"უცხოპლანეტელები აქტიურდებიან მაშინ, როცა დედამიწა არასწორი გზით მიდის..." - კვირის პალიტრა

"უცხოპლანეტელები აქტიურდებიან მაშინ, როცა დედამიწა არასწორი გზით მიდის..."

ჯერ კიდევ ძვ.წ. 467-240 წლების ჩანაწერებში ჩინელი ასტრონომები ცაში მფრინავ ამოუცნობ ობიექტებს აღწერდნენ... მე-19 საუკუნის ბოლოდან უცხოპლანეტელების თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. ადამიანთა წარმოდგენით, უცხოპლანეტელები არიან არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები, ამოუცნობი ბუნების კოსმოსური მოგზაურები, რომლებიც დროდადრო კონტაქტში შედიან დედამიწელებთან... ჩამოყალიბდა მათი ერთგვარი სახეც - მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავი არსებები, დიდი თავითა და თვალებით, გრძელი კიდურებით... 1960-იანი წლებიდან უცხოპლანეტელთა თემა ამერიკული კულტურის ნაწილი გახდა - გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი არამიწიერმა არსებებმა გაიტაცეს და მათზე ექსპერიმენტები ჩაატარეს... ამერიკამ უცხო ობიექტების შესასწავლად ძალიან დიდი შრომა გასწია. უკანასკნელ წლებში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით მოსმენები აშშ-ის კონგრესშიც გაიმართა. წელს პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების (UFO), იგივე ამოუცნობი ანომალიური ფენომენის (UAP) საკითხი სერიოზულად განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების, საზღვრის დაცვისა და საგარეო საქმეთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საკითხზე სამსჯელოდ ყოფილი სამხედროები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებიც მიიწვიეს. საჰაერო ძალების ყოფილი მაიორი დევიდ გრუში ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სამხედროებს დიდი ხანია ჩამოვარდნილი მფრინავი ობიექტების ნაშთები აქვთ საიდუმლოდ შენახული... წელს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მოსმენა გაიმართა მექსიკის კონგრესშიც. საკანონმდებლო ორგანოში მიიტანეს ორი არტეფაქტი - ყუთებში მოთავსებული ორი ნეშტი, რომლებასც სამ-სამი თითი და წაგრძელებული თავები აქვთ. მექსიკელი უფოლოგების მტკიცებით, ეს უცხოპლანეტელთა სხეულებია, რომლებიც პერუში, უძველესი ნასკას ხაზების (პერუს სამხრეთით, ნასკას ფერდობზე უზარმაზარი ფიგურები - ხაზები, სამკუთხედები, სპირალები... ნასკას ხაზები 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო საგანძურშია შეტანილი. ერთ-ერთი ვერსიით, ის უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი და მათი ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებად გამოიყენებოდა) მახლობლად 2017 წელს აღმოაჩინეს. ჩატარებული კვლევების თანახმად,\ ნეშტები დაახლოებით 1000 წლისაა. უფოლოგთა მტკიცებით, დმნ-ის, სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციისა და რენტგენული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ სხეულებს კავშირი არა აქვთ ადამიანთან... მსოფლიოში ამოუცნობი ობიექტების საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება. იმედია, ოდესმე გაეცემა პასუხი კითხვას: "სამყაროში ჩვენ ვართ მარტო თუ არა?"ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ ქართველ უფოლოგს, ერეკლე შონიას დავუკავშირდით:

- უცხოპლანეტელებსა და მათთან დაკავშირებულ მოვლენებს ჩემი ოჯახი იკვლევდა. მამა, თალეს შონია, კვლევას ატარებდა ფიზიკის მიმართულებით, ბიძა კი მედიცინის კუთხით. აკვირდებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ არამიწიერ არსებებთან... საბჭოთა­ კავშIირში ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობდნენ ფიზიკოსები, ქიმიკოსები, მედიკოსები... დასავლეთში იკვლევდნენ სამხედროებიც და ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო... 80-იანი წლების ბოლოს ინტენსიური გახდა ანომალიური მოვლენები და ამ მხრივ კავკასია ძალიან აქტიური ზონა გახლავთ.

- შეგიძლიათ გაგვაცნოთ კონკრეტული­ ფაქტები, ან იმ ადამიანების ჩანაწერები, რომლებიც ამბობენ, რომ კონტაქტი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან? თუ არიან მათ შორის ქართველებიც?

- ჩანაწერების მიხედვით, ეს არსებები­ 8 სხვადასხვა ტიპისაა. საქართველოდან ბევრი ადამიანი გაუყვანიათ, განსაკუთრებით, 90-იან წლებში. მათ გაუკეთეს ოპერაციები, გაუზიარეს გარკვეული ცოდნა... ამ ადამიანებზე თავის დროზე ფილმებიც გადაიღეს გერმანიაში, იაპონიაში... მათ იკვლევდნენ საქართველოშიც. ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში მოსახლეობა სხვადასხვა ფორმის ცოცხალ არსებებს ხედავდა. ზოგიერთი დღესაც ცოცხალია და 30 წლის შემდეგაც ჰყვებიან უცხოპლანეტელებთან კონტაქტებზე, დეტალებიც კი ახსოვთ, იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე ამ შეხვედრებმა. მათ შორის ორი ადამიანის ფენომენი კარგად არის შესწავლილი, ისინი ერთ რაიონში ცხოვრობდნენ და ორივეს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტივითაა. ეს არსებები ადამიანებს არჩევენ ენერგიების მიხედვით და უვითარებენ უნარებს სხვადასხვა მიმართულებით - შეჰყავთ ჰიპნოზის მდგომარეობაში და ადამიანებში აღვიძებენ მიძინებულ ნიჭს, რომელიც შემდგომ უცხო არსებებთან კონტაქტის გარეშეც უნარჩუნდებათ. ანუ ადამიანში ხსნიან იმ უნარს, რომელიც უკვე ჩადებულია მის გენეტიკურ კოდში...

- გავრცელებული მოსაზრებით, უცხოპლანეტელები ჰუმანოიდები არიან და დედამიწელებთან სამტროდ არ არიან გამოგზავნილი... რა მისია აქვთ მათ, რატომ შემოდიან ჩვენთან კონტაქტში და რა ფორმით ხდება ეს?

- უცხოპლანეტელები, სულები, პარალელური სამყაროს წარმომადგენლები­ - სამყაროში ეს ძალები ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან და ისინი დედამიწას სტუმრობენ გარკვეული მისიით. საინტერესოა, რა იზიდავს ამ არსებების ყურადღებას­ და რატომ ირჩევენ კონკრეტულ ადამიანებს­. ირკვევა, რომ ის ხალხი, რომლებთანაც სხვა ცივილიზაციის ძალები კონტაქტში შემოდიან, ძალიან საინტერესო ადამიანები­ არიან, მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ვინ იყვნენ მათი წინაპრები - უცხოპლანეტელები მოდიან ე.წ. ნათესავებთანაც... თუ ადამიანი მათთან კავშირს დათანხმდა, გაჰყავთ­ ამ სისტემიდან, დედამიწიდან. როცა უცხოპლანეტელი გამოჩნდება, კითხვას ვსვამთ, რისთვის გვამზადებს? როგორც წესი, მათი გამოჩენა დაკავშირებულია დიდ ცვლილებებთან - დიდ ომებთან, ხანძრებთან, მიწისძვრებთან...

სამყაროში არსებობს გარკვეული წესრიგი - ეს ღმერთის კანონებია. ამიტომ თუ რაღაც საშიშროება არ ელოდება დედამიწას, ეს ძალები არ აქტიურდებიან. ისინი გვაფრთხილებენ მაშინ, როცა კაცობრიობა არასწორი გზით მიდის. კოსმოსში ძალიან ბევრი ცივილიზაციაა. ჩვენ შეგვიძლია მათგან ბევრი რამ­ ვისწავლოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვმართოს. ამისთვის უნდა დავამთავროთ ომები, დაძაბულობა, ერთმანეთის ლანძღვა-გინება... უნდა დავიწყოთ რესურსების გონივრულად გამოყენება, თორემ ადამიანი არის ატომური იარაღის მკეთებელი არსება,\ ეს ძალები კი გვახსენებენ რაღაც მარადიულს...

ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ?!

ამერიკელმა გენეტიკოსებმა ხანგრძლივი­ კვლევისას ფარაონთა მუმიების 90%-ში ძვლის ქსოვილის ისეთი გენი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწელებს არა აქვთ. თუ თანამედროვე ეგვიპტელებს შორის ფარაონთა შთამომავლებიც არიან, არსებობს­ ალბათობა, რომ დედამიწაზე უცხოპლანეტური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ...

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეგვიპტის მმართველები უცხოპლანეტელებისა და დედამიწელების ჰიბრიდი იყვნენ და ისინი­ გენეტიკის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობისგან გარეგნულადაც გამოირჩეოდნენ. მაგალითად, უცნაური ფორმის წაგრძელებული თავითა და გრძელი თითებით... ამ მოსაზრებას ყველა მეცნიერი არ იზიარებს. თუმცა, თუ კვლევები დაადასტურებს უცხოპლანეტელების ფარაონებთან კავშირს, ეს პირველი ნაბიჯი იქნება იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები უცხოპლანეტელებმა შექმნეს, ან ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. ამ ჰიპოთეზის დამცველები უფოლოგები არიან. ამტკიცებენ, რომ ეგვიპტის პაპირუსებში წერია, რომ ეგვიპტის ფარაონ ეხნატონს, რომელმაც ქვეყანაში კულტურული რევოლუცია მოახდინა, ურთიერთობა ჰქონდა ზეციდან მოსულ არსებებთან და ამბობდა, რომ თავადაც მათი შთამომავალი იყო. ამ ჰიპოთეზის გასამყარებლად, ეგვიპტის პირამიდებიც კმარა, რადგან ამგვარი ნაგებობების აშენება დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია... ამასთან, გიზის პირამიდები ისეა აგებული, რომ თანავარსკვლავედებზეა ორიენტირებული და მათ განლაგებას იმეორებს... არსებობს თეორია, რომ დედამიწელებს პირამიდების შექმნაში უცხოპლანეტელები დაეხმარნენ, რომლებსაც ადგილობრივებმა მათზე ბევრად განვითარებული გონებისა და ცოდნის გამო ღმერთები შეარქვეს. არსებობს ტულის პაპირუსიც, სადაც უცხოპლანეტელებზე დაკვირვების შედეგებია აღწერილი და უფოლოგებისთვის ნამდვილი საგანძურია. ეს დოკუმენტი ფარაონ თუტმოს მმართველობისას არის შედგენილი და წერია, რომ ცაში უზარმაზარი ცეცხლოვანი სფერო გაჩნდა, მისი დიამეტრი დაახლოებით 46 მეტრი იყო და სასახლის სიახლოვეს გადაიფრინა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ცა სფეროებით გაივსო და მათი სიკაშკაშე მზის სინათლეს აღემატებოდა. ობიექტები უხმოდ მოძრაობდნენ, შემდეგ კი გეზი სამხრეთის მიმართულებით აიღეს...

დღეს უამრავი მეცნიერი ცდილობს, ჩვენს ცივილიზაციასა და უცხოპლანეტელებს შორის კონტაქტის პირდაპირი მტკიცებულების მოპოვებას და მათი ურთიერთობის პერიოდის დადგენას. უძველესი წერილობითი წყაროებითა და არტეფაქტებით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პირველი კონტაქტი 20 ათასი წლის წინ უნდა შემდგარიყო.

ჩინელების "დიდი გადმოსახლება" "დრაკონის პლანეტიდან"

ჩინეთი ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. ლეგენდის თანახმად, ჩინეთის იმპერატორი იელოუ ემპერორი (ყვითელი იმპერატორი) ვარსკვლავებიდან დედამიწაზე მფრინავი ეტლით ჩამოვიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩინეთის სახელმწიფო არქივში მნიშვნელოვანი გრაგნილი ინახება, სადაც წერია, რომ ძვ. წ. 48 წელს მშვილდოსნის თანავარსკვლავედში ერთ-ერთმა დიდმა პლანეტამ, რომელიც ჩინეთში "დრაკონის პლანეტის" სახელით იყო ცნობილი, არსებობა შეწყვიტა. ქვეყნის იმპერატორები თვლიდნენ, რომ მათი შორეული წინაპრები დედამიწაზე სწორედ ამ პლანეტიდან ჩამოვიდნენ. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ პლანეტა დაღუპვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გადმოცემის თანახმად, პლანეტაზე დიდი გადმოსახლება დაიწყო, რომელიც წარმატებით განხორციელდა.

