90-იანების ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება გუშინ და დღეს - კვირის პალიტრა

90-იანების ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება გუშინ და დღეს

საპნის ოპერები ცივი, ბნელი და უფერული 90-იანების მშვენება იყო. არ გვქონდა წყალი, გაზი, პური, და მაინც საკუთარ თავს არ ვჩიოდით, ოღონდ იზაურა, კასანდრა, უბრალოდ მარია თუ მონიკა ყოფილიყვნენ კარგად. მაშინაც კი, როდესაც მეცხრე ბლოკი დღეში მეათედ ფეთქდებოდა, მთელი სამეზობლო ერთი აკუმულატორით განათებულ ეკრანთან საყვარელი პერსონაჟის ბედ-იღბალზე დარდობდა, მის სიყვარულზე ან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებზე ღელავდა. შეიძლება ამ სერიალების დანიშნულება სწორედ ეს იყო... თუმცა ჩვენი სტატია ვარაუდებზე არაა, არამედ იმაზე, თუ როგორ გაგრძელდა ცნობილი სერიალის გმირების ცხოვრება.

"ველური გული"

ser2-1695590118.jpg

სერიალი "ველური გული" არანაკლებად პოპულარული იყო. მეტსაც გეტყვით, სერიალის მსვლელობის ხანაში არაერთი მონიკა დაიბადა საქართველოში... "ველური გულის" მთავარი გმირები საკმაოდ ახალგაზრდები გარდაიცვალნენ. მონიკას როლის შემსრულებელი ედიტ გონსალესი მუცლის ღრუს ავთვისებიანი სიმსივნით 54 წლის ასაკში დაიღუპა. მას 14 წლის ქალიშვილი დარჩა. რაც შეეხება ხუანის როლის შემსრულებელ ედუარდო პალომოს, მან ბოლო წლებში კინოგადაღებაზე უარი თქვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ის 41 წლის ასაკში მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა, მაშინ როდესაც მეუღლესა და მეგობრებთან ერთად ლოს-ანჯელესის რესტორანში სადილობდა. დარჩა ქალ-ვაჟი.

"მდიდრებიც ტირიან"

ser4-1695590119.jpg

სერიალ "მდიდრებიც ტირიან" მთავარი როლის შემსრულებელი ვერონიკა კასტრო ძალიან პოპულარული გახდა ამ საპნის ოპერაში შესრულებული როლის შემდეგ. მას შემდეგ მსახიობი ამღერდა, ერთხანს გასართობი შოუც მიჰყავდა. ამჟამად 70 წლისაა და ამასობაში უამრავ ცნობილ სერიალში ითამაშა. მსახიობი არ ეპუება ასაკს და როგორც მექსიკური მედია წერს, არცთუ ისე კვალიფიციურ პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებს მიმართავს, თუ მისი გარეგნობით ვიმსჯელებთ... ვერონიკა კასტროს 2 შვილი ჰყავს. ის არასდროს ყოფილა დაქორწინებული.საპნის ოპერაში "მდიდრებიც ტირიან", ვერონიკა კასტროს პარტნიორი, ლუის ალბერტოს როლის შემსრულებელი, თეატრისა და კინოს მსახიობი, როხელიო გერა გახლდათ. მსახიობის ცხოვრება არ ყოფილა მარტივი, პირველი შემოსავალი სასტუმროს პერსონალობით და კურიერობით მოიპოვა. როხელიო გერა სულ 101 ფილმში იყო გადაღებული. 2018 წელს კი რამდენიმეწლიანი ავადმყოფობის შემდეგ 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. გული გაუჩერდა.

"მონა იზაურა"

ser3-1695590119.jpg

"მონა იზაურა" პირველი სერიალი იყო, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაყურებელმა იხილა. ეს სერიალი 79 ქვეყანაში ნახეს. იზაურა 19 წლის ლუსენია სანტუსის პირველი როლი იყო, რომელმაც უზარმაზარი პოპულარობა მოუტანა. მსახიობმა "მონა იზაურას" შემდეგ კიდევ 40 სერიალში ითამაშა. ახლა ის 65 წლისაა, წერს სცენარებს, ქუჩაში ისევ ცნობენ და მაყურებლების ისევ დიდი სიყვარულით სარგებლობს. მსახიობი 25 წელზე მეტია ბუდიზმის მიმდევარი ვეგეტარიანელი და ბედნიერი დედაა.ლეონსიოს როლის შემსრულებელი რუბენსუ დი ფალკო არასდროს დაქორწინებულა და არც მამობის ბედნიერება განუცდია. მისთვის სამუშაო უმთავრესი რამ იყო. მიაჩნდა, რომ ოჯახური ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია, რომელიც სამსახურს წყვეტს. მართალია მსახიობი რამდენიმე ათეულ ფილმში იყო გადაღებული, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა ლეონსიოს როლმა მოუტანა. რუბენსუ დი ფალკო 2008 წელს 76 წლის ასაკში გულის უკმარისობით მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.

"კასანდრა"

ser-1695590118.jpg

90-იანების საღამოებს ერთხანს ბოშა ქალ კასანდრაზე დარდით ვათენებდით. კასანდრას როლს კორაიმა ტორესი ასრულებდა. ამ როლმა მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა. სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მსახიობმა მიწვევით არაერთ კოლუმბიურ სერიალშიც ითამაშა. კორაიმა ტორესმა უკვე 50-ს გადააბიჯა. ამჟამად ის შვილთან ერთად ცხოვრობს. სხვათა შორის, 2013 წლის შემდგომ კორაიმა ტორესმა პოლიტიკაში სცადა ბედი _ ის არსებული მთავრობის ოპოზიციაშია.

პუერტორიკოელი მსახიობისა და კომპოზიტორის ოსვალდო რიოსის პოპულარობა „კასანდრას სატრფოს შესრულების შემდეგ ძალიან გაიზარდა და მას შემდეგ ბევრ სერიალში ითამაშა. გადაღებებზე ქვეყნიდან ქვეყანაში უწევდა სიარული. ოფიციალურად რიოსი სამჯერ იყო დაქორწინებული, მაგრამ მედია წერს, რომ მას ყველა იმ ქვეყანაში მინიმუმ ორი რომანი ჰქონდა, სადაც გადაღებებზე იმყოფებოდა და მაინც ყველაზე გახმაურებული რომანი ოსვალდო რიოსს შაკირასთან ჰქონდა. მაშინ როდესაც შაკირა 20 წლის იყო, ოსვალდო კი 37-ის. აღსანიშნავია რომ 2014 წლის შემდეგ, ოსვალდო რიოსი სერიალებსა და ფილმებში აღარ გამოჩენილა. ამჟამად რიოსი 62 წლისაა.