როგორი იქნება თურქეთის როლი ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში - კვირის პალიტრა

როგორი იქნება თურქეთის როლი ახალ საერთაშორისო დღის წესრიგში

"თურქეთს, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი ძალაა, სპეციფიკური მიდგომა­ აქვს", - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი თურქეთის პოლიტიკაზე საუბრისას, რომელიც ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრება-არგაწევრებას უკავშირდება. როგორ აიხსნება თურქეთის ეს პოზიცია, ძლიერდება თუ არა მისი, როგორც საერთაშორისო­ მოთამაშის როლი და რა შანსი აქვს საქართველოს თურქეთთან ერთად ახალ დღის წესრიგში ადგილის დამკვიდრების.

- თურქეთს ტრადიციულად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა აქვს. ხშირად ვხედავთ ზიგზაგებს, მხოლოდ ზედაპირზე რაღაც მოვლენებს, რომელიც შემდეგ ძნელი ასახსნელია, რეალურად კი თურქეთს, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვანი­ ძალაა, სპეციფიკური მიდგომა აქვს - ერთი მხრივ, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ეხმარება სამხედრო შეიარაღებითაც, ბოსფორის სრუტე დაკეტილი აქვს რუსული სამხედრო გემებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ომის დროს, და მეორე მხრივ, კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, რასაც დიდწილად ის განაპირობებს, რომ თურქეთს აქვს ეკონომიკური სირთულეები და სურს უფრო არ დაუმძიმდეს ვითარება, რადგან მომავალ წელს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო თურქეთის ეკონომიკამ დიდად იზარალა და კიდევ უფრო იზარალებდა­, თუ თურქეთი მიუერთდებოდა, მაგალითად, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.­ თურქეთი ნატოს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სანქციებს შეერთებული არ არის. თურქეთის ეკონომიკა 45%-ით არის დამოკიდებული რუსეთზე, ნავთობის­ 17%-ს რუსეთიდან იღებს, რუსეთში მუშაობს ძალიან ბევრი თურქული სამშენებლო კომპანია, რუსეთში გადის თურქული პროდუქცია, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტექსტილი. გარდა ამისა, თურქეთში მილიონობით რუსი ტურისტი ჩადის. ჯამში თავს იყრის დიდძალი თანხა, რომელიც თურქეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრების წინააღმდეგ წასვლით თურქეთი რას იგებს? ოფიციალურმა ანკარამ თანხმობის წინა პირობად რამდენიმე საკითხი წამოაყენა. შესაძლებელია შეთანხმება ამ საკითხებზე?

- ამ საკითხთაგან უმთავრესია ის, რომ თურქეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა არეულობა სამეზობლოში, მათ შორის, სირიაში. სირიაში მოქმედი "ხალხთა დაცვის ნაწილები" დასავლეთის მოკავშირედ ითვლება და ეხმარებოდნენ კიდეც აი-სი-სი-სთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ თურქეთი ამ გაერთიანებას განიხილავს როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიის გაგრძელებას და ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, დასავლეთში კი პირიქით, ქურთისტანის მუშათა პარტიას განიხილავენ ტერორისტულ ორგანიზაციად და არა სირიულ "ხალხთა დაცვის ნაწილებს". როგორც ხედავთ, საფრთხეების აღქმაში განსხვავებაა. თურქეთს სურს დასავლეთმაც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს, მაგრამ ეს მოხდება თუ არა, სხვა საკითხია. ამასთან, 2019 წლის შემდეგ თურქეთისთვის სამხედრო ემბარგო აქვთ დაწესებული ფინეთსა და შვედეთს იმის გამო, რომ თურქეთმა­ ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია­ სწორედ ამ ორგანიზაციის წინა­აღმდეგ დაიწყო­. ახლა თურქეთი ემბარგოს გაუქმებას ითხოვს, განსაკუთრებით F-35-ების შეძენისთვის. F-35 ამერიკული მეხუთე თაობის ბომბდამშენ-გამანადგურებელია და თურქეთს მისი მიწოდება რუსული სარაკეტო კომპლექს ჩ-400-ების შეძენის გამო შეუწყვიტეს. თუ F-35-ის შეძენის საკითხი ვერ მოგვარდა, შეიძლება დადგეს F-16-ების შეძენის საკითხი. ნაწილი კი ჰყავს თურქეთს, მაგრამ მოდერნიზება სჭირდება და ამიტომ ახალი F-16-ების შეძენა სურს. ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც თურქეთს უჭირს დათანხმება ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებაზე, განსაკუთრებით შვედეთის, რადგან შვედეთში ძალიან ბევრი ქურთი აქტივისტია, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მიიჩნევს და მათ გადაცემასაც ითხოვს, მაგრამ შვედებმა უარი უთხრეს. თურქეთის გადმოსახედიდან ასევე საფრთხეს წარმოადგენენ გიულენის (თურქი პოლიტიკოსი, ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც ქვეყნიდან დევნილია და აშშ-ში ცხოვრობს, რადგან ერდოღანი მას მტრად მიიჩნევს - რედ.) მომხრეები, ამ ორ ქვეყანაში კი გიულენის ბევრი მომხრე ცხოვრობს­. მოლაპარაკება გრძელდება, როგორც თურქულ-ამერიკული, ასევე თურქულ-სკანდინავიური, თუ შეიძლება ასე ითქვას, და ვფიქრობ, შეძლებენ კომპრომისამდე მისვლას.

