„ძაღლის ქუჩაში დატოვებისთვის დიდი ჯარიმები უნდა დაწესდეს“ - კვირის პალიტრა

„ძაღლის ქუჩაში დატოვებისთვის დიდი ჯარიმები უნდა დაწესდეს“

19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა­ სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნებოდა მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მიუსაფარმა ძაღლმა გაკაწრა. განცხადების მიხედვით, ძაღლს ცოფი აღმოაჩნდა და აუცილებელი გახდა ბავშვი დროულად მოეძებნათ რაბიოლოგიური აცრების გასაკეთებლად. ეს ამბავი სოცქსე­ლებს ვირუსულად მოედო, ლამის მთელი ქვეყანა ეძებდა ბიჭს და რამდენიმე საათში იპოვეს...

ბავშვის პოვნის შემდეგ სოცქსელში ნინო ჯიბლაძე წერდა მოქალაქის შესახებ, რომელმაც განგაშის ზარი შემოჰკრა, ბავშვისა და ძაღლის ამბავზე.

ამონარიდი ფეისბუკსტატუსიდან: "ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართვ­ელი­­ ჯაბა გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა­ სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც. ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო: ჯაბას ხილბოსტანთან შეფარებულმა­ ძაღლმა ბავშვი გაკაწრა. ბავშვის მამა ადგილზე მივიდა და ჯაბას სთხოვა თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა. ჯაბასაც მიუხარებია, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს, 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი­ იპოვა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღე-ნახევარში... ჯაბამ გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ, სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა. ჯაბამ პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა. ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ, სოცმედიასივრცე სრულად დაფარა. ბავშვის ოჯახს ეძებდა ყველა. ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება. სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები... ჯაბა ხვდებოდა მედიას და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამი­სთვის. მე გამიმართლა და ვიპოვე ჯაბა. რომ ვესაუბრე, მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზისული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი, რამ გამაოგნა საბოლოოდ: "მე ახლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით "შOშ, აქ ცოფით მოკვდა ძაღლი" - წითელი ასოებით, თეთრ ფონზე. ხომ შეიძლება­ ბავშვის­ მამას არ ჰქონდეს ფეისბუკი, არ უყურებდეს ტელევიზორს.…ბანერს ჩემი ფულით დავაბეჭდვინებ, მოვიყვან მანქანას და გავაბამ დიდ ტრასაზე. ეგებ მამამ ჩაიაროს, ყურადღება მიაქციოს და ვიპოვოთ ბავშვი". დავბეჭდეთ ბანერი და როცა ვაკრავდით, მამაც გამოჩნდა...

ჯაბა თავისი ცხოვრებით, ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვ­ილი გმირი! და არა მხოლოდ გმირი, საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზისმენეჯერიც! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა".ჩვენ ჯაბა ბოლაშვილს დავუკავშირდით: - მე ვერაფრით მივაწვდინე საზოგადოებას ხმა, სოცქსელიც არა მაქვს, რომ მადლობა გადამეხადა ყველასთვის. თვითონ არიან გმირები, ვინც მე გმირი მიწოდა, იმიტომ, რომ სიკეთის გაკეთებაზე მთავარი სიკეთის დანახვაა. მადლობა ყველა სამსახურს, ვინც ჩართული იყო ბავშვის პოვნაში - სურსათის სააგენტო, ისან-სამგორის პოლიციის თანამშრომლები. უდიდესი მადლობა მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში გაავრცელეს ეს ინფორმაცია, ექიმებს, რომლებიც მუდმივად ამოწმებდნენ პაციენტების ისტორიებს.

