ვენახი სახლთან - „ამან ყველაფერი შეცვალა“ - კვირის პალიტრა

ვენახი სახლთან - „ამან ყველაფერი შეცვალა“

"ახლა რუისპირში ვცხოვრობ... წარმოიდგინეთ, დილით თვალს გაახელ და კავკასიონის ქედს ხედავ, საღამოს მზე ჩავა და აივნიდან მთების კალთებზე შეფენილი სოფლების მბჟუტავი შუქი მოჩანს. ფიქრობ, იქაც სხედან და გეგმავენ ხვალინდელ დღეს, ან განვლილზე ფიქრობენ, ცაში იყურებიან, ამინდი რომ გამოიცნონ, ან დასაძინებლად მიდიან, რომ ადრიანად დაიწყონ დღე. საოცარია ეს ერთობის შეგრძნება", - გვეუბნება ახლა უკვე მეღვინე-მევენახეც, ფილოლოგი თაკო ჟურული. თბილისში დაბადებულმა ქალმა მეუღლესთან ერთად 5 წლის წინ სოფლად მამული შეიძინა, იქაურმა გარემომ კი საინტერესო იდეებისკენ უბიძგა. 5 წლის წინ ის სწორედ ამაზე გვესაუბრებოდა. ვინაიდან რესპონდენტებს არაერთხელ დავბრუნებივართ, დავინტერესდით წყვილის შედეგით, რომელსაც სტარტი კარგი ჰქონდა.

თაკო ჟურული:

- პირველი ჟურნალისტი იყავით, ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა და, მგონი, სიმბოლურია, რომ სწორედ მეხუთე წლისთავზე, როცა ქალაქიდან სოფლად ჩვენი გადაბარგების პირველი ეტაპი დასრულდა, თქვენ კვლავ ჩვენზე უამბობთ მკითხველს. პირველი ეტაპის დასრულებაში იმას ვგულისხმობ, რომ ახლა უკვე გვაქვს პატარა, მაგრამ კარგი მარანი, ახალი ქვევრები, ახალი ვენახი, საყვარელი ჯიშები, უკვე სამი სახეობის ღვინო, კარგი ექსპორტი, ბევრი სტუმარი... უფრო თამამი ვართ, უფრო მადლიერი, ძალიან იმედიანი და ახალ ეტაპსაც დიდი გეგმებით ვიწყებთ.

396834693-708905004313452-4193016364836720725-n-1701779610.jpg

- როდესაც რუისპირში მიწის, სახლისა და მამულის პატრონი გახდით, ქალაქელ წყვილს რისი იმედი გქონდათ, რომ სოფელში ყველაფერი გამოგივიდოდათ?

- ალბათ, გახსოვთ, არავითარი ბიზნესგეგმა ან ბიზნესკონცეფცია არ გვქონია. უბრალოდ, გვინდოდა, გვქონოდა სოფლად პატარა სახლი დიდი ეზოთი, სადაც უქმეებს გავატარებდით. სახლი ვენახთან ერთად ვიყიდეთ და სწორედ იმ ვენახმა შეცვალა ყველაფერი. დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვევლო ვაზისთვის, როგორ დაგვებინავებინა მოსავალი, როგორ ან ვისგან გვესწავლა ღვინის დაყენება, შემდეგ როგორ შეგვენახა ღვინო და ა.შ. პირველი ნაბიჯი რომ გადავდგით, ვეღარც გავჩერდით. ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი ახალი ცხოვრების შექმნა.

არასდროს გვიფიქრია, რომ რაღაცას ვერ შევძლებდით. ან რა იყო შეუძლებელი? ნუთუ ადამიანი რამეს ვერ შეძლებს, თუკი მოინდომებს, იშრომებს და იმედს არ დაკარგავს? არ მინდა იფიქროთ, რომ ჩვენ ფინანსური მდგომარეობა გვიმაგრებდა ზურგს. წარმოიდგინეთ, დანაზოგი არ გვქონია, ჩვეულებრივ სამსახურებში ვმუშაობდით, საშუალო ხელფასს ვიღებდით, ვიხდიდით გადასახადებს, ბანკის დიდ ვალს, ვინახავდით ოჯახს, ბავშვებს, პარალელურად ვუვლიდით ვენახს, ახალშეძენილ სახლს სოფლად და მაინც ყველაფერი შევძელით.

- თავიდანვე ბიომეურნეობაზე გააკეთეთ აქცენტი. რატომ?

- ჩვენმა გამოუცდელობამ მევენახეობასა და მეღვინეობაში და სწავლის დიდმა სურვილმა მიგვიყვანა გასაოცარ ხალხთან, ნატურალისტ მევენახე-მეღვინეებთან. მათგან გავიგეთ, რომ სოფლის მეურნეობაში არსებობს ასეთი მიმართულება - ორგანული მეურნეობა, ბიომეურნეობა, ნატურალისტობა, რაც გულისხმობს ბუნებისადმი სრულ ნდობას, მის ცხოვრებაში მინიმალურ ჩარევას, მასთან ერთად სუნთქვას, მისთვის ფეხის აწყობას. ასე ვუთხარით უარი ქიმიას, პესტიციდებსა და სისტემურ შხამებს და ბუნებას მივენდეთ. ეს აზროვნების წესი, ცხოვრების წესი უფროა, ვიდრე დარგი ან სფერო.

