როგორ ცხოვრობდნენ "კანონიერი" ქურდები ქართულ ციხეებში - კვირის პალიტრა

როგორ ცხოვრობდნენ "კანონიერი" ქურდები ქართულ ციხეებში

ამონარიდი ჟურნალ "გზა"-დან:

როგორ ცხოვრობდნენ "კანონიერი" ქურდები ქართულ ციხეებში

"ამნისტია უკვე რამდენიმე კანონიერ ქურდსაც შეეხო და სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულება ერთდროულად ექვსმა მათგანმა დატოვა. მართალია, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხმამაღლა აცხადებს, - კანონიერი ქურდების ადგილი ციხეშიაო, - მაგრამ როგორც ჩანს, არჩევნების შემდეგ თავისი პოზიცია შეარბილა: მიხეილ სააკაშვილმა ორი კანონიერი ქურდის გათავისუფლებას მოაწერა ხელი. ელგუჯა გურჩიანი სასჯელს სამი მუხლით იხდიდა და შეკრებითობის პრინციპით, 24-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. გურჩიანი 2010 წელს დააკავეს და პატიმრობის ვადა 2034 წელს ეწურებოდა. პრეზიდენტმა იგი 2012 წლის 28 დეკემბერს შეიწყალა. გაირკვა, რომ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ შესაწყალებელთა სიაში ეს პირი არ ყოფილა. სააკაშვილის შეწყალებით გათავისუფლდა ასევე, 1980 წელს დაბადებული კანონიერი ქურდი იოსებ სიორდია. ისიც 2010 წელს დააკავეს და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მას პატიმრობის ვადა 2015 წელს ეწურებოდა.

ამნისტიის შედეგად კი 17 იანვარს გათავისუფლდნენ კანონიერი ქურდები: ელგუჯა დიღმელაშვილი, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე და რევაზ სესკურია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ძირითადად უკრაინაში წავლენ. მათ უმრავლესობას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აწუხებს. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დამოკიდებულება ამ კატეგორიის პატიმრების მიმართ საკმაოდ მკაცრი იყო და ისინიც არაადამიანურ პირობებში იხდიდნენ სასჯელს. არც მათთვის დაუკლიათ ცემა-ტყეპა. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი კანონიერი ქურდი ცემის შედეგად ხერხემალში გადატეხეს და ინვალიდის ეტლს მიჯაჭვულს, სხვები უვლიდნენ. უცნობია, რჩება თუ არა იგი პატიმრობაში.

მე-7 საპყრობილე იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ადრე შს სამინისტრო ფუნქციონირებდა. ფაქტობრივად, ისინი ამ წლების მანძილზე იმ საკნებში იხდიდნენ სასჯელს, რომელიც ადრე, დროებითი მოთავსების იზოლატორად იწოდებოდა. ეზოში სეირნობის უფლება არ ჰქონდათ, სასეირნოდ დახურულ დარბაზში გაჰყავდათ მხოლოდ. ჩვენი ინფორმაციით, თითქმის არც ერთ საკანში ფანჯარა არ იღებოდა. საკნებში არის აგურებში ჩამონტაჟებული პატარა მინა, დაახლოებით ისეთი, როგორიც საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში. გაუსაძლისი სიცხის დროს, უჰაერობას თურმე ვერ გაუძლეს ქურდებმა და მინა ჩაამსხვრიეს. არ ვიცი, დაისაჯნენ თუ არა ამისთვის კონკრეტული პირები, მაგრამ როგორც შევიტყვე, ადმინისტრაციამ მინაჩამსხვრეული საკნების ბინადრები იმით დასაჯა, რომ ზამთარში მინები არ ჩაუსვა და სიცივეში ამყოფა. "ხომ გინდოდათ ჰაერი, ახლა იყავით სიცივეში", - ეუბნებოდნენ მათ. პატიმრები იძულებულები იყვნენ, მინის ნაცვლად, სკოჩით ცელოფანი აეკრათ.

ოჯახის წევრებთან პაემანი თვეში ერთხელ აქვთ. თავიდან, როცა უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადეს ქურდებს, მათთან შესვლის საშუალებას სასულიერო პირებსაც არ აძლევდნენ. პატიმრების სანახავად სანთლებით მისულ ახლობლებს კი თურმე დამცინავად ეუბნებოდნენ, - რა გინდათ ახლა, ქურდები წმინდანებად უნდა აქციოთო?! თავიდან სანთლებსაც არ აწვდიდნენ, მაგრამ ეს პრობლემა მალე მოგვარდა და მოძღვარი მათგან აღსარებასაც იბარებდა.

ახლობლებს მათთვის მხოლოდ ხილის მიწოდება შეეძლოთ..."

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.