მოსწავლეების სახალისო ფრაზები - კვირის პალიტრა

მოსწავლეების სახალისო ფრაზები

ნინო მესხორაძე საერთაშორისო აკადემია "ლოგოსის" დაწყებითი კლასების მასწავლებელია. 35 წლის წინ პირველად ჩაატარა გაკვეთილი სხვა მასწავლებლის ნაცვლად და ბავშვებს ისე შეაყვარა თავი, რომ სხვას ვეღარ ეგუებოდნენ. საინტერესო აღმოჩნდა პატარებთან ურთიერთობა, გაკვეთილი ისე არ ჩაივლიდა, რომ მოსწავლეებს რაღაც უცნაური არ ეთქვათ. ისიც იმახსოვრებდა კურიოზებს, სახალისო ფრაზებს და ბლოკნოტში იწერდა.

- 22 წლის ვიყავი, მასწავლებლად რომ დავიწყე მუშაობა. დიპლომი აღებულიც არ მქონდა, მე-3 ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა დედას (ამ სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელს) რომ სთხოვა, მე-3 კლასის მასწავლებელი დეკრეტულ შვებულებაში გავუშვი და სანამ შემცვლელს შევარჩევ, დროებით ნინო შევიდეს ბავშვებთან, გამოცდილებასაც მიიღებს და მომავალში იქნებ იფიქროს კიდეც მასწავლებლობაზეო. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ამ ატმოსფეროში ვტრიალებდი (ბაბუა და მამა სკოლის დირექტორები იყვნენ, დედა - მასწავლებელი), მაინც ძლივს დამითანხმეს... მოკლედ, შევედი მე-3 კლასში. მოსწავლეები თვალით მზომავდნენ, შეიძლებოდა თუ არა ჩემთან თავისუფლად ნავარდი. 40 ბავშვის 80-მა თვალმა ისე დამაბნია, წინასწარ მომზადებული ტექსტი, რითიც მათთან საუბარი უნდა დამეწყო, დამავიწყდა. ერთი სული მქონდა, როდის დაირეკებოდა ზარი, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობიდან ისევ მათ გამომიყვანეს თავიანთი გულწრფელი კითხვებით. აინტერესებდათ, რამდენი წლის ვიყავი, მყავდა თუ არა შეყვარებული და ვაპირებდი თუ არა ახლო მომავალში გათხოვებას. სამი კვირის შემდეგ მოიყვანეს მასწავლებელი და მეც დავემშვიდობე მოსწავლეებს, მაგრამ მათ არ მიიღეს ახალი მასწავლებელი. ისიც იძულებული გახდა, სკოლიდან წასულიყო. დამიძახეს ისევ მე. ორი-სამი კვირის მერე სხვა მასწავლებელი მოიყვანეს, მაგრამ ცოტა ხანში ისიც წავიდა. მოკლედ, ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ ბავშვებმა საბოლოოდ არ დამარწმუნეს, რომ უკვე შემეძლო მასწავლებლის პროფესიაზე მეფიქრა. ამასობაში დიპლომიც ავიღე და ამავე სკოლაში დავიწყე მუშაობა უკვე ჩემი სპეციალობით - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად ზედა საფეხურზე. მე და დედა, როგორც გითხარით, ერთ სკოლაში ვმუშაობდით, მე - ზედა საფეხურზე, ის - დაწყებით კლასებში. ხშირად შევაღებდი ხოლმე კარს მის კლასში, ხან გასაღების გამოსართმევად, ხან - ფულის. ჩემს დანახვაზე დედა არასდროს წყვეტდა გაკვეთილს და მეც იძულებული ვიყავი, მის სივრცეში ცოტა ხნით შემეჭყიტა. ამ დროს ბავშვებისგან საოცარ ფრაზებს ვისმენდი. საღამოს დედას ვახსენებდი და ისიც გულიანად იცინოდა. მოგვიანებით, როდესაც წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში დაწყებით საფეხურზე დავიწყე მუშაობა, ზუსტად ვიცოდი, როგორ გამანებივრებდნენ ბავშვები თავიანთი გამონათქვამებით. ჰოდა, მოვიმარჯვე წიგნაკი და შევუდექი წერას. ვინიშნავდი ყველაფერს: კურიოზებს, თბილ ეპიზოდებს, ვიმახსოვრებდი ცოცხალ დიალოგებს და გაკვეთილის ბოლოს ვიწერდი, მშობელთა კრებაზე კი ბავშვების ინტონაცითა და ჟესტიკულაციით ვუკითხავდი მშობლებს. იყო დიდი სიცილ-ხარხარი და ჟრიამული. მოგვიანებით, 2010-11 წლებში, "ბაქსვუდის" სკოლაში ყოფნისას, გია მურღულიას ხელმძღვანელობით სასკოლო სახელმძღვანელოებზე დავიწყე მუშაობა. დღის ბოლოს გადაღლილი ავტორები განსატვირთავად ვყვებოდით სახალისო ამბებს. ცხადია, მეც ვიხსენებდი ჩემი მოსწავლეების გამონათქვამებს. ერთხელაც მომიბრუნდა ბატონი გია და მკითხა, არ გინდა, ეს ყველაფერი "ფეისბუკზე" დაწეროო?... ჯერ პატარა ნაკვესი მოვსინჯე - მაინტერესებდა, როგორ მიიღებდა ჩემი სამეგობრო. რადგან პირველი სტატუსი მოეწონათ, მეორეც მოვსინჯე, მერე - მესამე და ასე დავაცარიელე ჩემი საგულდაგულოდ ნალოლიავები ბლოკნოტი. ამასობაში მკითხველიც გამიჩნდა და მეც მეტი რა მინდოდა - ვწერდი და ვწერდი. ახლა უკვე რამდენიმე ასეული ჩანაწერი მაქვს და მათ წიგნად გამოცემასაც ვაპირებ.

