"გარშემო სულ ნეგატივია, გამზადებული ფრაზები და ფორმულები, როგორ ატკინო გული ადამიანს“ - კვირის პალიტრა

"გარშემო სულ ნეგატივია, გამზადებული ფრაზები და ფორმულები, როგორ ატკინო გული ადამიანს“

დღეს ძალიან რთული პერიოდი უდგას მთელ მსოფლიოს. გამეფებულია შიში, პანიკა, დაძაბულობა. ამ თემებზე სასაუბროდ ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს მივმართეთ.

- ჩვენ გვეშლება, როცა ვლაპარაკობთ პროგრესზე. ტექნოლოგიური პროგრესი არ ნიშნავს კულტურულ პროგრესს. ხშირად ტექნოლოგიური პროგრესი დაკავშირებულია კულტურულ და ურთიერთობების რეგრესთან. გახსოვთ, ალბათ, ე.წ. იტალიური ეზოები: ვიღაცას რამე თუ გაუჭირდებოდა, მაშინვე მთელი ეზო მხარში ედგა, ლხინიც საერთო ჰქონდათ. შემდეგ გაჩნდა კორპუსები, ანუ სამი ოჯახი ერთ ბაქანზე და რაც დრო გადის, ადამიანი იზოლაციაში ექცევა. შენს კარის მეზობლებს იცნობ და კიდევ შეიძლება ერთი-ორ ადამიანთან გქონდეს კონტაქტი. რამე რომ გამიჭირდეს, უკვე მეზობელი კი არა, სისტემა მემსახურება. სისტემის მიზანიც სწორედ ეგ არის, რომ ადამიანებს შორის მყარი კავშირი გაწყვიტოს, რადგან ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ადამიანი ხშირად პრობლემას ქმნის. ამიტომ შეთავაზება ასეთია: სისტემა გემსახურება, შენ არავინ გჭირდება, მარტო მე გჭირდებიო. არადა, ადამიანი სოციალური არსებაა და არ შეუძლია კონტაქტების გარეშე. ესეც თანდათან შეეზღუდა - ახლა ტელეფონით ან ლეპტოპით საუბრობ და ეს კომფორტს გიქმნის. ძველიც და ახალი თაობაც ტელეფონდამოკიდებული გახდნენ. კომუნიკაცია უმნიშვნელოვანესია, მხოლოდ შეიცვალა ფორმა.

ძალიან ცნობილი ფსიქოლოგი ზიმბარდო წერს: "ხალხი, ტექნიკური პროგრესის გამო კარგავს ჩვეულებრივ სოციალურ ურთიერთობებს. ჩემთვის პირისპირ ლაპარაკი უფრო რთულია, მირჩევნია წერილი მოგწერო. იქ თამამი ვარ, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. აი, ასე ბუნებრივად გადავიდა უშუალო კომუნიკაცია ვირტუალურ სივრცეში". ამას წინათ ერთი მიყვებოდა, მრავალშვილიან ოჯახში ვიყავი ქალაქგარეთ, სადაც ჩემი შესაძლებლობის მეასედი არ ჰქონდათ, მაგრამ ოჯახში იმდენად თბილი ურთიერთობა იყო, შემშურდა. მე ყველაფერი მაქვს, მაგრამ, რაც იქ ვნახე, მივხვდი, რომ არაფერი მქონიაო. ეს არის ის ზოგადი ტენდენცია, რომელსაც ხელს უწყობს სისტემა. მე, სისტემა, გეუბნები: მე დაგიცავ ქმრისგან, ცოლისგან; ბავშვებს­ ვეუბნები, რომ მშობლებისაგან დავიცავ... ანუ მთავარი ვინ გამოდის? სისტემა, რომელიც ყველაფერს ართმევს ადამიანს და ეს იფუთება კარგი სათაურებით: ადამიანის­ უფლებების დაცვა, ბავშვთა უფლებები და ასე შემდეგ. აი, ახლაც, ამწუთას ჩვენ საუბარს ვიწერთ თქვენს ტელეფონზე­ და ეს კომფორტულია, მაგრამ გავიხსენოთ, მეორე მხარეც - ვინმემ რომ მოინდომოს, ყველაფერს გაიგებს თქვენზე, სად ხართ, რას აკეთებთ... ახლა თითქმის ყველანი "გუგლით" ვსარგებლობთ. თვითონ მიგზავნის თვეში ერთხელ ანგარიშს ჩემს თავზე: სად, რამდენ ხანს, ვისთან ვიყავი და ასე შემდეგ. თუ რაღაცა შეეშალა, მე მთხოვს, ხომ სწორი ვარო, მეც ვასწორებ და ის მადლობას მიხდის. მეტსაც გეტყვით, მოსახლეობა­ თვითონ ითხოვს კამერების ყველგან დაყენებას. ის, რაც სისტემას სურდა, ახლა ხალხი ნებით აკეთებს. აი, ეს იწვევს კარჩაკეტილობას, გულგრილობას, უსიყვარულობას... არადა, ქართველის ბუნებისთვის ძალზე უცხოა სოციალური ურთიერთობების დაკარგვა...

დააკვირდით ჩვენს ტელეარხებს,­ ყველა სიუჟეტი ისტერიკულია, თან მარტო ომს კი არ აშუქებენ ასე, ნებისმიერ რამეს. ადამიანმა რომ მაწონი იყიდა, ისეთ ტონალობაში­ მოგიყვებიან, შეიძლება დაიზაფრო. სოციალურ ქსელსაც გადავხედოთ. სიტყვების სიხშირეებს დააკვირდით, რომელი როგორ გამოიყენება და გამიკვირდება, თუ იქ პოზიტივს ნახავთ, პირიქით, თითქმის სულ ნეგატივია და ამას დართული პირადი შეურაცხყოფა.

