"ყველა გზა რომში მიდის - ძველ რომაელთა გამოგონებები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ" - კვირის პალიტრა

"ყველა გზა რომში მიდის - ძველ რომაელთა გამოგონებები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ"

გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ძველ რომაელთა გამოგონებები, რომლებსაც დღესაც ვიყენებთ" (ავტორები - კევინ ჩირსე, ვიქტორ ვაიცი). პუბლიკაცია ეხება გერმანიის ქალაქ მაინცში გახსნილ საინტერესო გამოფენას.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

"ძველი რომის იმპერიის აყვავება ორი ათას წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო, მაგრამ დღესაც ევროპის მთელ ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, შეიძლება ვნახოთ უძველესი ეპოქის ყველაზე უძლიერესი და უდიდესი იმპერიის ნაშთები. ზოგიერთ ადგილზე გადებული რომაული აკვედუკები (წყალსატარი ნაგებობები) ჯერ კიდევ გვატყვევებენ თავიანთი ბუმბერაზი სახით, რომლებიც, თანამედროვე მრავალსართულიანი სახლების სიმაღლეზე აზიდულნი, რელიეფს ზემოდან გადმოჰყურებენ. იგივე შეიძლება ითქვას რომაული კოლიზეუმებისა და აბანოების (თერმების) კოლონებზეც...

ამ დღეებში გერმანიის ქალაქ მაინცში არსებულმა ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმმა ახალი გამოფენა მოაწყო, რომელიც ძველი რომის ინოვაციურ პროექტებს მიეძღვნა, საერთო დევიზით - High Tech Römer („მაღალტექნოლოგიური რომაელები“). გამოფენა ერთგვარი პატივის მიგებაა იმ ტექნიკური მოწყობილობებისა და სხვა ინსტრუმენტული ფენომენების მიმართ, რომლებიც რომის იპერიის დროს შეიმუშავეს და ცხოვრებაში რეალიზებულ იქნენ.

გამოფენის დამთვალიერებლებს შეუძლიათ გაიგონ ის, თუ როგორ აშენებდნენ ძველ რომში სანიტარულ-ტექნიკურ ნაგებობებს - ისეთებს, რომლებიც ორი ათასი წლის განმავლობაშიც ინარჩუნებენ თავიანთ სახეს, წინააღმდეგობას უწევენ კლიმატის ცვლილებებს, ქარსა და უამინდობას... აგრეთვე, კაცობრიობის ისტორიაში იატაკის ხელოვნური გათბობის პროექტის პირველი რეალიზების ფაქტს. მოკლედ, დაინტერესებული ადამიანები საკუთარი თვალით იხილავენ და დარწმუნდებიან ძველი რომის ჭეშმარიტად საოცარ გამოგონებებში.

არქიტექტურული ნაგებობები მარადიულობისთვის

მაინცში მოწყობილი გამოფენა გვამცნობს, რომ რომაელები დიდი გამომგონებლები იყვნენ და ასეთი ინოვაციური სული მათ თავიანთი უდიდესი იმპერიის მშენებლობაშიც ეხმარებოდათ. სწორედ იმპერიებისათვის დამახასიათებელი მონუმენტალიზმია ასახული ძველ რომაულ არქიტექტურაში

ინსტრუმენტები, მოწყობილობები და სამშენებლო მასალები - რომის არქიტექტურული კულტურა იმპერიის დაცემის შემდეგ თითქმის დაივიწყეს, თუმცა სწორედ იმ სამშენებლო მასალისაგან, როგორიცაა opus caementitium (ანუ თანამედროვე ცემენტი) რომალებმა პირველი მრავალსართულიანი სახლების, აკვედუკებისა და სხვა შენობების აგება დაიწყეს. რომაელთა ბეტონი იმდენად მტკიცე იყო, რომ შენობების შემონახული ფრაგმენტები დღემდე მდგრადად დგანან. შთამბეჭდავ მაგალითს წარმოადგენს, აგრეთვე, იმპერატორ ტიბერიუს კლავდიუს ნერონის „ოქროს სახლი“ (ლათ. Domus Aurea) ან რომის ცენტრში მდებარე კოლიზეუმი... ასევე, პანთეონი, ბეტონისაგან დამზადებული მასიური გუმბათით, რომელსაც „ყველა ღმერთის ტაძარს“ უწოდებდა, აშენებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 118-121 წლებში.

ბეტონით მშენებლობის სფეროში რომაელთა ტექნოლოგიის ხელახალი გამოყენება მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. საინტერესოა ერთი რამ: თანამედროვე ბეტონის ვარგისობის ვადა დაახლოებით 50 წელია, შემდეგ მას ფორები უჩნდება და იბზარება, რომაული ბეტონი კი ათასეულ წლებს უძლებს. ეს გამოცანა მეცნიერებმა დიდი ხნის კვლევის შემდეგ ამოხსნეს: რომაული ბეტონის საიდუმლო იმაშია, რომ ის გარკვეული პროცენტით შეიცავდა ვულკანურ ფერფლს, რაც მას არაჩვეულებრივ სიმტკიცეს აძლევდა.

მაგრამ მტკიცე ბეტონი რომაელთა ერთადერთ მიღწევას არ წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მშენებლობებზე, ძირითადად, მონების შრომას იყენებდნენ, მრავალი დიდი შენობის აგების მიზნით, მათ რთული მექანიკური ამწეები და ქვების სამტვრევები შექმნეს. მაინცის გამოფენაზე შეიძლება რეალურად ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს უძველესი ტექნიკა, რომელიც, სხვათა შორის, ხისგან იყო (და არის) დამზადებული.

