"გაჟღერდა ბანკეტის საკითხი. სკოლის ინიციატივა არ არის ბანკეტის მოწყობა"- რას ამბობს დირექტორი ყოფილ მოსწავლეებს შორის მომხდარ კონფლიქტზე? - კვირის პალიტრა

"გაჟღერდა ბანკეტის საკითხი. სკოლის ინიციატივა არ არის ბანკეტის მოწყობა"- რას ამბობს დირექტორი ყოფილ მოსწავლეებს შორის მომხდარ კონფლიქტზე?

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის, ხათუნა ბარაბაძისთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა კონფლიქტი მისი სკოლის ყოფილ მოსწავლეებს შორის. როგორც ჟურნალისტებს ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა, დაშავებული 3 მოსწავლე და ასევე პირი, რომელმაც ისინი დაჭრა, ერთ დროს პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ. თავად იგი მეოთხე წელია ამ სკოლის დირექტორია. სამივე დაშავებული მოზარდი მათი სკოლიდან უკვე სამი წელია გადასულები არიან. ხათუნა ბარაბაძის თქმით, ბუნებრივია, მოზარდებს სკოლის გარეთ ერთმანეთთან შეხება ჰქონდათ.

"რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოხდა კონფლიქტი, ჩემთვის უცნობია. გაჟღერდა ბანკეტის საკითხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკოლის ინიციატივა არ არის არანაირი ბანკეტის მოწყობა. შეგიძლიათ ნებისმიერ მშობელს და მოსწავლეს ჰკითხოთ. ჯერ რა დროს ბანკეტზე საუბარია, მოდით აქედან დავიწყოთ. ნებისმიერი ადამიანი თვითონ წყვეტს, სად შეიკრიბოს და ვინ დაპატიჟოს. გასვლითი ექსკურსიები მშობლების ინიციატივით და ორგანიზებით ხდება", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

კითხვაზე, სკოლის დირექტორი რით ხსნის იმ ფაქტს, რომ მისი სკოლის მოსწავლეების მხრიდან სხვა მოსწავალეების დაჭრის მეორე შემთხვევა მოხდა, ხათუნა ბარაბაძემ განაცხადა: "სამი წელი არ არის ის პერიოდი, რომ რაღაც ღირებულებებზე ვისაუბროთ უკვე მეთორმეტე კლასელებთან. პასუხს ვერ გაგცემთ".

პოლიციის წარმომადგენლები დირექტორთან გუშინ იმყოფებოდნენ და დაინტერესდნენ მოზარდების და მათი მეგობრების შესახებ ფაქტებით.

"ინტერპრესნიუსი"