თოჯინები გვიცინიან - კვირის პალიტრა

თოჯინები გვიცინიან

ნანა მეყანწიშვილს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "ხელმარჯვე ოსტატი". მისი მარჯვენით შექმნილი საახალწლო სუვენირები, თოჯინები, სათამაშოები შობა-ახალი წლის დღეებივით ფერადი და ლამაზია. ქალბატონი ნანა პედაგოგია და ამბობს, რომ ბავშვებისა და ხელსაქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

- ძველ თბილისურ ეზოში გავიზარდე. რატომღაც ასეთ ეზოებს დღესაც "იტალიურს " უწოდებენ, რასაც ვერ დავეთანხმები: ეს იყო ნამდვილი თბილისური ეზოები, სადაც ყოველთვის ცხოვრობდნენ ხელმარჯვე ადამიანები, ისინი ქსოვდნენ, ქარგავდნენ, კერავდნენ და თავიანთ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ. რა თქმა უნდა, მე ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი. ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა, ქსოვა, ქარგვა. სკოლის შემდეგ, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავაბარე და 1990-იანი წლებიც დაიწყო. ყველამ ვიცით, ეს რა პერიოდი იყო და მეც ჩემი ბავშვობის გატაცება, ქარგვა გავიხსენე. შემდეგ სკოლაში გამოჩნდა ადგილი - წრის ხელმძღვანელი სჭირდებოდათ და შრომის გაკვეთილები მომანდვეს. ახლა ამ საგანს გამოყენებითი ხელოვნება ჰქვია. ასე დაიწყო ჩემი აქტიური მუშაობა სკოლაში და ხელსაქმეზე, ამ ორ საქმეს ერთმანეთს ვუთავსებდი და ეს დღემდე გრძელდება.

- ქ-ნო ნანა, რომელ სკოლაში ასწავლით?

- გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ვარ მე-200 სკოლაში, სადაც უნარშეზღუდული ბავშვები სწავლობენ. პარალელურად 203-ე სკოლაშიც ვასწავლი, სადაც სმენის არმქონე და სმენადაზიანებულ ბავშვებს ვასწავლი. ამ ბავშვებთან მუშაობას საოცარი მუხტი და დიდი სიხარული მოაქვს. მათთვის ჩემი საგანი ორმაგად მნიშვნელოვანია: ჯერ ერთი, ხელსაქმეს ეუფლებიან და მეორე - ხელოვნების გაკვეთილები მათთვის სერიოზული თერაპიაა. ყველაფერს სიხარულით სწავლობენ. ძალიან უყვართ სიახლეები და ისინიც გატაცებით ითვისებენ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ სკოლაში მუშაობა გამიჭირდებოდა, იმდენად ვარ ამ ბავშვებთან მუშაობას შეჩვეული. ვასწავლი მეოთხიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. ისინი ჯერ კიდევ პატარები არიან და დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწვდი ცოდნას, როგორ შეაყვარებ საგანს, რომელსაც ასწავლი...

07-1703779633.jpg

- თოჯინების შექმნა როდის დაიწყეთ?

- ამ საქმით 2008-2009 წლებში დავინტერესდი. თავდაპირველად, ტექსტილის თოჯინებს ვამზადებდი. იმავდროულად დეკორატიული ნივთების დამზადებაც დავიწყე, ნაძვის ხის მორთულობასა და საახალწლო სუვენირებსაც სიამოვნებით ვაკეთებ. ხშირად მეკითხებიან, ვის ჰგვანან ჩემი თოჯინები, ან პროტოტიპი ხომ არ ჰყავთ, მაგრამ ისინი არავის ჰგვანან: მუშაობას რომ დავიწყებ, უკვე ვხვდები, როგორი თოჯინა გამოვა, როგორი ნაკვთები ან აღნაგობა უნდა ჰქონდეს - ბებია იქნება, ბაბუა, პატარა ბიჭი თუ ახალგაზრდა ქალი, მაგრამ თოჯინებს კონკრეტულ ადამიანს არ ვამსგავსებ. ბოლო წლებში მასალად პოლიმერულ თიხას ვიყენებ, რომელიც ღუმელში უნდა გამოიწვას. როდესაც თოჯინას ავაწყობ, მის ჩაცმულობასა და მორთულობაზე მხოლოდ ამის შემდეგ ვფიქრობ. თავიდან ქსოვილისგანაც ვამზადებდი თოჯინებს, ტექსტილზეც კარგა ხანს ვმუშაობდი და რამდენიმე თოჯინა ცვილისგანაც გამოვძერწე, მაგრამ პოლიმერული თიხა ჩემი ფავორიტია. მისგან ნაძერწი თოჯინები სულ სხვანაირია.