პირველი ჩანაწერი

ალექსანდრეს ვკითხე, შენს ოჯახში რამდენი სული ცხოვრობს-მეთქი. ხელები გაასავსავა და შეშინებული თვალებით მიპასუხა: "მაას, ჩემს ოჯახში სულები არ ცხოვრობენ!"

მასწავლებლის განმარტებითი ლექსიკონი

ლევანი: "მასწავლებელო, კობახიძემ მუცელი დამარტყმევინა სტადიონზე!"

მუცელი დამარტყმევინა - წამაქცია.

მარიამი: "მასწავლებელო, სუპიდან რომ ამოვალთ, ეზოში ჩაგვიყვანთ?"

სუპიდან ამოსვლა - სასადილოდან ამოსვლა.

ელენე: "მასწავლებელო, წითელი კალამი მაგიდაზე ჩართული დაგრჩათ!"

ჩართული კალამი - როდესაც კალამს წვერი უჩანს.

ირაკლი: "მე ეს ფანქარი არ მინდა იმიტომ, რომ მთლიანად ტანი აქვს გათლილი"."

მთლიანად გათლილი ფანქარი - ხისფერი ფანქარი.

თეკლა: "მასწავლებელო, ერთი ასო ყანაში გადამივიდა"."

ასოს ყანაში გადასვლა - წერის დროს წითელი ხაზის იქით მინდორში გადასვლა.

ანდაზები

განვიხილეთ ანდაზა: "ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო". ვისაუბრეთ ტყუილის მავნებლობაზე. ამ დროს გიორგი მეუბნება: "მას, ზოგჯერ ტყუილი აუცილებელია". მე: "დამისაბუთე, გიო, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ტყუილი გამართლებული"." გიორგი: "აი, მას, როცა ადამიანს ასლოკინებს, ტყუილს რომ ეტყვი, გაუვლის".

გავიხსენეთ ანდაზა:"აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი - ორივე ქურდიაო". შოთიკო მეუბნება: "ორივე ერთნაირად დამნაშავე არ არის. ნემსის ქურდი უარესია, ის თან ნარკომანიც არის და იმიტომ!"

ცუდი სიტყვაა, მასწავლებელო

პირველი კლასის მოსწავლეებთან საუბრისას თამამად ვიყენებ ყველა სიტყვას. არ მეშინია იმის, რომ 6 წლის ბავშვი ნათქვამს სხვაგვარად გაიგებს (ზედა კლასებში ყოველ სიტყვას ვაკონტროლებდი). მოკლედ, ბავშვებს ვუჩვენებ თითებს და ვუხსნი: ეს არის ცერა, ეს - საჩვენებელი. აი, შუა თითი უნდა ავწიო, მაგრამ გიორგი მიყვირის: "ეგ თითი არ აწიოთ, მაას!" დავინტერესდი: "რატომ, გიო?" გიორგი: "ცუდი სიტყვაა, მაას!" მე: "მოდი და ყურში მითხარი, რატომ არის ცუდი?" გიორგი მომიახლოვდა და ჩუმად მითხრა: "ჯობია, არ იცოდეთ, მაას!"

გველსა ხვრელით ამოიყვანს...

გიორგის თემაში ვკითხულობ: "მე ერთხელ მამას ვუთხარი, ოთარიძესთან გამიშვი-მეთქი. მამამ არ გამიშვა. მეორე დღეს ვუთხარი, მამა ძალიან გთხოვ, გეხვეწები, გემუდარები ოთარიძესთან გამიშვი-მეთქი და მამამ გამიშვა"."ნაწერში უჩვეულო თითქოს არაფერია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ თემის სათაურს, მიხვდებით, რატომაც ამოვიწერე გიორგის ფრაზები. თემის სათაურია: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი".

კამათში დაბადებული ჭეშმარიტება

ასო-ბგერა შ-ს სწავლებისას შეგვხვდა სიტყვა "მუშა". საბა: "მუშა არის, ყველაფერში რომ გესამსახურება". თეკლა: "მუშა აშენებს საერთოდ ყველაფერს". ირაკლი: "მუშამ კი არა, ღმერთმა ააშენა ყველაფერი და საერთოდ, ღმერთმა შექმნა სამყარო!" - ასე მასწავლეს ბაღში. ლუკა: "ღმერთმა შექმნა მუშა და მუშამ ააშენა ყველაფერი!"

ასეა - კამათში იბადება ჭეშმარიტება!

მეტეორი

ვისწავლეთ ასო-ბგერა მ. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე, დაეხატათ მ-ზე დაწყებული საგნები. ბავშვების მსჯელობა: "მოდით, დავხატოთ ნინო მასწავლებელი."მ-ასწავლებელი მ-გზავრობს მ-ეტროთი... მე მ-არშრუტკით დავხატავ..."

"მე: "კი მაგრამ, ბავშვებო, მ-ანქანა მ-ერსედესი ვერ გაიმეტეთ ჩემთვის? ორივე ხომ მ-ზე იწყება?" დემეტრე მეუბნება: "მასწავლებელო, მე თქვენ უნდა დაგხატოთ, მ-ინდორში რომ ხართ, თან მ-წვანეში". მე: "რა კარგია, დემე, და ზევიდან რა დამნათის მ ასოზე დაწყებული?" ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გახარებული დემეტრე: "მე დაგხატავთ, მინდორში რომ ხართ და ზემოდან მ-ეტეორი გეცემათ!"

ნინო ჯავახიშვილი