მეცნიერები ადასტურებენ, რომ იმ წლებში, რომელიც ძველ ხელნაწერებშია ნახსენები, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მართლაც დაიღუპა პლანეტა. ამ ტრაგედიის მიზეზი ვარსკვლავის აფეთქება იყო...

ინდოარიელთა წინაპრები ორიონის თანავარსკვლავედიდან

მეცნიერთა შეფასებით, ინდოეთის 2 000 000-ზე მეტი წმინდა ტექსტი უამრავ სამეცნიერო ცოდნასა და ტექნოლოგიას აღწერს და თანამედროვე ადამიანისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობია. ალბერტ აინშტაინმა საგანგებოდ შეისწავლა სანსკრიტი, რათა ფიზიკის სფეროში თავისი აღმოჩენები ვედებში (უძველესი ინდური სიბრძნისმეტყველების წიგნები) მოცემული ცოდნისთვის შეედარებინა... რობერტ ოპენჰაიმერმა კი პირველი ატომური ბომბის ტესტირებისას "მაჰაბჰარატადან" (ძველი ინდური ეპიკური პოემა, რომელსაც საფუძვლად უდევს ინდოელი ხალხების თქმულებები და ლეგენდები) ერთი სტრიქონი წაიკითხა: "თუ ცაში ათასი მზის სხივი გაბრწყინდა, ეს ყოვლისშემძლეს ბრწყინვალების მაგვარი იქნება, მე კი სამყაროების გამანადგურებელ სიკვდილად ვიქეცი"... აღსანიშნავია ისიც, რომ ვედებში მოცემულია რიცხვი "პი"-ს (დაახლოებით 3.14159-ს უდრის და წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია) მნიშვნელობაც, ანუ ამ რიცხვის აღმოჩენამდე ათასობით წლით ადრე... ვედების სპეციალური თავი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას მედიცინის შესახებაც. მათ 300-მდე სახის ოპერაციისა და თითქმის ყველა ორგანოს პროთეზირება შეეძლოთ.

რა თქმა უნდა, ვედებში არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ საიდან მოვიდნენ ინდოელები. ძველი წყაროების მიხედვით, პირველ ინდოარიელთა წინაპრები, ღმერთების სახით, ჩვენს პლანეტაზე ორიონის თანავარსკვლავედიდან ჩამოვიდნენ. გადმოსახლების მიზეზი კი იგივეა, რაც ჩინეთის იმპერატორების შემთხვევაში - მშობლიური პლანეტის დაღუპვა. ვედები იმდროინდელ მოვლენებსაც აღწერს, მათ შორის, კოსმოსური ცივილიზაციების ცოდნისა და ტექნოლოგიების დაკარგვის მიზეზებს. უძველესი ტექსტებით ირკვევა, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე ომია, რომელიც ღმერთების შთამომავლებსა და ასურებს (ნახევარღმერთებს) შორის მიმდინარეობდა. ხანგრძლივი დაპირისპირებისას გამოიყენეს ბირთვული, ვაკუუმური, კლიმატური, ლაზერული და კიდევ სხვა უძლიერესი იარაღი, კოსმოსურ აფეთქებებს გადარჩენილებმა სხვა პლანეტას შეაფარეს თავი, წინაპრების ცოდნა კი დაკარგეს...მოკლედ, დედამიწა იდეალური პლანეტაა, რომელიც კოსმოსურმა ცივილიზაციებმა სიცოცხლის გასაგრძელებლად აირჩიეს და შემდგომ რამდენიმე რასა ჩამოყალიბდა...

გვანცა ახვერდაშვილი