გუჯა ბურდულის გზა "სუხიშვილებიდან" კინოეკრანამდე: როგორ იხსენებს დაუვიწყარ "გელა ექიმს" "აგნესა"?
არქივი
მსახიობი გუჯა ბურდული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გარდაცვალება საზოგადოებას მუსიკოსმა ლადო ბურდულმა სოციალური ქსელის საშუალებით აცნობა: "დღეს, ღამის 2 სთ-ზე მამაჩემი გუჯა ბურდული გარდაიცვალა. უფალო, ნათელში ამყოფე მისი სული"...
გუჯა ბურდულის კინოროლებს მაყურებელი კარგად იცნობს, უამრავი დაუვიწყარი სახე აქვს შექმნილი ქართულ თუ მაშინდელ საბჭოთა კინოში. სანამ მსახიობი გახდებოდა, უამრავი პროფესია შეიცვალა. იყო სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავე, მშენებელი, თბილისის ზღვის მაშველი... კინოში კი ასე მოხვდა (ამონარიდი მისი ერთ-ერთი ინტერვიუდან):
"რეჟისორი რეზო ჩხეიძე იღებდა ფილმს "ჩვენი ეზო". იქ გიორგი შენგელაიას წვიმაში უნდა ეცეკვა. იმ დროს "სუხიშვილებში“ ვცეკვავდი. რეპეტიცია რკინიგზელთა სახლის დარბაზში გვქონდა და ერთ დღესაც, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა, მაღალი ბიჭი უნდოდათ და მაღალი მაინცდამაინც მე აღმოვჩნდი. წვიმაში უნდა იცეკვეთო... მოკლედ, ფილმში გიორგი რომ ცეკვავს, ის ჩემი ცეკვა გადაღებული.
კინოეკრანზე პირველად ასე მოვხვდი... მერე თბილისელი სამველ გასპაროვს დებიუტი ჰქონდა, ფილმს იღებდა, ცოტა ნორმალურად ვმღერი და მითხრა, როგორც თილისმა, მინდა, ჩემს პირველ ნამუშევარში იმღეროო. კი არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს ვიმღერე. სურათი ბოლოს ოდესის კინოსტუდიაში ჩაეშვა. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა. ქართულ კინემატოგრაფში ჩემი სამსახიობო მონაცემები ყველაზე მეტად რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა დაინახა"...
"უძინართა მზე"
ექიმი გელა ბენდელიანი გუჯა ბურდულის დაუვიწყარი სახეა, რომელმაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას წლები შეალია. ის საკუთარი ბინის სხვენში ცდებს ატარებს, მაგრამ სამეცნიერო საბჭოს მისი ნაშრომი არ აინტერესებს. მეზობლების საყვედურებით და გაჭირვებული ყოფით გაბეზრებული გელას ქალიშვილი აგნესა სხვენიდან საცდელ ვირთხებს უშვებს. გელა არალეგალურად, საკუთარი ხელით იკეთებს ბრმა ნაწლავის ოპერაციას, რასაც ემსხვერპლება კიდეც...
AMBEBI.GE ფილმის გმირს, გელა ექიმის ქალიშვილს აგნესას ესაუბრა, რომელმაც დაუვიწყარი სახე შექმნა ამ ფილმში. აგნესას როლის შემსრულებელი კი ჟურნალისტი ეკა საათაშვილია:
"დღეს, როცა უკრაინაში მიმდინარე მძიმე ამბებით ყველანი ასეთი დამძიმებულები ვართ, ამ ემოციების ფონზე გავიგე, რომ გარდაიცვალა ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება დიდი პატივს ვცემდი. რთულია ძალიან... გამიმართლა, რომ ამ ფილმში მოვხვდი, სადაც რაღაც უცებ შევედი და უცებ გავხდი იმ ოჯახის ერთ-ერთი წევრი. როდესაც ბატონი გუჯა გავიცანი, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ მთელი ცხოვრება ვიცნობდი და გადაღების მოედანზე არ მინახავს პირველად... თბილი და ყურადღებიანი ადამიანი იყო, მაშინ 12 წლის ვიყავი და ბავშვობის ეს განწყობა სულ მომყვება. (გაგრძელება)