გუჯა ბურდული: ვერ გავიგე, ესენი არიან მოსული მთავრობაში თუ ჯერ კიდევ ძველი მთავრობაა - კვირის პალიტრა

გუჯა ბურდული: ვერ გავიგე, ესენი არიან მოსული მთავრობაში თუ ჯერ კიდევ ძველი მთავრობაა

"9 წელი მათ ხომ იმსახურეს საქართველოს "სიყვარულში". დაანგრიეს ქვეყანა და რაღა უნდა ვილაპარაკო?! " - ამბობს მსახიობი გუჯა ბურდული. თუ რა არ მოსწონს მას წინა და ახალი ხელისუფლების, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...

- ბატონო გუჯა, როგორია თქვენი დღევანდელობა?

- როგორ გითხრათ, აბა?.. აქ რაღაც არაფერი ხდება და ველოდები, რუსეთისკენ გზა როდის გაიხსნება. იქ წავალ, რადგან იქ უფრო ჩანს პერსპექტივები.

- რას ნიშნავს გზა გაიხსნება, საზღვარზე არ გიშვებთ ვინმე?

- გზა კი არის გახსნილი, მაგრამ ველოდები, ხელოვნების მუშაკთათვის მეტი შეღავათები რომ იქნება.

- რუსეთში წასვლა ხელოვანებს ცოტა ძვირად დაუჯდათ. Yველამ ვნახეთ თუ რა კრიტიკა მოჰყვა ქართული ანსამბლების მოსკოვში გამოსვლას...

-რამდენჯერაც რუსეთში ვიყავი, შვილო, იმდენჯერ სოფლებში გასვლა და კონცერტების ჩატარება მოგვიხდა. აი, მათი სიყვარული უნდა გენახათ ჩვენ მიმართ. ხალხს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ძალიან ვუყვარვართ და პოლიტიკოსები რას "ახურებენ", ჩემი საქმე არ არის... ყველანაირად გამოხატავდნენ სიყვარულს და სინანულსაც გამოთქვამდნენ, რუსეთი ასე რომ მოგვექცა. ყველა რუსმა იცის, საქართველო რომ რუსეთის მომრევი არ არის.

- ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ბევრი ცვლილება მოხდა...

- წინა ხელისუფლებამ 9 წელიწადნახევარი იმსახურა, ხომ? - ახლა ახალ მთავრობას ერთი წელი მაინც დავაცადოთ ნორმალურად მსახურების და მერე ვილაპარაკოთ. მე დასკვნები კარგა ხნის წინ გამოვიტანე, შვილო. 9 წელი მათ ხომ იმსახურეს საქართველოს "სიყვარულში" - დაანგრიეს ქვეყანა და რაღა უნდა ვილაპარაკო?!

- მიიჩნევთ, რომ ქვეყანა დაანგრიეს?

- აბა რა?!... ქვეყანაც დაიჩაგრა და ხალხიც. ისე, თქვენც ყველაფერი იცით და მე რაღას მეკითხებით?!

- ნგრევა ყველაზე მეტად რას დაეტყო, ქართულ კულტურას?

- ყველაფერს. მით უმეტეს ადამიანის სულს. არავინ იცოდა- ვის, სად, რისთვის დაიჭერდნენ. Mმერე მიზეზებს არავინ კითხულობდა. კულტურისთვის საერთოდ ვის ეცალა? ამიხსენით ,რა!

- რატომ, ჩვენ გვქონდა ძვირადღირებული კონცერტები, მიუზიკლები...

- კარგი რა, ასეთ რამეებზე საუბარი არ გვინდა... ერთ კაცს ჩამოიყვანდნენ, მილიონებს გადაუხდიდნენ, გაუშვებდნენ და ეს იყო კონცერტი?!... ქართველი მაყურებელი ბოჩელს როგორც საქართველოში უყურებდა ტელევიზიით, ისე შეეძლო ეყურებინა ტელევიზიით ან მაგნიტოფონით მოესმინა მის ჩამოუსვლელადაც. ბათუმში ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ჩავიდოდა გაჭირვების გამო. ფულს სულ ტყუილად ვყრიდით... როცა გიჭირს და ქვეყანაში ამდენი მშიერი ადამიანი გყავს, საცოდაობაა, ვიღაც ერთ მომღერალს მილიონები უხადო. იმდენი ლტოლვილი გვყავს, თვლიან, თვლიან და ვერ დაითვალეს. არც ვიცით, რამდენი გვყავს. ხალხი გვყავს დასაბინავებელი, რომლებსაც ჭერი არ აქვთ თავზე და ბოჩელი გვინდა ახლა ჩვენ?! მილიონი ბოჩელს კი არა,ამ ადამიანებს უნდა მივცეთ, შვილები რომ შიმშილით არ მოუკვდეთ. დაავადმყოფებულები არიან ბავშვები უწამლობით.

- ახალ ხელისუფლებას რას ურჩევდით?

-საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ცოტა ნელა მოქმედებენ. ძალიან ნელა მიდის წინ საქმე. ცოტათი უნდა აჩქარდნენ. ვერ გავიგე, ესენი არიან მოსული მთავრობაში თუ ჯერ კიდევ ძველი მთავრობაა. ისეთი რიხით გამოდიან, რომ ისევ ნაცები მგონია ჯერ ხელისუფლებაში. ისევ ისეთი ხმა ამოღებული და ხმალამოღებული არიან თავიანთი აზროვნებით.

- დასავლეთი რომ მხარს არ უჭერს ახალ მთავრობას, ამაზე რას იტყოდით?

-ძველ ხელისუფლებას იმდენი აქვს იქით გაცემული, იმდენი ნაცნობობა ჰყავს მოსყიდული, რომ იქიდან კარგს ვერაფერს გავიგებთ ერთი წელი მაინც.

- თქვენს პირად სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ... თემურ ბაბლუანი ყველა ინტერვიუში თქვენზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს.

-საქართველოში ჯერჯერობით არსად ვარ დაკავებული... თემურ ბაბლუანის ფილმებმა მომიტანეს ის სახელი, რაც მაქვს ახლა. ფოთში ჩავალ, ქუთაისში თუ ბათუმში, შემხედავენ და - რიმტარიროო- შემომძახებენ. ძალიან მიხარია, დღეს რომ ბაბლუანები საფრანგეთში წარმატებით მოღვაწეობენ.

- თქვენ საეკლესიო ცხოვრებასაც ეწევით...

- 25 წელია, სტიქაროსანი ვარ. ჯერ სიონის ტაძარში ვმსახურობდი, შემდეგ სამების ეკლესია რომ აშენდა, იქ გადავედი. რომ ამბობენ, წინა ხელისუფლება რელიგიასაც ებრძოდაო, ამაზე მე ვერაფერს ვიტყვი. ყური მომიკრავს რაღაცებისთვის, მაგრამ მე რაუფლება მაქვს, რამე ან ეკლესიაზე ან წინა ხელისუფლების ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაზე ვთქვა?!.. ლმობიერება რომ არ იყო მართლმადიდებლური ეკლესიისადმი, ამას კი ნამდვილად გეტყვით.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)