ფერადოვანი საახალწლო ყვავილები ჩვენს სახლებში - კვირის პალიტრა

ფერადოვანი საახალწლო ყვავილები ჩვენს სახლებში

წინათ ზამთარში მოყვავილე მცენარეებს ვერსად იშოვიდით. ახლა ასე არ არის და წელიწადის ცივ დროს, როცა ყველა მცენარე მიძინების სტადიაშია, აყვავებული მცენარეების შოვნა არ ჭირს. ზამთრის სუსხსა და თოვლში, მცენარეთა ბაზარზე თავს იწონებენ აყვავებული ციკლამენები, საშობაო ვარსკვლავები, ვიოლები და უამრავი ჯიშის მცენარე, რომლებიც ფერთა გამას გვიქმნიან და საახალწლო განწყობას გვიმაღლებენ. დეკორატორმა მაია გიორგაშვილმა გაგვაცნო ზამთარში მოყვავილე ის მცენარეები, რომლებსაც საახალწლო ყვავილებსაც უწოდებენ.

- ზამთრის ყვავილების კატეგორიას მხოლოდ ოთახის მცენარეები არ მიეკუთვნება. ეზოს მცენარეებიდანაც ბევრია, ზამთარში რომ გამოანათებს და ახალ წელს, პირველ თოვლსა და ხეებზე თუ სახლის სახურავებზე დაკიდებულ ყინულის ლოლუებს გვერდს სიამაყით უმშვენებს.

საშობაო ვარსკვლავი

საშობაო ვარსკვლავს, იმავე პუანსეტიას ყველა იცნობს. იგი დეკემბრის შუა რიცხვებში იწყებს ყვავილობას. ცივ და ყინვიან დღეებში, შობისა და ახალი წლის დღეებში ისე გადაფურჩქნის ვარსკვლავისებური ფორმის, მკვეთრი შეფერილობის ულამაზეს ყვავილებს, თვალის მოწყვეტა შეუძლებელია. თუ რატომ შეარქვეს მას შობის ვარსკვლავი ანუ ბეთლემის ვარსკვლავი, ამასთან დაკავშირებით ხალხში საინტერესო ლეგენდაა გავრცელებული. მექსიკაში ცხოვრობდა ობოლი და-ძმა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა. ერთ-ერთ შობაზე ყველამ საჩუქარი მიიტანა ტაძარში, და-ძმას კი არაფერი ჰქონდათ მოსატანი. მიდიოდნენ ნაღვლიანად და უცებ, გზაზე ლამაზი მცენარე დაინახეს, მიწიდან ამოიღეს, ქოთანში გადაიტანეს და ყვავილი მიართვეს მოძღვარს. მოხდა სასწაული, შობის ღამეს მცენარე გაწითლდა და ფოთლებმაც ვარსკვლავის ფორმა მიიღო. ამ საოცარი გარდასახვის გამო, მას ბეთლემის ვარსკვლავი შეარქვეს. პუანსეტიას ხუთი ფერია გამოყვანილი. ის უპრეტენზიო მცენარედ ითვლება და ამბობენ, მას ოჯახში სიმშვიდე, სიყვარული და კეთილდღეობა მოაქვსო.

არდიზია

საოცარი სანახავია ზამთარში არდიზია, რომელიც ასევე შობის მცენარედ ითვლება. ეს მცენარე ისხამს მუქ წითელ კენკრას, რომელიც მწიფობას დეკემბერში იწყებს და მთელი წელი აგრძელებს. მას სამოთხის ხის მინიატიურულ ვერსიად აღიქვამენ და საშობაო კენკრად მოიხსენიებენ. მცენარე საკმაოდ დამყოლი და უპრეტენზიოა, ოღონდ მისი ნაყოფის ჭამა არ შეიძლება. გამოიყენება საშობაო გვირგვინებისთვის. საახალწლოდ არდიზიას ტოტს კარებზე ან შემოსასვლელთან კიდებენ. ფენშუის სწავლების მიხედვით, კენკროვანი მცენარე ავი თვალის დასაცავად გამოიყენება.

არაუკარია

ეს ულამაზესი მცენარე საახალწლო განწყობას ძალიან შვენის. ასტროლოგები მას ნამდვილ საახალწლო ნაძვად მიიჩნევენ და დასძენენ, რომ ის ყველა ოჯახში უნდა ხარობდეს, რადგან სიმშვიდე მოაქვს.

შლუმბერგერა

იგივე დეკემბერა. მას ევროპაში საშობაო კაქტუსს ეძახიან. მცენარე ტროპიკულია, მისი სამშობლო კი ბრაზილიაა. დეკემბერას სპეციფიკური მოვლა სჭირდება, რადგან ძალიან უყვარს სითბო. მისი ყვავილები ამშვენებს ახალ წელს. იგი მოხვდა საშობაო, ათ ყველაზე მოყვავილე მცენარეთა სიაში.

* * *

ბეგონია. თავს იწონებს ულამაზესი, ვარდის მსგავსი ყვავილებით. მცენარე საშობაოდ ყვავის და ფოთოლიც განსაკუთრებულად მოხატული აქვს. ეს ოქროს წესი დაიმახსოვრეთ: აყვავებულ ბეგონიას არ შეუცვალოთ ადგილი, თორემ გაგინაწყენდებათ და მოიწყენს.

გუზმანია გვიანი შემოდგომიდან იწყებს ყვავილობას. საშობაოდ კი ფერთა ულამაზეს პალიტრას ქმნის.

აზალია დეკემბრიდან ყვავილობს. ნათელი ფერების გამო, მას საახალწლო საჩუქრადაც იყენებენ.

