მან ქრისტეში გვშვა - გილოცავთ ნინოობას! - კვირის პალიტრა

მან ქრისტეში გვშვა - გილოცავთ ნინოობას!

წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგი კაბადუკიელის ახლო ნათესავი და კეთილმორწმუნე მშობლების მხოლოდშობილი ასული იყო-მამა, ზაბულონი, რომის მხედართმთავარი და ფრანკთა განმანათლებელი გახლდათ; ხოლო დედა, სოსანა,- იერუსალიმის პატრიარქის, იობენალის და. მშობლებისაგან ღვთის მცნებებით აღზრდილს მამისაგან ბოროტებასა და განსაცდელებთან შეუპოვარი ბრძოლის ნიჭი, ხოლო დედისაგან მოკრძალება და თავმდაბლობა მიეღო მემკვიდრეობად.

12 წლისა იყო წმიდა ნინო, როდესაც მისი მშობლები იერუსალიმში წავიდნენ, ქონება კი გაყიდეს და გლახაკებს დაურიგეს. ორივემ მონოზვნობის მძიმე და ტკბილი უღელი იტვირთა, ხოლო 12 წლის ასული იერუსალიმის პატრიარქს მიანდეს, რომელმაც ბავშვი აღსაზრდელად სარა ნიაფორს მიაბარა. სწორედ მისგან შეიტყო წმ. ნინომ მცხეთაში დამარხული კვართის შესახებ. გამოიკითხა და გაიგო, რომ ეს ქალაქი ქართლშია, ჩრდილოეთის ქვეყანაში. მას შემდეგ გამუდმებით ევედრებოდა ყოვლადწმინდა ქალწულს, გაეხადა ამ ადგილის მოლოცვის ღირსი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმაც შეისმინა მისი ვედრება, ძილში ეჩვენა და უთხრა: ჩრდილოეთის ქვეყანაში წადი და იქადაგე სახარება ჩემი ძისა. მე ვიქნები შენი შემწე და მფარველი. ქალწული ნინო შეძრწუნდა. მაშინ, ჩვენების ჭეშმარიტების დასტურად და ნუგეშად, დედაღვთისმშობელმა ხელში მისცა ჯვარი ვაზისა. ნინოს გამოეღვიძა და ნახა, რომ ჯვარი ხელში ეჭირა. გახარებულმა ქალწულმა საკუთარი თმებით შეკრა ზეციური საჩუქარი, ბიძმისისაგან კურთხევა აიღო და გზას დაადგა. თავდაპირველად წმინდა რიფსიმესა და გაიანეს დაემგზავრა და, რადგანაც ისინი სომხები იყვნენ და სომხეთში მიდიოდნენ, ჯერ სომხეთში ჩავიდა. იქ იხილა თანამგზავრების მოწამებრივი აღსასრული და მარტო დაადგა ქართლისაკენ მომავალ გზას.

საქართველოში რომ შემოვიდა, ჯერ კიდევ თოვლიანი იყო ჯავახეთის მთათა მწვერვალები. ნანახმა გააოცა და შეაშფოთა. სულიერი სიმხნევე მაცხოვრის ხილვამ განუმტკიცა. მწყემსებს დაემგზავრა და ქართლისაკენ გამოეშურა. გზამ მცხეთაში მოიყვანა მაშინ, როდესაც არმაზობას აღნიშნავდნენ ქართლელნი. წმინდა ნინო ცრემლებით ევედრებოდა ქრისტეს, ეჩვენებინა კერპთა უსუსურობა და არარაობა. მართლაც, მისი ლოცვისთანავე ამოვარდნილმა სეტყვამ და ქარიშხალმა შემუსრა კერპები.

მერე, ღვთისმშობლის მინიშნებით, მაყვლოვანში დაიდო ბინა და ამ მაყვლოვანში იცხოვრა 6 წელი, უფლის კვართზე ამოსული კვიპაროსის მახლობლად, მეფისეულ ბაღში. მიწაზე დაფენილ ძაძაზე იწვა და დაფლეთილი სამოსი ემოსა. უამრავი სასწაული აღასრულა, სნეულთა განკურნებით დაწყებული, სვეტიცხოვლის აღმართვით დასრულებული, რომლითაც ქართლის ეკლესიის შენებაც დასრულდა-უფლის წმიდა სამოსელი მცხეთაში სწორედ მაშინ გამობრწყინდა, როდესაც ელენე დედოფალმა იერუსალიმში მაცხოვრის ჯვარი იპოვა. უამრავ განკურნებულს შორის ქართლის დედოფალი, ნანაც, აღმოჩნდა. მერე მირიანმაც ირწმუნა და აღესრულა უდიდესი სასწაული წმინდა ნინოს ხელთაგან-მოექცა მთელი ქართლი და მტკვრისა და არაგვის შესართავთან მოინათლა მეფეცა და ერიც.

ქადაგებდა, ასწავლიდა, დედობრივი სიყვარულით ზრუნავდა ახლადმოქცეულებზე. მერე ბოდბეში განაგრძო მოღვაწეობა, იქვე გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.

ჩვენ კი დღესაც სულიერ დედად ვუხმობთ და ხსნასა და შველას შევთხოვთ განსაცდელთაგან.

შეეწიოს მისი ლოცვა ქართულ მიწა-წყალსა და ქართულ ეკლესიას!

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია