რას უზამდა კაცობრიობას ჰიტლერი, ატომური ბომბის შექმნა რომ მოესწრო და რას დაუპირებს პუტინი ახალი „სატანით“ - "სარმატით“ მთელ მსოფლიოს? - კვირის პალიტრა

რას უზამდა კაცობრიობას ჰიტლერი, ატომური ბომბის შექმნა რომ მოესწრო და რას დაუპირებს პუტინი ახალი „სატანით“ - "სარმატით“ მთელ მსოფლიოს?

მე-20 საუკუნის სატანის - ჰიტლერის გერმანიამ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს პირველად მსოფლიოს ისტორიაში ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო გამოყენება დაიწყო ლონდონის საცხოვრებელი უბნების დასაბომბავად და ფიურერი, ალბათ, არც ატომური ბომბის ჩამოგდებაზე იტყოდა უარს, გერმანელ ფიზიკოსებს ატომური ასაფეთქებელი მოწყობილობის შემუშავება მესამე რაიხის კაპიტულაციამდე რომ მოესწროთ.21-ე საუკუნის სატანა - პუტინი ზუსტად იმეორებს წინამორბედის სამხედრო დანაშაულებს და უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს არც ფრთოსანი და არც ბალისტიკური რაკეტებით აკლებს ყოველდღიურ დაბომბვას, მაგრამ მას, ჰიტლერისგან განსხვავებით და მთელი კაცობრიობისთვის სამწუხაროდ, საბჭოთა იმპერიისგან უზარმაზარი ბირთვული არსენალი შემორჩა დასავლეთის დასაშინებლად, რასაც არ სჯერდება და არაპროგნოზირებადი რუსეთის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძლიერი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვას აპირებს.

გასულ კვირას რუსეთმა თავისი ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" გამოცადა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში დასავლეთის და, უპირველესად, აშშ-ის დაშინების მთავარ ბერკეტად გამოიყენა.

მართალია, უკრაინაში შეჭრილი რუსული ტანკებისა თუ "გრადების" ჭურვები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე ვერ მიაღწევს, მაგრამ აშშ პირველი ცივი ომის პერიოდიდან არის საბჭოთა/რუსული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების სამიზნე, დღეისათვის კი რუსეთი სავარაუდო მოწინააღმდეგეების სტრატეგიულ ობიექტებს არანაკლებ 700 ერთეულ (როგორც მიწისქვეშა შახტში, ისე - წყალქვეშა ნავებზე განთავსებულ) ბალისტიკურ რაკეტას უმიზნებს, მათზე დამონტაჟებული 1 550 ბირთვული ქობინით.

ამ რუსული ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძის კონსტრუირებული მობილური "ტოპოლი" და მისი მოდერნიზაციის შედეგად შექმნილი "ტოპოლ-М" და "იარსია", თუმცა რუსეთის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების არსენალში ასევე არის მსოფლიოში ყველაზე დიდი, 200-ტონიანი "სატანებიც", რომლებიც, სხვათა შორის, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში მზადდებოდა, რომელსაც დღეს ასე უმოწყალოდ ბომბავს რუსეთის ავიაცია.

თავის დროზე ეს "სატანები" შიშის ზარს სცემდა მთელ მსოფლიოს და ნატოს კლასიფიკაციით ეს სპეციფიკური სახელიც იმიტომ უწოდეს, მაგრამ რაკეტები უკვე ლამის 40 წლისაა და შახტებიდან მათი უპრობლემო სტარტის შესაძლებლობა შეიძლება მალე ეჭვქვეშ დადგეს, ამიტომაც რუსეთი, მეათე წელია, ცდილობს, საბჭოთა უკრაინაში დამზადებული და დღემდე საბრძოლო მორიგეობაზე მდგარი 460 ბირთვული ქობინის გადამტანი 42 ბალისტიკური რაკეტა "სატანა" ახალი რუსული "სატანა 2"-ით - "სარმატით" ჩაანაცვლოს.

როგორია რუსული "სარმატი" და უნდა ეშინოდეს თუ არა მსოფლიოს დიდ ნაწილს არაპროგნოზირებადი პუტინის ხელში ამ რაკეტების აღმოჩენის შემდეგ?

მართალია, ჯერ კიდევ საცდელი რეჟიმით მოქმედი "სარმატის" ზუსტი ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები გასაიდუმლოებულია, მაგრამ მის საბრძოლო შესაძლებლობებზე მიახლოებითი ციფრებიც კარგ წარმოდგენას იძლევა.

სამსაფეხურიანი, თხევადსაწვავიანი "სარმატის" სიგრძე 35 მ-ს აღემატება და ის სტარტის წინ 208 ტონაზე მეტს იწონის. მის საბრძოლო ნაკვეთურში, დოლურაში, განთავსებულია 10 ბირთვული ქობინი, თითოეული - 750 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი სიმძლავრის, რომელთა გადატანა "სარმატს" მაქსიმალურ 18 000 კმ-ზე შეუძლია.

"სარმატი" სხვა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:

პირველი - რუსეთის ტერიტორიიდან "სარმატის" გაშვება შეიძლება დედამიწის სამხრეთ პოლუსის გავლით ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტისკენ, სადაც ამერიკელებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები, ძირითადად, ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმების მოსაგერიებლად აქვთ განთავსებული, სამხრეთი მიმართულება კი ნაკლებად არის დაცული. ეს არის "ორბიტული დაბომბვის" კონცეფცია, როდესაც დედამიწის დაბალ ორბიტაზე გასული რაკეტის ქობინი არასრული ორბიტული წრის ფრენის შემდეგ სამიზნეს ეცემა.

