვაჟიშვილს, ჩვენს ზემოხსენებულ მხატვარს, ორი ტყუპი, შესანიშნავი ქალიშვილი ჰყავს, რომლებსაც საუკეთესო მომავალს ვუსურვებთ. მხატვრის მამა, გივი ვაშაკიძე, ცნობილი მხატვარია, ქართველი კაცის ტრადიციათა დამფასებელი და ახლებურად აღმქმელი.

მარიამ ქსოვრელი,

გერმანისტი, მთარგმნელი, ხელოვნებათმცოდნე, მწერალთა ეროვნული აკადემიის საბჭოს წევრი.