- ესე იგი, თქვენი თოჯინები სხვადასხვა მასალისგან არის შექმნილი.

- პოლიმერული თიხა, ტექსტილი, ცვილი - სამივე კარგი მასალაა, მაგრამ არის კიდევ ერთი მეთოდი - პაპიე-მაშე. ეს სიტყვები ითარგმნება, როგორც "დაჭმუჭნილი" ქაღალდი. პაპიე-მაშეს თოჯინები სწორედ დახეული ქაღალდისგან მზადდება. უნდა აღინიშნოს, რომ მარიონეტებსა და თეატრალურ თოჯინებს ძირითადად, ამ მეთოდით აკეთებენ. ტექსტილის გამოყენებით გავაკეთე ორი თოვლის პაპა, რომელიც ძალიან მომწონდა, ორივე გასხვისებულია.

05-1703779634.jpg

- რჩეული თოჯინები კიდევ გაქვთ?

- "ბოშა ქალი", რომელიც გავაჩუქე - ერთ ჩემს ნაცნობს ვაჩუქე, რომელსაც ბოშები ძალიან მოსწონს. ვიცოდი გავახარებდი და ასეთი სიურპრიზი მოვუწყვე, შეიძლება ითქვას, რომ სიურპრიზი გამომივიდა და ჩემი ახლობელიც ძალიან გავახარე საჩუქრით.

კიდევ ერთი ჩემი ნამუშევარი უნდა გავიხსენო: ეს არის პაპა კარლო ბურატინოსთან ერთად, რომელიც სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმში ინახება. ეს თოჯინა 2017 წელს გამოცემულ კატალოგშიც შეიტანეს. ჩემი თოჯინების დიდი ნაწილი ევროპული სტილისაა, მაგრამ ბევრი მათგანი ქართული, ეროვნული მოტივებით არის შთაგონებული. ერთ-ერთი თოჯინას სხეული ორშიმოსგან ანუ ხმელი გოგრისგან მაქვს დამზადებული. მთავარი სურვილი და მონდომებაა, თორემ მასალად ბევრი რამის გამოყენება შეიძლება... ღილების ნაცვლად ხშირად მძივებს ვიყენებ, ტანსაცმელს, ქუდს, ფეხსაცმელსა და მორთულობას - ყველაფერს მე ვაკეთებ და ვცდილობ, ჩემს თოჯინებს ყოველთვის ორიგინალური ჩაცმულობა და იერი ჰქონდეთ.

- მუშაობის დროს ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- მარტო მუშაობა მიყვარს: ყველა დეტალი მე უნდა გადავწყვიტო, შევკერო და გამოვძერწო. დედაჩემი მხოლოდ შემფასებლის როლს ასრულებს და ჩემს ნამუშევრებს საკმაოდ კარგად, ობიექტურად აფასებს. მართალია, ჩემი დაც ქარგავს და დედაც, მაგრამ ჩემს ნაკეთობებს მარტო ვქმნი და ყოველთვის მარტო ვმუშაობ. საახალწლო მოტივებზე ბევრი რამ მაქვს შექმნილი, მაგრამ უმრავლესობა უკვე გასხვისებულია. სხვათა შორის, ჩემი თოჯინები უცხოეთშიც დიდი რაოდენობით გავიდა.

02-1703779632.jpg

- რადგან შობა-ახალი წლის დღეებია, უნდა გკითხოთ - თქვენთვის ყველაზე სასიამოვნო საახალწლო ტრადიცია რომელია?

- სკოლაში ასეთი ტრადიცია გვაქვს - ჯერ ზღაპარს შევარჩევთ, მერე მისი პერსონაჟების მიხედვით თოჯინებს ვამზადებთ და წარმოდგენას ვმართავთ. ბავშვები ამ თოჯინებით სპექტაკლს თამაშობენ, შეიძლება ითქვას, რომ სკოლაში ჩვენი თოჯინების თეატრი გვაქვს. ერთ ნახვად ღირს, როგორ უხარიათ ბავშვებს, როცა თავისივე ხელით დამზადებული თოჯინებით თამაშობენ. სკოლაში ხშირად ვმართავთ საზეიმო კონკურსებს, გამოფენებს და ჩვენს ნამუშევრებს სხვებსაც ვაჩვენებთ.

შობა-ახალი წელი კარს მოგვადგა და მინდა თითოეულ ჩემს მოსწავლეს, ჩემს ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს ჯანმრთელობა, სიხარული და წარმატებები ვუსურვო. ბედნიერი ყოფილიყოს ყველასთვის ახალი, 2024 წელი!

ხათუნა ჩიგოგიძე