„კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“ - კვირის პალიტრა

„კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე“

ქუთაისელ ოპოზიციონერ პოლიტიკოს გოგი წულაიას ჩვენს საზოგადოებაში ბევრი იცნობს, ახსოვთ მისი განსაკუთრებული იუმორი, პოლიტიკაზე გამოთქმები, მათ შორის "დროშა ვერ დაკიდენ!", რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ბატონი გოგი ამჟამად სტრასბურგში იმყოფება­ და საფრანგეთის სახელმწიფოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, რის გამოც სასამართლოს მან უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი ნაცნობ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდება ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, საიდანაც ერთ-ერთში გამართლდა და ციხიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა და გოგი წულაიას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენ პოლიტიკოსს სტრასბურგში დავუკავშირდით:

- ბატონო გოგი, მოგესალმებით. ქართველ საზოგადოებას დააკლდა თქვენი ორიგინალური გამოთქმები და იუმორი. საწყენია, რომ ცნობილი მიზეზების გამო საქართველოდან წასვლამ მოგიწიათ.

- წასვლამ კი არ მომიწია, სინამდვილეში საქართველოდან პოლიტიკური მოტივით გამომაგდენ და ამიტომ ვარ სტრასბურგში. რაც კარგიც არის, ვფიქრობ, აქედან უფრო მეტს გავაკეთებ საქართველოსთვის. დაბრუნებას არ ვაპირებ, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. ისე, კიდევ კარგი, გამოვასწარი. რაც პატიოსანი მოსამართლის, ლია ორკოდაშვილის დამსახურებაა. მან გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, თორემ მეორე მოსამართლე ისე მიყურებდა, როგორც მამის მკვლელს. მართალია, ქალბატონი ლიას ეს განაჩენი მერე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობით­ შეცვალა და ქალბატონი ლია პენსიაზე გაუშვეს, თუმცა ყველამ ვიცით, ეს რატომ ხდება, სანამ ხელისუფლება ერთი კაცის ხელშია, სულ ასე იქნება. კიდევ კარგი, გამაფრთხილეს, რომ დაჭერას მიპირებდნენ და თავს ვუშველე. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.

- სარჩელი რატომ შეიტანეთ საფრანგეთის სასამართლოში?

- ეს ქვეყანა თავშესაფარს ადვილად არ იძლევა. მე მითხრეს, თქვენი ქვეყანა უსაფრთხოა, წადი და იქ სასამართლო სამართლიანად გაგასამართლებსო. ეს იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველგან ტყუის. იმედია, დავამტკიცებ, რა "სამართლიანი" ქვეყნიდანაც ვარ და პოლიტიკურ თავშესაფარს მივიღებ.

ემიგრაცია ძნელია ჩემნაირი კაცისთვის, ვინც ენა არ იცის, Mმაგრამ ჩემს აქ ყოფნას მართლა აქვს კარგი მხარე: ჯერ ერთი, აქედან უფრო ბევრს გავაკეთებ, მეორეც საქართველოში ყველა არჩევნების შემდეგ სულ იმაზე ვყვიროდი, არჩევნები გამიყალბეს-მეთქი. ასეც იყო, მაგრამ სულ ერთი და იგივე როგორ უნდა იყვირო! გარდა ამისა,­ თავად გავხდი დასაცავი, როცა ხალხი თავის დასაცავად მირჩევდა.A ამიტომ მირჩევნია ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო.

- ამწუთას როგორ გამოიყურება თქვენი თვალთახედვით საქართველო?

- უშველებლად, რადგან ყველაფერი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის სურვილზეა. ამას არ ეშველება არაფერი, სანამ უკრაინა ომს არ მოიგებს. თუ არადა, მთელი საქართველო ემიგრაციაში გამოცვივდება, ოღონდ უკრაინა რომ მოიგებს, მაგაში დარწმუნებული ვარ.

- სტრასბურგის ქართული ემიგრაცია გაიცანით? შემზარავი ფოტოები გამოაქვეყნეს, ხალხი კარვებშია შეყუჟული და სამშობლოში დაბრუნება მაინც არ უნდათ. რა სჭირთ ასეთი,­ თქვენსავით პოლიტიკურ დევნილებად ხომ არ თვლიან თავს?

- აქ ყველანაირი ხალხია საქართველოდან. მათ შორის ბევრია ავადმყოფი. ბოლო 7 წელიწადში საფრანგეთი ქართველი ავადმყოფების თავშესაფრად იქცა. ჩამოვლენ თუ არა, ყოველთვე 420 ევროს ურიგებენ. 3-4 თვეში დაზღვევასაც აძლევენ და უამრავ ფულს ახარჯავენ. აქ ერთი ქართველი ბიჭი გავიცანი, მის მკურნალობაში საფრანგეთს 1.300.000 ევრო აქვს დახარჯული. Aარ ვიცი, რა ვალი აქვს ამ სახელმწიფოს ქართველების ასეთი.

