"მონიკა სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ხიზილალით დაფარული. როგორც კი ფოტოგადაღება დავასრულეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით..." - კვირის პალიტრა

"მონიკა სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ხიზილალით დაფარული. როგორც კი ფოტოგადაღება დავასრულეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით..."

"მონიკა სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ხიზილალით დაფარული. როგორც კი ფოტოგადაღება დავასრულეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით, ეს როგორ უნდა გადავყაროთო... მონიკამ გვითხრა, შეგიძლიათ მიირთვათო, ასე რომ, ყველანი ხელით ვიღებდით მონიკა ბელუჩის ტანიდან ხიზილალას... ისე ვიმხიარულეთ! ამ გადაღებისთვის წაღებული მქონდა შამპანური. ისიც გავხსენით და კარგად მოვილხინეთ..."

მონიკა ბელუჩის, კრისტი ტარლინგტონის, ნაომის, ჯულია რობერტსის და სხვა მრავალი ჰოლივუდის მსახიობის ცნობილი ფოტოების ავტორი წარმოშობით იტალიელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ფოტოგრაფი ფაბრიციო ფერია. 1991 წელს მან ნიუ-იორკში დააარსა მულტიფუნქციური სტუდია "ინდუსტრია", რომელიც დღესაც ფოტოგადაღებების მნიშვნელოვანი­ ცენტრია. ფაბრიციო­ ფერი "კვირის პალიტრის" მკითხველს კადრს მიღმა ამბებს ნიუ-იორკიდან მოუთხრობს.

პირველი ფოტო

monika5-1640533531.jpg

ფოტოგრაფობა შემთხვევით დავიწყე. ჩემი თანაკურსელი იყო გატაცებული ბნელ ოთახში ნეგატივების გამომჟღავნებით და მთხოვა, გადამეღო რამდენიმე ფოტო, რომ მერე დაებეჭდა - ეს პროცესი მოსწონდა.­ მაშინ 17 წლის ვიყავი და აქტიურად ვმონაწილეობდი სტუდენტურ მოძრაობაში. მუდმივად ვესწრებოდი დემონსტრაციებს. ერთხელ რომში ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა აქციაზე და სწორედ ამ აქციას უკავშირდება ჩემი პირველი ფოტოც - გადავიღე კაცი, რომელსაც ბავშვი ჰყავდა მხრებზე შემოსმული, ის ნიკაპით მამის თავს ეყრდნობოდა. ორი თავი ერთმანეთის მიყოლებით ჩანდა, მამისა და შვილის, ქალი კი, ალბათ, ბავშვის დედა, ქმარს ეხუტებოდა, თავი ჰქონდა მის მხარზე მიყრდნობილი. ეს სამი სახე იყო ჩემთვის სრულიად გამორჩეული ნახევარ მილიონ ადამიანში. ეს იყო პირველი ფოტო და რატომ გადავიღე, იცით? განსაკუთრებული ემოცია ვიგრძენი. იმ დღეს მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, გადაიღო ყველაფერი, რაც შენ თვალწინაა, არამედ აღიქვა და ემოცია იგრძნო.

- ინახავთ ამ ფოტოს?

- სამწუხაროდ, დავკარგე ერთი სტუდიიდან მეორეში გადაბარგებისას. ეს ფოტო მაშინ გაზეთში გამოქვეყნდა და ახლა არქივში ვეძებ. მე ვიღებ ადამიანთა­ ემოციებს, ჩემი ნამუშევრებით მოვუთხრობ სხვებს მათ შესახებ. რაც შეეხება ინსპირაციას, ეს ძალიან პირადულია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ინსპირაციაა შუქი. ფოტოგრაფი მიჰყვება შუქს ზუსტად ისე, როგორც სერფერი - ტალღებს. შემდეგი ინსპირაციაა ქალი და კაცი, ამიტომ კასტინგს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მოდელები საოცარი ესთეტები არიან.

შავი ხიზილალით დაფარული მონიკა ბელუჩი

- ამ ფოტოზე მონიკა ბელუგას შავი ხიზილალითაა დაფარული. გადაღების შემდეგ შემოქმედებითმა ჯგუფმა ხიზილალის ჭამა დავიწყეთ.

- მგონი, არ არის იოლი, შენ წინ შიშველი­ მონიკა ბელუჩი იდგეს და ხიზილალას მიირთმევდე...

monika-1648645960.png

- პირიქით, ძალიან იოლია. მონიკა სრულიად შიშველი იყო, მხოლოდ ხიზილალით დაფარული. როგორც კი ფოტოგადაღება დავასრულეთ, შევხედეთ ერთმანეთს და ვთქვით, ეს როგორ უნდა გადავყაროთო. ძვირად ღირებული გადაღება იყო. მონიკამ შემოგვხედა და გვითხრა, შეგიძლიათ მიირთვათო, ასე რომ, ყველანი ხელით ვიღებდით მონიკა ბელუჩის ტანიდან ხიზილალას, თუმცა ყველა არა - მე, ვიზაჟისტი და სტილისტი. ისე ვიმხიარულეთ! ამ გადაღებისთვის წაღებული მქონდა შამპანური. ისიც გავხსენით და კარგად მოვილხინეთ. მონიკა ისეთი სასაცილოა! როგორც კი გაიცნობ, სიცილით მოკვდები! ის ურთიერთობს იუმორით, არის ძალიან საყვარელი, უშუალო, დაუჯერებლად კომუნიკაბელური. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ. მე აღმოვაჩინე ის, როდესაც 16 წლის იყო, ასე რომ, ვენდობით ერთმანეთს, ჩემი გულითადი მეგობარია და იოლია მასთან მუშაობა.

- ყველაზე ბუნებრივი მონიკა სწორედ თქვენს ფოტოებზეა. იმიტომ, რომ დიდი ხნის მეგობრები ხართ, თუ თქვენ უქმნით გარემოს, რომელშიც თამაში არ სჭირდება?

- ალბათ, ორივე. მე პატივს ვცემ ჩემს გმირებს. როდესაც პატივს სცემ ვინმეს, მას დამალვა, ემოციების დაფარვა არ სჭირდება. საიდუმლო "ინგრედიენტი" სწორედ პატივისცემაა.

როდესაც მონიკა აღმოვაჩინე, რთული პერიოდი ჰქონდა - მოდელობა სურდა, თუმცა მისი სხეულის განსხვავებული პარამეტრების გამო მოდელებისთვის განკუთვნილ სამოსს ვერ ირგებდა. როდესაც შევხვდი, გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, ის ნამდვილი მშვენიერებაა!" ჩვენ წავედით ჩემს სახლში პანტელერიაზე, სამხრეთ სიცილიაში­ და რამდენიმე ლამაზი ფოტო გადავუღე. მას შემდეგ ასე გრძელდება, სულ ვუღებ. ახლაც ახალი ფოტოსესია გვაქვს დაგეგმილი. მონიკა აღარ არის გოგონა, ის ახალგაზრდა ქალია; მისი სხეული მოდუნდა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ კვლავ ძალიან ლამაზია, ასე რომ, გვინდა ახალი ფოტოები გადავიღოთ, სადაც შიშველი იქნება. ის მენდობა და თვითონ მთხოვა გადაღება.

ატირებული ჯულია რობერტსი

monika4-1640533531.jpg

- ჯულიასთვის ფოტოები უნდა გადამეღო და არ მინდოდა, ისინი­ ყოფილიყო­ ჩვეულებრივი, სადაც ჯულია იღიმის, რადგან­ ყველა მის ღიმილს იღებს.­ ჯულია ქალია და ის არამხოლოდ იღიმის. ჩემთ­ან სტუდიაში, რა თქმა უნდა, ღიმილით მოვიდა.­ დავაყენე განათება. ის ბუნებრივად­ მოეწყო, ჩვენ გადაღება დავიწყეთ, მაგრამ ჯულიამ იგრძნო, რომ მე მასში ქალს ვეძებდი და არა - მოღიმარ მსახიობს­ და ცრემლი მოადგა. გადაღებებისას ასე არასდროს დამმართნიაო, მითხრა. რა გატირებს-მეთქი, გავოცდი. სევდა მომაწვა, როდესაც მივხვდი, რომ ეს ფოტოსესია მალე დასრულდებაო... ფოტოსესია მალე დასრულდება, მაგრამ მე კარგი მზარეული ვარ და ჩემთან გეპატიჟები იტალიურ პასტაზე-მეთქი. გაუხარდა, გამიღიმა და წავედით ჩემს სახლში, ცენტრალ პარკთან. ჩემს ბინას დიდი ვიტრაჟები ჰქონდა. ისე მქონდა მოწყობილი, რომ ჩამოჯდებოდი, ხედით დატკბებოდი და დაისვენებდი. ჯულია ჩამოჯდა ვიტრაჟების წინ და ჩაეძინა. როცა გაიღვიძა, სად ვარო, მკითხა. იმ საღამოს პასტა მოვუმზადე და კარგ ღვინოსთან ერთად მივირთვით. მას შემდეგ ვმეგობრობთ.

mmonika3-1640533610.jpg

გეგმებს რაც შეეხება, ამჟამად მუშაობას­ ვიწყებ დედოფალ ელიზაბეტის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე. ეს დიდი პროექტია. გადაღებები ლონდონში მალე დაიწყება, აპრილში კი ფილმი ეკრანზე გამოვა.

შეხვედრა ქართველებთან

19 წლის ვიყავი, როცა რუსულის სწავლა გადავწყვიტე, რადგან ჩემი საყვარელი მწერლები იყვნენ ტოლსტოი და დოსტოევსკი. ისე ვიყავი მათი შემოქმედებით მოხიბლული, რომ გადავწყვიტე, რუსეთში მემოგზაურა.

1971 წელს გავემგზავრე რუსეთში. მოსკოვი, სამარყანდი, ტაშკენტი, დუშანბე და რამდენიმე ქალაქი მატარებლით უნდა შემომევლო. ამ მოგზაურობის დროს გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები - ქართველები, რომლებიც რამდენიმე დღით შემოუერთდნენ მატარებელს. ყოველი საღამო მთავრდებოდა ქეიფით. მეგობარო, მოდი, დავლიოთ ერთად, - მეტყოდნენ ხოლმე და რამდენიმე საათში აღარაფერი მახსოვდა. დილით ვიღვიძებდი სრულიად შიშველი და დამლაგებელი გოგონები დამცინოდნენ, თუმცა როგორ მემართებოდა ეს, არ მახსოვს. საუკეთესოდ მახსენდება ის რამდენიმე დღე, რომელიც ქართველებთან ერთად გავატარე.

- ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გილოცავთ ახალ წელს!

- ჩვენ, ყველანი, ვინახავთ ფოტოებს ტელეფონში. მე ვისურვებდი, რომ ემოციები გულში შევინახოთ, ცოცხლად. ყველას გილოცავთ შობა-ახალ წელს!

monika-1640533530.jpg