შვეიცარიული საათები ქართული გვარებით - კვირის პალიტრა

შვეიცარიული საათები ქართული გვარებით

"კოკა ფანჩულიძე: როგორც დრო არ მეორდება, თითოეული საათის ციფერბლატიც განუმეორებელი იქნება. უკვე ორი საათი ეწყობა შვეიცარიაში და ალბათ, მფლობელებიც მალე გამოუჩნდება. ჩვენი საათები პარიზისა და შვეიცარიის ქალაქების ბუტიკებში გაიყიდება..."

ფრანგული კომპანია Deguiret (დეგიღე)­ შვეიცარიულ საათებს მინანქრის ქართ­ველი­ ოსტატების, კოკა ფანჩულიძისა და ლიკა მესხის მონაწილეობით ააწყობს. თითოეული საათისთვის იქმნება ინდივიდუალური, განუმეორებელი მინანქრული კომპოზიცია და საათების უკანა მხარეს ამოტვიფრულია დიზაინერთა გვარები. მინანქრის ციფერბლატი უკვე გამოყენებული აქვს საათების მწარმოებელ რამდენიმე ცნობილ კომპანიას, თუმცა დიზაინერის ვინაობა არც ერთ საათზე არ აღნიშნულა. როგორც კომპანიის ფრანგ და ქართველ წარმომადგენლებთან საუბარში ირკვევა, მათი მიზანი საკოლექციო საათის სახით წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის შექმნაა.

"კავკასიისა და შვეიცარიის ალპების თავზე მანათობელი მზე სიმბოლურად აღნიშნავს ქართული და შვეიცარიული ხელოვნების შერწყმას"

ლუკას ღუაიე, კომპანიის წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი: "მინანქარი ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი, რომ ჩემი წარმოსახვა რეალობად სწორედ მინანქრული ხელოვნების ჩართვით მექცია. ამიტომაც ევროპის მასშტაბით დიდხანს ვეძებდი ამ საქმის ოსტატებს. ძიების პროცესში­ ინდივიდუალური სტილით­ ძალიან მიმიზიდეს ქართველმა ხელოვანებმა და ჩემი იდეის გასაცოცხლებლად, მხატვრების ძიება საქართველოში განვაგრძე. უამრავ,­ შესანიშნავ ევროპელ და ქართველ ხელოვანს გავეცანი, მაგრამ იდეაც და პროექტის კონცეფციაც ყველაზე ახლობელი კოკასა და ლიკასთვის აღმოჩნდა. ჩვენი თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგი მივიღეთ.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ დიზაინის შექმნის პროცესში სრული თავისუფლება ექნებოდათ. კომპანიაში ყველას მიგვაჩნია, რომ შემოქმედებით გონებას რაც მეტ თავისუფლებას მისცემ, მით უფრო შესანიშნავ ნაყოფს მოგცემს".

კომპანიის ლოგო - მთებს უკან ამომავალი მზე - სწორედ მხატვრების შერჩევის შემდეგ შექმნილა.

"კავკასიისა და შვეიცარიის ალპების თავზე მანათობელი მზე სიმბოლურად აღნიშნავს ქართული და შვეიცარიული ხელოვნების შერწყმას. ამიტომაც საათის უკანა მხარეს დიზაინერის სახელთან ერთად ორი ქალაქია აღნიშნული - Tbilisi da Porrentruy. მთებს­ სხვა დატვირთვაც აქვს, მინანქარი ხომ მინერალებისგან იწარმოება, რომელსაც მთები გვაძლევენ. ასევე შთამბეჭდავი სანახავია, როგორ ირეკლავს მზის შუქს მინანქარი", - ამბობს ლუკასი.

"ამ პროექტს შეიძლება ვუწოდოთ "გამოფენა საათებში"

მხატვარი კოკა ფანჩულიძე 1993 წლიდან­ დაეუფლა მინანქრის ხელოვნებას და შესანიშნავი ხელოვანის, ზაზა ლოდიას მოწაფეობით ამაყობს.

- უცხოეთში ხშირად თანამშრომლობას მთავაზობდნენ, მაგრამ მერე ქრებოდნენ. როდესაც ლუკასმა მინანქრის ციფერბლატით შვეიცარიული საათის შეექმნა შემომთავაზა, გავიფიქრე, ალბათ, ამ შესანიშნავ იდეასთან ერთად ისიც გაქრება-მეთქი, მაგრამ ერთ დღესაც დამირეკა, თბილისში ჩამოვდივარ, უნდა შევხვდეთო. ასე დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი.

saatebi2-1640528967.jpg

როგორც დრო არ მეორდება, თითოეული საათის ციფერბლატიც განუმეორებელია. ამ პროექტს შეიძლება ვუწოდოთ გამოფენა საათებში. მე არ ვქმნი საათის ტექნიკურ ნაწილს, მე მინანქრულ კომპოზიციაზე ვმუშაობ. ამიტომაც განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ საათებზე ჩვენი გვარები იტვიფრება.

საათის სპეციფიკიდან გამომდინარე, მინანქარი ძალიან თხელი გამოდის, არადა, სითხელე არ უყვარს - ტყდება. გვიხარია, რომ ეს პრობლემა გადაჭრილია. ამჯერად, მუშაობის პროცესში ვერცხლის ფირფიტას და ტიხრებს ვიყენებთ. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში ოქროც გამოვიყენოთ. უკვე ორი საათი ეწყობა შვეიცარიაში და ალბათ, მფლობელებიც მალე გამოუჩნდება. ჩვენი საათები პარიზისა და შვეიცარიის ქალაქების ბუტიკებში გაიყიდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიზაინის შექმნისას სრულიად თავისუფალი ვარ. მე სიმეტრია და ხალიჩის ორნამენტები მიყვარს. ვფიქრობ, საათს სიმეტრია უხდება.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ფრანგულ-შვეიცარიულ-ქართული კოლაბორაცია შედგა და საათები ქართული ხელოვანების მონაწილეობით იქმნება.

"უცებ დროში მოგზაურობასთან ასოციაცია გამიჩნდა"

მსახიობ და ხელოვნებათმცოდნე ლიკა მესხს ერთხელაც არ უმუშავია თავისი პროფესიით, რადგან მალევე აღმოაჩინა მინანქრის ხელოვნება და ერთიანად გადაეშვა ექსპერიმენტების ზღვაში. შესანიშნავი შემოქმედების ავტორი კმაყოფილია სიახლით, უფრო მეტად კი თავისუფლებით, რომელსაც დამკვეთი აძლევს.

- როდესაც ლუკასი პროექტზე მელაპარაკებოდა, უცებ დროში მოგზაურობასთან ასოციაცია გამიჩნდა და ასე გამოისახა ცნობიერებაში დროის მანქანა, ხომალდი არსაით, კოსმოსი, მატარებელი და ზოგადად ფანტასტიკა, რომელიც ერთ დროს შესაძლოა სინამდვილედაც კი იქცეს. ცხადია, პირველ რიგში სასიამოვნოა, როდესაც საინტერესო პროექტზე თანამშრომლობას გთავაზობენ, მაგრამ უფრო მომხიბლა ლუკასის მიდგომამ, რომ მას სურდა საათის, როგორც ხელოვნების ნიმუშის შექმნა, სადაც მხატვრის როლი უნდა წამოწეულიყო, მხატვარი არ დაკარგულიყო. საუბრის დროს განსაკუთრებით აღნიშნავდა ამ მოთხოვნას. როდესაც გინდა, რაღაც უნიკალური შექმნა და თანაც ხელოვნების ნიმუში, შეზღუდვები ყველაფერს აფუჭებს. ამიტომაც განსაკუთრებით სასიამოვნოა კომპანია Deguiret-თან მუშაობა, თანაც საქართველოს სახელით. სხვა ქართველ მხატვრებსაც შეუსრულებიათ ცნობილი ბრენდების დაკვეთა, შეუქმნიათ მინანქრული ციფერბლატი, მაგრამ მათ არც შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდათ, პირდაპირ მზა კონცეფციას აძლევდნენ შესასრულებლად და მხატვრების ვინაობაც არ აღნიშნულა საათებზე.

p.s. კომპანია არ გამორიცხავს, რომ პროცესში სხვა მხატვრებიც ჩართოს. ამას ალბათ, საკოლექციო საათებზე მოთხოვნა განაპირობებს. თითოეული საათის დამზადება ხანგრძლივ შრომას მოითხოვს, ჯერ დიზაინერისა და შემდეგ ამწყობების მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს გამო.