წყალქვეშა სამყაროს ფერადი „ცხენები“ - კვირის პალიტრა

წყალქვეშა სამყაროს ფერადი „ცხენები“

ზღვის ცხენთევზა, რომელსაც უმეტესად ზღვის ცხენს უწოდებენ, წყალქვეშა სამყაროს ერთ-ერთი უჩვეულო ბინადარია. ის ერთი შეხედვით ცხენზე ამხედრებულ მეომარს წააგავს და როცა ფსკერზე დაცურავს, ძალიან შთამბეჭდავი სანახავია. "კარგია, რომ ეს პატარა, საინტერესო თევზი შავ ზღვაშიც ბინადრობს", - გვითხრა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია.

- ზღვის ცხენის 46 სახეობაა ცნობილი. ეს თევზი ზომიერ და ტროპიკულ ზღვებში ბინადრობს, შესაბამისად, შავ ზღვაშიცაა გავრცელებული. ჩვენს სანაპიროებთან ზღვის ცხენის ორი სახეობა გვხვდება: გრძელდინგა და მოკლედინგა. მიუხედავად იმისა, რომ ზღვის ცხენს სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს და სხვა თევზების მსგავსად, ყოველდღიურ საკვებად არ იყენებენ, მათი რიცხოვნობა მაინც კატასტროფულად არის შემცირებული.

- რატომ, ბატონო ზურაბ?

- საქმე ის არის, რომ გამხმარი ზღვის ცხენისგან პოპულარულ სუვენირს ამზადებენ, ამიტომ ყოველწლიურად 37 მილიონამდე ინდივიდს მოიპოვებენ. ალბათ, მკითხველიც დაგვეთანხმება, რომ ეს ძალიან დიდი რაოდენობაა! ზღვის ცხენის ზოგიერთი სახეობა უკვე გადაშენებულია, ზოგიც გადაშენების პირასაა მისული, მოკლედ, ეს ცხოველი დიდი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

ზღვის ცხენი მცირე ზომის ცხოველია: მისი სიგრძე 1,5 სანტიმეტრიდან იწყება, ყველაზე დიდი ინდივიდების ზომა კი 35 სანტიმეტრია. შავი ზღვის ბინადარი ზღვის ცხენებიც ძალიან პატარები არიან - 3-4 სმ, მაქსიმალური ზომა 15 სმ-ია. სპეციალისტთა აზრით, ყველაზე უჩვეულო და საინტერესო ამ ცხოველში მისი გამრავლების მექანიზმია.

- რით არის ეს მექანიზმი განსაკუთრებული?

- ზღვის ცხენი ერთდროულად არის კვერცხისმდებელი და თან ცოცხლადმშობი ცხოველი. მისი გამრავლების პერიოდი საშუალოდ 4 საათს გრძელდება და ეს ძალიან საინტერესო პროცესია. როდესაც მდედრი მზად არის ქვირითის დასაყრელად, ცხენთევზები წყვილებს წარმოქმნიან. მდედრი და მამრი ერთმანეთის პირისპირ დგებიან და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ირხევიან. შემდეგ ერთმანეთს უახლოვდებიან და ამ დროს მამრის ჩანთაში მდედრი თავის კვერცხებს გადადებს. "ჩანთა" მამალს კუდის დასაწყისში აქვს და როცა დედალი ამ ჩანთაში კვერცხებს დებს, მამრი იბერება. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კვერცხი ბევრია, შეიძლება 1500-მდეც კი იყოს. შემდეგ მამრი ჩანთას ჩაკეტავს და ორივე ფსკერისკენ ეშვება. მამალ ზღვის ცხენს შეუძლია ქვირითი 9-დან 45 დღის განმავლობაში შეინახოს. გადის ხანი და პატარა ლარვები სწორედ მამრის ჩანთიდან იჩეკებიან, რიგრიგობით გამოდიან ჩანთიდან და წყალში განაგრძობენ ცხოვრებას. ასეთი საინტერესო გამრავლების მექანიზმი არც ერთ თევზს არა აქვს.

drakoni-2-1706016930.jpg

- გამოდის, შთამომავლობის გაჩენაში მამრი უფრო დიდ როლს ასრულებს?

- არა, რადგან ქვირითი ჯერ მდედრის ორგანიზმში მწიფდება და მერე გადადის მამრის ჩანთაში, ამიტომ შეიძლება ითქვას, ორივე თანაბარ ფუნქციას ასრულებს. ქვირითის მამრის ჩანთაში შენახვა შთამომავლობის შენარჩუნებასა და გადარჩენას უწყობს ხელს. ზღვის ცხენებს კიდევ ერთი გამორჩეული თვისება აქვთ: ისინი ძირითადად მონოგამიური არიან. თევზები იშვიათად არიან მონოგამიური, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ზღვის ცხენები წყვილებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ, სულ ცოტა, გამრავლების სეზონზე მაინც.