„მიკროჩიპირებით დავადგენთ, რამდენი ცხოველია ქვეყანაში და გამრავლება როგორ უნდა გააკონტროლო“

ნათია ჩიქოვანი, Animal Project-ის თანადამფუძნებელი: - უნდა არსებობდეს კანონი ცხოველების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს უნდა იყოს სტრატეგია, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამ კომპონენტების შესრულებით მოგვარდება მიუსაფარი ცხოველების პრობლემა და პატრონიანი ძაღლების მოვლის ხარისხიც ამაღლდება. ვისაც ჰყავს ცხოველი, კანონი უნდა ავალდებულებდეს მიკროჩიპირებას. უნდა შეიქმნას ბაზა, სადაც ყველა ცხოველი იქნება დარეგისტრირებული. ამის საშუალებით ცხოველის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში პატრონი მას მარტივად მიაგნებს. მივაგნებთ იმ მოქალაქესაც, რომელმაც გააგდო ცხოველი ქუჩაში. რაც მთავარია, მიკროჩიპირებით დავადგენთ, რამდენი ცხოველია ქვეყანაში, გამრავლება როგორ უნდა გააკონტროლო და ა.შ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დადგენილებაში წერია, რომ თბილისსა და ბათუმში ყველა იმ ცხოველის, რომელსაც ჰყავს პატრონი, მიკროჩიპირება სავალდებულოა. თუმცა ჯარიმა მხოლოდ 8 ლარია და ურჩ მეპატრონეებს გადახდა არ უჭირთ. უდიდესი პრობლემაა გამრავლებაც. იმისთვის, რომ ცხოველის გამრავლების უფლება გქონდეს, ცხოველმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება და დოკუმენტში ჩაიწერება, რომ ის გამრავლებას ექვემდებარება. არ უნდა გამრავლდეს გენეტიკური და ქრონიკული დაავადების მქონე ცხოველი, ასევე, არ უნდა შეჯვარდეს ინცესტით, ახლო ნათესაური სისხლის მქონე ცხოველები, რადგან ამას ხშირად არაერთი გენეტიკური დაავადება მოსდევს.­ არ უნდა გამრავლდეს ცხოველი, რომელიც­ უსაფუძვლოდ აგრესიულია.­ აგრესია არ უნდა აგვერიოს რეაქციაში, როცა ძაღლს ვინმე გააბრაზებს და ამის გამო უკბენს - ეს არ არის უსაფუძვლო აგრესია. უსაფუძვლოა, როდესაც გეცემა ძაღლი და გიკბინს. ასეთი ცხოველი არ ექვემდებარება გამრავლებას, რადგან აგრესია გენეტიკურად გადადის. იმ ცხოველებს, რომელთა გამრავლებისთვის ლიცენზია არ გაიცემა ჯანმრთელობის მიზეზების გამო, მათი სტერილიზაცია-კასტრაცია კანონით სავალდებულო უნდა იყოს, დარღვევის შემთხვევაში კი უნდა დაწესდეს დიდი ჯარიმა. მას შემდეგ, რაც აღირიცხება ცხოველების რაოდენობა, უნდა ჩატარდეს 70%-ის კასტრაცია-სტერილიზაცია, რათა შემცირდეს მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობა. ძაღლი და კატა ქუჩის ცხოველები არ არიან. ისინი კომპანიონი ცხოველებია, უნდა იყვნენ სახლში და ჰყავდეთ პატრონი. ვერ გაამტყუნებ მას, ვისაც ეშინია. მიუსაფარი ცხოველი საშიშია დაავადებების გავრცელებითაც. არსებობს მოსაზრება მონადირეებში, რომ თუ ძაღლს ცოფზე აცრი, ყნოსვა­ დაუქვეითდება და ამ მიზეზით ბევრი ძაღლს არ ცრის. არადა, ყველაზე ხშირად სწორედ მონადირე ძაღლს აქვს კავშირი გარეულ ცხოველებთან, რომლებშიც ცოფია გავრცელებული. კანონმა უნდა დაავალდებულოს ძაღლის პატრონები, რომ ძაღლები აცრან. თუ არადა, ჯარიმის ოდენობა იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ მის გადახდას აცრა ერჩივნოს. როდესაც ნადირობის სეზონი გადის, ძაღლებს მინდორში, ტყეში ტოვებენ, ან თუ არ გამოადგათ სანადიროდ, ქუჩაში უშვებენ. თუ თბილისში მონიტორინგის სამსახური არსებობს და რაღაცას მაინც აკეთებს მიუსაფარი ცხოველებისთვის, რაიონებში ასეთი არაფერია. დიდ რეგიონებში არიან ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ცოტა არეგულირებენ სიტუაციას. ხომ შეიძლება ყოველ რეგიონში იყოს პატარა სასტერილიზაციო ჰაბი, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება გაასტერილოს და აცრას ცხოველი.

