"საახალწლო კოლექციის შექმნაც კი სასიამოვნო პროცესია“ - კვირის პალიტრა

"საახალწლო კოლექციის შექმნაც კი სასიამოვნო პროცესია“

ქართველ "ხელმარჯვე ოსტატებს" შორის თინათინ ხეიძეს გამორჩეული ადგილი უკავია. მისი ნაკეთობები სადღესასწაულო განწყობას გვიქმნის, იმავდროულად, საოცარი სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას ტოვებს. თინათინ ხეიძის ხელით შექმნილი საშობაო ანგელოზები, ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუები თუ საახალწლო სათამაშოები ისევე მშვენიერია, როგორც ზარდახშები, ქუდები, საათები და ყოველდღიური, ყოფითი საგნები. როგორ დაიწყო ამ სილამაზის შექმნა? - ამის თაობაზე ქალბატონი თინა გვიამბობს.

თინათინ ხეიძე:

- ხელსაქმე ყოველთვის მიყვარდა. სულ პატარა ვიყავი, როცა კერვა და ქსოვა დავიწყე - ჯერ ჩემი თოჯინები შევმოსე და გავალამაზე, მერე ჩემთვისაც ვიკერავდი და ვქსოვდი ლამაზ კაბებსა და ჯემპრებს. ვიდრე ხელსაქმე ჩემი პროფესია გახდებოდა, ბევრი რამ ვცადე: ერთხანს ქორწილების დიზაინსაც ვქმნიდი, ფლორისტიც ვიყავი და ყვავილების სამყაროც კარგად შევისწავლე, მაგრამ ქსოვა, კერვა და ქარგვა არასდროს დამითმია.

- ალბათ, თქვენი პროფესიაც ახლოსაა ამ საქმიანობასთან.

- პირიქით, სრულიად განსხვავებული სპეციალობა მაქვს: ტექნიკური უნივერსიტეტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ჩემი სპეციალობით ერთი დღეც არ მიმუშავია. ერთადერთი, რაც ძალიან ტკბილად მახსენდება, ჩემი სტუდენტობის ლამაზი წლებია. ბოლოს მაინც ჩემი ბავშვობის გატაცებამ გადამიბირა და ნივთების შექმნა დავიწყე. ყველა ხერხი და მეთოდი გამოვიყენე, რომ დღემდე მოვსულიყავი. ახლაც სულ რაღაცას ვსწავლობ და ერთ წერტილზე გაჩერება არ შემიძლია. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, რომ ვერც წარმომიდგენია, სხვა რა უნდა ვაკეთო.

winda-1705998050.jpg

- მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება შეკითხვა, როგორ იქმნება ეს ფერადი სამყარო?

- ყველაფერს დეკუპაჟის ტექნიკით ვაკეთებ. 5-6 წელია, ეს მეთოდი ავირჩიე, რადგან ის ჩემთვის ყველაზე მოხერხებული გამოდგა. როცა ამ ნივთებზე ვმუშაობ, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ხშირად ხელები მეწვის, თვალებიც მტკივა, რადგან ერთ ნაკეთობას საათები კი არა, დღეები სჭირდება, მაგრამ შედეგს რომ დავინახავ, ყველაფერი მავიწყდება. ყველა დეტალს საკუთარი ხელით ვაკეთებ, ნებისმიერი წვრილმანი, უბრალო დეკორიც კი ჩემი მარჯვენითაა შექმნილი. ჩემთვის უცხოა ის, რასაც ამ სფეროში "ნახევარფაბრიკატს" ეძახიან: ყველა მასალას ჩემი ხელით ვასუფთავებ, ვხვეწ და ვალამაზებ. ამიტომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ნივთების 99% ჩემი ხელითაა გაკეთებული.

მას შემდეგ, რაც დეკუპაჟის ტექნიკა ავირჩიე, ჩემს საქმიანობას უფრო სერიოზული, მიზანმიმართული სახე მიეცა. ადრე ძირითად მასალად მუყაოს ვიყენებდი და ისიც ძალიან მომწონდა. ხის მასალაზე სულ ვოცნებობდი, მაგრამ ძალიან ძვირია და გადავწყვიტე, ხეზე უარი მეთქვა.

- თუ შეიძლება კიდევ ერთხელ აუხსენით მკითხველს, რას ნიშნავს დეკუპაჟი?

- დეკუპაჟი ფრანგული სიტყვაა (ნიშნავს "დაჭრას") და ეწოდება მხატვრულ ტექნიკას, რომელიც გულისხმობს ნახატის გადატანას რამე ნივთზე. ამ მეთოდით ნივთებს გასულ საუკუნეებშიც ალამაზებდნენ. ავეჯის გასალამაზებლად დეკუპაჟს XVII საუკუნიდან იყენებდნენ და თანდათან ძალიან პოპულარული გახდა. ამ მეთოდით ყველაზე უფერული, მოსაწყენი ნივთი შეიძლება ხელოვნების ნიმუშად აქციო. დეკუპაჟი ძალიან კარგი საშუალებაა მათთვის, ვისაც ხატვა არ ეხერხება, მაგრამ ხელსაქმე უყვარს. ეს საყვარელი ტექნიკაა არაერთი დიზაინერისთვის, რადგან ამ მეთოდის დახმარებით შეიძლება იგივე ეფექტი მიიღო, როგორიც ნახატს აქვს. ასე უცბად, სიტყვიერად ახსნა რთულია, მაგრამ დეკუპაჟი ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკაა, რომლის დახმარებითაც ძალიან ლამაზი ზარდახშებისა და სხვა ნივთების შექმნა შეიძლება. როგორც ვთქვით, ამ მეთოდს მეც ხშირად ვიყენებ, ასე იქმნება ჩემი საათები, ზარდახშები, ლანგრები და ცოტა ხნის წინ უფერული, ძველი ნივთი ფერადი და ლამაზი ხდება. მთავარია, არ გადააჭარბო და ფერები ერთმანეთს მოხდენილად შეუხამო. საბედნიეროდ, არა მგონია, ფერთა შეხამება მიჭირდეს და როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგად გამომდის.

