სიამის ტყუპს საქართველოში დახმარება მოუხსნეს - კვირის პალიტრა

სიამის ტყუპს საქართველოში დახმარება მოუხსნეს

"გერმანელები უანგაროდ გვეხმარებიან, ჩვენთან კი მინიმალური დახმარებაც მოგვიხსნეს"

"მოგვიტანეთ ცნობა, რომ ტყუპი ნამდვილად საოპერაციოდ წაიყვანეთ და იმსჯელებენ, შესაძლოა, მათ ჩამოსვლამდე თანხა გაყინონ ან ვერც გაყინონ და ეს ფული დაგეკარგოთო..."

გერმანიაში, ქალაქ კელნში, წარმატებით დასრულდა ოპერაცია, რომლის შედეგად კიდევ ერთი სიამის ტყუპი დააცალკევეს. გერმანელი პროფესორის, ტომას ბოემერსის პაციენტები ამჯერად ქუთაისელი დები - 7 თვის თამარ და თებროლე ვაშაყმაძეები იყვნენ, რომლებიც ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით იყვნენ დაკავშირებული. გოგონები კლინიკიდან უკვე გამოეწერნენ და გერმანიაში, ალბათ, სარეაბილიტაციო კურსის დასრულებამდე დარჩებიან.

"კვირის პალიტრამ" საზოგადოებას პირველმა აცნობა, რომ გოგონებს სასწრაფო ოპერაცია და ფინანსური დახმარება სჭირდებოდათ. ტყუპის დედა მარიამ ლეჟავა ამჯერადაც ექსკლუზიურად გვესაუბრა.

- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. გოგონები თავს შესანიშნავად გრძნობენ, თამაშის ხასიათზე არიან. თუმცა, მათ აქვთ პრობლემა. მუდმივად ერთ მდგომარეობაში წოლის გამო ხერხემალი არასწორად ვითარდებოდა, მაგრამ რაკი მათი ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ხრტილოვანია, იმედი გვაქვს, მკურნალობა შედეგს გამოიღებს. პრობლემა მანამდე უნდა მოგვარდეს, ვიდრე გაივლიან.

ექიმების განცხადებით, აუცილებელია სწორი მკურნალობა, რომ განვითარების პროცესი სწორად წარიმართოს. ამის გარდა, სარეაბილიტაციო პერიოდში დასჭირდებათ ფიზიოლოგიური მკურნალობა, თუმცა, ჯერ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს კურსი და რა ტიპის მკურნალობა დაენიშნებათ. ამას მალე გვეტყვიან.

- ოპერაციისთვის საჭირო თანხა ქველმოქმედების შედეგად შეგროვდა გერმანიაში. ფიზიოთერაპიისთვის საჭირო თანხით ვინ გეხმარებათ?

- სამწუხაროდ, ჩვენ ფული არ გვაქვს, არც ჯანდაცვის სამინისტროსთვის გვითხოვია დახმარება, რადგან გერმანიაში საქველმოქმედო ფონდებისა და კერძო პირების შემოწირულობებით საოპერაციო თანხა მოგროვდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ სასაყვედურო არაფერი გვაქვს - მათაც შემოგვთავაზეს ოპერაციის გაკეთება უცხოეთში, ან საქართველოში, სადაც საგანგებოდ ჩვენი პატარებისთვის ჩამოვიდოდა მედიკოსთა ჯგუფი. სამინისტრო მზად იყო, უცხოეთში წასვლის შემთხვევაშიც დაგვხმარებოდა 20 000 ევროთი. თუმცა, ჩვენი საქართველოდან წამოსვლის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რომ შევშინდი, დავეჭვდი, დახმარება რომ დამჭირდეს, ვითომ უარს არ მეტყვის სამინისტრო? საქმე ის არის, რომ ერთ-ერთმა ტყუპმა, თებროლემ, როგორც ჩვენმა მესამე შვილმა, სახელმწიფოსგან ორი წლის ასაკამდე უნდა მიიღოს 150 ლარი - ეს არის სახელმწიფოს დახმარება მათთვის, ვინც მესამე შვილს აჩენს, მაგრამ გერმანიაში რომ წამოვედით, თებროლეს დახმარება მოუხსნეს.

