"ადამიანებს პატიება უნდა შეგვეძლოს" - პირველი სიყვარული და გახმაურებული ურთიერთობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ადამიანებს პატიება უნდა შეგვეძლოს" - პირველი სიყვარული და გახმაურებული ურთიერთობის დეტალები

თაია ჭიჭინაძე "პრაიმ ჰაუსის" მაყურებელთა ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ მაშინ მოექცა, სანამ პროექტის მონაწილე გახდებოდა: რეალითი შოუში მისი ამჟამად უკვე ყოფილი ქმარი - ნიკო ქართველი მონაწილეობდა, რომელსაც პროექტში ყოფნისას, ერთ-ერთი მონაწილე - სალომე უშხვანი შეუყვარდა. მაყურებლების ნაწილი თაიას ბრალს სდებდა, რომ თითქოს მან შეგნებულად დამალა ნიკოს ოჯახური მდგომარეობა - ბინის მოსაგებად, ქმარი "გაყიდა", ცნობილი ქართული ფილმის - "გარიგება" პერსონაჟს - მაროს ადარებდნენ... მოგეხსენებათ, "პრაიმ ჰაუსის" მეოთხე სეზონში მონაწილეობა უკვე თაიამ გადაწყვიტა და პროექტის ნახევარფინალისტიც გახდა... ყოფილ მეუღლესა და მის ამჟამინდელ ცოლზე საუბარი თაიას არ სურდა, მაგრამ გარკვეულ საკითხებს გვერდი ვერ ავუარეთ...

- ამჟამად ჩემი ცხოვრება საკმაოდ მშვიდად, სტაბილურად მიდის - დინებას მივყვები. თითქმის ისეთივე ცხოვრება მაქვს, როგორიც პროექტში შესვლამდე მქონდა, იმ განსხვავებით, რომ ქუჩაში ხალხისგან სიყვარულს, გულთბილ დამოკიდებულებას ვიღებ, რაც მაბედნიერებს.

- როგორც ვიცი, წარმოშობით ქუთაისელი ხარ. გვიამბე, როგორ გარემოში გაიზარდე?

- 90-იან წლებში, უმრავლესობის მსგავსად, საკმაოდ გვიჭირდა, მაგრამ - დიდ სიყვარულში, თბილ ოჯახში გავიზარდე. მყავს უფროსი და და დედიკო. მამა გარდაცვლილია. ამჟამად ქუთაისში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ დედა იქ არის და მასთან ხშირად ჩავდივარ.

- რა პროფესიის დაუფლებაზე ოცნებობდი და რეალურად, რომელი პროფესია აირჩიე?

- სხვათა შორის, ბავშვობაში მომღერლობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ხმა და სმენა საერთოდ არ მაქვს (იცინის). მუსიკა ძალიან მიყვარს... ქუთაისში ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დავამთავრე. რაკი მათემატიკასთან კარგი "ურთიერთობა" მქონდა, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სწავლა მესამე კურსიდან შევწყვიტე, რადგან დიდი გადასახადი იყო და იმ პერიოდში მისი დაფარვა ვერ მოვახერხე...

- სწავლის გაგრძელებაზე აღარ გიფიქრია?

- არა, რადგან უნივერსიტეტიდან ცუდად წამოვედი: გამოცდაზე შესულს მითხრეს, - თანხა გადახდილი არ არისო. გული დამწყდა და იმ უნივერსიტეტში მისვლის სურვილი აღარ მქონია... მერე, გარკვეული პერიოდი კაზინოში დილერად ვმუშაობდი. შემდეგ მეგობართან ერთად სამკერვალო ატელიე გავხსენი, სადაც ჩემი, ჩემი მეგობრისა და ჩემი დის დიზაინით ულამაზეს კაბებს ვკერავდით. ამ ეტაპზე, ეს საქმე დროებით შეჩერებული მაქვს.

- მიზეზი რა არის?

- ჩემს ცხოვრებაში ბოლო დროს მომხდარი ამბები, რთული პერიოდი, შემდეგ - "პრაიმ ჰაუსში" შესვლა... საქმეს სათანადო ყურადღება ვეღარ მივაქციე...