- შეიძ­ლება თურქეთის ევროკავშირში­ გაწევრების პროცესი გააქტიურდეს?

- ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ეტაპზე რაიმე პროგრესი იყოს. ევროკავშირს ბევრი პრეტენზია აქვს თურქეთთან ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და ა.შ. გამო. ამიტომ არა მგონია, ადვილად დასაძლევი იყოს და ადვილად შეელიოს დასავლეთი თურქეთისთვის წაყენებულ ევროკავშირის მოთხოვნებს. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებზეც მოლაპარაკება მიდის, მნიშვნელოვანია­ აშშ-ის კომპონენტი. რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და ბლინკენი. ბევრი საკითხი განიხილეს, მათ შორის, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრების. ეს ნიშნავს, რომ პროცესი მიდის, შეხვედრები გრძელდება და მოსალოდნელია, უშუალოდ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებთანაც კონტაქტი...

- რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდშიც­ თურქეთი ძალიან აქტიურობს, გაიმართა­ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაც. თურქეთის, როგორც საერთაშორისო­ ლიდერის როლი გაიზარდა?

- თურქეთს, თავისი სპეციფიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, შეუძლია ორივე მხარეს ელაპარაკოს და ორივესთან მეტ-ნაკლებად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც შესაძლებელი გახდა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. თურქეთს აქვს საამისო პრესტიჟიც, ძალაც და შესაძლებლობაც. თურქეთს რეგიონში მშვიდობა სურს, რადგან ხედავს, ეს ომი რამხელა ზიანს აყენებს რეგიონსაც და თავად თურქეთსაც.

- თურქეთის ეს ახალი როლი თუ გააქტიურდება საქართველოსთვის რას ნიშნავს, ეს ჩვენთვის რა შანსია?

- ჩვენ თურქეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო ხელისუფლების სათავეში საქართველოსა თუ თურქეთში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ასეა. ეს საერთო ინტერესია, რადგან ბევრი საკითხი გვაკავშირებს ერთმანეთთან, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური. რამდენად ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ძნელი სათქმელია. ალბათ, უფრო მეტი აქტიურობა გვმართებს, რათა თუნდაც ქართული პროდუქცია უფრო მეტი შევიტანოთ თურქეთში. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

- მე უფრო პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებას ვგულისხმობდი. როდესაც უკრაინას უსაფრთხოების პრობლემა დაუდგა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი შეიქმნა. არ შეიძლება საქართველომ უსაფრთხოებისთვის მსგავსი ალიანსი თურქეთთან შექმნას? ეს პოტენციალი თუ არსებობს?

- შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ამ საკითხს საქართველოს ხელისუფლება უნდა აყენებდეს, მაგრამ პრობლემა ის არის, არ აყენებს და ცხადია, არავინ დაიწყებს უტოპიური იდეების წამოყენებას მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ თუ ვერ იქნება მზად ასეთი იდეების ხორცშესხმისთვის.

რუსა მაჩაიძე