სფინქსები კატების სამშობლოდან - კვირის პალიტრა

სფინქსები კატების სამშობლოდან

კატების მოშინაურება თავდაპირველად ეგვიპტელებმა დაიწყეს. ისინი ამ საზრიან ცხოველებს მოსავლის დასაცავად იყენებდნენ, რადგან კატები მღრღნელებს ანადგურებდნენ. სწორედ ამიტომ დღეს ძველი ეგვიპტეა მიჩნეული კატების სამშობლოდ. ექიმი-ვეტერინარი ქეთი კვირკველია მიიჩნევს, რომ თანამედროვე კანადური სფინქსის სახელი სწორედ აქედან მოდის. "თუ დააკვირდებით, სფინქსი ძალიან ჰგავს ეგვიპტურ კატებს და აშკარაა, რომ სახელიც ამის გამო დაარქვეს," - გვითხრა მან. ქალბატონმა ქეთიმ დაწვრილებით გვიამბო ამ გრაციოზულ და მოქნილ ფისოზე, რომელიც საქართველოში არცთუ ბევრია.

- სფინქსი კანადური წარმოშობის ფისოა. ეს პირველი უბეწვო ჯიშია, რომელიც სელექციის გზით გამოიყვანეს ქუჩის უბალნო კატისა და დევონ რექსის შეჯვარების შედეგად. ეს 1966 წელს მოხდა, სფინქსი ცალკე ჯიშად დარეგისტრირდა და თანდათან აღიარებაც მოიპოვა. დღეს მას კატებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯიშად მიიჩნევენ. სფინქსი ტიპური სახლის კატაა, რომელიც ძალიან კარგად ეთვისება ოჯახურ გარემოს.

- რით აიხსნება, რომ კანადურ სფინქსს ბეწვი არ აქვს?

- როგორც ჩანს, მისი წინაპრის ორგანიზმში გაურკვეველი წარმომავლობის მუტაცია მოხდა და მას ბეწვი აღარ ამოუვიდა. სფინქსი სწორედ მისი სელექციის გზით შეიქმნა, მერე კი ეს უბეწვო კატები თანდათან მომრავლდა. კანადური სფინქსი ძალიან თვინიერი, მომთმენი კატაა, რომელიც სულ პატრონს ეხუტება, რადგან სიცივეს ვერ იტანს. უნდა ვეცადოთ, ის სითბოში გვყავდეს და საწოლიც თბილი, მოხერხებული მოვუმზადოთ. ამ ფისოს დღე-ღამის განმავლობაში ორი-სამი საათი სძინავს, სამაგიეროდ, მთელ დღეს თვლემს - ეს მისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანია. სფინქსი ერთი შეხედვით უბალნოა, მაგრამ სხეულის ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ცხვირზე, ყურებზე, კუდზე, ღინღლი აქვს. სფინქსი საუკეთესო მეხსიერებით გამოირჩევა და ვერ იტანს მარტო ყოფნას. ძალიან მოქნილია, რისი წყალობითაც დიდ სიმაღლეზე შეუძლია ახტომა-ჩამოხტომა. ბეწვის ნაცვლად კანადურ სფინქსს სხვადასხვა შეფერილობის პიგმენტური ლაქები აქვს და მის შეფერილობას სწორედ კანის პიგმენტაცია განაპირობებს. ზოგიერთი სფინქსი შავ-თეთრია, ზოგი - ხორცისფერი, ხოლო ზოგს ვარდისფერი ლაქები აქვს.

spinqsi2-1647171250.jpg

- ამ ჯიშის კატა რთული მოსავლელია?

- ვინც მის აყვანას გადაწყვეტს, უნდა გაითვალისწინოს, რომ პატარა ბავშვივით უნდა მოუაროს. სფინქსს ვეტერინართან ხშირი ვიზიტი სჭირდება, ასევე - სპეციალური კვება. ყველანაირ საკვებს ვერ აიტანს და, შესაძლოა, ალერგიული დერმატიტი განუვითარდეს. სფინქსის პატრონს ფინანსებიც საკმარისად უნდა ჰქონდეს და დროც, რომ ის ექიმთან წაიყვანოს, გაასეირნოს და ვეტერინარის ყველა ინსტრუქცია შეასრულოს. თუ აქედან რომელიმე კომპონენტი ამოვარდება და ცხოველს სრულყოფილად ვერ მოუვლით, მას მუდმივად შეაწუხებს ქრონიკული დაავადებები და ძალიან დაიტანჯება.

ყველაზე ძნელი მოსავლელი მოვარდისფრო-თეთრი სფინქსია. ის მზის სხივებს ვერ იტანს, ამიტომ მზეზე დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ. განსაკუთრებით სახიფათოა მათი გარეთ სეირნობა, რადგან ბეწვის არქონის გამო, შესაძლოა, დამწვრობაც მიიღონ. ამ ცხოველს ბალანი არ აქვს, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა აბანაოთ სპეციალური შამპუნით. თუ შამპუნი არ გაქვთ, თბილი წყალიც საკმარისია, რათა მისი კანი საფუძვლიანად გასუფთავდეს. ცნობილია, რომ ბეწვი ცხოველს კანის მექანიკური და ბაქტერიული დაზიანებისგან იცავს, სფინქსს ეს საფარი არ აქვს და ამიტომ უნდა დავეხმაროთ, რომ კანი საიმედოდ ჰქონდეს დაცული. მისთვის შექმნილია სპეციალური დამატენიანებელი კრემები, ლოსიონები, ასევე - თვალებისა და ყურების საწმენდი სითხე. მოკლედ, დაბანა და ჰიგიენური პროცედურები ამ ჭკვიან და მოსიყვარულე ფისოს კვირაში ერთხელ მაინც სჭირდება. კატებს ძალიან უყვართ წყალი და არ უნდა მოვაკლოთ. სასურველია, წყალი ლითონის ჭურჭელში ჩავასხათ და არა - პლასტმასის ჯამში.

- დავუშვათ, სფინქსი დაიკარგა და ქუჩაში მოხვდა, შეძლებს თავის გატანას?

- ძალიან საეჭვოა, რადგან ამ ჯიშის კატები სრულიად დაუცველი არიან სხვა კატებთან ჩხუბის დროს. ეს ხომ ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია და მისი ბრძოლისუნარიანობა დაბალია. ქუჩაში მცხოვრებ კატებს ბრძოლისა და თავის გადარჩენის ინსტინქტი გამომუშავებული აქვთ, ხოლო სფინქსს ეს თვისებები არ აქვს. ჩვეულებრივმა კატამ, რომელიც სახლშია გაზრდილი და მოულოდნელად ქუჩაში მოხვდა, კიდევ შეიძლება თავი გაიტანოს, სფინქსს კი ეს ძალიან გაუჭირდება. თანაც გარეული კატები უფრო აქტიური და ძლიერი არიან, ამიტომ ყოველთვის ეცდებიან სფინქსის დაჩაგვრას. თუ გასტერილებულია, უფრო გაუჭირდება, რადგან კატას, რომელსაც სქესი არ აქვს, გარეული კატები თავიანთ "წრეში" არ მიიღებენ, ამიტომ თუ სფინქსი ქუჩაში აღმოჩნდება, ადვილად შეიძლება მოკვდეს. ქუჩაში ცხოველებს არც წყალი აქვთ, არც - საკვები და ამიტომაც მისი გადარჩენის შანსი მცირეა. ამის გარდა, სფინქსს ხშირად აქვს გენეტიკური დაავადებები და გულის პრობლემები.

- თუ შეიძლება ამ ჯიშის კატა ძაღლს დაუმეგობრდეს? სოციალურ ქსელებში ძაღლებისა და კატების მეგობრობის ამსახველი ფოტოები თუ ვიდეოკადრები ხშირად ვრცელდება...

- ძაღლი და კატა ერთმანეთს თავიდანვე, კნუტობისას უნდა მივაჩვიოთ, ოღონდ ერთ-ერთი მათგანი პატარა უნდა იყოს. მთლად უკეთესი იქნება, თუ ორივე პატარაა - მაშინ ერთად ჭამენ, ითამაშებენ და დაიძინებენ, მაგრამ თუ ორივე დიდია, მათი დამეგობრება შეუძლებელია.

- ცნობილია, რომ კანადური სფინქსი ძალიან ძვირია. ჩვენთანაც ასეა?

- ჯერ გეტყვით, რომ საქართველოში ეს ცხოველი ცოტაა, სულ რამდენიმე ოჯახი ვიცი, რომელიც მათ ზრდის და ამრავლებს. რაც შეეხება ფასს, ამჟამად სფინქსის ფასი ჩვენთან საშუალოდ, 1000 აშშ დოლარია. როგორც ჩანს, ადამიანებს უღირთ მოსიყვარულე, თბილი და ერთგული არსების გვერდით ყოლა.

ხათუნა ჩიგოგიძე