413935755-18401443717040258-7981038539021737571-n-1707586390.jpg

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ვიფიქრე, სანამ ჩემს საქმეს ისევ ავამუშავებ, სადმე მუშაობას დავიწყებ-მეთქი, მაგრამ გარკვეულ სამსახურებში პირობები არ მომწონს. ამ ეტაპზე უმუშევარი ვარ.

- როგორი წარმოდგენა გქონდა "პრაიმ ჰაუსის" შესახებ, როცა პროექტში შენი ყოფილი მეუღლე მონაწილეობდა და რეალურად, როგორი სიტუაცია დაგხვდა, როცა შოუს მონაწილე თავად გახდი?

- "პრაიმ ჰაუსის" შესახებ ჩემი წარმოდგენა სულ სხვანაირი იყო: ვიცოდი, რომ ყველაფერი დადგმული, "გაწერილი" ჰქონდათ, როგორც ფილმის გადაღებისას, მაგრამ სულ სხვაგვარი სიტუაცია აღმოჩნდა - მართლა რეალითი შოუ ყოფილა.

- ასეთი წარმოდგენა რატომ გქონდა?

- იმიტომ, რომ ასე მეუბნებოდნენ, - რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი დადგმულიაო. ამაზე საუბარი არ მინდა...

- ვინ გეუბნებოდათ?

- ყოფილი მეუღლე და მისი მეგობრები. მათგან ასე ვიცოდი, რომ ტექსტებს, რასაც კამერების წინ მონაწილეები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, საპირფარეშოში იზეპირებდნენ...

- როგორც ვიცი, ყოფილი მეუღლის შვილთან კარგი ურთიერთობა გქონდათ, მის აღზრდაში წვლილი გაქვთ... დღეს ბავშვთან კონტაქტობთ?

- 6 წელი ცოტა დრო ნამდვილად არ არის. მასზე ისე ვზრუნავდი, როგორც საკუთარ შვილზე ვიზრუნებდი - ძალიან მიყვარს. ოთოს მიმართ დღემდე ასეთი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ამ ამბების შემდეგ, მასთან სულ 3-4-ჯერ მქონდა კონტაქტი, ისიც - მოკითხვის დონეზე. როცა ზრდასრულ ასაკს მიაღწევს და გადაწყვეტილებებს თავად მიიღებს, გაიგებს, რა და როგორ მოხდა... ჩემთვის ყოველთვის შვილად დარჩება...

- ნიკოს მიმართ დღეს რას გრძნობ?

- არაფერს, საერთოდ... მის მიმართ კარგი დამოკიდებულება მართლა არ მქონდა. ამ საკითხზე ბევრი ვიმუშავე, რადგან ადამიანებს პატიება უნდა შეგვეძლოს. ვერ გეტყვი, რომ ბოლომდე ვაპატიე, მაგრამ მის მიმართ ცუდი ასოციაცია აღარ მაქვს.

396713926-18390837478040258-4208257523395019066-n-1707586390.jpg

- გვახსოვს შენი ცრემლები, როცა შეიტყვე, რომ პროექტის ბოლო წვეულებაზე ნიკო და მისი ამჟამინდელი მეუღლე მოდიოდნენ. იმ დროს რას გრძნობდი?

- ამას სიტყვებით ზუსტად ვერ გადმოვცემ. დღესაც ვფიქრობ, წვეულებაზე უნდა დავრჩენილიყავი - წასასვლელი არაფერი მჭირდა. ძლიერად, მყარად უნდა ვმდგარიყავი, მაგრამ ჩემს თავს ვიცნობ და იქ ვერ გავჩერდებოდი... მათთვის ჭიქა მიმეჭახუნებინა, მათთან ერთად მეცეკვა? ვერა, ამას ვერ გავაკეთებდი... ამიტომ ავდექი და წამოვედი. რაღაცები მარტივი არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს შევძლებ, მათ უემოციოდ შევხვდე, თუ სადმე შემხვდებიან.

- ნიკო შენი პირველი სიყვარული იყო?

- არა. სკოლაში სწავლის პერიოდში შეყვარებული მყავდა. 4 წელი ერთად ვიყავით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა... დღესდღეობით ვმეგობრობთ - იდეალური ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება რჩევის საკითხავადაც დავურეკო ხოლმე. როგორც მეგობარი, ჩემთვის დღესაც უმნიშვნელოვანესი ადამიანია. ერთმანეთი მაშინაც ძალიან გვიყვარდა. უბრალოდ, ვამჯობინე, მესწავლა, ჩემი კარიერა განმევითარებინა... იმ პერიოდში ოჯახის შექმნა არ მინდოდა, ამიტომაც გავეყარეთ ერთმანეთს.

- თქვი, - ერთმანეთი მაშინაც ძალიან გვიყვარდაო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენ შორის რომანტიკული ურთიერთობა აღდგეს?

- არა, არა! დაოჯახებულია. დღეს ისე მიყვარს, როგორც მეგობარი.

- ნიკო როგორ გაიცანი?

- ბათუმში, საერთო მეგობრისგან გავიცანი. საკმაოდ მალე დავახლოვდით. მართლა ძალიან კარგი, იდეალური ურთიერთობა გვქონდა. თუკი თავს ბედნიერად ვერ გრძნობ, ადამიანთან ვერ გაჩერდები. ვფიქრობ, საკმაოდ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა, რაღაცები ორივეს ბრალიცაა - მოხდა ის, რაც მოხდა...

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივარი შეიძინე, ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ ნიკოს ტყუილში შენც გარეული ხარ და ეს ბინის მოსაგებად გააკეთე...

- საერთოდ, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. არსებობენ მატერიალისტი გოგონები. მათი აბსოლუტურად მესმის, რადგან რაც უნდა იყოს, სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ფული საჭიროა... პირადად მე, მატერიალისტი რომ ვყოფილიყავი, ცოლად არ გავყვებოდი კაცს, რომელსაც არც საკუთარი ბინა ჰქონდა და ხელფასად დღეში 40 ლარს იღებდა. მატერიალისტი გოგონები ჯერ იმას იგებენ, რა თანხა აქვს კაცს ანგარიშზე, ურთიერთობას კი ამის მერე იწყებენ... წარმოუდგენლად რთული პერიოდი მქონდა. ისე ცუდად ვიყავი, რომ თავი დედის კალთაში უნდა ჩამედო, მის მიერ მომზადებული წვნიანები მეჭამა, მე კი "პრაიმ ჰაუსში" შევედი და ჩემი სიმართლე ვთქვი. ვისაც უნდოდა, დაიჯერა, ვისაც - არა, ის მაინც არ დაიჯერებს, სიცრუის დეტექტორთანაც რომ დავჯდე...

415268477-6942581602516598-3365623992525933211-n-1707586460.jpg

- ნიკოსთან ურთიერთობაში ცუდი პერიოდები გქონია?

- მე და ნიკოს მართლა იდეალური ურთიერთობა გვქონდა, სიურპრიზებით, "გულების დანთებით"... ბევრი კარგი რამის გახსნება შემიძლია... სხვათა შორის, მგონი, ქორწინება ურთიერთობებს ანგრევს, რადგან ბიჭმა, რომელმაც ოთხჯერ მთხოვა ხელი, ქორწინებიდან 3 თვეში, უკვე პროექტში შესულმა კი იცით, რაც გააკეთა... ამიტომაც მგონია, რომ ქორწინება ურთიერთობას ანგრევს (იცინის). ცხადია, ვხუმრობ...

- პროექტში მონაწილეობისას ნიკოს მხარდაჭერას თუ გრძნობდი?

- მასთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. მხარდაჭერას ვერ ვიგრძნობდი, რადგან კარგად იცით, მისი ახლანდელი ოჯახის წევრები ანას გულშემატკივრობდნენ, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: რომ გამემარჯვა, აუცილებლად გაუხარდებოდა, ისევ - საკუთარი თავის გამო, რადგან დანაშაულის შეგრძნება ხომ ყველა ადამიანს აქვს. ამ ამბავში ნიკამ ყველაზე კარგად იცის, რა დააშავა. ამიტომაც მგონია, ჩემი გამარჯვება გაუხარდებოდა.

- როგორ ფიქრობ, რატომ ვერ გაიმარჯვე?

- 2 მიზეზია: ერთი ისაა, რომ ვფიქრობ, პროექტში მაინც უნდა ითამაშო, საკუთარი თავი სხვა მონაწილეების ცუდად წარმოჩენის ხარჯზე წარმოაჩინო... წამითაც არ მითამაშია. იქ ზუსტად ისეთი ადამიანი ვიყავი, როგორიც სახლში ვარ. მახსოვს, პირველ კვირას, როცა "პრაიმ ჰაუსიდან" გამოვედი, მეგობარმა მითხრა, - ეკრანზე რომ შეგხედე, მეგონა, სახლში დადიოდი და ყავას ამზადებდიო. ინტერვიუების ოთახში იმას ვლაპარაკობდი, რასაც ვხედავდი, სხვები კი იმას ლაპარაკობდნენ, რაც აწყობდათ... მეორე მიზეზს რაც შეეხება, ეს საერთო ფონია: მახსოვს, "პრაიმ ჰაუსის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, - მეოთხე სეზონია, აქ ვარ და ასეთი "ჰეითი" სხვა მონაწილის მიმართ არ მახსოვს, როგორიც შენზეაო... სოციალურ ქსელებში ასობით ყალბი ანგარიშით ცუდს წერდნენ ჩემზე... ეს ხალხზე ზეგავლენას ახდენს: როცა 9 ცუდს გიწერს, მეათემ კი არ იცის, ვის უგულშემატკივროს, შესაძლოა, მანაც ცუდი იფიქროს შენზე... საბოლოო ჯამში, პროექტის გარეთ, ხალხისგან გულთბილი დამოკიდებულება მივიღე, რაც ძალიან მაგარია. ამ სიყვარულს ვერ იყიდი, მას ვერაფერი შეედრება... ვერ გავიმარჯვე, მაგრამ ჩემი მიზანი გამარჯვება არ ყოფილა: მთელი ზაფხული ბათუმში ვიყავი. ჩემი მეგობრები იქ ცხოვრობენ და წამიყვანეს - გულს გადააყოლებო. ერთ დღესაც, ბათუმის ბულვარში სეირნობისას, ბავშვმა დედას ჩემ შესახებ უთხრა, - აი, გახედე, მაროო... მაშინ ვთქვი, ჩემი სიმართლე აუცილებლად ხალხს უნდა მოვუყვე-მეთქი. თავდაპირველად, მინდოდა, 1-საათიანი ეთერი დაეთმოთ. შემდეგ ისე მოხდა, რომ პროექტში მოხვედრის შანსი მომცეს. ვამბობდი, - შოუში 1 კვირას მაინც ხომ გავატარებ? პირველივე კვირას თუ გამომიშვებენ, არა უშავს-მეთქი, მაგრამ ნახევარფინალში აღმოვჩნდი. ჩემი მიზანი იყო, ხალხს ჩემი სიმართლე გაეგო; დაენახა, რომ არ ვარ ალქაჯი, რქებიანი, საშინელი ქალი, რომელმაც ყველაფერი იკადრა და ყველაფერს ხელი მოაწერა... მგონია, მიზანს მივაღწიე, რადგან ახლა ქუჩაში რომ გავდივარ, ჩემი დანახვისას ერთმანეთს კი არ ეუბნებიან, - შეხედე, მარო მოდისო, არამედ - ჩემთან მოდიან, მეხუტებიან, სახლებში მეპატიჟებიან... ერთმა გოგონამ იმშობიარა, შვილს თაია დაარქვა და ახლა ნათლიად დამპატიჟა. ვფიქრობ, ვერც ერთი გამარჯვება აქამდე ვერ მოვა...

- კესარია აბრამიძე აქტიურად გგულშემატკივრობდა. როგორ დამეგობრდით?

