ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - კვირის პალიტრა

ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

2021 წელი თქვენთვის პოზიტიური ცვლილებების პერიოდი იქნება. განსაკუთრებით შემოქმედებითი პროექტების დაწყებისთვის. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ გადაჭრათ ძველი პრობლემები ან დააკონსერვოთ მაინც, რათა ახალ წამოწყებებში ძველმა კრიზისებმა ხელი არ შეგიშალოთ. შეძლებთ ახალი მეგობრების, პარტნიორებისა თუ სპონსორების მოძიებას. თუმცა მოგიწევთ ურთიერთობების სწორად წარმართვა, რადგან სწორედ ამაზე იქნება თქვენი გამარჯვება დამოკიდებული. წლის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული, გარკვეული მიმართულებით წინსვლა დამუხრუჭდეს. შეეცადეთ რესურსები პრიორიტეტის მიხედვით გადაანაწილოთ. წლის ბოლოს შეძლებთ ბევრი საკითხის წარმატებით დასრულებას.

კურო

2021 წელი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შანსს მოიტანს. შეეცადეთ ეს წელი წინდახედულად და ფრთხილად დაიწყოთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ფინანსურ რისკს და მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბებას. წლის პირველი ნახევარი საშუალებას მოგცემთ განვითარდეთ როგორც პიროვნულად, ისე სოციალურად და ახალ სიმაღლეებზე ახვიდეთ. საინტერესო იქნება გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა. წლის მეორე ნახევარში ნუ იზარმაცებთ და ცხოვრების აქტიური რეჟიმის გამო ნუ მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი კარგად მიდის. მოსალოდნელია ახალი გამოწვევების წინაშე დადგეთ. მაქსიმალურ ყურადღებას ითხოვს სამსახურთან, ფინანსურ შემოსავლებთან, კრედიტებსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. წლის ბოლოს გადაწყვეტილებები ფრთხილად და ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეთ.

ტყუპი

მიმდინარე წელი თქვენთვის ერთი ციკლის დასრულების და ახალი ციკლის დაწყების ეტაპი იქნება. მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ შეძლოთ საუკეთესო თვისებების გამოვლენა. წლის პირველი ნახევარი მოიტანს ძველი კავშირების გადახედვას... არ არის გამორიცხული დაამყაროთ ახალი ურთიერთობები და წამოიწყოთ ახალი პროექტები. წლის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყება და პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც - მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების, განახლებისა და ქორწინების ალბათობა. ამ წელს თქვენი მიმზიდველობა ერთიორად მოიმატებს. წლის ბოლოს შეძლებთ წარსულში დაწყებულ პროექტებში წარმატებას მიაღწიოთ.

კირჩხიბი

წლის დასაწყისშივე გამოავლინეთ ორგანიზებულობა, რათა წინა წლიდან გადმოყოლილ პრობლემებს გაუმკლავდეთ. იმოქმედეთ ცივი გონებით - წარმატების მიღწევა თქვენი ემოციების მართვაზე იქნება დამოკიდებული. საბედისწერო შეცდომების ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანეთ, რადგან გაუარესებული საქმიანი ურთიერთობების გამოსწორება შესაძლოა წლის ბოლომდეც ვერ მოახერხოთ. წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით ბიზნესსა და ფინანსურ საქმეებში). ეს პერიოდი თქვენგან კრიზისის მენეჯერის უნარების გამოვლენას მოითხოვს. მნიშვნელოვანი იქნება ფიზიკური ვარჯიში, სწორი კვება, რათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გაუგებრობები გამორიცხოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი სექსუალურობა და თავდაჯერებულობა. ეს საშუალებას მოგცემთ პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსები შეიტანოთ.

ლომი

თქვენთვის განახლების, ახალი ურთიერთობებისა და სასიკეთო კავშირების დამყარების წელი იქნება. პირველ ნახევარში მოგიწევთ შეცვალოთ ხედვა, გამოავლინოთ ინიციატივები და საჭირო დროს გამოთქვათ პრეტენზიები. ასე იოლად შეძლებთ საჭირო იმიჯის შექმნას, რეპუტაციის გამყარებას და პოპულარობის მოხვეჭას. თუმცა არ არის გამორიცხული, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით პრობლემები შეიქმნათ... წლის მეორე ნახევარში მოიმატებს მოგზაურობის ალბათობა და შესაძლოა სწორედ ამ დროს გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, გაზარდოთ პირადი ცხოვრების განახლების ან გაძლიერების ალბათობა. ამ წელს მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. წლის ბოლო სასიკეთო იქნება სოციალურ პროექტებში მონაწილეობის მიღებისთვის.