კრასულა

ბარაქის ხე, იგივე კრასულა, ყველასთვის საყვარელი ყვავილია. ის ყვავილობას იწყებს გვიან შემოდგომით და მარტამდე აგრძელებს. ფენშუის მიხედვით, მცენარე ახალ წელს თუ აყვავდა, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს სიმდიდრე და ფინანსური წარმატებები ექნება. მას ათავსებენ სამხრეთ აღმოსავლეთით, წითელ ლენტს აბამენ და ხურდა ფულს უდებენ. მონეტებს შიგ ფოთლის რბილობებში უსვამენ და ელოდებიან აყვავებას. კრასულა უპრეტენზიო მცენარეა, არ უყვარს ჭარბი წყალი, პირდაპირი მზე. ფენშუისტები ამ მცენარეს რთავენ ბრჭყვიალა წითელი ლენტებით და ისე ზეიმობენ ახალ წელს.

კალანჩო

კალანჩო ერთ-ერთი ელეგანტური მცენარეა - ზამთრისა და ახალი წლის მშვენება. ის დიდხანს ინარჩუნებს ყვავილებს და სიამოვნებაში გაგატარებინებთ ზამთარს.

პოლიგალა

პოლიგალაც დეკემბერში ყვავის. თუ კარგად შეურჩევთ ადგილს, შეიძლება მთელი წელი იყვავილოს. მისი ყვავილები მეწამული, განსაკუთრებული ფერისაა. მას აქვს ორი ღია ფურცელი, რომლებიც პეპლების სტიმულაციას ახდენენ.

პელარგონია

იგივე ბალბა, დეკორატიულობით გამოირჩევა. მისი 350-ზე მეტი ჯიშია გავრცელებული და ყველა მათგანი მთელი სეზონი ყვავის. სადღესასწაულო მცენარეა სურნელოვანი ბალბიფოთოლა. ის მარადმწვანე ბუჩქია, სასიამოვნო სურნელითა და ქოლგისებური ყვავილედებით. ბევრი ფერითა და უხვი ყვავილობით გამოირჩევა. ზამთარში თუ თბილა და კარგი განათება აქვს, ყვავილობას არ წყვეტს. საახალწლოდ ამ მცენარის ბევრი ჯიშია აყვავებული. არის ერთ-ერთი გამორჩეული ჯიში, რომელსაც ბევრი ტოტი და გულის ფორმის ფოთლები აქვს. მისი კიდეები დატალღული, დაკბილული ან შეჭრილია. გულის ფორმის ბალბებს ბიჭები ახალ წელს შეყვარებულ გოგონებს ჩუქნიან. ამბობენ, სიყვარული უფრო მტკიცე ხდებაო. ევროპაში თითქმის ყველა ოჯახში შეგვხვდება პელარგონიები. მათ სჯერათ, რომ ამ მცენარეს ოჯახში მოაქვს სიმშვიდე, სიმყუდროვე და ფინანსური კეთილდღეობა.

ივან და მარია

თბილისის ქუჩებსა და გაზონებში საახალწლო მორთულობასთან ერთად ირგვება აყვავებული მცენარეებიც. ერთ-ერთი მცენარეა ივან და მარია, იგივე ვიოლა. მისი უამრავი ჯიშია გავრცელებული.

აფრიკული გვირილა

გაზონებსა და სკვერებში ივან და მარიების გარდა შეხვდებით აყვავებულ აფრიკულ გვირილებს, იგივე ოსტეოსპერმუმებს, რომელთა ყვავილობაც დეკემბერში იწყება. იგი გამოირჩევა მაღალი დეკორატიულობით და უამრავ ფერთა გამას ქმნის. მცენარე უპრეტენზიოა და სიყვარულის სიმბოლოდ არის მიჩნეული. მის ყვავილის ფურცლებს ხშირად სურვილების ახდენასა და მოსალოდნელი სიხარულის გამოცნობაში იყენებენ. ,,ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ... ამიხდება თუ არ ამიხდება..." - ასე იფანტება მისი სურნელოვანი ყვავილის ფურცლები.

ორქიდეა

თუ ზამთრის მცენარეების გამრავლებას ან საახალწლოდ ინტერიერის შეცვლას გეგმავთ, ორქიდეას, იგივე ფალენოპსის შეძენა არ დაივიწყოთ. ის ახალი წლის სამკაულად ითვლება. მისი ხიბლი მხოლოდ ყვავილებში არაა. ის ძალიან სასარგებლო მცენარეა, რადგან ფესვები აქტიურად მონაწილეობენ ფოტოსინთეზის პროცესში. სახლში ორქიდეა არაჩვეულებრივ დეკორაციას შეგიქმნით, რადგან მისი ყვავილობა დიდხანს გრძელდება.

ამარილისი

ამარილისი იგივე ჰიპეასტრუმი დეკემბერში იწყებს აყვავებას. იგი საკმაოდ ადვილად მოსავლელი მცენარეა. ისიც საახალწლოდ ყვავის.

P.S. ზამთრის ყვავილების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პრიმულები, მიხაკები, ერიკები, ჩიტავაშლა იგივე პირაკანტა, ვიბურნუმ ტინუსები, ვიბურნუმ დავიდები, ნანდინები, რომელთა ფოთოლი გასაოცარი სილამაზისაა. მის ერთ ტოტზე, ერთსა და იმავე დროს, შეიძლება უამრავი ფერის ფოთოლი ნახოთ. საოცარი მცენარეა პირაკანტაც. მისი ტოტები შემოსილია წვრილი ყვითელი ან წითელი ნაყოფით და მზესავით ბრწყინავს. მის ნაყოფზე იხილავთ უამრავ ჩიტს - ზოგჯერ ეგზოტიკურ ჩიტებსაც კი. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი სახელი ჩიტავაშლა.

ნელი ვარდიაშვილი