"ბებიაჩემი, მედიკო ჩახავა გიჟდებოდა, დახეულ ჯინსებში რომ მხედავდა" - კვირის პალიტრა

"ბებიაჩემი, მედიკო ჩახავა გიჟდებოდა, დახეულ ჯინსებში რომ მხედავდა"

ანუკა მურვანიძემ განათლება ევროპაში მიიღო და წლებია, ვიზაჟისტის პროფესიას ემსახურება. ამბობს, რომ "გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გარემო და საზოგადოება ე.წ. თინეიჯერულ პერიოდში, თორემ როცა უკვე ჩამოყალიბებულია პიროვნება, რთულია სტერეოტიპი დაუნგრიო და სხვა რელსებზე გადაიყვანო".

- თეატრში ვიზრდებოდი, ჩემი გემოვნება უფრო თეატრალური შეხედულებით, კინოს პერსპექტივიდან ყალიბდებოდა... მამაჩემი - მურაზ მურვანიძე მოგეხსენებათ, მხატვარი გახლავთ და მუდამ მის სახელოსნოში ვიყავი... სულ სხვაა ამდენ ნამუშევარს, ფერთა გამას რომ ხედავ, თუნდაც შენ თვალწინ კოსტიუმი რომ იქმნება... ეს ყველაფერი გავლენას ასაკში ახდენს, თორემ თინეიჯერობისას ვცდილობდი ჩემი გამეტანა...

მახსოვს ბებიაჩემი, მედიკო ჩახავა ამბობდა, უნდა იპოვო შენი სტილი, ჩაცმის ხასიათიო... გიჟდებოდა, დახეულ ჯინსებში რომ მხედავდა. 80-იან წლებში უკვე მოდაში იყო დახეული ჯინსები და მამაჩემიც არანაკლებ ღელავდა, - ეს რა თაობაა, როცა მოდაშია ეს ყველაფერიო... ახლა ისევ დაბრუნდა მაშინდელი ტენდენციები და აღარავის უკვირს. ჩემი ოჯახის წევრებს დახეული ჯინსი ხომ არ მოსწონდათ, მაგრამ არც მიშლიდნენ. ბავშვი თავისას ეძებს და არ უნდა დაუშალო, რომ მოვიდეს თავის სტილამდე. ჩემს შემთხვევაში გემოვნების ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდი როლი თავისუფლებამ ითამაშა. რა თქმა უნდა, იყო შენიშვნები, მაგრამ აკრძალვა არაფერზე მქონია...

- როგორც ვიცი, საქართველოში ერთადერთი ხართ, ვისაც ვიზაჟისტის პროფესიული განათლება ევროპაში გაქვთ მიღებული...

- დიახ, პირველი ვარ და არა უკანასკნელი... დავამთავრე ამსტერდამის - Le Comte & Weilers სკოლა, რომელიც 90-იანების ბოლოს დაიკეტა. ასევე, პარიზის Makeup Forever...

ახლა დიდი ყურადღება ექცევა მაკიაჟს, პოპულარულია და ეს მიხარია, რადგან თავის დროზე მოშიშვლებულ მოედანზე მიწევდა ყვირილი, - ეს საჭირო და აუცილებელია-მეთქი... 1996 წელს პირველი ჯგუფი ავიყვანე და დავიწყე მაკიაჟის სწავლება. არ ვაპირებდი პედაგოგობას, მაგრამ დრომ და მოთხოვნილებამ მოიტანა. მინდოდა თუ არა, უნდა გამეკეთებინა, რადგან სატელევიზიო მაკიაჟის შესწავლაზე მოთხოვნა იყო.

- მოგზაურობისას რომელი ქვეყნებია თქვენთვის უფრო მეტად მიმზიდველი?

- როგორც ძირძველის, ისე სიახლის მოყვარული ვარ. არ მაქვს რეტროგრადული შეხედულებები... რეალურად, ქალაქს, რომელიც სიძველით მდიდარია, სიახლეც თუ არ ახლავს, ერთხელ ნახავ, მაგრამ მეორედ აღარ მიგიზიდავს... ვსწავლობდი ამსტერდამში - ქალაქში, რომელსაც ბევრი სიძველეც აქვს და სიახლეც. არანორმალურად მიყვარს პარიზი. მთელი საფრანგეთი ხომ ლამაზია, მაგრამ პარიზი ჩემთვის პიკია! ასევე მიყვარს პრაღა, რომელიც ისტორიულად ძალიან საინტერესოა. ყბა მივარდება, ვჩერდები, ვიმსხვრევი, მუხლებზე ვემხობი, როდესაც რომს ვხედავ. ეს არის ქალაქი, რომელიც მუდმივია და ვეთანხმები გამონათქვამს: სანამ რომი იარსებებს, სამყაროც იარსებებსო! ისეთი ქალაქია, რომელიც ჩემზე იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს, რომ გული მეწურება, შიგნიდან მეკუმშება. ასევე, ძალიან მიყვარს ბერლინი... მოკლედ, მრავალფეროვნება მიყვარს...

- ყველაზე გემოვნებიანად, რომელ ქვეყანაში იმოსებიან?

- იტალიაში... რაღაც სტერეოტიპი არსებობდა პარიზზე და დაინგრა მას შემდეგ, რაც შედარებით კოსმოპოლიტური ქალაქი გახდა. დღეს პარიზი ძალიან აჭრელებულია და თავის ხიბლი ამასაც აქვს, მაგრამ ის, რაც მე რომში ვნახე, სულ სხვაა... ტაქსის მძღოლიდან დაწყებული, ქვეითით დამთავრებული, ყველა გამორჩეულია! უყვართ გამოპრანჭვა და ქუჩაში ჩვეულებრივი მოდის კვირეულია... სხვაგან დავდივარ როგორც ტურისტი და აბსოლუტურად არ მადარდებს, რა მაცვია, მთავარია კომფორტულად ვიყო, მაგრამ იტალიაში ამის უფლებას ვერ ვაძლევ თავს; მეც ისე უნდა მეცვას, როგორც მათ...

- ქართველებიდან ვინ არის თქვენთვის გამორჩეულად გემოვნებიანი?

- ნინო რამიშვილი იყო ჩვენთვის მოდის და სტილის დედოფალი... მას ჩამოჰქონდა სიახლეები. როგორც საფრანგეთში იცვამდნენ, ის ტენდენციები გადმოიტანა საბჭოთა კავშირში... გამორჩეულად გემოვნებიანთა შორის დავასახელებ ლია ელიავას! საოცრად ჩაცმული იყო, ჰოლივუდი უკან ჰქონდა მოტოვებული... მოდი, გულწრფელად ვთქვათ, რომ იმ დროის ქალბატონებს მართლაც სტილის საოცარი შეგრძნება ჰქონდათ, დაწყებული ბებიაჩემით - მედიკო ჩახავათი. ის სულ ჩაცმულობაზე ფიქრობდა, მკერავთან დადიოდა. მაშინ ინდივიდუალურად იკერებოდა სამოსი... მზა კაბების ამდენი არჩევანი არ იყო და ქართველი ქალები იკერავდნენ საშა პარტნოისთან. მასთან დადიოდა მთელი თბილისის ბომონდი და ერთგვარი შეჯიბრება იყო, თუ ვინ აჯობებდა, ვინ უკეთესს შეიკერავდა. ამიტომაც თბილისელები განსაკუთრებულად ჩაცმულები იყვნენ! ასევე იყო ქუთაისშიც, სხვა ქალაქებშიც... სამეგრელოში დღესაც ვერ ნახავ ქალს, რომელიც ჩვეულებრივად ჩაიცვამს და რაღაცით გამორჩეული არ იქნება. ამ მხრივ იტალიელებს ვგავართ, მაგრამ ჩვენებური მოდა გვაქვს... იყო პერიოდი, როდესაც მამაკაცებიც განსაკუთრებულად იმოსებოდნენ. იმ დროს თითქოს რაღაც ვალდებულებასავით გახლდათ ლამაზად ჩაცმა. მაგალითად, მარინა თბილელს სულ ლამაზი ფერის, წელზე მოტმასნილი კაბა ეცვა. სხვას შეიძლებოდა უფრო გაშვებული კაბები სცმოდა. აი, სად იყო ინდივიდუალიზმი!.. მამაჩემის დედას - ნატალია გიორგობიანს ერთი მკერავი, დეიდა ციალა ჰყავდა ამორჩეული, რომელიც დიდუბეში, მის მეზობლად ცხოვრობდა. მას ყველაფერს საკუთარი გემოვნებით აკერვინებდა და საოცარი კაბები ჰქონდა. ყოველთვის მარგალიტის მძივი ეკეთა და რაღაც მოკუსკუსებული, მოპრანჭული იყო. ასეთები დღეს ძალიან იშვიათად არიან... რაღაც დაგვაკლდა, რაღაც ვეღარ გავიგეთ. ქართველებს ცოტა არ იყოს, მიმბაძველობა გვახასიათებს და რაც სხვაგან არის, ისეთი მოდა აქაც აუცილებლად უნდა იყოს. არ მსურს მკაცრი ვჩანდე, მაგრამ უგემოვნობა იგრძნობა. დღევანდელი მოდა ინდივიდუალურია, მაგრამ სტილის შეგრძნება დავკარგეთ. მეც ხანდახან, რაც ხელში მომხვდება, ვიცვამ და გავდივარ, რადგან არ არის სხვანაირის მოთხოვნა. მერე ჩემს თავს ვეკითხები, ასე ჩაცმული ქუჩაში როგორ გავედი, ბებიაჩემი ხომ ამას არაფრით დაუშვებდა, არც დედაჩემი-მეთქი...