ზღვის ცხენს სანაპიროს წყლებში ბინადრობა უყვარს, სადაც რბილი, ქვიშნარი ფსკერია. ქვაღორღიანი ფსკერი ნაკლებად მოსწონს. ძალიან ბევრ ზღვის ცხენს უყვარს წყალქვეშა მდელოები და წყალმცენარეები. ზოგიერთი სახეობა ასეთ მდელოებთან არის ასოცირებული, სწორედ ასეთ ჰაბიტატში ბინადრობს.

- ზოგიერთ სახეობას ერთგვარი "რქაც" აქვს.

- დიახ, ოღონდ ეს რქა არ არის, ერთგვარი წანაზარდია... ზღვის ცხენის 46-მდე სახეობაში სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ინდივიდები გვხვდება. ზოგიერთს მეტად უცნაური და შთამბეჭდავი იერი აქვს, მათ შორისაა ზღვის დრაკონი, რომელიც იერით ნამდვილ დრაკონს მოგვაგონებს. ისიც ზღვის ცხენების ერთ-ერთი წარმომადგენელია. ზღვის ცხენებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რის გამოც ეს ცხოველი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანია. რაკი მცირე ზომისაა, მას ნებისმიერი დიდი თევზი ემტერება, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანზე... თავდაცვის ძირითადი მეთოდი შენიღბვაა: ზღვის ცხენები ოსტატურად ინიღბებიან, იმალებიან წყალმცენარეებსა და მარჯნის რიფებში და ამას ისე კარგად ახერხებენ, რომ მათი პოვნა ძნელია. ზოგიერთ ადგილას ისინი მარჯნის რიფებს ემსგავსებიან, თუმცა არა შავ ზღვაში, აქ ჩვეულებრივი ზღვის ცხენები ბინადრობენ და წყალქვეშა მდელოებიც არ არის. ამიტომ "ჩვენებური" ზღვის ცხენები ქვიშიან ფსკერზე ცხოვრობენ, სადაც ქვებს შორის იმალებიან. იქ მათ შეუძლიათ ქვიშაში ჩაეფლონ და მოხერხებულად დაიმალონ. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ იმალებიან ზღვის ცხენთევზები ცარიელ ნიჟარებში და რა კარგად ეხამებიან გარემოს.

gamravleba-1-c-1706016930.jpg

- საინტერესოა, რატომ ნადირობენ ადამიანები ამ თევზზე?

- გამხმარი ზღვის ცხენები შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც იყიდება როგორც სუვენირი, ჩინეთში კი მისგან სწრაფი კვების ობიექტებში პოპულარულ კერძს ამზადებენ. გარდა ამისა, ზღვის ცხენს ჩინურ მედიცინაშიც იყენებენ, ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ენურეზი ან იმპოტენცია... რამდენად ეფექტიანია ეს მკურნალობა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ამ ცხოველებს მაინც იჭერენ. ამის გამო 1 კგ გამხმარი ზღვის ცხენი 600-დან 3 ათას დოლარამდე ღირს. ცხადია, ეს ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ცხოველს, რომლის რაოდენობა ისედაც შემცირებულია. როგორც ვთქვით, წელიწადში 37 მილიონამდე ზღვის ცხენთევზა იღუპება, ოღონდ ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის: სამწუხაროდ, ზოგ სახეობაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. არადა, ეს თევზი დედამიწაზე მილიონობით წლის წინაც ცხოვრობდა, მისი ნამარხი ნაშთები ძალიან დიდი ხნისაა. ჩვენ ზუსტად არც ის ვიცით, რა მდგომარეობაშია ეს თევზი შავ ზღვაში, ან რამდენია შემორჩენილი... ეს სპეციალური კვლევის საკითხია და სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვებას კვლევა სჭირდება.

- რით იკვებება ზღვის ცხენთევზა?

- მისი მთავარი საკვები პლანქტონი და ორგანული ნაერთებია, რომელთაც ზღვაში პოულობს. მან შეიძლება ძალიან პატარა ცხოველებიც გადაყლაპოს, მაგალითად, კრევეტები და კიბოსნაირები, მცირე ზომის ცხოველების, თუნდაც ქაფშიას ლარვები და სხვ. თავიანთი ცხენისებური თავით ზღვის ცხენები სხვადასხვა ადგილას აღწევენ საარსებო წყაროს მოსაპოვებლად.

- შეიძლება თუ არა ზღვის ცხენის ყოლა აკვარიუმში, სხვა თევზებთან ერთად?

- შეიძლება, თუმცა გააჩნია აკვარიუმსა და ზღვის ცხენის სახეობას. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა დონეზეა აკვარიუმი მოწყობილი და რამდენად არის გათვალისწინებული ზღვის ცხენთევზას მოთხოვნილებები. სხვათა შორის, ზღვის ცხენთევზა თბილისის ზოოპარკშიც არ გვყავს და არც ადრე გვყოლია. იმედია, ახალ ზოოპარკში, ახალ აკვარიუმს რომ ავაშენებთ, გვეყოლება. დღესდღეობით ჩვენს აკვარიუმში ბევრი საინტერესო თევზია, მაგრამ ისე რთულად შესანახი თევზები, როგორიც ზღვის ცხენია, არ მოგვეპოვება.

ხათუნა ჩიგოგიძე