"დილაუთენია, ვიდრე სკოლაში შემოვლენ, ნერგების დასახედად გარბიან სათბურში" - ჩიბათელი მოწაფეები კოლხური ბზის გადასარჩენად - კვირის პალიტრა

"დილაუთენია, ვიდრე სკოლაში შემოვლენ, ნერგების დასახედად გარბიან სათბურში" - ჩიბათელი მოწაფეები კოლხური ბზის გადასარჩენად

თუ ლანჩხუთის პატარა სოფელ ჩიბათში მოხვდებით, არა მხოლოდ გურულების მასპინძლობითა და იუმორით ისიამოვნებთ.

ჩიბათი უძველესი ტრადიციების სოფელია, შრომისმოყვარე და კეთილშობილი ადამიანებით დასახლებული. როგორც გავიგეთ, ჩიბათელი ბავშვების დამსახურებით დღეს ჩიბათის სკოლის პატარა სათბური კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავს. კოლხური ბზის სავალალო მდგომარეობის შესახებ ყველამ ვიცით, - ბზის მასობრივად გავრცელებულმა დაავადებამ ათასწლოვანი კორომებიც კი გაანადგურა.

მამუკა იმნაიშვილი, ჩიბათის სკოლის დირექტორი:

- გურიაში გაჩეხილი, ანაც ჯერ კიდევ შემორჩენილი, მაგრამ ზეზეულად მკვდარი ბზის ხეები რომ ნახოთ, გული მოგიკვდებათ. როგორც ვიცი, ასეა მთელ საქართველოში. დღეს ბზის წამალი თითქოს მოინახა, მაგრამ რაც განადგურდა, იმას აღარაფერი უშველის, ჩვენ თუ არა ჩავერევით და ახალ ბზის კორომებს არ გავაშენებთ.

ამიტომაც იყო მთელი სულით და გულით გავიზიარეთ პატრიარქის მოწოდება, როდესაც ქართველ ხალხს ბზის გამრავლება სთხოვა.

ბავშვებმა ეს წამოწყება  სიხარულით აიტაცეს. სკოლის მახლობლად ძველი, უფუნქციო შენობა გვქონდა, ვიშრომეთ, ვიწვალეთ და ჯერ ის გადავაკეთეთ "სათბურად"; მერე კი ბზის ნერგების შეგროვება დავიწყეთ, - ჯანსაღი ბზის ამონაყარები ამოვიღეთ მიწიდან და ნერგებად ვაქციეთ. ზოგი ისეთი პატარა იყო, ბავშვები მეკითხებოდნენ, - მასწ, ეს თუ გადარჩებაო? - ვეუბნებოდი, - რასაც მოუვლით, ყველაფერი გადარჩება-მეთქი და თავადაც დარწმუნდნენ, რომ ასეა - ერთი ძირიც არ გაგვხმობია. პირველად სულ 50 ძირი დავრგეთ, მერე კი ეს ნერგები რომ მოვამაგრეთ, სოფელში დავარიგეთ, ჩვენ კი ახალი ბზის ნერგები გავახარეთ.

ასე რომ, ვაგრძელებთ, - ვისაც სურვილი აქვს, ნერგს ყველას ვჩუქნით, ოღონდ ერთი პირობით, ბზას აუცილებლად მოუაროს და გაახაროს. დანარჩენს კი ჩვენ თავად ვრგავთ, სადაც ხელი მიგვიწვდება.

ნერგებს ძირითადად ჩემი ბავშვები უვლიან. დილაუთენია, ვიდრე სკოლაში შემოვლენ, ნერგების დასახედად გარბიან სათბურში. მხოლოდ ბზა კი არა, ჩვენ კედარის ნერგებიც გავახარეთ და ყველგან დავრგეთ, - კედარი გაცილებით იოლი მოსავლელია, ვიდრე ბზა.  ბავშვებს მშობლებიც ეხმარებიან.

სააღდგომო სამზადისისას ბევრი ვიხალისეთ, ამ ცოტა ხნის წინ ჩვენს ბავშვებს შინაური ცხოველების გამრავლების პროექტი ჰქონდათ. სააღდგომოდ ეს პროექტი გაიხსენეს და თავისი გაზრდილი ცხოველები, თავისივე ხელით შეკერილ ტანსაცმელში გამოპრანჭულები მოიყვანეს სკოლაში, ბევრი ვიცინეთ...

აღდგომის მადლი შეგვეწიოს ყველას!

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)