"ამ ომში 31 ათასი უკრაინელი დაგვეღუპა,180 ათასი რუსი კი გავანადგურეთ"- რამდენად რეალურია პრეზიდენტ ზელენკის ეს განცხადება? - კვირის პალიტრა

"ამ ომში 31 ათასი უკრაინელი დაგვეღუპა,180 ათასი რუსი კი გავანადგურეთ"- რამდენად რეალურია პრეზიდენტ ზელენკის ეს განცხადება?

25 თებერვლის საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა მასმედიასთან პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების ბევრ კითხვას უპასუხა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, თუ უკრაინის რამდენი დამცველი დაიღუპა ამ ომში...

არც რუსეთისა და არც უკრაინის მხარეები აქამდე ზუსტად არ აკონკრეტებდნენ მათ საბრძოლო დანაკარგებს პირად შემადგენლობაში, თუმცა უზომოდ „ზრდიდნენ“ მოწინააღმდეგის დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების რიცხვს.

ამ პრესკონფერნციაზე კი პრეზიდენტმა ზელენკიმ ოფიცილაურად პირველად გააჟღერა უკრაინის არმიის დანაკარების რაოდენობის:

„ეს სერიოზული მომენტია. ამასწინათ რადიკალური ამერიკული აუდიტორიის ზოგიერთ წრეებში განაცხადეს -კიდევ რამდენი მსხვერპლი გჭირდებათ? უკრაინას ხომ უკვე 300 ათასი მებრძოლი დაეღუპაო... ცალკე რუსები ამბობენ, რომ 100 ათასი უკრაინელი დაიღუპა და მხოლოდ 60 ათასი რუსი... მაგრამ ეს ყველაფერი ბოდვაა, დიდი ტყუილი, თითოეული ადამიანი დიდი დანაკარგია ჩვენთვის... 31 ათასი უკრაინელი, სამხედრო, დაგვეღუპა ამ ომში“-განაცხადა ზელენკიმ და დაუმატა- “31 ათასი დაგვეღუპა, მაგრამ მე არ ვიტყვი რამდენი დაგვეჭრა, რადგან რუსები გამოითვლიან თუ რამდენი უკრაინელი გამოაკლდა ბრძოლის ველს, უბრალოდ არ ვიტყვი ამის შესახებ... ყველა სხვა ციფრს, რასაც პრორუსული ძალები გაიძახიან, ტყუილია... თავად რუსებს ამ ომში 180 ათასი დაეღუპათ, 500 ათასი კი დაეჭრათ...“

მაგრამ რამდენად შეესაბამება უკრაინის პრეზიდენტის ზელენკის პირველად გაჟღერებული ეს ციფრები უკრაინის არმიის დანაკარგებთან დაკავშირებით, რეალურ სიტუაციას?

ის, რომ უკრაინის არმიას ამ ორწლიან ომში 300 ათასი მებრძოლი არ დაღუპვია, ამაზე კამათიც კი არ ღირს, რადგან ეს არარეალური ციფრია, მაგრამ რამდენადა დასაჯერებელი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მტკიცებით, თუკი რუს აგრესორებს 180 ათასი დაეღუპათ, ხოლო უკრაინელებს 6-ჯერ ნაკლები, მხოლოდ 31 ათასი?

ამ ფართომასშტაბიან ომში ორივე მხრიდან 1,5 მლნ მებრძოლზე მეტი მონაწილეობს. 2023 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს 617 ათასი კაცი, ხოლო 2024 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მხრიდან დააზუსტა, რომ უკრაინის დაცველების რიგი 880 ათას მებრძოლს მოიცავს.

დასავლეთის სადაზვერვო წრეებთან დაახლოებული საინფორმაციო საშუალებები მიანიშნებენ, რომ ორწლიანი აქტიური საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსეთის საბრძოლო დანაკარგები პირად შემადგენლობაში ორწლიანი ომის პერიოდში შეადგენს 400 ათას კაცზე მეტს, რომელშიც შედის არანაკლებ 90 ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე სამხედრო მოსამსახურე (მათგან 45 123 -ის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურადაა დადასტურებული არასამთავრობო ორგანიზაციების მოკვლევების შედეგად სასაფლაობზე და ნეკროლოგებიდან), კიდევ 23 ათასზე მეტი დაღუპული ემატება იმ პრორუსი სეპარატისტების ხარჯზე, რომლებიც რუსეთის მიერ 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

დანარჩენები კი დაჭრილები, დასახიჩრებულები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და სამხედრო ტყვეები არიან. ანუ ორწლიან ომში რუსეთს უკრაინაში საერთო ჯამში დაეღუპა 113 ათასზე მეტი და დაეჭრა 300 ათასზე მეტი მებრძოლი.

რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს (მათ შორის, შეიარაღებული ძალების, შსს-ს, სასაზღვრო სამსახურის, ეროვნუული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების), აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ დასავლური გავლენიანი საინფორმაციო საშუალებებისთვის ანონიმურად გაჟღერებულია -70 ათასზე მეტი დაღუპული და 200 ათასზე მეტი დაჭრილი.

სრული ნდობა არც ამ ციფრების შეიძლება, მაგრამ რატომღაც ჩნდება განცდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინისთვის დაღუპულ მებრძოლთა რიცხვი ორჯერ მაინც შეამცირა, როდესაც მათი რიცხვი-31 ათასი დაასახელა...

სამაგიეროდ, შედარებით ადვილია საბრძოლო ტექნიკის დანაკარგების რეალობასთან ბევრად უფრო მიახლოებით დათვლა, რადგან ეს მონაცემები ეყრდნობა საერთაშორისო რესურსის „ორიქსის“ კვლევებს, რომელიც გამოითვლება აფეთქებული, დაზიანებული და ალაფად აღებული სამხედრო ტექნიკის ფოტო-ვიდეო კადრებიდან.

ომის ორი წლის განმავლობაში, 24.02.2022-დან 24.02.2024-მდე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაკარგეს 2 754 ტანკი (უკრაინამ-748), 5 566 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა (უკრაინამ- 2 207), 1 369 საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი (უკრაინამ- 526),105 სამხედრო და საბრძოლო თვითმფრინავი (უკრაინამ- 80),135 დამრტყმელი და სატრანსპორტო შვეულმფრენი (უკრაინამ- 38),337 სადაზვერვო დრონი (უკრაინამ- 268) და 21 სამხედრო ხომალდი და კატარღა (უკრაინამ- 28).