ყველა თავშესაფარში 5 ენაზეა წარწერა, საფრანგეთი რანაირად ეხმარება ემიგრანტებს და ამ ენებს შორის ერთი ქართულია! ხვდებით, ეს რასაც ნიშნავს?! იცით, რატომ არის აქ ამდენი ავადმყოფი საქართველოდან? იმიტომ რომ ქართული მედიცინა მაფიაა. იმდენი სიმსივნიანი ჩამოდის, გაგიჟებული არიან ფრანგი ექიმები, რა გჭირთ ამისთანა, რომ ამდენი სიმსივნიანი გყავთო! მერედა რატომ? იმიტომ, რომ არავინ აკონტროლებს ხალხს რას აჭმევენ, რას ასმევენ, რანაირ დაბინძურებულ ჰაერში აცხოვრებენ! საქართველოს წამლების სააგენტო საფრანგეთს ატყუებს, გამოუშვით ჩვენი ავადმყოფები, აქ წამლები გვაქვსო, სინამდვილეში კი წამლებს კი არა, რაღაც უბედურობას­ ყიდიენ. განა კარგი ექიმები არ გვყავს, თავად გამიკეთეს გულის ოპერაცია, მარა მკითხეს, 400-ლარიანი აპარატი ჩაგიდგათ თუ 800-ევროიანიო? ვუთხარი, თუ გინდათ 4-ლარიანი ჩამიდგით, ოღონდ მომარჩინეთ-მეთქი. რატომაა ფასში ამხელა განსხვავება თუ ორივე კარგია?! იმიტომაა აქედან 1% აღარაა წამომსვლელი, თავად მეუბნებიენ, რა საქართველოში დაბრუნება, რის საქართველოში დაბრუნებაო.

- ვერ დავიჯერებ, რომ ემიგრაციაში მხოლოდ დაავადებული ქართველები ცხოვრობენ. ვიცი, რომ მათ შორის ჯანმრთელი და ნარკოდამოკიდებულიც ბევრია.

- მაგიც მართალია. მოკლეთ, ქუთაისში არის ამფერი გამოთქმა: რავა ლეჩხუმელივით კისერწაგრძელებული დადიხარო! ესე იგი, ლეჩხუმელი რომ ჩამოვიდოდა ქუთაისში, ეზოებში ყურებისაგან კისერი ჰქონდა წაგრძელებული, სადმე ქალის საცვლები თუ არის გამოკიდებული, ესე იგი ოჯახს დევესიძებიო. ამისთანა სჭირთ ქართველებს­ საფრანგეთში, კორპუსებში იყურებიენ კისერწაგრძელებულები, რომელიმე ფანჯრიდან სინათლე გამოდის თუ არაო. მერე ბნელ ბინას შეტეხენ­ და შეიჭრებიან. აქანე ბევრი ამისთანა ბინაა და მათM შეტეხილებს­ უძახიენ. შარშან 9-სართულიანი კორპუსი ჰქონდათ შეტეხილი. იქ სახელმწიფომ წელიწად-ნახევარი აცხოვრა და მერე სხვაგან გადიყვანენ.A არც დენის ფულს არ იხდიდნენ და არც არაფრისას. მთელ სტრასბურგში ვერ ნახავდი ფანჯრებზე გამოფენილ საცვლებს და მარტო მაგ შეტეხილ კორპუსში ქონდენ ქართველებს, თან ნაგავს ყრიდენ ეზოში. ახლა 5-სართულიანი კორპუსები შეტეხენ, ოფიციალურად 45 ბინა.

- მათი ფსიქიკა ამ ცხოვრებით ჯანსაღად რჩება?

- ბევრის ფსიქიკა მართლა არაა ჯანზე, ხანდახან იმასაც იტყვი, რაც დედამ შვილი დაწყევლა, ყველა აქანაა თავმოყრილიო, განსაკუთრებით ნარკომანები. მაგი ხალხიც არაფრით არ წამოვა საქართველოში, იმიტომ, რომ საავადმყოფოში მიდიენ და ექიმები თავად უკეთებენ. ევროპაში თუ ვინმე იტყვის ნარკომანობა აღარ მინდაო, გადაყვებიან თავზე, ფსიქოლოგს და ექიმს არ დააკლებენ. ჩვენთან კიდევ, ნარკომანი, მაგალითად, 20 გრამ მეტადონს რომ იღებს, თუ იტყვის, აგი არ მყოფნის, კიდევ დამიმატეთო, სიხარულით მისცემენ. თუ იტყვის,­ ამდენი არ მინდა, 2 გრამი დამიკელითო, ერთი თვე მაინც ახვეწნინებენ, რომ ის 2 გრამი დააკლონ. რატომ? ფული რაფერ გაკეთდება, ეს პროგრამა თუ არ გაგრძელდება?

- გული ნუ გამიხეთქეთ. მითხარით, ისევ ხუმრობთ ემიგრაციაში?

- პოპულარული რომ ვიყავი, მაგი ძალიან დამეხმარა ემიგრანტების გაცნობაში. სხვა ქართველი პოლიტიკოსებივით, არ ვეზიზღები აქაურებს. კიდევ 8-10 კილომეტრს ფეხით დავდივარ, ჯანმრთელი რომ ვიყო და მტერი არ გავახარო.