"სიუ", "ჩიკორა", "ნოდო გლდანსკი" - ვინ არიან მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებული "კანონიერი ქურდები"? - კვირის პალიტრა

"სიუ", "ჩიკორა", "ნოდო გლდანსკი" - ვინ არიან მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებული "კანონიერი ქურდები"?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - "Caucase Normandie", რომლის შედეგადაც 4 ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" და ქართული კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრია დაკავებული.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში დაკავებულია - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი"; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად "სიუ". საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. "კანონიერი ქურდები": 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად "ნოდო გლდანსკი" და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად "ჩიკორა".

"ქართველი, ფრანგი და ბერძენი სამართალდამცველების ორწლიანი, აქტიური საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი კანონიერი ქურდების გარდა, საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სხვადასხვა სიმძიმის ასობით ქურდობის ფაქტზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების სხვა წევრებიც დააკავეს.

"ნაცნობი "კანონიერი ქურდი" თითქმის ყველას ჰყავს" - საფრანგეთში მომღერალი "კაბუ" დააკავეს

ასევე, საფრანგეთში დააკავეს: 1974 წელს დაბადებული კახა აბუაშვილი, იგივე "კაბუ", 1963 წელს დაბადებული გოჩა ფოცხიშვილი, 1986 წელს დაბადებული ბექა ახვლედიანი, 1983 წელს დაბადებული ვახტანგ ახვლედიანი, 1962 წელს დაბადებული ლორიტა პაჭკორია-ნოზაძე, 1969 წელს დაბადებული არსენ ხაჩატრიანი, 1985 წელს დაბადებული ზურაბ აჯამოვი, 1966 წელს დაბადებული კარენ არუთიუნიანი, 1981 წელს დაბადებული მიხეილ ოჩიგავა, 1992 წელს დაბადებული ალექსი სანაძე, 1970 წელს დაბადებული, ელმირა მუსტაფაიევა", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ.

იხილეთ ასევე: "კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს