"გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც მიყვარდა, შემდეგ ბავშვები გაჩნდნენ..." - კვირის პალიტრა

"გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც მიყვარდა, შემდეგ ბავშვები გაჩნდნენ..."

დაბალი საფეხურებიდან დაწყებული კარიერა

ემოციური და სამართლიანი მადონა კოიძე განსაკუთრებულად პოპულარული ტელეგადაცემიდან - "სახალხო კონტროლი" გახდა. ქალბატონ მადონას ფულის მნიშვნელობა-საჭიროებაზე, მატერიალურ დამოუკიდებლობასა და არაკეთილსინდისიერი მუშაობის დამალვის სანაცვლოდ, მისთვის თანხის შემოთავაზების მცდელობის შემთხვევებზე ვესაუბრეთ...

- ფულის მნიშვნელობა და საჭიროება ალბათ, სკოლის ასაკიდან გავაცნობიერე. დედა ასე მზრდიდა: თვიდან თვემდე თანხის გარკვეული ლიმიტი მქონდა გამოყოფილი და შედეგად, ძალიან კარგად ვისწავლე, რომ ფულს გადანაწილება სჭირდება.

- საკუთარი შემოსავლის გაჩენის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი. როგორც კი სკოლა დავამთავრე, მაშინვე მუშაობა დავიწყე. იმ პერიოდში სამუშაო სტაჟის გარეშე, უნივერსიტეტში ჩაბარება შეუძლებელი იყო: აუცილებლად გარკვეული სტაჟი უნდა გქონოდა და პროფესია გააზრებულად აგერჩია... ასე რომ, უნივერსიტეტში გააზრებულად ჩავაბარე - ნამდვილად ვიცოდი, რომ ჩემთვის კვების ტექნოლოგია საინტერესო იყო.

madona-4-copy-1644479665-1644999643.jpg

- სტაჟირება სად გაიარეთ?

- საკონსერვო ქარხანაში. კულინარიულ "ცეხში" ვმუშაობდი. სკოლის მოსწავლეს წამყვან პოზიციებზე არავინ დამნიშნავდა. ძალიან შეძლებული ოჯახი მყავდა, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე: მუშაობის ის 3 თვე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო - საკუთარი შემოსავალი მქონდა და ფულის ყადრი ვისწავლე. მშობლების უზომოდ მადლობელი ვარ. მივხვდი, რომ ადამიანმა შრომის ფასიც უნდა იცოდეს და მის მიერ გაწეული ნებისმიერი შრომა ადეკვატურად უნდა ანაზღაურდეს. ჩემი თავის ფასიც იქვე ვისწავლე...

- თუ გათვალეთ, რამდენად შემოსავლიანი იქნებოდა თქვენ მიერ არჩეული პროფესია?

- ჩემთვის საქმისადმი ინტერესიც და შემოსავლიანობაც თანაბრად მნიშვნელოვანი იყო... საერთოდ, ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი შრომის ფასი უნდა იცოდეს და ადეკვატური გასამრჯელო მიიღოს.

- სტუდენტობისას მუშაობდით?

- პირველ 4 კურსზე სწავლისას არსად მიმუშავია - მთლიანად სწავლაში ჩაფლული. წარმატებული სტუდენტი გახლდით. სწავლის ბოლო 2 წელი ნაყინის დიდ ქარხანაში ვიმუშავე - საკონდიტროში, ნაყინის დიდ საამქროში ვიყავი. ეს საკმაოდ საინტერესო გახლდათ. რაკი უკვე გარკვეული განათლება მიღებული მქონდა, ჩვეულებრივი მუშა კი არა, ცვლის უფროსი ვიყავი. ის საქმე მაბედნიერებდა: კოლექტივში ქალები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ლამაზ ტორტს შექმნიდა, ლამაზ დიზაინს მოიფიქრებდა... ძალიან აზარტული იყო! სულ მინდოდა, რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა - პატარა დეტალი შემექმნა, რაც ასე ვთქვათ, ჩემი სავიზიტო ბარათი იქნებოდა... 20 წლის გოგოსთვის ხალხთან ურთიერთობა და მუშაობა საინტერესო იყო... მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც ცხოვრებაში, კარიერაში წარმატების მიღწევა სურს, მუშაობა ქვედა საფეხურებიდან უნდა დაიწყოს. როგორც აღვნიშნე, საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, მშობლებს ოდესმე პრივილეგირებულ სიტუაციაში ჩავეყენებინე. სულ იმას მასწავლიდნენ, რომ მიზნისთვის დამოუკიდებლად უნდა მიმეღწია და არა - ვინმეს დახმარებით. ეს რჩევა გამომადგა: როდესაც რუსეთიდან, სადაც ბავშვობა გავატარე, საქართველოში დავბრუნდი, მაშინ (სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები დღესაც ხდება) კარიერის "გაკეთებაში" ან მშობელი გეხმარებოდა, ან - მეგობრები... მარტივად რომ ვთქვათ, ვიღაც ზურგს გიმაგრებდა. ჩემს შემთხვევაში, ასე არ ყოფილა: ნულიდან დავიწყე. ყველაფერს შრომით და ძლიერი, მებრძოლი ხასიათით მივაღწიე. დღემდე არ მეთაკილება, რომ თუკი გარკვეულ საკითხებში ვერ ვერკვევი, ჩემზე ბევრად მცოდნე ადამიანებს დავურეკო და კონსულტაციები მათგან მივიღო - საკითხში სიღრმისეულად გავერკვიო.

koidzee.jpg

- საქართველოში თქვენი კარიერა როგორ აეწყო, სამსახური როგორ იპოვეთ? ოდესმე "სივი" გაგიგზავნიათ?

- როცა მუშაობა დავიწყე, მაშინ "სივის" გაგზავნა არ ხდებოდა... საქართველოში დავბრუნდი და დავოჯახდი: გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც მიყვარდა, შემდეგ ბავშვები გაჩნდნენ... გარკვეული პერიოდი, ვიდრე ბავშვები სკოლაში შევიდოდნენ, ჩვეულებრივი დიასახლისი გახლდით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციაში - "მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია" - მოვხვდი. იქ უკვე საფეხურ-საფეხურ ავდიოდი... გარკვეული პერიოდის მერე, "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია" შეიქმნა, რომელსაც სათავეში ჩავუდექი...

- "სახალხო კონტროლს" რაც შეეხება, კვების ობიექტში მომუშავე პერსონალის არაკეთილსინდისიერი მუშაობის ამსახველი სიუჟეტის ეთერში არგაშვების სანაცვლოდ, ფული შემოუთავაზებიათ?

- რომ გითხრათ, - არა-მეთქი, დამიჯერებთ? მით უმეტეს, საქართველოში ყველას უკან დიდი სანაცნობო, სამეგობრო დგას. მიუხედავად ამისა, ყველას (მათ შორის - ჩემი ოჯახის წევრებსაც) გაცნობიერებული აქვს, რომ ჩემს საქმიანობაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიონ... ითხოვენ ხოლმე, - შეგიძლიათ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სარეკლამო სიუჟეტი მოამზადოთ, რადგან საზოგადოება ძალიან გენდობათ და თქვენს გადაცემას დიდი რეიტინგი აქვსო, უბრალოდ, მიკვირს და ძალიან ვბრაზდები: არ არსებობს ანაზღაურება, რაც ხალხის სიყვარულის ტოლფასი იქნება - ეს გამორიცხულია. ხალხის ნდობა შეუფასებელია! თავიანთი ბიზნესის საკეთილდღეოდ, ფაქტობრივად, იმას მთავაზობენ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება რისკის ქვეშ დავაყენო. მაყურებელი მგრძნობიარეა: კარგად ხვდება თამაშს... სხვათა შორის, ახლახან იუმორისტული საახალწლო "სკეტჩი" გადავიღეთ. გამიჭირდა, სულ მეცინებოდა. გადაღება ბევრჯერ შევწყვიტე, რადგან თამაში ჩემთვის მარტივი არ არის - სხეულის ყველა უჯრედით ვგრძნობ, რასაც ვაკეთებ. ჩვენი პროდიუსერი - მარიკა ხიდურელი და ჟურნალისტი - ლიზა ვადაჭკორია სულ მეჩხუბებიან - არ შეგიძლია, უბრალოდ ილაპარაკო და ემოცია "კისრის ქვემოთ არ ჩაუშვაო"? არ შემიძლია. გადაცემით მთლიანად დამუხტული ვარ. ჩემი ყოველი ქმედება აბსოლუტურად გულწრფელია. წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი არაფერია. საახალწლო "სკეტჩის" გარდა, "სახალხო კონტროლში" დუბლი უბრალოდ, არასოდეს გადაგვიღია: ყველაფერს ისე ვიღებთ, როგორც რეალურად არის. რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ, რასაც ვგრძნობ, იმ ემოციას გამოვხატავ... პირიქით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ემოციები ეკრანზე უფრო შესუსტებულია - რეალურად, ბევრად მძაფრად განვიცდი, მაგრამ მესმის, რომ კამერის წინ ვდგავარ და საზოგადოება მიყურებს. ამიტომ ვცდილობ, რაღაცნაირად, თავი მოვთოკო...

madonas-vaji-1-copy-1644999431.jpg
მადონა კოიძის ვაჟი

- ფინანსური თვალსაზრისით, კრიზისული პერიოდები გქონიათ? როგორ უმკლავდებით ხოლმე?