მეორე - "სარმატის" საბრძოლო ნაწილში ათ ბირთვულ ქობინთან ერთად არის "მატყუარა სამიზნეები", რომლებიც რაკეტის სტარტისა და ფრენის ტრაექტორიაზე ახლო კოსმოსში ქობინების "გაფანტვის" შემდეგ ისეთივე რადიოლოკაციურ არეკვლას იძლევა, როგორსაც ნამდვილი ბირთვული ქობინები, სანამ ისინი დედამიწის ატმოსფეროში შემოვა და დამუხრუჭდება. ეს მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენის ტექნიკურ საშუალებებს ხელს უშლის, გაარკვიოს, რომელია ნამდვილი ბირთვული ქობინი და რომელი - იმიტატორი და რომელს დაუმიზნოს ანტირაკეტა.

მესამე - რაკეტის ქობინი მიზნისკენ მიემართება ბალისტიკური ტრაექტორიით, რისი გამოთვლაც დღეს ძალიან ადვილია და თანამედროვე ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემას შეუძლია, ახლო კოსმოსში ანტირაკეტის მართვადი მოდული (რომელშიც ერთი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერებაც კი არ არის) პირდაპირ შეაჯახოს მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტის გაშვებულ ბირთვულ ქობინს და ის მხოლოდ დაჯახებისას წარმოქმნილი კინეტიკური ენერგიის ხარჯზე გაანადგუროს.

ამის თავიდან ასაცილებლად რუსი კონსტრუქტორები გეგმავენ "სარმატის" საბრძოლო ნაკვეთურში "ავანგარდის" ტიპის ჰიპერბგერითი მართვადი ბირთვული ბლოკის დამონტაჟებას, რომელიც, ჩვეულებრივი ქობინისგან განსხვავებით, წინასწარ პროგნოზირებადი ბალისტიკური ტრაექტორიით კი არ მიფრინავს, არამედ უდიდესი - არანაკლებ 9 კმ/წმ-ში სიჩქარით მანევრირებს, რითაც ანტირაკეტის მართვად მოდულს მასთან შეჯახების შანსს აღარ უტოვებს.

მეოთხე - მოწინააღმდეგის ბალისტიკური რაკეტების განადგურების ყველაზე იოლი საშუალებაა მათ სასტარტო შახტებზე ზუსტი ბირთვული დარტყმების განხორციელება, რის შემდეგაც ისინი, დიდი ალბათობით, სტარტს ვეღარ აიღებს.

ამერიკის კოსმოსური დაზვერვისთვის რამდენიმე სანტიმეტრის სიზუსტით არის ცნობილი ყველა რუსული საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის მიწისქვეშა შახტის მდებარეობა, ისევე, როგორც რუსებისთვის - ამერიკული სარაკეტო შახტებისა. ეს შახტები დაცულია ათეულტონიანი მოძრავი ხუფებით და რაკეტებიც ამ შახტებში სპეციალურ ამორტიზატორებზეა ჩამოკიდებული, რომ ახლო ბირთვული აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა მიწის რყევამ რაკეტა არ დააზიანოს და მისი სტარტი შესაძლებელი იყოს.

ახალი "სარმატის" უსაფრთხოების ზრდის მიზნით რუსი სამხედროები უფრო შორს მიდიან და მიწისქვეშა სასტარტო სარაკეტო შახტების ირგვლივ ამონტაჟებენ "მოზირის" ტიპის აქტიური თავდაცვის კომპლექსებს, რომლებიც მოქმედების პრინციპით ძალიან ჰგავს ტანკის აქტიური თავდაცვის სისტემას, ოღონდ "მოზირის" კომპლექსის 100 (დიახ, ასი!) ლულა ცას შეჰყურებს და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც რადიოლოკატორები დააფიქსირებს "სარმატის" მიწისქვეშა სასტარტო შახტისკენ მფრენ მოწინააღმდეგის ბირთვულ ქობინებს, 6 კმ სიმაღლემდე გაისვრის 40 ათასამდე დამაზიანებელ ელემენტს - ლითონის ისრებსა და 30 მმ დიამეტრის რკინის ბურთულებს.

ასეთ "რკინის წვიმაში" (რომელიც რაღაცით წააგავს მონადირის მიერ ფრინველისკენ გასროლილ საფანტის ნაკადს) მოხვედრილი ბირთვული ქობინის კორპუსი აუცილებლად დაზიანდება, თანაც იმის გარანტიით, რომ ბირთვული აფეთქება არ მოხდება, ან, თუკი ჯაჭვური რეაქცია მაინც მოხდა, ქობინის ინიცირება მიწიდან რამდენიმე კმ სიმაღლეზე მოხდება, ხოლო საჰაერო ბირთვული აფეთქება მაინცდამაინც ვერაფერს დააკლებს მიწისქვეშა შახტში საიმედოდ დაცულ ბალისტიკურ რაკეტას.

აი, ეს არის ახალი რუსული ბირთვულქობინიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" ძირითადი უპირატესობები, რითაც პუტინი დასავლეთის დაშინებას ცდილობს, თუმცა "სარმატის" გამოცდა, მეათე წელია, გრძელდება და მისი სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა.