რუსეთის მეორე ცდა უკრაინის ომში დასამარცხებლად... - კვირის პალიტრა

რუსეთის მეორე ცდა უკრაინის ომში დასამარცხებლად...

24 თებერვალს, უკრაინაზე თავდასხმიდან თითქმის ორი თვის თავზე, 18 აპრილს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი, რიგით მეორე, ფართომასშტაბიანი შეტევები წამოიწყეს უკრაინის წინააღმდეგ.

პირველი მცდელობა, რომელიც ბლიცკრიგით ანუ ელვისებური შეტევებით უკრაინის დედაქალაქის - კიევის, ასევე - დონბასის დაპყრობასა და ოდესაზე „გადავლით“ მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში სახმელეთო დერეფნის გაჭრას ისახავდა მიზნად, ჩაიფუშა, თუმცა ხერსონი-მელიტოპოლი-ბერდიანსკი-მარიუპოლის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წარმატებას მაინც მიაღწიეს და აზოვის ზღვაზე გასასვლელი უკრაინას დროებით „ჩამოაჭრეს“, მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლის დამცველები ჯერ კიდევ გმირულად იბრძვიან...

ნახა რა, რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ რუსეთის არმიას უბრალოდ არ ყოფნის რესურსები, წარმატებული შეტევები განახორციელოს ყველა მიმართულებით (თავდაპირველად შეტევის ასეთი 6-7 მიმართულება იყო), რუსული საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფების ნაწილი მოხსნა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ბლოკადებიდან, გაიყვანა ბელარუსისა და რუსეთის ტერიტორიაზე, საბრძოლო დანაკარგები შეავსო და გადაჯგუფების შემდეგ შეტევების ახალ მიმართულებებზე გადაისროლა.

რუსეთის მეორე ცდა, ომში მოუგოს უკრაინას, ახალი დაწყებულია და ის მოიცავს ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებს, თუმცა ეს დაყოფა პირობითია.

რუსული შეტევები მიმდინარეობს ხარკოვის, სლოვიანსკის, კრამატორსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის მიმართულებით, ანუ შექმნილია ერთგვარი 700 კმ-იანი ფრონტის რკალი, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებს ხარკოვიდან მიკოლაევამდე შემოერტყა.

ინტენსიური ბრძოლები ამ ფრონტის თითქმის ყველა მონაკვეთზე მიმდინარეობს, თუმცა ყველაზე ცხელი წერტილები მაინც დონბასის მიმართულებაა, რადგან პუტინის გეგმა-მინიმუმია 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმის დროს რუსეთის მოსახლეობას დონბასსა და მარიუპოლზე „გამარჯვება“ მიახაროს...

Задавим числом!

За ценой не постоим!

Война всё спишет!

Бабы ещё нарожаю!

აი, ის ძირითადი პოსტულატები, რომლებითაც საუკუნეების მანძილზე ხელმღვანელობდა და ხელმძღვანელობს მეფის რუსეთის, საბჭოთა რუსეთისა თუ პუტინის რუსეთის გენერალიტეტი.

პირველი - რიცხოვნობით გადავთელავთ! ეს იყო და არის რუსეთის/საბჭოთა არმიის სხვადასხვა დონის მეთაურობის ბრძოლის ველზე მოქმედების ძირითადი ტაქტიკა, როდესაც გადამწყვეტ მნიშვნელობას სწორედ პირად შემადგენლობასა და სამხედრო ტექნიკაში წმინდა რაოდენობრივ უპირატესობას ანიჭებენ და არა იმავე ჯარისკაცების უკეთესად მომზადებას და საბრძოლო ტექნიკის მაღალტექნოლოგიურობას.

მეორე - დანაკარგების რაოდენობაზე არ ვიფიქრებთ! ამას ამართლებს თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს რომელიმე უსახელო გორაკს შეწირული ათასობით წითელარმიელის (მათ შორის - საქართველოდან გაწვეულების) სიცოცხლე, როდესაც მეთაური ჯიუტად ცდილობდა მის აღებას, თუმცა ის არავითარ ტაქტიკურ უპირატესობას არ იძლეოდა.

უფრო ფართომასშტაბიან ოპერაციებში კი ათიათასობით მებრძოლის სიცოცხლეს არანაკლები სიჯიუტითა და სიბრიყვით წირავდნენ.

თანამედროვე მაგალითად გამოდგება ხერსონთან ჩერნობაევკის აეროდრომის უკვე 15-ჯერ წარმატებით დაბომბვა უკრაინელი არტილერისტების მიერ, რადგან რუსი გენერლები ამ ადგილს არაფრის დიდებით არ ტოვებენ და უკრაინის არტილერიის მიერ შესანიშნავად „გამოთოფილ“ ამ სამიზნეში კვლავ თავს უშვერენ უკრაინულ ჭურვებს...

მესამე - ომი ყველაფერს ჩამოწერს! აი, სწორედ ამის იმედი აქვთ იმ რუს სამხედროებს, დაწყებული გენერლიდან, დამთავრებული უბრალო ჯარისკაცით, რომლებიც უკრაინაში დღეს სამხედრო დანაშაულს სჩადიან, მანამდე კი იმავეს აკეთებდნენ ჩეჩნეთში, საქართველოსა და სირიაში. მოროდიორობა, ტყვეების წამება-დახვრეტა, გაუპატიურება და კიდევ ათასი სახის საშინელება, რასაც რუსი ოკუპანტები დაპყრობილი ქვეყნების ტერიტორიებზე სჩადიან და იმედი აქვთ, რომ ომი ამას ჩამოაწერთ...

მეოთხე - ქალები ბავშვებს ისევ გააჩენენ! ეს მიდგომაც არ არის უცხო რუსეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - პროპაგანდისტული ტელევიზიებით ზომბირებული რუსეთის იმ მიყრუებული სოფლების მაცხოვრებლებისთვის, რომელთათვის საამაყოა რუსეთის მიერ ახალი მიწების დაპყრობა, თვითონ კი მოხარშულ კარტოფილსა და თვითნახად არაყსაც დასჯერდებიან, სამაგიეროდ, იამაყებენ, რომ მათმა შვილმა რუსეთის სიძლიერისთვის თავი გასწირა სადღაც შორს, უკრაინის სტეპებში და მერე რა, რომ ცხედარიც არავინ ჩამოუსვენა (ან რას ჩამოუსვენებდნენ, როდესაც ბრძოლის ველზე დაჭრილი თავისიანებმა მიატოვეს, შემდეგ მშიერმა ძაღლებმა დაგლიჯეს), სამაგიეროდ, ადგილობრივი სამხედრო კომისარიატი ბეჭდიან ქაღალდს გადასცემს, რომ მათი შვილი ბრძოლაში გმირულად დაიღუპა...

დიადი რუსეთის აღდგენის იდეაფიქსით, რომელიც არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ - მეფის რუსეთის საზღვრებში უნდა „გაიზარდოს“, პუტინმა უდიდესი კატასტროფის წინაშე არათუ უკრაინა, არამედ - თავად რუსეთი დააყენა, რადგან, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის, ისე დღეს პუტინის წინააღმდეგ მსოფლიოს დიდი ნაწილი ირაზმება და როგორც დამარცხებული გერმანია დაჰყვეს, იქნებ რუსეთსაც იგივე მოელის?