- კარგად იცით და ამაში ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენს სამუშაო სფეროში შრომის ანაზღაურება საკმარისი არ არის - მცირეა. თანხას არ დავასახელებ, მაგრამ ჩვენს შრომასთან შედარებით, სასაცილო გასამრჯელოს ვიღებთ...

- ჟურნალისტიკის სფეროში თუ კვების ტექნოლოგიაში?

- არა, კვების ტექნოლოგიაში ათმაგი ანაზღაურებაა, თუმცა არ შეიძლება, მაგალითად, 1 ხელით ამოწმებდე, მეორით კი რეკომენდაციებს უწევდე და ამაში თანხას იღებდე. ეს უკვე ბიზნესინტერესთა კონფლიქტია. ასე მოქცევის შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ობიექტური ვეღარ ვიქნები...

ჩემი შვილები უკვე დიდები არიან: გოგო გათხოვილია, თავისი ოჯახი აქვს. წარმატებული ადამიანია. მეუღლესთან ერთად, ოჯახს მატერიალურად თავად უზრუნველყოფს. ჩემს 30 წლის ვაჟსაც საკუთარი შემოსავალი აქვს. მყავს მეუღლე, რომელსაც, რა თქმა უნდა, თავისი პასუხისმგებლობები და შემოსავალი აქვს. ერთიანად, ფონს გავდივართ...

- გაქვთ სისუსტე, რაშიც შეგიძლიათ, თანხა თამამად დახარჯოთ და თვიდან თვემდე გაწერილი გეგმა დაივიწყოთ?

- ჩემი სისუსტე სამზარეულოს ატრიბუტებია. თუ რამე მომეწონა, ყველაფერი მავიწყდება - შემიძლია, საკმაოდ სოლიდური თანხები გადავიხადო, უკან არ დავიხიო, რადგან სამზარეულოში ლამაზი ნივთები მიყვარს.

- აღნიშნეთ, რომ თქვენი შვილები ფინანსურად დამოუკიდებლები არიან. როგორ მიეცით მიმართულება, რომ დამოუკიდებელი, რეალიზებული ადამიანები ყოფილიყვნენ?

- მიმართულება სწავლაში მივეცი. მიმაჩნია, რომ შვილის განათლებაში თანხის "ჩადება" კარგი დაბანდებაა (რეპეტიტორები, უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა...). ახლა ორივეს სწავლის გაგრძელება უნდა, ასევე - უცხო ენებში ცოდნის გაღრმავება... სიმართლე გითხრათ, ცოტათი გული მწყდება, რომ განსაკუთრებულად ჩემს ქალიშვილს - ლიკუნას თავისებური კომპლექსი აქვს: სულ ეშინია, მადონა კოიძის ჩრდილქვეშ არ მოექცეს. ამიტომ ცდილობს, არ დააფიქსიროს, რომ ჩემი შვილია და ყველა საფეხური დამოუკიდებლად აიაროს. ამის საფუძველზე საკმაოდ წარმატებულ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. მომწონს, რომ დღესაც ბევრს კითხულობენ და საკუთარ თავზე ბევრს მუშაობენ.

- ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანებს არჩეული საქმე აღარ მოსწონთ ხოლმე. ასეთი პერიოდი გქონიათ?

- ბევრჯერ მიფიქრია, ხომ არ გავჩერდე, მხოლოდ ფედერაციის საქმიანობას ხომ არ დავუბრუნდე-მეთქი?.. ყოველდღიურად ასობით წერილს ვიღებთ, ყველა დახმარებას ითხოვს - თქვენი იმედი გვაქვსო. უბრალოდ, როდემდეც ძალა მეყოფა, მინდა, ადამიანებს იმედი არ გავუცრუო და რაც შემიძლია, ბოლომდე გავაკეთო. ალბათ, ამის დროც მოვა - გავჩერდები და უფრო მშვიდ, წყნარ ცხოვრებას ავირჩევ, რომელიც მერწმუნეთ, ათმაგად შემოსავლიანი იქნება და მეტ საშუალებას მომცემს, ოჯახთან ვიყო, საკუთარ თავს მივხედო... სამწუხაროდ, გადაცემის გამო, ჩემი, მარიკასა და ლიზას დროის უმეტესი ნაწილი საზოგადოებას ეკუთვნის...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"