- რატომ?

- ჩემი მეუღლისთვის უთქვამთ, რადგან ბავშვი ქვეყნიდან გავიდა, მას დახმარება აღარ ეკუთვნისო. საოცარია, აქ, გერმანიაში, სრულიად უცხო ადამიანები შემოწირულობას გასცემენ, რომ ჩვენი გოგონები ჯანმრთელად იყვნენ და საქართველოში გვართმევენ იმას, რაც სახელმწიფომ კანონის საფუძველზე დაგვინიშნა.

ასეთი დამოკიდებულება მაშინებს. ჯერ იყო და, ექიმების მეშინოდა - ორსულობის 30 კვირამდე ვერ გაიგეს, რომ ბავშვები ერთმანეთზე იყვნენ გადაბმული; მერე, სანამ მინისტრის ყურს არ მისწვდა, ოპერაციის გასაკეთებლად დახმარება არ შემოუთავაზებიათ. დასანანია, რომ სამინისტროს, მინისტრის ძალისხმევას ჩრდილს აყენებს სოციალური აგენტების წინდაუხედავი დამოკიდებულება, რომელთა აზრით, რაკი ბავშვი ქვეყნიდან გავიდა, დახმარება უნდა მოეხსნას. ოპერაცია გავუკეთეთ, მაგრამ პამპერსი და კვება ხომ სჭირდებათ ბავშვებს, რატომ უნდა მოხსნოდათ ეს თანხა? დიდი მადლობა "კვირის პალიტრას", რომელიც ჩემს შვილებს მუდმივად აქცევდა ყურადღებას. თქვენი მონდომების შედეგად ბავშვების სახელზე შექმნილ ანგარიშის ნომერზე თანხაც ჩაირიცხა ქართველ ქველმოქმედთაგან. ყველას მადლობა. მჯერა, რომ ამ ხალხის ენერგიაც ამხნევებდა ჩემს პატარებს, როდესაც ურთულეს ოპერაციას იკეთებდნენ.

"კვირის პალიტრა" ქუთაისში ტყუპის მამას, დავით ვაშაყმაძესაც ესაუბრა:

- სექტემბრის დასაწყისში თებროლეს დახმარება რომ არ ჩაირიცხა, ჯერ ბანკში ვცადე მიზეზის გარკვევა. იქ გვირჩიეს, სოციალური დახმარების სააგენტოში მივსულიყავი. ზედაპირული პასუხი გამცეს - აგენტი მოვიდა თქვენთან, ოჯახში, ბავშვები ვერ ნახა, შემდეგ გავიგეთ, რომ გერმანიაში წაგიყვანიათ და სანამ არ დაბრუნდებიან, დახმარებას ვერ მიიღებთო. კი მაგრამ, გერმანიაში საოპერაციოდ წავიყვანეთ პატარები და დახმარება რატომ უნდა მოგეხსნათ-მეთქი? მოგვიტანეთ ცნობა, რომ ნამდვილად საოპერაციოდ წაიყვანეთ და იურისტები იმსჯელებენ, შესაძლოა, მათ ჩამოსვლამდე თანხა გაყინონ ან ვერც გაყინონ და ეს ფული დაგეკარგოთო... ჩვენი ბავშვების შესახებ გაზეთში დაიწერა, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს თუ სააგენტოს ხომ შეეძლო, თვითონ გაერკვია, რა ხდებოდა ტყუპის თავს - მკურნალობა სჭირდებოდათ თუ გერმანიაში სასეირნოდ წავიყვანეთ. დასანანია ასეთი დამოკიდებულება. რა გამოდის, თუ ბავშვები გერმანიაში სარეაბილიტაციოდ რამდენიმე თვე დარჩებიან, დახმარება ვერ უნდა მივიღოთ?

ეკა ლომიძე