პროკურორი: "გადაწყვეტილებას თანხის განკარგვაზე იღებდა უშუალოდ სააკაშვილი" - კვირის პალიტრა

პროკურორი: "გადაწყვეტილებას თანხის განკარგვაზე იღებდა უშუალოდ სააკაშვილი"

"ყველა დოკუმენტს, რომლებიც დაკავშირებული იყო სააკაშვილის პირად ხარჯებთან, ჰქონდა გრიფი "საიდუმლო", რათა საზოგადოებას ეს არ გაეგო"

ამ საქმეზე ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად, დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა და დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყო. დოკუმენტური მასალა, რომლითაც ეს ხარჯი დასტურდება, მართლაც გაოცებას იწვევს. ბრალდების დეტალებზე პროკურორი ქეთევან ჩაჩავა გვესაუბრება.

- ქალბატონო ქეთევან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი ბრალდების საქმე განიხილება. რა ეტაპზეა განხილვა?

- მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. სასამართლოში საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. ბრალდების მხარემ დაამთავრა მტკიცებულებათა გამოკვლევა და ამჟამად დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.

- მუდმივად ისმის, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. რა მტკიცებულებებით მყარდება ბრალდებები? - სასამართლოში საქმის განხილვა, რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ჩვენ, ბრალდების მხარემ, სასამართლოს წარვუდგინეთ უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვის ფაქტი.

საქმეზე დაიკითხნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როგორც რიგითი თანამშრომლები, ასევე - მაღალი რანგის პირები, მათ შორის: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და სხვა. სასამართლოში წარვადგინეთ თითოეული ხარჯის ამსახველი დოკუმენტაცია: პატაკები, ანგარიშ-ფაქტურები, ქვითრები. გამოვიკვლიეთ აუდიტის სამსახურის კვალიფიციური აუდიტორების დასკვნა, რომლის თანახმად, 9 მილიონ ლარზე მეტი ბრალდებულების მიერ გახარჯულია არამიზნობრივად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ბრალდების მხარე ეყრდნობა არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს - ყველაფერი გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტაციით და უამრავი მტკიცებულებით. იმედი გვაქვს, საქმის სასამართლო განხილვა მალე დასრულდება, ბრალდებულები პასუხს აგებენ კანონის წინაშე და საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვასაც სათანადო პასუხი გაეცემა.

- სასამართლო პროცესი ბრალდებულის გარეშე გაგრძელდა, იმის მიუხედავად, რომ თვითონაც და დამცველებიც პროცესზე მის დასწრებას მოითხოვდნენ. ამით მისი, როგორც ბრალდებულის, უფლება არ ირღვევა?

- პატიმრის სასამართლო პროცესზე მიყვანა სპეციალური პენიტენციარული სამსახურის საქმეა. ამ საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიმართა, თუმცა შესაბამის სამსახურს ბრალდებული სააკაშვილი არ მოუყვანია. მიზეზებზე ოფიციალური განცხადება გააკეთა სპეციალურმა პენიტენციარულმა სამსახურმა. მინდა აღვნიშნო, რომ ბრალდების მხარის ინტერესია, ბრალდებულმა მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესებში. ეს ხელს უწყობს სამართლიან მართლმსაჯულებას. ბოლოს გამართულ პროცესზე პროკურორებმა შევთავაზეთ დაცვის მხარეს, სასამართლოს სხდომა ციხეში გამართულიყო ან გამოგვეყენებინა ტექნიკური საშუალებები და მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად მიეღო მონაწილეობა, რათა დაგვეცვა ბრალდებულის უფლებები და საჯაროობის პრინციპი, თუმცა დაცვის მხარემ ჩვენს წინადადებაზე დაუსაბუთებელი უარი განაცხადა.

- სააკაშვილი მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეს. ხომ არ იგეგმება, მორიგი სასამართლო სხდომა დისტანციურად ჩატარდეს? - როგორც მოგახსენეთ, ეს ბრალდებულის დამცველებს უკვე შევთავაზეთ, მაგრამ გაუგებარი მიზეზით უარს ამბობენ.

- კონკრეტულ ბრალდებებზე ვისაუბროთ... გავეცანით მნიშვნელოვან დოკუმენტებს, სადაც ხარჯებია ასახული. ამ მასალებით ჩანს, რომ სააკაშვილს პირადი სტილისტი ირანიდან ჩამოჰყავდა და ამაში სოლიდური თანხა იხარჯებოდა. დეტალებზე ხომ არ იტყვით რამეს? - გიდასტურებთ, რომ ამ პირის სტუმრობა სახელმწიფოს ბიუჯეტს ძალიან ძვირი - დაახლოებით 143.000 ლარი დაუჯდა. თანხა დაიხარჯა მის სამგზავრო ბილეთებზე, სასტუმროსა და კვებაზე.

