40 000 ადამიანის ჩონჩხის ტაძარი - კვირის პალიტრა

40 000 ადამიანის ჩონჩხის ტაძარი

საშიში ისტორიების მოყვარულ ტურისტებს, ალბათ, მოეწონებათ სამლოცველო, რომელიც შესვლისთანავე ძრწოლვას იწვევს.

ტაძარი ჩონჩხებით შექმნილი ჭაღებით (რომელშიც ადამიანის ყველა ძვალია გამოყენებული), მენჯ–ბარძაყის სახსრებით აწყობილი ლანგრებითა და თავის ქალებით ასხმული გირლიანდებით არის მორთული.

„ძვლების ტაძარი“ ჩეხეთში მდებარეობს და ყველას სიკვდილის გარდაუვლობას ახსენებს. ის 40 000 ადამიანის ჩონჩხით არის აგებული.

ყველაფერი 1278 წელს დაიწყო - მამათა მონასტრის წინამძღვარმა სედლეციდან (ქალაქი პრაღის აღმოსავლეთით) იერუსალიმი მოილოცა და გოლგოთიდან, სადაც იესო ჯვარს აცვეს, მცირეოდენი მიწა წამოიღო. ბერმა წმინდა მიწა ტაძრის ეზოში, სასაფლაოზე მოაბნია. ამის შემდეგ იქ საბოლოო განსასვენებლის მოპოვება ყველასთვის სასურველი გახდა.

სედლეცის ტაძრის ეზოში დაკრძალვის ტრადიცია XIV საუკუნემდე გაგრძელდა, ანუ მანამდე, სანამ ევროპაში შავი ჭირი არ გავრცელდა. სასაფლაოზე ჭირით გაწყვეტილი 30 000 ადამიანია დაკრძალული.

კათოლიკური ეკლესიის მიერ დაწყებული ჯვაროსნული ომებისას (1419– 1434 წწ) ორი ქალაქი სედლეცი და კუტნა ჰორა სანახევროდ დაინგრა. 10 000 ადამიანი დაიღუპა, რომლებიც ასევე სედლეცის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სასაფლაოს XV საუკუნემდე არავინ შეხებია, მაგრამ შემდეგ იქ უამრავი საფლავი ამოთხარეს, რათა გოთური ეკლესიის ასაშენებლად ადგილი გაესუფთავებინათ. განსვენებულთა ძვლები კი ახალი ტაძრის საძვალეებში მოათავსეს.

1870 წელს ამ ადგილზე ხელოსანი გამოგზავნეს, რომელსაც დაავალეს ძვლებისგან რაიმე „მშვენიერი“ შეექმნა. მან ამ დავალებას წარმატებით გაართვა თავი და ჩონჩხებისგან გირლიანდები, თასები და შვარცენბერგების საგვარეულო გერბიც კი დაამზადა.

ტაძარში ყველაზე მნიშვნელოვან ექსპონატს უზარმაზარი ჭაღი წარმოადგენს. ის 7 სასანთლისგან შედგება და ყოველი სასანთლიდან სტუმარს ადამიანის თავის ქალა უმზერს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო