ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი - კვირის პალიტრა

ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი

გასულ უქმეებზე "თბილისობა იყო" - მთელ ქალაქში მწვადის სუნისა და ქალაქის მერისა და მისი თანამოსაქმეების მიერ რეზინის ბოტებით ყურძნის დაჭყლეტის დღე!

კიდევ - ტივზე სპეციალური საშვებით მოხვედრილი ხალხის ქეიფისა და დანარჩენების ხიდებიდან შურის თვალით ცქერის დღე ("ქალწულებივით ხიდიდან ფენა..." - რა შუაშია, მაგრამ მაინც).

ეგ არაფერი, ეს ყოველ წელს ხდება და სულაც არ აღვნიშნავდი, მით უმეტეს, რომ ამბების სიმწირე არ ყოფილა ამ დღეებში, მაგრამ წლევანდელი ტივით სეირნობა თუ მასზე ქეიფი მაინც გამორჩეული იყო - "ვი-აი-პი სტუმრები" ამჯერად დვანელები და დიცელები იყვნენ! დიახ, სწორედ ისინი - ღობეები რომ გადმოუწიეს და ჩეჩმები საკუთარი ხელით დააშლევინეს. მთავრობამ მუშებიც კი რომ არ მიახმარა, ჯართის ჩასაბარებლებლად რკინის ბოძები რომ გადმოეტანათ აქეთ, სამაგიეროდ ახლა ტივზე აქეიფეს!

აეეე!!! ქეიფს იწყებთ დილიდან, ხო?!

არადა, საქეიფოდ კი გვაქვს საქმე და ქეიფობს ხალხი. აგერ, სიღნაღში რესტორანში შესულან ჩვენი კორუფცია-მამაძაღლობისგან თავისუფალი პოლიციელები და "დაჭრილი ძუძუ" მოუთხოვიათ. - უცხოელი ტურისტები ფანჯრებიდან ხტებოდნენო, - ინტერვიუში ჰყვებოდა რესტორნის პატრონი. კარგად ვერ გავიგე, "დაჭრილ ძუძუში" რას გულისხმობდნენ, სადღაც წამიკითხავს "ირმის ცურის მწვადის" შესახებ - იქნებ ეგ უნდოდათ... არ ვიცი. მაშინ რატომ გადახტნენ ფანჯრიდან ის უცხოელები?

ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და შეიძლება აქაც მსგავსი რამ მოხდა: იქ, კახეთშივე, უცხოელი სტუმრები ჰყოლიათ, წესიერი, პატარ-პატარა იაპონელები, ქალაქელები, ხორცი უმად ნანახიც რომ არ ჰქონიათ. ამ კახელებს სულ ხაშლამა-ჩაქაფულებში უბანავებიათ. ცხვარ-ძროხაც თვალწინ დაუკლეს და დააფრთხეს. მერე იყო კულმინაცია: ტყეში წასულან საქეიფოდ, იქაც მთელი ცხვარი ქვაბში და ხანჯლით მიწოდებული კაი-კაი ნაჭრები, ბოლოს კი შებნელებულზე, პერანგჩაღეღილი, თვალებჩასისხლიანებული და ბანჯგვლიანი ყოფილი მოჭიდავის მიერ "რუსულად" ნათქვამი სადღეგრძელო, ცალ ხელში ფიალით და მეორეში ხანჯლით (იმათ რუსული სცოდნიათ):

- ია ხაჩუ ვიპიც ზა ვაშუ კროვ ი მიასო! ("თქვენი სისხლისა და ხორცის სადღეგრძელო იყოსო") - ერთმანეთს ასწრებდნენ საწყალი სტუმრები თურმე, არ შეგვჭამონო.

კიდევ კარგი, ამ "დაჭრილი ძუძუს" ერთი მომთხოვნელი უკვე დააკავეს, თორემ კიდევ უფრო გამიმძაფრდებოდა ამ ბოლო დროს მოწოლილი პოლიტ-დეპრესია.

ამას წინათ მკითხველს დავპირდი, არჩევნებამდე სააკაშვილს აღარ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ ცოოოტათი უნდა გავტეხო სიტყვა რადგან ძალიან საინტერესო რამ თქვა ნაცყრილობაზე, მისთვისაც კი ნამეტანი იყო, აშკარად გადააჭარბა: ეს რას ჰგავსო?! რამდენი საუკუნეა, საქართველოში ყველა ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებით ავსებს ციხეებსო?! მოდით რა, დავამთავროთო ("ოცნებას" მოუწოდა)! რა, ჩვენ რომ დავბრუნდებით სათავეში (ანუ ვირი რო ხეზე ავა), ჩვენც ასე მოვიქცეთო?! ამნეზია აქვს ბიჭს... თუმცა კარგი მოწოდებაა, მაგრამ ასე გავაკეთოთ: ბარემ ამ ხელისუფლებამ დაასრულოს და ვინც დასაჭერია, დაიჭიროს, დააყენოს საშველი და მერე მართლაც დავასრულოთ ეს ცუდი ტრადიცია.

უი, ამნეზია კი არა, პირიქით - ყველაფერი რომ კარგად გახსოვს, იმიტომ ხომ არ შეგეშინდა, ყურცქვიტ?

P.S. სოჭის ოლიმპიადა კვლავ აქტუალური გახდა: "რუსეთის გმირმა" და ცხინვალის დამბომბავმა ვინმე ნეჩაევმა ნახევარი კილომეტრი გაირბინა ჩირაღდნით ხელში და ყველამ იცის, რომ პუტინმა ეს საქართველოს დასანახავად გააკეთა, მაგრამ საქართველოში დასანახს ყველა ვერ ხედავს - დაბრმავდნენ.

მე თუ მკითხავთ, გავუკეთებდი ერთ ადგილას... ანუ, ხელში დავაჭერინებდი ზოგიერთს იმ ჩირაღდანს და გავუშვებდი პუტინის უკანალის საკოცნელად - ამის დედა ვატირე, ასეთი სპორტის სახეობა მაინც იყოს ოლიმპიადის პროგრამაში, ჩემპიონები გავხდებოდით!

ისე კი, ყველაზე მეტად ის მენიშნა, რუსებს 4-ჯერ რომ ჩაუქრათ "გაზპრომზე" შეერთებული ოლიმპიური ჩირაღდანი და "ზაჟიგალკებით" რომ აანთეს მერე.

გაზიც არ უვარგათ, ამ ჩემისებს!