ქალწული

იმისთვის, რომ წელი ორგანიზებულად დაიწყოთ, შეეცადეთ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და ძველ კრიზისულ სიტუაციებზე მაქსიმალური კონტროლი დაამყაროთ. ეს განსაკუთრებით ეხება სამსახურს, საქმიან გარიგებებს, ბიზნესს და შემოსავლებს. თქვენი ორიენტირი მომავლის ფორმირება უნდა გახდეს, თუმცა ყველაფრის ერთბაშად შეცვლას ნუ მოინდომებთ, წინ პატარა ნაბიჯებით იარეთ. წლის მეორე ნახევარში სიტუაცია დაბალანსდება. ადამიანებისგან მეტ ყურადღებას იგრძნობთ. მოსალოდნელია ძველი პრობლემების მოგვარება, ვალების გადახდა. საქმიანი მოლაპარაკებისას ნუ იქნებით კრიტიკული და ცინიკური, ეს ოპონენტებს გაგიმრავლებთ. წლის ბოლოს მეტი დაისვენეთ და აღიდგინეთ ენერგია...

სასწორი

თქვენს ცხოვრებაში 2021 წელი განვითარების, ახალი ჰორიზონტის დანახვისა და ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას მოიტანს. წლის დასაწყისში გაგიჩნდებათ იმ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, რომლებიც გასულ წელს თქვენს შეშფოთებას იწვევდა. გაძლიერდება თქვენი შემოქმედებითი ენერგია, კრეატიულობა, რაც დაგეხმარებათ გადადებულ საქმეებს ახალი ენერგია შთაბეროთ, ამასთან, განსაკუთრებით ხელოვნებასთან დაკავშირებული ახალი პროექტები წამოიწყოთ. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ახალი მეგობრები და პარტნიორები გაჩნდნენ... წლის მეორე ნახევარი მეტ თავდაჯერებულობას მოგიტანთ, რაც სასიკეთოდ აისახება პირად ცხოვრებაზე. ამასთან, გახდებით უფრო მოსიყვარულე და მეტ ემოციასაც გამოავლენთ. ეს საუკეთესო პერიოდი იქნება ახალი სასიყვარულო ურთიერთობების დაწყებისთვის, უკვე არსებულ ურთიერთობებში ახალი იმპულსების შეტანისა და შვილებთან დაკავშირებული საკითხების ჰარმონიულად მოგვარებისთვის. წლის ბოლოს შეძლებთ იურიდიული თუ სადავო საკითხების მოგვარებას.

მორიელი

წლის პირველი ნახევარი მიზნების მიღწევას რეალურს გახდის და მოსალოდნელია დაუკავშირდეს ოჯახში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. მოიმატებს საცხოვრებელი სივრცის განახლების ალბათობაც. კარგი დროა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვისა და მშობლებთან ურთიერთობების დალაგებისთვის... წლის მეორე ნახევარში მოგიწევთ განვლილი გზის გადახედვა და მასში კორექციის შეტანა. გაცილებით მნიშვნელოვანი გახდება სამსახური, კარიერა. იოლად შეძლებთ ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვას. გამახვილებული ინტუიცია სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. თუმცა არასასურველი იქნება დაპირისპირება, ამან შესაძლოა ფარული მტრები გაგიმრავლოთ და სკანდალამდეც კი მიგიყვანოთ. წლის ბოლო დინამიკური და შემოქმედებითი იქნება.