მშენებლობა კომფორტის გასაუმჯობესებლად

გადმოცემის თანახმად, როცა 80 ჰექტარის ფართობის მქონე ნერონის „ოქროს სახლი“ ოთხი წლის მშენებლობის შემდეგ დასრულდა, აღფრთოვანებულმა იმპერატორმა შესძახა: „აი, ახლა საბოლოოდ მართლაც ადამიანურად ვიცხოვრებ“. თუმცა ის ფაქტი, რომ ნერონი ოდესმე ნამდვილად ცხოვრობდა თავის დიდებულ სასახლეში, ისტორიკოსებს შორის დღემდე სადავოა.

და მაინც, ერთი რამ დამაჯერებლად შეიძლება ითქვას: რომაელი მშენებლებისათვის კომფორტის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ხელოვნური გათბობის პირველი იატაკები სწორედ რომაელებმა მოიფიქრეს, თუმცა, დღევანდელი ელექტრული გათბობის ნაცვლად, ისინი ამ მიზნით ცხელ ჰაერს იყენებდნენ, რომელიც იატაკის ქვეშ არსებული აგურის მილებით მიეწოდებოდა.

„ყველა გზა რომში მიდის“

აკვედუკები, გზები და საქალაქო ნაგებობები, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემონახული, იმას ადასტურებენ, რომ რომაელები რთულ ტექნიკურ სისტემათა მშენებლობის ოსტატებს წარმოადგენდნენ. იმპერიის ყოველი შორეული პროვინცია დედაქალაქთან - მარადიულ რომთან - იმდროისთვის კეთილმოწყობილი პირდაპირი გზებით იყო დაკავშირებული. საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნიდან გზები იტალიაში ისევ ძველი რომის მიმართულებით შენდებოდა.

იმპერიის ქალაქების ქუჩები დაგეგმილი იყო და შენდებოდა პირდაპირი მიმართულებით, ცენტრისაკენ, სადაც „ფორუმები“ იყო განლაგებული - სწორკუთხოვანი მოედნები, სადაც დიდი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები იყო განლაგებული, ვთქვათ, ქალაქის ადმინისტრაცია, სასამართლო, ტაძრები და თეატრები. ამის მაგალითად გამოდგება რომის ცენტრში არსებული „რომაული ფორუმი“, რომელიც იმპერიის ქალაქებისათვის ერთგვარ ნიმუშად იქცა.

კანალიზაციის რთული სისტემა

რომის იმპერიის დროინდელი ქალაქთმშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება იყო ქალაქების ქვეშ არსებული საკანალიზაციო სისტემები. რომის დიდი კლოაკა - საკანალიზაციო არხი, რომელსაც „მაქსიმეს კლოაკას“ უწოდებდნენ, თავდაპირველად ქალაქის შვიდი ბორცვის ირგვლივ არსებული დაჭაობებული ადგილების დაშრობისთვის გამიზნული, თუმცა შემდეგ რომალებმა სწრაფად მოიფიქრეს და არხს ქალაქის მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემა დაუკავშირეს.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში რომის ყველა აკვედუკი იმპერიულ საკანალიზაციო სისტემას შეუერთდა, რომელზეც ქალაქებში სანიტარული მდგომარეობა იყო დამოკიდებული - მათი მეშვეობით ხდებოდა იმდროინდელ ტუალეტებში და აბანოებში გამოყენებული წყლის, აგრეთვე, ატმოსფერული ნალექების (წვიმის წყლის) გადინება. რომში, მილანში, პარიზში, ლონდონსა და სხვა დიდ ქალაქებში არსებული საკანალიზაციო სისტემა საიმპერიო სტანდარტი გახდა. სხვათა შორის, ისტორიული Cloaca Maxima (მაქსიმეს კლოაკა) დღევანდელ რომში ამჟამადაც მოქმედებს.

სისუფთავე უპირველეს ყოვლისა!

რომაულ საზოგადოებაში სისუფთავე და ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. სწორედ ამიტომ არსებობდა რომში მრავალრიცხოვანი აბანოები (თერმები) და აუზები, რომლებითაც თითოეული რომაელი მოქალაქე თავისუფლად სარგებლობდა. აბანოებს და აუზებს შეხვედრის ადგილებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრების (ოაზისების) დანიშნულება ჰქონდათ. საინტერესოა, რომ თავდაპირველად საერთო აბანოები იმათთვის იყო განკუთვნილი, ვინც შინაური მეურნეობით იყო დაკავებული და საკუთარი სანიტარული კვანძები არ ჰქონდა, მაგრამ, აბანოებისა და აუზების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, იქ რომაელმა პოლიტიკოსებმა და თვით იმპერატორებმაც დაიწყეს სიარული, რომ ამგვარად ხალხთან თავიანთი სიახლოვის დემონსტრირება მოეხდინათ.

გამოფენა High Tech Römer („მაღალტექნოლოგიური რომაელები“) ძველ რომაელთა მიღწევების „გაცოცხლების“ მცდელობას წარმოადგენს, რომ დღევანდელ თაობას მათ შესახებ წარმოდგენა ჰქონდეთ. შემთხვევითი არაა, რომ გამოფენა სწორედ მაინცში იმართება: რომაელებმა ეს ქალაქი თავდაპირველად „I გერმანული ლეგიონის“ ბანაკის სახით შექმნეს - „მოგონტიაკუმის“ (Mogontiacum) სახელით, 13 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანუ თითქმის ორი ათას წელზე მეტი ხნის წინათ. თანდათანობით „მოგონტიაკუმი“ რეგიონის სამხედრო და სამოქალაქო ცენტრად გარდაიქმნა. გამოფენაზე, რომელიც 2023 წლის 15 იანვრამდე გასტანს, წარმოდგენილია აღნიშნული პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენებიც. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