საჭიროა თუ არა ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად მამის თანხმობა? - კვირის პალიტრა

საჭიროა თუ არა ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად მამის თანხმობა?

გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხი, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს: tea.khurtsilava@gmail.com. ამ ფოსტაზე და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში გიპასუხოთ. ამჯერად თქვენს შეკითხვებს პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა:

advokati-1712945256.jpg

- არ ვიმყოფები საქართველოში. მინდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის­ მიზნით განაცხადის გაკეთება. შესაძლებელია თუ არა განაცხადი ჩემმა მინდობილმა პირმა შეიტანოს და რა დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო?

- უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისთვის საჭიროა პირველ რიგში ქონების მესაკუთრემ ან მისმა მინდობილმა­ პირმა მიმართოს სასამართლოს სარჩელით, ჩატარდება სასამართლო პროცესები და სასამართლომ თუ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, ამის შემდგომი ეტაპია სააღსრულებლოსთვის მიმართვა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იწყება სააღსრულებლო ეტაპი. თუ უკვე ხელთ გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მიზნით უნდა მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ან იუსტიციის სახლს. ეს სერვისი გულისხმობს სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას, ანუ გამოსახლებას და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კრედიტორისათვის გადაცემას. თუ თქვენ ხართ უძრავი ქონების მესაკუთრე და მესამე პირის მიერ ირღვევა თქვენი კანონიერი უფლებები, უკანონოდ გეშლებათ ხელი მესაკუთრის უფლებების სრულყოფილად განხორციელებაში, მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ უკანონო მფლობელობიდან თქვენი უძრავი ქონების გამოთხოვა, ანუ იქ მყოფი პირის გამოსახლება. ამისთვის საჭიროა თან იქონიოთ სააღსრულებო ფურცელი (დედანი), სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი; კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რაც შეეხება იმას, შეუძლია თუ არა მინდობილ პირს განცხადების შეტანა, გიპასუხებთ, დიახ, განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოთ როგორც თქვენ, ასევე თქვენი წარმომადგენელი. თუ განცხადება შემოაქვს წარმომადგენელს, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს რწმუნებულება, ანუ მინდობილობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცლის წარდგენის უფლებით.

- როგორ გადავამოწმო, რეგისტრირებულია თუ არა ჩემი სანოტარო აქტი?

- ეს ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ და გადაამოწმოთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალურ ვებ­გვერდზე, "სანოტარო მოქმედებათა ელექტრონულ რეესტრში".

- ვარ ქართველი, მაგრამ შეჩერებული მაქვს საქართველოს მოქალაქეობა, რადგან ვარ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამჟამად ვარ დასაქმებუ­ლი. სანამ ჩავაბარებ მოქალაქეობის აღდგენის­თვის გამოცდებს და აღვადგენ მოქალაქეობას, მანამდე შესაძლებელია თუ არა შევიძინო ბინა იპოთეკური სესხით?

- ბინის საკუთრებასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეზღუდვა არა აქვთ, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი ბინა, მაგრამ თუ არა გაქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ვერ შეიძენთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, რადგან ხართ სხვა ქვეყნის მოქალაქე. ასევე შეზღუდვა არ არის იპოთეკური სესხის გაცემაზე. ამისთვის უნდა მიმართოთ ნებისმიერ ბანკს, პირობები და ვადები, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია კონკრეტულ ბანკზე, რა შემოსავალი გაქვთ და ა.შ.

- მინდა ბინის ყიდვა, მაქვს გარკვეული თანხა და მიწევს სესხის აღება დამატებით ბანკიდან. ნაწილდება 5 წელზე და ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მომიწევს. კორპუსი, სადაც ბინას ვყიდულობ, არ არის ჯერჯერობით ექსპლუატაციაში შესული და აქვს მშენებარის სტატუსი. რა რისკებს შეიცავს ასეთ კორპუსში ბინის შეძენა?

