სიამის ტყუპის სიამტკბილობა... - კვირის პალიტრა

სიამის ტყუპის სიამტკბილობა...

მართალია, წარსულში სენსაციად აღიარებული მოვლენებიდან არაერთი ჩვეულებრივად იქცა, მაგრამ სენსაციები მაინც ხდება. მაგალითად, ამ დღეებში ცნობილი ამერიკელი სიამის ტყუპის: ები და ბრიტანი ჰენსელებიდან ერთ-ერთის, ების დაოჯახებამ ლამის მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. სიამის ტყუპი ამჟამად 33 წლის არის. დებს ორი თავი და სამი ფილტვი აქვთ, დანარჩენი ორგანოები კი - თითო. დები სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად მუშაობენ და უკვე ერთ-ერთმა, ებიმ, ამერიკის არმიის ვეტერან ჯოშუა ჯოშ ბოულინგზე ქორწინებაც გაახმაურა. თუმცა, როგო­რც ირკვევა, სინამდვილეში მან სიმპათიურ ვეტერანთან ჯერ კიდევ 2021 წელს იქორწინა და ეს მხოლოდ ახლა გაახმაურა.­ "თუკი ამ ქორწინებიდან შვილი გაჩნდება, ის მხოლოდ ების შვილი იქნება თუ ორივესი?" - აი, ამ კითხვებით იწუხებს მსოფ­ლიო საზოგადოება თავს, მიუხედავად­ იმისა,­ რომ სიამის ტყუპის ქორწინების მაგალითი­ უკვე იყო 1910 წელს, ერთი წლის შემდეგ კი როზა და ჟოზეფა ბლაჟკებიდან ერთმა, როზამ, ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა. სამწუხაროდ, როზა 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, რამდენიმე წუთში კი ჟოზეფაც და ბიჭი 11 წლის ასაკში დაობლდა... მსოფლიოში სიამის ტყუპის დაბადების არაერთი შემთხვევაა. ისინი იდენტური ტყუპები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობი პროცესების გამო ჩანასახში სრულად ვერ განცალკევდებიან. უმეტესობის მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ დაბადებისთანავე იღუპება, ზოგი სიამის ტყუპად განაგრძობს სიცოცხლეს, ზოგს კი მედი­ცინა­ აცალკევებს, თუკი ეს შესაძლებელია.­ შეიცვალა მათი როლი ყოფაშიც. მათ შორის, ყველაზე ცნობილები ადრე სხვადა­სხვა სანახაობაში მონაწილეობით­ მდიდრდებოდნენ კიდეც... საქართველოში მსგავსი შემთხვევა პირველად 9 წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც ღუდუშაურის კლინიკაში ღვიძლით დაკავშირებული ქუთაისელი სიამის ტყუპი, თებროლე და თამარი, დაიბადა. მათი შობის გახმაურება ბავშვების განცალკევების­ აუცილებლობამ გამოიწვია. მშობლებმა, რომელთაც ოპერაციაზე უცხოეთის კლინიკები დათანხმდნენ, ყველაფერი გააკეთეს ოპერაციის სახსრების მოსაძიებლად, რამაც 85.000 ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ მოწოდებას მთელი საქარათველო გამოეხმაურა, მათ შორის, ნაწილობრივ, სახელმწიფოც. კერძოდ, იმჟამინდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. ტყუპის განცალკევების ოპერაციამ, რომელიც გერმანიაში გაკეთდა, წარმატებით ჩაიარა... გენეტიკოს ლოლა მაისურაძეს არა მარტო სიამის ტყუპზე, საზოგადოდ, ტყუპის ფენომენზე ვესაუბრეთ. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ტყუპების დაბადების ტემპი მსოფლიოში 30%-ით არის გაზრდილი.

- ქალბატონო ლოლა, პირველი სიამის ტყუპი საქართველოშიც გაჩნდა, მსოფლიოშიც უამრავია. რას შეიძლება მივაწეროთ ეს, გენეტიკის მუტაციას, თუ სხვა მიზეზებს?

- ტყუპის დაბადება დიდი სიხარულია მათი ოჯახებისათვის, თუმცა სიამის ტყუპი სამწუხარო პათოლოგიაა. დღევანდელი მეცნიერება შეუძლებელსაც კი აკეთებს ამ პათოლოგიის გამოსასწორებლად და ტყუპის განსაცალკევებლად, თუკი ეს შესაძლებელია. ტყუპი იბადება ერთი ან რამდენიმე კვერცხუჯრედის ერთდროული­ განაყოფიერებით. თუმცა ხდება ისეც, რომ ყველა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი დაბადებამდე ვერ მიდის და ორგანიზმს სწყდება. ტყუპის მუცლად ტარება იოლი სულაც არ არის. სიამის ტყუპი ერთ კვერცხუჯრედში ჩასახული იდენტური ტყუპია, რომლის ყველა ორგანო ვერ განცალკევდა და სამწუხაროდ, ერთმანეთზე გადაჯაჭვული დარჩნენ. არაპათოლოგიურ შემთხვევებში \ბუნება ერთ კვერცხუჯრედში ჩასახულ ტყუპსაც აცალკევებს და სრულფასოვან ნაყოფებს წარმოქმნის. სიამის ტყუპის ფორმები სხვადასხვა სახისაა, უმეტესად იმდენად მძიმე, რომ დაბადებისთანავე იღუპება; ზოგჯერ სიამის ტყუპში ერთ-ერთი სრულფასოვნად არის განვითარებული, მეორე კი მხოლოდ ნაწილობრივ და ამ შემთხვევაში მედიცინას უხდება მხოლოდ ერთი გადაარჩინოს. არის შემთხვევები, როდესაც სიამის ტყუპის დაცალკევებაში მედიცინა­ მათი სიცოცხლის საფრთხის გამო ვერ ერევა, მაგ­რამ ტყუპი­ იბრძვის, ცდილობს სიცოცხლე სრულფასოვნად გააგრძელოს. ჩვენი ქუთაისელი სიამის ტყუპის შემთხვევაში მათი განცალკევება ჰარმონიულად შეიძლებოდა, ბავშვები მხოლოდ ღვიძლით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული.