„როდესაც კანონი გვექნება, ის დაიცავს ყველას, როგორც მოქალაქეებს, ისე მიუსაფარ ძაღლებს“

ეკა ლომიძე, ცხოველთა დამცველი:

- ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მიუსაფარი ძაღლებისგან მოქალაქეების დაკბენის ფაქტები მომრავლდა. ცნობილი შემთხვევების ფაქტობრივად 99% პატრონიან ძაღლებზე მოდის, რომლებიც არასწორად აღზარდეს ან არასწორად უვლიან, არ უკეთებენ ალიკაპს, ან საბელს და თუ ძაღლი აგრესიულია, მისი მსხვერპლი ძირითადად სხვა, მშვიდობიანი, ძაღლები, ან ადამიანები, მათ შორის, ბავშვებიც ხდებიან. ქუჩაში ძაღლების მომრავლების მიზეზიც ადამიანების დაუდევრობის შედეგია. ნახეთ, საახალწლოდ, ნაძვის ხის ქვეშ, საჩუქრის სახით, რამდენი მშობელი დაახვედრებს­ შვილებს გაბანტულ ლეკვებს. მოიკითხეთ, რამდენი ლეკვი გაიზრდება, ან თუ გაიზრდება, ქუჩაში არ აღმოჩნდება. ძაღლიც და კატაც ცოცხალი არსებაა და არა ნივთი, რომელსაც გამოსაჩენ ადგილზე შემოდებ. პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა კანონი, რომელიც მთელ ქვეყანაში იმოქმედებს და არა მხოლოდ დედაქალაქში. კანონმა უნდა დაარეგულიროს ნებისმიერი ძაღლის აღრიცხვა, როგორც ჯიშიანის, ისე მეტისის, როგორც პატრონიანის, ისე მიუსაფრების. არც ერთი ლეკვი არ უნდა იყიდებოდეს ჩიპირების გარეშე. აუცილებელია მიუსაფარი ძაღლების კასტრირება, სტერილიზება, ისევე, როგორც პატრონიანი ძაღლები უნდა გასტერილდნენ, თუ პატრონს გამრავლების ლიცენზია არ აქვს. სანაშენეს უფლების მისაღებად ლიცენზია ძვირი უნდა ღირდეს. საბრალო ძაღლებს ქარხნებივით ამუშავებენ და იმაზე არ ფიქრობენ, რომ საქართველოს ბაზარი არ არის იმხელა, რომ ამდენ ძაღლს პატრონი გამოუჩნდეს. კანონით მკაცრად უნდა განისაზღვროს მოქალაქეს ჰქონდეს თუ არა ძაღლის აყვანის უფლება. მხოლოდ სურვილი, ძაღლი მინდა ან ბავშვს უნდა ვაჩუქო დაბადების დღეზე, არ კმარა. საჭიროა ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა ცხოველის ყოლის შესახებ ზერელე დამოკიდებულება ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. ძაღლის ქუჩაში დატოვებისთვის დიდი ჯარიმები უნდა დაწესდეს.

- მოქალაქეები ჩივიან ხოლმე, რომ მიუსაფარი ძაღლი უმიზეზოდ დაესხათ თავს.

- ძირითადად მიზეზი არის ადამიანის მიერ გამოვლენილი აგრესია, ან ძაღლს ეშინია, რომ შეშინებული ადამიანი თავს დაესხმება და თავდაცვის მიზნით შესაძლოა უკბინოს კიდეც. ამის გარდა, ძაღლი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს და მშიერი, ან მწყურვალია, შესაძლოა აგრესიულიც იყოს. ძაღლებს სჭირდებათ მოვლა, პატრონის, საზოგადოების მეტი ყურადღება და აგრესიულები აღარ იქნებიან.

თუ ქუჩებში ყურზე უსაჭდევო ძაღლები დარბიან, ე.ი. მუნიციპალური სამსახური მოიკოჭლებს, რადგან ეს ნიშნავს რომ ძაღლი გაუსტერილებელია. ცოფზე აცრაც ყოველ წელს სავალდებულოა. როდესაც კანონი გვექნება, ის დაიცავს ყველას, როგორც მოქალაქეებს, ისე მიუსაფარ ძაღლებს. კანონის მიღების შემდეგ მთავარია, მისი აღსრულება, არ უნდა დარჩეს ფურცელზე დაწერილი. მიიღეს საბელით, ან ალიკაპით ტარების შესახებ კანონი, მაგრამ ბევრ პატრონს უსაბელოდ და ალიკაპის გარეშე დაჰყავს ძაღლი.