368116024-1037566504055261-8923832352281187476-n-1701779610.jpg

- და გაამართლა...

- როგორ შეიძლება ბუნებამ არ გაგიმართლოს, ან მზემ, მიწამ და ჰაერმა იმედი გაგიცრუოს.

- ბიომევენახეობის დადებითი და უარყოფითი მხარეები რა არის? საქმე როგორ დალაგდა?

- ორგანული მევენახეობა ნიშნავს ცოცხალ ვენახს, ხასხასა მწვანეფოთლებიან ვაზს, ჯანსაღ, გემრიელ მტევნებს. ნატურალური ღვინოც ასეთია - ცოცხალი, მთხრობელი, უტყუარი, ყოველ წელს სხვადასხვაგვარი, გემრიელი, ნამდვილი. სირთულეები და პრობლემები ყველგან და ყოველთვის არის, ჩვენც იმისთვის ვართ, რომ გადავლახოთ და სამშვიდობოს გავიდეთ.

- დაინტერესებამ და დაუღალავმა შრომამ ის მოიტანა, რომ რედაქტორი ქალი მეღვინე ქალად გარდაისახეთ, ადვილია ეს ყველაფერი?

- ამ 5 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ თბილისიდან რუისპირში გადმოვსახლდი და ამან ბევრად გამიადვილა საქმე ვენახშიც და მარანშიც, მით უფრო, რომ დაქირავებული მუშახელი არ გვყავს, ყველაფერს თავად ვაკეთებთ. ფიზიკური შრომა ადვილი არ არის, მაგრამ სოფლად ცხოვრებას მოაქვს დიდი თავისუფლება, სულ სხვა ცოდნა, სხვა გამოცდილება, სხვანაირად დანახვა ყველაფრის და პირველ რიგში, საკუთარი თავის. მოკლედ რომ ვთქვა, მიწა, სახლი, მეურნეობა დიდი ფუფუნებაც არის და დიდი თავსატეხიც.

367364715-1053297572537060-3250331586278230803-n-1701779609.jpg

- როგორია იყო მეღვინე ქალი, მევენახე?

- ეს ქალი ძალიან ბედნიერია.

- ამ საქმეში, ალბათ, დამწყები აღარ გეთქმით...

- მგონი, სულ დამწყები ვიქნები... თუმცა ახლა უფრო თამამად ვდგავარ ვენახში, უკეთ გვესმის ერთმანეთის მე და ჩემს ვაზს. ღვინოზე იმავეს ვერ ვიტყვი. ჯერ კიდევ შორიდან ვეტრფი და ფეხაკრეფით დავაბიჯებ მის წინ.

- ეს, როგორც ვიცი, იმ ძველი ვენახის იყო, რაც ამ მიწაზე დაგხვდათ. ახალი ვენახი როდის მოგცემთ მოსავალს?

- ძველი ვენახი, რქაწითლისა, ახლაც გვაქვს. სამი წლის წინ გავაშენეთ კახური მწვანე და იყალთოს წითელი. პირველი მოსავალი ამ შემოდგომას უკვე გვქონდა. გაისად უკეთეს რთველს ველოდებით.

371523348-7274741835898403-4891581406500093716-n-1701779610.jpg

- როგორც ჩანს, რუისპირი ყურძნისთვის შესაფერისი ადგილია?

- რუისპირი ძალიან კარგი ადგილია ვენახისთვის. ღვინოც ისეთი დგება, იმავე ჯიშის ყურძნისგან დაყენებულ არცერთ სხვა ღვინოში არ აგერევა.

- რით გამოირჩევა თქვენი ღვინო და წელიწადში რამდენ ბოთლს ასხამთ?

- 200 ბოთლით დავიწყეთ და 5 წელიწადში 1000 ბოთლამდე ღვინოს ვასხამთ. თუმცა მომავალი წლიდან მოსავალიც გაიზრდება და ღვინოც მეტი გვექნება. ძალიან ველოდები ჩვენს ახალ ღვინოებს.

- მარანი რა პრინციპით გაქვთ მოწყობილი, ქართული ტრადიციული მეთოდით წურავთ და აყენებთ ღვინოს?

- მარანში ქვევრებიც არის და უჟანგავი ცისტერნებიც. ღვინოს ქვევრებში ვწურავთ და ვადუღებთ, ფერმენტაციის დასრულების შემდეგ კი უჟანგავ ჭურჭელში გადაგვაქვს და იქ ვინახავთ ჩამოსხმამდე.

- ექსპორტზეც უშვებთ ღვინოს?

- ჩვენი ღვინის 90% ექსპორტზე გადის.

- გარდა ვენახისა და სახლის აღდგენისა, კიდევ რისმა გაკეთებამ მოგიწიათ? ყვავილების და ხეხილის ბაღი გაქვთ?

- ეზოში გავაშენეთ ყვავილნარი და ხეხილი, თუმცა ჩვენი დროისა და ძალის დიდ ნაწილს ვენახსა და ღვინოს ვახმართ.