3-1712515959.jpg

- როგორც ვიცი, მათი ოპერაციაც, რომელიც გერმანიაში გაკეთდა, რთული იყო.

- რასაკვირველია, რთული იქნებოდა.­ ასეთი ოპერაციების შესახებ დამკვიდრდა­ შედარება, სიამის ტყუპის განცალკევებას­ ადამიანის მარსზე გაფრენას ადარებენ. ჩვენი­ გოგონების ღვიძლის განცალკევებაც­ ძალიან ძნელი იქნებოდა, ძნელი იქნებოდა ანესთე­ზიოლოგის­ სამუშაოც. მას ხომ ორივე ბავშვისთვის ნარკოზი უზუსტესი ნიუანსებით უნდა მიეწოდებინა. მედიცინამ იცის სიამის ტყუპის დაშორების ოპერაციები, რომელთა კეთილად დასრულება­ მართლაც სასწაულის ტოლფასი იყო - 2022 წელს ჩატარდა ბრაზილიელი სიამის ტყუპის ოპერაცია, რომლებიც თავის ტვინებით იყვნენ გადაბმული. ხომ წარმოგიდგენიათ, მათი განცალკევება რა რთული იქნებოდა! სხვათა შორის, ეს ოპერაცია ექიმებმა ორჯერ სცადეს და პირველად არაფერი გამოუვიდათ. საბოლოოდ ტვინების შეერთების ადგილი მოდელირების ტექნოლოგიით განსაზღვრეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ოპერაცია. მასშტაბურობის ცხადად წამოსადგენად გეტყვით, რომ ამ ოპერაციაში მსოფლიოს 100 საუკეთესო ექიმი მონაწილეობდა და 27 საათი გაგრძელდა. საბოლოოდ ბავშვები ტვინის აბსოლუტურად დაუზიანებლად განცალკევდნენ.

d374467d-cbc0-4a5f-b8de-01309f566ecd-1712515960.jpeg

- მაინც რატომ იზრდება ბოლო დროს ტყუპების შობადობის სტატისტიკა?

- ტყუპების დაბადებას ნამდვილად განაპირობებს გენეტიკური ფაქტორი, მაგრამ უფრო არაიდენტურ ტყუპებში. ასე რომ, ჩვენიდან რამდენიმე თაობის უკან, მესამე ან მეოთხე თაობაში დაბადებული ტყუპიც კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა თქვენს ოჯახში ისევ ტყუპი დაიბადოს. მათ სრულფასოვნებას, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი გენეტიკა უწყობს ხელს, მათ შორის, იდენტურ, ერთ კვერცხუჯრედში წარმოქნილ ტყუპშიც. როდესაც ჩანასახში იდენტური­ ტყუპის სრულფასოვანო განცალკევება არ ხდება და სიამის ტყუპი წარმოიქმნება, ესეც კონკრეტული ფაქტორებით არის განპირობებული. თუ რისი, სამწუხაროდ, ეს მექანიზმი ბოლომდე არ არის ახსნილი. თუმცა კვლევებით დასტურდება, რომ ტყუპთა შობადობის გახშირებაზე მოქმედებს მშობიარობის ასაკი (35 წელს ზემოთ ქალებში ტყუპების მოვლინება შედარებით ხშირია), ყველაზე მეტად კი თანამედროვე რეპროდუქციული მკურნალობა, რომელშიც ჰორმონებია ჩართული, რაც რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერებას ერთდროულად ასტიმულირებს. ხელოვნური განაყოფიერების დროს შემთხვევათა 60% მრავალ­ჯერადი ორსულობით მთავრდება.

- ტყუპზე ერთდროულად გადაცემულ გენეტიკურ დაავადებებზე მინდა გკითხოთ: გენეტიკური ფაქტორის შემთხვევაში, ორივე ტყუპი ერთდროულად ავადდება თუ გამონაკლისიც არსებობს?

- ჩვეულებრივ ტყუპში ეს შედარებით ნაკლებია. თუმცა იდენტური ტყუპის შემთხვევაში, სამწუხაროდ, გენეტიკური დაავადებების სრულად გადაცემის ალბათობა მაღალია. აუტიზმშიც გვაქვს შემთხვევები, როდესაც სუროგაციით დაბადებულ იდენტურ ტყუპს რთული ფორმის აუტიზმის სპექტრი გამოუვლინდა.