- ჩემი რჩევაა ასეთ შემთხვევაში ჯერ კომპეტენტურ იურისტთან გაიაროთ კონსულტაცია, თუ ხელშეკრულებას წინასწარ გააცნობთ იურისტს, ის მოგცემთ რჩევას და ამის შემდეგ გადაწყვიტეთ ბინის შეძენა. ამ გზით შეძლებთ რისკების თავიდან აცილებას. მსგავს შემთხვევებში ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა უფლება წარმოეშობა პირს თანხის გადახდის შემდეგ, რეგისტრირდება თუ არა მისი უფლება საჯარო რეესტრში და ა.შ. ამიტომ გირჩევთ გაიაროთ კონსულტაცია.

- ჩემს სახელზე შედგენილია ანდერძი, რომ დამიტოვეს საცხოვრებელი სახლი. მივმართე ნოტარიუსს, მაგრამ ის უარს მეუბნება სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ ეს სახლი არ ეკუთვნის გარდაცვლილს. არადა, ეს ადამიანი იმ სახლში მთელი ცხოვრება მარტო ცხოვრობდა.

- ანდერძში მითითებული ქონების მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს ის, რომ ნაანდერძევი ქონება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული მოანდერძის სახელზე. თუ აღმოჩნდება, რომ ის ქონება, რომელიც მითითებულია ანდერძში, საჯარო რეესტრის ან ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემებით არ არის მოანდერძის სახელზე, ამ შემთხვევაში ანდერძისმიერი მემკვიდრე ვერ მიიღებს სამკვიდრო მოწმობას ანდერძში მითითებულ ქონებაზე.

- ბანკიდან მაქვს სესხი გამოტანილი, მაგრამ არ არის ბინა დატვირთული,­ შეიძლება თუ არა ბანკმა ქონება დამიყადაღოს?­

- თუ ბინა თქვენს სახელზეა, გაქვთ ბანკში აღებული ვალდებულება და არ ასრულებთ, მაშინ ბანკი შევა სასამართლოში და სასჯელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღას დაადებს თქვენს ქონებას. ეს ნიშნავს, რომ სანამ სასამართლო პროცესი არ დამთავრება, ვერ მოახერხებთ ამ ქონების­ გასხვისებას, იპოთეკით დატვირთვას. სასა­მართლო დავის მოგების შემთხვევაში უკვე სააღსრულებო ერთვება საქმეში და ქონება გადის აუქციონზე. ამ შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად, თუ ვერ ჩაგბარდათ შეტყობინება აუქციონზე, მაშინ შეიძლება განხორციელდეს საჯარო გამოცხადება და ქონება ასე გავა აუქციონზე. პირველადი აუქციონი საბაზრო ღირებულების 75 პროცენტად ხდება, თუ ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა პირველ აუქციონზე, მაშინ იგივე ქონება განმეორებით აუქციონზე ნახევარ ფასად გადის და თუკი კიდევ არ გასხვისდა, მაშინ მესამე აუქციონზე ღირებულების 5 პროცენტად იყიდება. როგორც წესი, თვითონ ბანკები ყიდულობენ ასე ბინებს. როცა იპოთეკით არ არის დატვირთული და მერე ითხოვს ბანკი ყადაღას, ასეთი ბინები კერძო აუდიტის გზით არ გაიყიდება და აუცილებლად სასამართლოს გზით უნდა გაგრძელდეს სასამართლო პროცესები. თუ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება და დადგებით ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე, შესაძლებელია ბანკთან მოლაპარაკება აწარმოოთ და ეს ქონება გაიყიდოს საბაზრო ღირებულების ფასად, რათა მერე ბანკმა თავისი თანხა წაიღოს და თქვენ თქვენი წამოიღოთ. არის შემთხვევები, როცა ბანკები ითხოვენ მიუღებელ შემოსავალსაც, ანუ იმ პროცენტსაც, რაც უნდა მიეღოთ, ფული რომ დროზე გადაგეხადათ, ან თვითონ გააპროცენტებდა. სასამართლომ შესაძლოა ასეთი დავის დროს არა მარტო არსებული ვალი, არამედ მიუღებელი შემოსავლის გადახდაც დაგაკისროთ. როგორც წესი, ბანკებს სტანდარტული ხელშეკრულება აქვთ და აქ ძირითადად არაფერი იცვლება. ხშირად ასეთ გამოუვალ სიტუაციაში მყოფი პირები ცდილობენ დაასწრონ ბანკს და როცა ხვდებიან, ვერ გადაიხდიან თანხას, ცდილობენ ქონება გადააფორმონ სხვის სახელზე და მათ სახელზე ხშირად არ ფიქსირდება ქონება.

- რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მეუღლესთან განქორწინებული ვარ, ყოფილი ქმარი პრინციპულ უარს მეუბნება შვილის საზღვარგარეთ წამოყვანაზე, როგორ მოვიქცე?

- როცა ერთი მშობლის სურვილია არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, მას არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებადაც აუცილებლად სჭირდება მეორე მშობლის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასრულწლოვანმა მიაღწია 16 წელს. როცა ვერ თანხმდებიან ამ საკითხზე მხარეები, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ სასამართლოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქმეში ერთვება სოცმუშაკი, ფსიქოლოგი და ყველა დასკვნის საფუძველზე იღებს სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას.

საოჯახო დავებთან დაკავშირებით, სადაც ბავშვის საკითხი ფიგურირებს, აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ისეთი ადვოკატი, რომელიც სპეციალიზებულია ბავშვთა უფლებების დაცვაში, სხვანაირად ვერ მიიღებს საქმეში მონაწილეობას.

- ბავშვი არის არასრულწლოვანი, აქვს აღებული ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც ვადიანია. მშობლებს შეტანილი აქვთ სასამართლოში განცხადება განქორწინებაზე, თუმცა ჯერ არ არის პროცესი დანიშნული. დედას სურს ბავშვის გაყვანა საზღვარგარეთ დასასვენებლად, ამ დროს საჭიროა თუ არა მამის თანხმობაც?

- თუ ბავშვს ხელთ აქვს ვადიანი ბიომეტრიული პასპორტი და ერთ-ერთ მშობელს მიჰყავს ის საზღვარგარეთ, მაშინ მეორე მშობლის დამატებითი თანხმობა საზღვარზე მას არ დასჭირდება. მაგრამ თუ მესამე პირს მიჰყავს ბავშვი, მაშინ მესამე პირს აუცილებლად დასჭირდება უცხო ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული მშობლების თანხმობა. აქვე ყურადღებას გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რადგან პრაქტიკაში ხშირად მხვდება ასეთი საქმეები - მართალია, ეს ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება, მაგრამ ეხება არასრულწლოვნის საზღვარგარეთ გაყვანას. ხშირად მეორე მშობელი პრინციპულად არ აძლევს შვილის გაყვანის უფლებას ყოფილ მეუღლეს. ამიტომ ამ მოთხოვნით ხშირად მიმართავენ სასამართლოს. დროებით ბავშვის გაყვანის უფლების მოპოვება სასამართლოს გზით უფრო ადვილია, ვიდრე ბავშვის მუდმივად, საცხოვრებლად გაყვანის შემთხვევაში. თუ მშობელი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უნდა საცხოვრებლად წაიყვანოს ბავშვი, მაშინ მას ბევრი მტკიცებულების წარდგენა დასჭირდება: აქვს თუ არა სამსახური, შემოსავალი, აქვს თუ არა იმ ქვეყანაში ბინადრობის უფლება, მოსთხოვენ ბანკებიდან ამონაწერს და სხვა მტკიცებულებებს. თუ დასაბუთებული არ იქნება სათანადოდ, შესაძლოა წარმოებაში არც მიიღოს სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ. ამიტომ უფრო ხშირად მშობლები ითხოვენ ბავშვის დროებით გაყვანას და სასამართლო აძლევს უფლებას, რომ გარკვეული ვადით გაიყვანოს საზღვარგარეთ არასრულწლოვანი, ვთქვათ, დასასვენებლად და ა.შ. მაგრამ ზოგი მშობელი შემდგომ ამ ვადას არღვევს. შეიძლება შეკითხვის ავტორს არ ჰქონდეს ეს ინფორმაცია, ამიტომ ვეტყვი, რომ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც დასჯადია სისხლის სამართლის კუთხითაც. ასეთ დროს მეორე მშობელს შეუძლია მიმართოს საელჩოს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვოს დახმარება არასრულწლოვნის დაბრუნების საკითხზე.