- ქართველ დიზაინერებზე რას გვეტყვით?

- ძალიან კარგი დიზაინერები გვყავს! დემნა გვასალია საერთოდ, კოსმოსია. ცუდია, ქართველებიდან რომ ისმის, მის მიერ შექმნილ სამოსს ქუჩაში როგორ ჩავიცვამო... დემნა კონცეპტუალისტია და თუ ქუჩაში კონცეპტუალური სამოსით სიარული გსურს, მაშინ "ფეშენისტი" ყოფილხარ და ჩაიცვამ კიდეც... როგორც ვიცით, დევიდ კომაც მსოფლიო ვარსკვლავებს აცმევს და ქუჩაში ვერც მის მიერ შექმნილ სამოსს ჩაიცვამ, რადგან რაღაცნაირი ფუტურისტული, შოუელემენტებით შექმნილი სამოსი აქვს...

ძალიან მიხარია დემნა გვასალიას მსოფლიო მასშტაბის წარმატებები, ეს მეტად საამაყო ამბავია! ბევრი მეკითხება, რა მოგწონსო? ბევრი რამ შეიძლება არც მოგწონდეს, მაგრამ დემნა იმდენად დიდ კონცეფციას ატარებს, ყველანაირ სტერეოტიპს ანგრევს. საამაყო ბიჭია!

- სხვა ქართველი დიზაინერებიდან ვინ არის თქვენთვის გამორჩეული?

- გამორჩეულია თამუნა ინგოროყვა, არაჩვეულებრივია მისი შემოქმედება... ავთანდილ ცქვიტინიძეს თავისებური, საინტერესო სტილი აქვს... ძალიან მიყვარს გიორგი შაღაშვილი, თან ვმეგობრობ და მის მიერ შექმნილ ფეხსაცმელს ხშირად ვატარებ. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერი გვყავს, მაგრამ აქ რომ ბაზარი არ არის, საქართველოდან მიდიან. ეს საწყენია, მეტად მტკივნეულია. ქართველებს შეგვიძლია მსოფლიო მოვხიბლოთ ცეკვით, პოლიფონიით, კულტურით, მაგრამ...