უმძიმესი მდგომარეობაა სოფლებში. უამრავი დაურეგისტრირებელი ძაღლია. რამდენიმე თვის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძალიან აგრესიული ორი ხვადის კასტრაცია გადავწყვიტე. დავრეკე შესაბამის სამსახურში და მითხრეს, ოზურგეთიდან უნდა ჩამოვიდეს ჯგუფი, რომ სტერილიზაციისთვის წაიყვანონო?! თითოოროლა ძაღლზე არ მოდიან, მინიმუმ, 10 ძაღლი მაინც უნდა იყოს გასასტერილებელიო. ოზურგეთიდან ხარაგაულში, ალბათ ხვდებით, რა მანძილზეა საუბარი. თუნდაც თვეში ერთხელ უნდა მიდიოდეს ვეტერინარების ჯგუფი და ასტერილებდნენ ძაღლებს, რატომ უნდა მივდიოდეთ საამისოდ ოზურგეთში ხარაგაულიდან?

ერთი სიტყვით, ბევრი რამ მოსაგვარებელია, რასაც სახელმწიფოს მზაობა და ნება სჭირდება.

„მოგიწოდებთ, შევიკედლოთ და მოვუაროთ უწყინარ ძაღლებს“

ქვეყანაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი პროცენტია სტერილიზებული, კასტრირებული ან ცოფზე აცრილი.

გიორგი კობიაშვილი ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორი: - 24 საათის განმავლობაში ჩვენს ცხელ ხაზზე შემოდის უამრავი შეტყობინება, თითოეულზე ჩვენი ეკიპაჟი გადის. თუ ძაღლი აგრესიულია და საშიში, თავშესაფარში მიგვყავს, სადაც მას კინოლოგი აკვირდება. თუ ძაღლი არ არის აგრესიული და საჭდეც აქვს, აუცილებელიც არის, რომ სხვადასხვა უბანში იყვნენ, რადგან ისინი იცავენ უბნებს აგრესიული, უსაჭდეო ძაღლებისგან. მოგიწოდებთ, შევიკედლოთ და მოვუაროთ უწყინარ ძაღლებს. კახეთის გზატკეცილზე, სადაც ცოფი დაფიქსირდა, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს ძაღლების აცრა. უკვე რამდენიმე ასეული ცხოველი აიცრა ცოფზე. ვფიქრობ, კანონი "შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის­ შესახებ" მალე წამოგვეწევა, რაც ხელს შეუწყებს ჩვენს მუშაობას. უკვე მიმდინარეობს კანონის განხილვა გარემოსდაცვით კომიტეტში. ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ჩავატარეთ მიუსაფარი ცხოველების კვლევა და ამჟამად მიმდინარეობს დაანგარიშება შესაბამისი მეთოდოლოგიით. იანვარში გავასაჯაროებთ მონაცემებს, სადაც დაფიქსირებული­ იქნება არა მარტო ცხოველთა რაოდენობა, არამედ რამდენი მათგანია საჭდეიანი და უსაჭდეო. რამდენია სტერილური და ა.შ. 2024 წელს გვექნება ახალი პოპულაციების მართვის ცენტრი, დამატებითი ვოლიერები, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი ცხოველი მივიღოთ და გავასტერილოთ. თავშესაფარში შემოყვანილი თითოეული ცხოველი მოწმდება, როდის აიცრა ბოლოს ცოფზე და თუ გასულია წელიწადი, ხელახლა იცრება. ყოველწლიურად დაახლოებით 8000 ცხოველს ვუკეთებთ აცრას. ვთანამშრომლობთ მიმკედლებლებთან და ვცდილობთ, რაც შეიძლება დროულად უზრუნველვყოთ ცხოველების აცრა. რაც შეეხება იმ ცხოველებს, რომლებიც არავის არა ჰყავს მიკედლებული, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ეტაპობრივად ვცრით.

სოფო კაჭარავა