მშვილდოსანი

წლის დასაწყისში მოგიწევთ დიდი ინფორმაციის გაანალიზება, რათა სწორად შეაფასოთ პრობლემები, შემდეგ კი ამ ყველაფრის მოგვარების ეფექტიანი გეგმებიც მოიფიქროთ. თქვენი წინსვლა დამოკიდებული იქნება უახლოეს გარემოცვაზე. ამიტომ შემოიკრიბეთ ჭკვიანი და გაბედული ადამიანები. ნუ მოგერიდებათ ახალი იდეების გამოვლენის, თუმცა მოერიდეთ ხისტ მოქმედებებს. შეეცადეთ საქმიანი მოლაპარაკებისას მოქნილი იყოთ, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღოთ. წლის ბოლო პოზიტიური იქნება და გარკვეული მიმართულებით შეძლებთ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას.

თხის რქა

წლის დასაწყისშივე გააქტიურდება საქმიანი კავშირები. შეეცადეთ გააკონტროლოთ შემოსავლები და გასავლები, გადაიხადოთ ვალები. არ არის გამორიცხული მოიძიოთ დამატებითი ფინანსური შემოსავლები. სასიკეთო სიახლეები გელით სამსახურშიც. თუმცა წარმატება თქვენს მიზანსწრაფვაზე იქნება დამოკიდებული. თუ წლის პირველ ნახევარში შეძლებთ ძველი ფინანსური კრიზისების აღმოფხვრასა და ფინანსური სტაბილურობის მიღწევას, წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი წინსვლა გექნებათ. ამისათვის კი მოგიწევთ განაახლოთ ცოდნა, ან დაამყაროთ ახალი პარტნიორული ურთიერთობები. შეეცადეთ, გაუმართლებელ რისკზე არ წახვიდეთ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. წლის ბოლოს შეიძლება პრობლემა შეგექმნათ ხელმძღვანელობასთან. ამიტომ მეტად ტაქტიანი იყავით.

მერწყული

თქვენთვის კარდინალური ცვლილებების წელი იქნება. იწყება თორმეტწლიანი ციკლი, ამიტომ მაქსიმალური მობილიზება გმართებთ, რომ მოვლენებზე სრული კონტროლი დაამყაროთ. წლის პირველივე ნახევარში იგრძნობთ შემოქმედებით აღმაფრენას, ენერგიის მოზღვავებას და დაიწყებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. არ არის გამორიცხული გარკვეულ მოვლენებზე შეიცვალოთ ხედვა, ასევე შეიცვალოთ იმიჯი - შეიტანოთ ახალი შტრიხები თქვენს ვარცხნილობასა თუ ჩაცმულობაში. პრობლემების დროს პირველ რიგში საკუთარ გამოცდილებას დაეყრდენით. გაბედულად გამოავლინეთ ინიციატივები და თამამად იმოქმედეთ. წლის მეორე ნახევარში გააქტიურდებიან თქვენი სასიყვარულო პარტნიორები. მოსალოდნელია მიიღოთ ახალი შემოთავაზება, შეიცვალოთ სამსახური. ამ პერიოდში მოიმატებს ქორწინების ალბათობაც. წლის ბოლოს გადაღლას მოერიდეთ და შეეცადეთ დაკარგული ენერგია აღიდგინოთ.

თევზები

თუ გასულ წელს ცვლილებები დაგეგმეთ, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ განახორციელეთ, ამ წელს მოგიწევთ. წლის პირველ ნახევარში შეძლებთ წარსულის გაანალიზებას, ძველი პრობლემების მოგვარებას, ვალების გადახდას, პრობლემურ ურთიერთობებში გარკვევას, სადავო საკითხების მოგვარებას. ყურადღება გამოიჩინეთ ისეთ სიტუაციებში, სადაც გაზრდილი იქნება ჭორების, ინტრიგებისა და ფარული მტრობის ალბათობა. წლის მეორე ნახევარში მოიმატებს უცხოელებთან ურთიერთობებისა და მოგზაურობის ალბათობაც. არ არის გამორიცხული ეს დაკავშირებული იყოს სწავლასთან, საქმიან მოლაპარაკებებთან. მთავარია, ერთმანეთისგან გამიჯნოთ საქმიანი და პირადი ცხოვრება და ამ ორს შორის თქვენი დრო, ენერგია და ფული სწორად გადაანაწილოთ. წლის ბოლოს მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, ეს პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე, ამასთანავე, ახლობელი ადამიანები სრულიად სხვა, გაცილებით სასიკეთო კუთხით დაგინახავენ.

მოამზადა ასტროლოგმა

რამაზ გიგაური