ჩვენ საინტერესო რაღაცები გვაქვს, რასაც ვშლით და გვინდა ახალი ავაწყოთ, მაგრამ არ გამოგვდის. ამიტომ ჯობია, ისევ ძველს დავუბრუნდეთ, ანუ იმას, რაც ნამდვილად კარგად ვიცით. მივხედოთ თეატრს, კინოს, მოდას... ვისურვებდი, საზღვარგარეთ მყოფი ქართველი დიზაინერები საქართველოში დაბრუნდნენ, მოდის კვირეულები უფრო ხშირად ტარდებოდეს, რასაც ძალიან კარგად ართმევს თავს სოფო ჭყონია. რაც ტარდება, პრესტიჟულია, მაგრამ მეტია საჭირო... აქ უნდა იყოს ბევრი მაღაზია, სადაც ქართველების ნამუშევრები გაიყიდება და უცხოელები საშოპინგოდ ჩამოვლენ. იმავეს ვიტყოდი მხატვრობაზე: ასეთი საოცარი მხატვრები გვყავს და გარბიან, რადგან აქ ას დოლარადაც ვერ გაყიდიან თავიანთ ნამუშევრებს.

- რას ურჩევდით ქალბატონებს, ყოველთვის გემოვნებიანად რომ გამოიყურებოდნენ?

- ყველა ერთ ჭრილში ვერ ჩაჯდება... ქართველ ქალს თავისი გარეგნობა გააჩნია და რატომღაც, სულ ვცდილობთ, ევროპელებს ვგავდეთ. ამისთვის უამრავ ოპერაციას ვიტარებთ, ცხვირს ვიპატარავებთ, ტუჩებს ვიდიდებთ და ამასობაში, კავკასიური გარეგნობა იკარგება. გული მწყდება, როგორც სპეციალისტს, რადგან ქართველი ქალის გარეგნობა ჩემთვის განსაკუთრებულია! არ მაქვს საუბარი, როდესაც პროპორციების დარღვევაა, იქ კორექცია არ მოხდეს, მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი და სახასიათო გარეგნობა ძალიან საინტერესოა... აპრეხილი ცხვირებით იყვნენ რუსი ქალბატონები, ჩრდილოეთის ქალები და ჩვენ ჩვენი სახასიათო შევინარჩუნოთ. მინდა ქართველებს მეტად უყვარდეთ თავიანთი წარმომავლობა, თავიანთი გარეგნობა... სარკეში რომ ჩაიხედავენ, არ ისმოდეს, - ამას და ამას ვერ ვიტან ჩემს გარეგნობაში, ფუ, რას ვგავარო. ეს ფრაზა მომაკვდინებელია, ამით საკუთარ თავს ვსპობთ! შენი გენეტიკა უნდა გიყვარდეს, შენი გარეგნობაც მოგწონდეს და თუ მაინცდამაინც რამე ძალიან გაწუხებს, ეცადე, კორექცია ზომიერად შეიტანო. ბევრი უნდა ივარჯიშო, ჯანსაღი საკვები მიირთვა, მეგობრებს შეხვდე, ბედნიერი იყო. ყველაზე მეტად ქალს ბედნიერება ალამაზებს.

- ბედნიერებისთვის ფული არ არის საჭირო?

- არანაირად... არ მაქვს მე ბევრი ფული, ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ოჯახი გამოვკვებო... ბევრისგან მსმენია, ამას რა ენაღვლებაო... ბევრი რამ მენაღვლება. ბევრი რამის კეთება მიწევს, ყველაფერი რომ იდეალურად იყოს. ჩვენ მუშა ქალები ვართ და ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს. ამ ყველაფერს სიხარულით უნდა ვაკეთებდეთ და სამსახურში იმ განწყობით არ უნდა მივდიოდეთ, ხელფასი როდის ჩამერიცხებაო. ჩვენი სამუშაოს შესრულებით უნდა ვისიამოვნოთ, პროფესია სწორად შევარჩიოთ, უნდა გვიყვარდეს ის მამაკაცი, რომელსაც ცხოვრების თანამგზავრად ვირჩევთ, უბედნიერესები ვიყოთ შვილებით... ეს ყველაფერი რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი!

მანანა გაბრიჭიძე

ჟურნალი "გზა"