- არანაკლებ სოლიდური თანხაა დახარჯული თავის მოვლის პროცედურებში... - 2009 წლიდან 2013 წლამდე ბრალდებულმა სააკაშვილმა სხვადასხვა ქვეყნის ძვირად ღირებულ კლინიკებში, კერძოდ: ნიუ-იორკის, მიუნხენის კანისა და ლაზერული ქირურგიის ცენტრში, მილანის დერმატოლოგიისა და პლასტიკური მიკროქირურგიის კლინიკაში, ინსბრუკის გამაჯანსაღებელ ცენტრში, ვაშინგტონის სამედიცინო ცენტრში, ლონდონის ლაზერულ კლინიკასა და ლონდონის სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩაიტარა კოსმეტიკური ეპილაციის, ნაოჭების საწინააღმდეგო ინიექციის, ბოტოქსის, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავების მრავალფეროვანი პროცედურები, ასევე - სპაპროცედურები, ლაზერული გამოკვლევები, ლაზერული მკურნალობა, დერმატოლოგიური გამოკვლევები, დერმატოლოგიური მომსახურება, გასახდომი პროცედურები და სხვა, რაც ბიუჯეტს 721.000 ლარზე მეტი დაუჯდა.

- სტრიპტიზის მოცეკვავეების ჩამოყვანაშიც დიდი თანხა დახარჯულა ქვეყნის ბიუჯეტიდან და ამ დოკუმენტებს ედო გრიფი "საიდუმლო". გამოძიებით ამ საქმის მეტი დეტალი ხომ არ გაირკვა? - ყველა დოკუმენტს, რომლებიც დაკავშირებული იყო სააკაშვილის პირად ხარჯებთან, ჰქონდა გრიფი "საიდუმლო", რათა საზოგადოებას ეს არ გაეგო. საქმის მასალებში არის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით თქვენ მიერ ნახსენებ პირებს აუნაზღაურდათ სასტუმროში განთავსების, კვების, სპაპროცედურების ხარჯები, ერთ-ერთს კი გადაეცა საჩუქრებიც. მათი სტუმრობა სახელმწიფოს 17.300 ლარზე მეტი დაუჯდა. აIსევე, როგორ სხვა შემთხვევებში, დანახარჯის ამსახველ დოკუმენტაციაში არ არის ნახსენები სტუმრის სტატუსი და არც ის არის ახსნილი, უსაფრთხოების რომელი ღონისძიება მოითხოვდა ამ თანხის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნებიდან გადახდას.

- ესპანელი მზარეულის ჩამოყვანა თითქმის 200.000 ლარი დაჯდა. რატომ იყო აუცილებელი მისი ჩამოყვანა, ვის მოემსახურა და ეს ხარჯი როგორ გაფორმდა? - დიახ, გიდასტურებთ, რომ ესპანელი მზარეულის ჩამოყვანა სახელმწიფოს ბიუჯეტს 200.000 ლარამდე დაუჯდა. მისი არა მხოლოდ მომსახურების, არამედ ბინის ქირის, ავიაბილეთებისა და თარჯიმნის მომსახურების ხარჯიც კი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან არის გადახდილი. გარდა ამისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შეძენილია ესპანელი სტუმრის მობილური ტელეფონიც.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბრალდებულ სააკაშვილს ზემოაღნიშნულ პერიოდში საპრეზიდენტო საქმიანობისას, მათ შორის, სტუმრების მიღების, მათი გამასპინძლებისა და სხვა წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ისედაც ჰქონდა გამოყოფილი 20 მილიონ ლარზე მეტი და პირადი მზარეულისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან თანხის გახარჯვა ჩვენ შევაფასეთ, როგორც დანაშაული.

- უცხოეთში მათი გართობის, მათ შორის, ველოსიპედებით სეირნობისთვისაც არის ხარჯი გაწეული... - დიახ, ბრალდების მხარემ სასამართლოს სხდომაზე წარადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც მრავლად გვხვდება სხვადასხვა გასართობ, ელიტურ კურორტზე იახტის, ველოსიპედებისა და ცხენების დაქირავების ფაქტები. მაგალითად, მექსიკაში, კანკუნში, ველოსიპედების, ცხენებისა და ტრენაჟორების დაქირავებისთვის დაიხარჯა 5.745 ლარი; მაროკოში სამი ველოსიპედისა და ცხენის დაქირავებისთვის - 2.000 ლარზე მეტი; აშშ-ში ველოსიპედების დაქირავებაში გადახდილია 6.000 ლარზე მეტი; იტალიაში, პიზაში, იახტის დაქირავებას დასჭირდა 25.237 ლარი და ა.შ.

- დაიკითხა თუ არა თემურ ჯანაშია, რომელიც ერთ-ერთი ბრალდებულია ამ საქმეში (დოკუმენტებზე მისი ხელმოწერებიც არის) და რა განაცხადა მან? - დიახ, ამ საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება 8.392.827 ლარის გაფლანგვის ფაქტი. ამ დანახარჯს ჩამოწერდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბუღალტერიაში, დაცვის წევრთაA პატაკების საფუძველზე, რომლებიც იწერებოდა სწორედ თეიმურაზ ჯანაშიას სახელზე. ეს ადასტურებს, რომ მან იცოდა ყოველი კონკრეტული დანახარჯის რაოდენობა და დანიშნულება. ვვარაუდობთ, რომ ბრალდებული ჯანაშია უახლოეს პერიოდში დაიკითხება სასამართლოს წინაშე და მას არაერთ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.

- ვინ განკარგავდა და ანაწილებდა ამ ხარჯებს? - გადაწყვეტილებას თანხის განკარგვაზე იღებდა უშუალოდ სააკაშვილი. სახელმწიფო დაცვის სამსახურისთვის თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილებაც მისი მიღებულია, რაც მისივე განკარგულებებით დასტურდება.