- კესუნა ძალიან კეთილი და საყვარელია. დაახლოებით 15 წელია, ვიცნობ. მოგეხსენებათ, კესო წარმოშობით ვანიდან არის. მე ვანიდან დეიდა მყავს. ამ მხრივაც რამდენჯერმე "გადავიკვეთეთ"... მერე ერთმანეთი საერთო მეგობრისგან გავიცანით. მას შემდეგ წლებია, ერთმანეთს მოვყვებით. თვეობით ერთმანეთთან ვრჩებოდით, მაშინ ბათუმში ვცხოვრობდი. კესო 3 თვით ჩამოდიოდა ხოლმე. მეც თბილისში, კესოსთან ჩამოვდიოდი... დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობრების სიაში ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. პროექტში ძალიან მგულშემატკივრობდა. ჩემს საგულშემატკივრო ჩატებში აქტიურობდა, ჩემ გამო ღამეებს ათენებდა (იღიმის)...

- თაია, შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, მზად ხარ ახალი ურთიერთობისთვის?

- ახლა ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, როცა საკუთარ თავს ვუსმენ. სხვებზე ზრუნვაში ბევრი დრო გავატარე. დილით, როცა ვიღვიძებდი, კითხვას ვსვამდი, - ყავა გინდა თუ ჩაი-მეთქი? სხვისი პასუხის მიხედვით ვიმზადებდი ჩემთვისაც... ახლა უკვე ჩემს თავს ვეკითხები, რა მინდა (იღიმის). ამიტომაც სულ სხვანაირად ვუყურებ სამყაროსაც, საკუთარ თავსაც... ცხოვრების ამ ეტაპზე, ურთიერთობის დაწყების არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან მგონია, რომ დრო საკუთარ სურვილებს, კარიერას დავუთმო. მომავალშიც არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ჩემი ყურადღება მიიქციოს (იცინის). თუკი მომავალში გადავწყვეტ, ახალი ურთიერთობისთვის მზად ვარ, აუცილებლად ყურადღებას მივაქცევ, ადამიანი რამდენად შემდგარი, საკუთარ თავში დარწმუნებულია.

- სალომემ, შენი ყოფილი მეუღლის ამჟამინდელმა ცოლმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, - ნიკოს მიმართ ჩემი სიყვარული ცალმხრივი რომ ყოფილიყო და ნიკო თაიასთან დაბრუნებულიყო, მოგებულ ბინაში შესულიყო, დარწმუნებული ვარ, თაიასგან არანაირი სოლიდარობა არ მექნებოდაო...

- რომ მცოდნოდა, ვინმე სალომეს ატყუებდა, მისი მოტყუების საშუალებას არავის მივცემდი. საერთოდ, ქალების მიმართ სოლიდარული ვარ. შეიძლება მამაკაცებმა მიწყინონ, მაგრამ ჩემთვის სამყაროში ჯერ ქალები არსებობენ, შემდეგ - დანარჩენი სხვა. სალომე მესამე სეზონის დაწყების პირველივე პარასკევს გავიცანი როგორც ნიკას მეუღლემ. მერე არ ვიცი, ნიკამ მას რა მოატყუა, რა ესაუბრა... როცა გადაცემებში კამათობდნენ, ნიკას ცოლი ჰყავდა თუ არა, ამის შესახებ ნიკა მეუბნებოდა, - დადგმულია. სალომე უკვე ხომ გაგაცანიო?..

- ახლა შენი ყოველდღიურობა როგორია?

- 2 უსაყვარლესი ძაღლი მყავს. მგონი, მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ერთი მათგანი 9 წლის არის, მეორე - 4-ის. სხვათა შორის, ცხოველებთან ურთიერთობა კარგი თერაპიაა. ვისაც ოთხფეხა მეგობარი არ ჰყავს, დიდი სიამოვნებით ვურჩევ, აიყვანონ. მათ ძლიერი სიყვარული შეუძლიათ... აუცილებლად მინდა, მომავალში ძაღლების თავშესაფარი გავხსნა - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"