მეგრული ვიკიპედია – სეპარატიზმის პოტენციური კერა? - კვირის პალიტრა

მეგრული ვიკიპედია – სეპარატიზმის პოტენციური კერა?

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში გამოჩნდა ვიკიპედიის მეგრული ვარიანტი (არც თუ დიდი ხანია, რაც გაყიდვაშია შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების მეგრული თარგმანიც). საინტერესოა, როცა არსებობს ქართული ვიკიპედია, რატომ ჩნდება მისი მეგრული ანალოგის არსებობის აუცილებლობა (თუ მიზეზი ის არის, რომ არის ხალხი, ვინც იცის მეგრული და არ იცის ქართული, მაშინ სერიოზულ პრობელმასთან გვქონია საქმე, რომელსაც სასწრაფოდ უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება.)?!

მეგრული ენის ქართულთან დაშორების მცდელობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. 1860 წელს რუსული გრაფიკის საფუძველზე შედგენილი მეგრული ანბანის გამოყენებით მეგრულად გადათარგმნეს წმინდა წერილის ცალკეული ადგილები და გამოსცეს, რასაც მოჰყვა მეგრული საანბანო სახელმძღვანელოების სამჯერ გამოცემა (ავტორები იყვნენ: ცნობილი სეპარატისტი თადა აშორდია, ფ. ლევიტსკი და ალექსანდრე გრენი). ამ ქმედებათა ჭეშმარიტი პროვოკაციული მიზნები დაუფარავად არის განცხადებული 1899 წელს ა.გრენის მიერ გამოცემული მეგრული საანბანო სახელმძღვანელოს წინასიტყვაობაში, სადაც ავტორი აცხადებს:

"ანბანის შედგენისას მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ეროვნული ბრძოლისთვის მეგრელები, რომლებსაც ფეხქვეშ თელავს უფრო ძლიერი ქართველი ხალხი. ჭეშმარიტად, ასეთი ბრძოლა სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად! (იმ ანბანისა), რომლითაც მეგრელი ისევე გამოხატავდა თავის აზრებს, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში - ქართველი" (ხუნდაძე, 1940, გვ.104).

საყურადღებოა, რომ იმპერიის მესვეურთა ამ ღონისძიებებს უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა თვით სამეგრელოში. მაგალითად, პროფ. გივი როგავას ცნობით, 1860 წელს, როცა მეგრულად გადაიღეს წმინდა წერილის ნაწყვეტები და სცადეს სამეგრელოში ღვთისმსახურების შემოღება მეგრულად, ახალ სენაკში გაიმართა სამღვდელოების ყრილობა, რომელზეც ეს მცდელობანი ერთხმად შეფ-ასდა როგორც მწვალებლობა, კუთხურობისა და განკერძოების გაღვივება და წმინდა წერილის გამასხრება (როგავა, 1999, გვ.13-14).

არც ამის შემდეგ შეწყვეტილა შუღლის გაღვივების მცელობა, მაგრამ მეგრელთა გონიერების წყალობით ეს ყველაფერი ყოვე¬ლთვის ფუჭად ჩაივლიდა ხოლმე.

მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა და იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ამბობენ, მეგრული ვიკიპედია შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ მოახდინოს მეგრული ენის რეკლამირება და პოპულარიზაცია. მეგრული ენა სალაპარაკო ენად ძირითადად მხოლოდ სამეგრელოში გამოიყენება და საინტერესოა, რაში სჭირდება პოპულარიზაცია, რადგან იქ, სადაცა ამ ენას იყენებენ, არც პოპულარობა არ აკლია და არც თუ იშვიათად ქართულზე ხშირადაც იყენებენ.

მაშინ, როცა ქვეყანაში სეპარატიზმის 2 დიდი კერა გვაქვს, ამ პროექტის ავტორთა მიზანი ხომ არ არის ახალი კერის გაღვივების მცდელობა?!

გია მურღულია (ფილოლოგიის დოქტორი): როგორ ფიქრობთ, რამდენი მომხმარებელი ეყოლება მეგრულ ვიკიპედიას? ვფიქრობ, ძალიან ცოტა. ქართული ვიკიპედიაც კი ისეთი სუსტია, რომ ინგლისურის ან თუნდაც რუსულის გარეშე პრაქტიკულად ძალიან მწირი და არაინფორმაციულია, მითუმეტეს - მეგრული. მეგრული ვიკიპედია, ჩემი აზრით, არც სეპარატიზმია და არც მისი წახალისება. მეგრელები ისედაც საუბრობენ ყოველდღიურად მეგრულად და არანაირი განხეთქილება ქართულ სულთან ამას არ მოუტანია. ქართველობა და ქართული სული, გენეტიკურთან ერთად, ნებაყოფლობითი სულიერი არჩევანიც არის და ამას ძალდატანება არ სჭირდება. მეგრული ენა მეგრელი კაცისთვის ძალიან ძვირფასია და მტკივნეულად განიცდის, როდესაც ამ ენის უსარგებლობაზე ან რაიმე კონტექსტში უარყოფაზე მიუთითებენ.

მე უფრო მგონია, ჩვენი არაკეთილმოსურნეების ინტერესია, საზოგადოდ, ამ თემის ზედმეტი აქცენტირება. მეგრული ენა ვერასდროს შეცვლის და ჩაანაცვლებს სალიტერატურო ქართულის მნიშვნელობას. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის ქართული იქნება ძირითადი საქვეყნო კომუნიკაციისა და კულტურული ღირებულებების ძირითადი გამოხატულება - ეს ყოველგვარი ეჭვის მიღმა დგას. ყველა ენა ისე ვითარდება, რის შესაძლებლობასაც მისი ისტორიული პერსპექტივა იძლევა. ამ მხრივ კი, ქართულს არანაირი საშიშროება არ ემუქრება. დაბოლოს, სეპარატიზმს მხოლოდ ენის პოტენციალით ვერ გააღვივებს ვერავინ - ეს პრინციპულად შეუძლებელია. მეგრული ენა ქართულის ღვიძლი ძმაა და არ არის საჭირო მისგან მტრის ხატის შექმნა. "

ვიკიპედია (ინგლ. Wikipedia) —მრავალენოვანი, თავისუფალი, ღია ვიკი-ენციკლოპედიაა. ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები და დამატებები. პროექტის ორგანიზატორია ამერიკული ფონდი ვიკიმედია. როგორც ვიკიპედიის განმარტებიდან ჩანს, მასში სტატიის დაწერა ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, შესაძლოა მეგრული ვიკიპედიაც არავითარი საფრთხის შემცველი არ იყოს და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ინტერესის საგანს წარმოადგენდეს, თუმცა, როგორც ამბობენ, სიფრთხილეს თავი არ ტკივა!!!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)