- სხვა დეტალებს როგორ ამზადებთ?

- ვცდილობ ეკოლოგიურად სუფთა მასალები გამოვიყენო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ხშირად ვიყენებ ატმის, გარგარისა და სხვა ხეხილის კურკებს. სწორედ ასე მაქვს შექმნილი ჩემი საახალწლო კოლექცია: თოვლის ბაბუები, ნაძვის ხეები, ცხოველები და ფრინველები. რა თქმა უნდა, ეს საქმე ადვილი არ არის, მაგრამ იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ მასზე ენერგიის დახარჯვა ნამდვილად მიღირს.

ძალიან მომწონს ნაქსოვი ნივთები და აქსესუარებიც. ხშირად მეუბნებიან, შენი მოქსოვილი საახალწლო ნივთები საოცარი სიმყუდროვის განცდას გვიქმნისო, რაც ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია.

t-1705998050.papa.jpg

- როგორ ამზადებთ საახალწლო რგოლებს, რომელსაც ზოგიერთი ოჯახი ახალ წლამდე სახლის კარზე ამაგრებს? ხალხში მას "ნალს" ეძახიან...

- ჯერ პენოპლასტის მასალისგან ვჭრი ფორმას, რაც ძალიან შრომატევადი პროცესია, ერთი უზუსტობაც არ უნდა დაუშვა, რათა ლამაზი ფორმა ჰქონდეს და მნახველს მოეწონოს.

მართალია, ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მარტო ხელსაქმით ადამიანი ვერ იარსებებს, მით უმეტეს, ქალი, რომელიც შვილს მარტო ზრდის. ამიტომ 16 წლის განმავლობაში, სანამ ჩემი შვილი სრულწლოვანი გახდებოდა, სასწავლებელს დაამთავრებდა და მუშაობას დაიწყებდა, ოჯახებში დამხმარედ ვმუშაობდი: ვალაგებდი და ჩემი ერთადერთი ვაჟი ასე გავზარდე. ის წლები ჩემთვის ძალიან რთული იყო, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ოჯახებში ვმუშაობდი. დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი შვილი კარგი პროგრამისტია. როცა დამჭირდება, ისიც მეხმარება, ზოგჯერ, როდესაც ჩემს ნაკეთობას დავასრულებ და ვინმეს შეფასება მჭირდება, რჩევასაც ვეკითხები.

- შეგიძლიათ თქმა, რომ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ნატვრა აისრულეთ?

- დიახ, ასეა. ამიტომ სულ ვამტკიცებ, რომ ადამიანმა უნდა მოინდომოს და ყველა სურვილს აისრულებს. არ შეიძლება ხელი ჩაიქნიო და იფიქრო, რომ ამ ცხოვრებაში შენი ადგილი ვერ იპოვე, რომ დამარცხდი. თუ ადამიანი იშრომებს და არ დაიზარებს, ყველაფერს შეძლებს, ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდანაც გამარჯვებული გამოვა. მაგალითად, ხელნაკეთი ნივთები ყოველთვის იყო ჩემი გატაცება, მაგრამ სახელოსნოს დაქირავება არც ადრე შემეძლო, არც ახლა შემიძლია, ამიტომ ყველაფერს ჩემს ერთოთახიან ბინაში ვაკეთებ. მაინც კმაყოფილი, ვარ, რადგან თუ შენი საყვარელი საქმე გაქვს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს, არ უნდა გაჩერდე. ადამიანი საარსებო წყაროს ყოველთვის იპოვის, ამიტომ არ მესმის იმ ხალხისა, რომელიც არ ცდილობს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

- დასასრულ, როგორია თქვენი საახალწლო ნატვრა და სურვილები?

- პირველი სურვილი ის არის, რომ ჩვენს საახალწლო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც მეტეხის "შერატონში" იმართება, რაც შეიძლება ბევრი მნახველი ჰყავდეს. გვეწვიეთ, რადგან ჩვენს საქმეში მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს: თუ შენს ნამუშევარს არავინ შეაქებს, არავინ შეიძენს, ხალისი გეკარგება, რადგან ცარიელ ენთუზიაზმზე მუშაობა რთულია. იმ ხალხს, რომელიც ჩემსავით შრომობს და თავისი მარჯვენით რაღაცას ქმნის, შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ. ხვავი, ბარაქა, სიკეთე და ჯანმრთელობა არ მოგვკლებოდეს! ვისურვებდი, რომ ახალი, 2024 წელი მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს, რომ საქართველო ეკონომიკურად გაძლიერდეს და გამთლიანდეს.

ხათუნა ჩიგოგიძე