ამას წინათ ჯგუფს დავალება მივეცი: დამიწერეთ რაიმე, რაც ადამიანს მოთმინებას დააკარგვინებს-მეთქი, და რომ არ გამეჩერებინა, ალბათ 60 ტომს დამიწერდნენ.

მეორე დავალება ასეთი იყო: დამიწერეთ ის, რაც ადამიანს, გაუხარდება, რომ უთხრათ-მეთქი. მხოლოდ ეს დაწერა ყველამ; "რა კარგად გამოიყურები". პოზიტივში ამის მეტი არაფერი გააჩნიათ, მაგრამ ლანძღვა-გინება, იცოცხლე... იცით, ეს რისი ბრალია, იმის, რომ გარშემო სულ ნეგატივია, გამზადებული ფრაზები და ფორმულები, როგორ ატკინო გული ადამიანს.

იყო პერიოდი, როცა ქვეყანაში შუქი იშვიათად გვქონდა. სცადეთ და გაახსენებინეთ ეს იმ ადამიანებს, რომელთაც ეს გამოვლილი აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არაფერი ჰქონდათ, საოცარი სითბო და სიყვარული იყო ერთმანეთთან. ადამიანური სითბო იყო, ერთმანეთის გატანა...

- ბოლო დროს გახშირდა ომის შიშიც...

- შიში ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. რაც შეეხება იმ შიშს, რომელზეც მეკითხებით, ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, ის ყველას გვეხება. ამიტომ, თუ გვინდა შიშს მოერიო, მონიშნე დრო და ვთქვათ, ინფორმაციის საათები. დილას 10 საათზე გაიგე, რა ხდება, საღამოს კი 9 საათზე. სხვა დროს ზედმეტ ინფორმაციას თავი აარიდეთ, რადგან ეს ჩვენში მძაფრ ემოციას იწვევს. მე თუ გამუდმებით ომის ვიდეოჩანაწერებს ვუყურე, ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩემი ცნობიერება მხოლოდ ომით არის დაკავებული და ამიტომ სულ ცუდად ვარ. ამას მოჰყვება ისიც, რომ სათანადოდ ვერ მივხედე ჩემს საქმეს, ბავშვებს, ოჯახს, სამსახურს... ვზივარ და შიშით ვუყურებ ტელევიზორს, მეშინია - ანუ პროდუქტიული არა ვარ არც ჩემი თავისთვის, არც ახლობლებისთვის, არც ქვეყნისთვის.

- არ შემიძლია არ გკითხოთ ბავშვებში შიშზე, სტრესზე...

- არის შემთხვევა, როცა ოჯახში ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა და იწყებენ ფიქრს, თუ როგორ უთხრან ეს ბავშვს და ეუბნებიან: ცაში წავიდა, დროებით დაგვტოვაო... ეს შეცდომაა. ბავშვს აუცილებლად უნდა უთხრა სიმართლე, ტრაგიზმის გარეშე. მოხდა ასე, აღარ არის, და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით. თუ ტირილი მოუნდება ბავშვს, იტიროს... თუ არადა, მოვა სახლში რომელიმე ნათესავი და ბავშვს დაზაფრავს, ვაი შე საბრალო, დარჩი ობლად, რაღა გეშველება, აღარ გყავს პატრონიო... აი, ასეთი ტექსტები უქმნის ბავშვს პრობლემებს. ბავშვის ფსიქოლოგია ცოდნით ელემენტზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ის ქცევით მოდელზეა დამოკიდებული. ამიტომ უფროსებს მართებთ წინდახედულობა. შენ როგორც შეხვდები ტრაგედიას, ბავშვიც ხომ უყურებს და რეაქციაც შესაბამისი ექნება - ანუ შენ აშინებ, სიმართლე, რომელსაც როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს, გაიგებს.ამის კარგი მაგალითია უკრაინა. ადამიანი­ გამოდის და გეგონება ჩვეულებრივ სამსახ­ურზე გიყვება, მთელი ტექსტი სწორად გადმოცემული ინფორმაციაა გაგანია ომის დროს. ისე გიყვება, განცდას გიქმნის, რომ სიტუაციას აკონტროლებს. ჩვენთან ომის დროს კი არა, მშვიდობის დროს რა ხდება. ტელეეთერში სულ ისტერიკაა. ეს მერე ბავშვებზე გადმოდის და დღეს 95% სტრესში, შიშსა და ისტერიკაშია.

- თუ არსებობს ფორმულა იმისა, რომ ადამიანმა საღ აზრს მიანიჭოს უპირატესობა?

- ეს ფორმულა ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს. მქონია ასეთი შემთხვევა­, უთქვამთ, ჩემს უფროსს არ მოვწონვარო, მე ვეკითხები, როგორ გხედავს შენი უფროსი? როგორ უნდა დაგინახოს, რომ მოეწონო? ამ კითხვის შემდეგ ყოველთვის ხანგრძლივი პაუზაა... არავინ დაფიქრებულა ამაზე. მხოლოდ ის სურს უფროსს მოსწონდეს, მაგრამ როგორ უნდა მიაღწიოს ამას, არ იცის და არც არაფერს აკეთებს. ძალიან გვინდა ბედნიერი ვიყოთ, მაგრამ მხოლოდ სურვილი გვაქვს და არაფერს ვაკეთებთ.

რუსუდან შაიშმეალაშვილი