„დასაგლეჯად მოტანებული ძაღლების წრეში აღმოვჩნდი“ - კვირის პალიტრა

„დასაგლეჯად მოტანებული ძაღლების წრეში აღმოვჩნდი“

მისასალმებელია, რომ ცხოველთა მიმართ სისასტიკე აღიკვეთა, თუმცა შემუშავებულ რეგულაციებში არაერთი ხარვეზია, რაზეც ადამიანთა დაგლეჯის ხშირი ფაქტებიც მეტყველებს. ფაქტობრივად, აღარ არსებობს ქალაქი, სადაც მშიერი და ამის გამო აგრესიული ძაღლების მიერ ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები არ იყოს. ამის შესახებ გვწერს დუშეთიდან გოგი ჭინჭარაულიც:

"ძაღლი მიყვარს და არ მეგონა, მათზე თუ დავიჩივლებდი, მაგრამ რადგან უამრავი ადამიანია საფრთხეში, უნდა შემოგჩივლოთ. პირადად არა მხოლოდ დუშეთში, ჟინვალშიც რამდენჯერმე გადავურჩი ძაღლებისგან დაგლეჯას, ალბათ, სასწაულით. არადა, არც ერთ შემთხვევაში ცხოველები არ გამიღიზიანებია. ამ ბოლო დღეებშიც დუშეთის ცენტრში შორიახლოს ჩავუარე იქვე მიწოლილ ძაღლებს, რომელთა ჯგუფიდან ერთ-ერთი ჩემკენ გამოემართა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამ დროს კი არ უნდა გაიქცე, უნდა გაჩერდე და ძაღლიც გაგეცლება. მეც გავჩერდი. ისიც კი ვიფიქრე, მოდი, თავზე ხელს გადავუსვამ-მეთქი, მაგრამ ძაღლი რომ მომიახლოვდა, საშინელი ყეფა და ღრენა დამიწყო. მას იქვე მყოფი ძაღლებიც შემოეშველნენ.

ასე აღმოვჩნდი დასაგლეჯად მოტანებული ძაღლების წრეში და თავს ვერაფრით ვშველოდი. რომ არა ბავშვიანი­ ქალი, რომელიც თურმე ერთ-ერთს დროდადრო კვებავდა, ვერაფერი მიშველიდა. ღმერთი უშველის, აქ ქალმა გადამარჩინა. მოგვიანებით ისიც კი შევიტყვე, რომ დუშეთში მიუსაფარ ძაღლებს ხალხი უკვე დაუკბენიათ. ამის შემდეგ დუშეთის მერიაშიც მივედი. მითხრეს, განცხადება დაწერე და განვიხილავთო. ნამდვილად არ ვიცი, რას განიხილავენ - აქამდეც ხომ იცოდნენ ამ მიუსაფარი ძაღლების შესახებ, მაგრამ ვიცი, რომ ამ პრობლემას უნდა მიეხედოს, მით უფრო იმ სიტუაციაში, როდესაც გაჭირვებული მოსახლეობა მიუსაფარ ძაღლებს ვერ კვებავს და ისინიც აგრესიულები ხდებიან.

აუცილებელია გვესმოდეს, რომ ცხოველთა უფლებების დაცვის პარალელურად ადამიანის უფლებებიც უნდა დავიცვათ."

P.S. ცხოველთა დამცველების თქმით, მუშავდება კანონმდებლობა, რომლითაც ცხოველების უკონტროლო გამრავლება შეიზღუდება.

შენია, მაგრამ შენი არ არის

უახლესი ისტორიის ჩაღრმავება და ფაქტების მოძიება სულაც არ არის საჭირო, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძიმე პრობლემა - სახელმწიფოსა და მოქალაქის­ ურთიერთობა დაინახო. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი გამარჯვება მარცვლეულის­ ბეღელია. თავის დროზე აქ მიწების პრივატიზაცია მშვიდად ჩატარდა, რაც სოფლის მცხოვრებთა, მათ შორის, ვალოდია ღორაშვილის დამსახურებაა. სოფელმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრივატიზაცია სამართლიანი ყოფილიყო, ბატონმა ვალოდიამ კი თანასოფლელებთან ერთად აზომა და გაანაწილა საპრივატიზაციო მიწები. მას შემდეგ, სოფელთან ერთად, ისიც ფიქრობდა, რომ მის საკუთრებას ვერავინ შეეხებოდა, თუმცა სწორედ ამ დღეებში მიიღო საჯარო რეესტრიდან ბათილად ცნობის გადაწყვეტილება...

ვალოდია ღორაშვილი: - 90-იან წლებში მიწის მიტაცება თითქმის მთელ საქართველოში დაიწყო. ჩვენს სოფელში ხალხის შეთანხმებით გავანაწილეთ ნაკვეთები. მაშინ ელექტრონულად დასაბუთების შესაძლებლობა არ არსებობდა, ამიტომაც პირადად დავდიოდი დედაქალაქში დოკუმენტების დასადასტურებლად. განა მარტო მე - მუნიციპალიტეტების არაერთი წარმომადგენელი ყურყუტებდა დედაქალაქის თანამდებობის პირთა მისაღებებში ამის გამო. მახსოვს, ერთ-ერთ თანამდებობის პირს, გვარად კოღუაშვილს, სამუშაო დღის დამთავრებამდე ველოდე. მან ამდენი ხალხი მისაღებში რომ დაგვინახა, ტელეფონის ნომრები მოგვცა, თბილისში აღარ ჩამოხვიდეთ, დარეკეთ და გაიგეთ, დამტკიცდა თუ არა თქვენი მიწის პრივატიზაციაო. შემდეგ ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე მიწების ელექტრონული პრივატიზაციაც მოხდა. მე ერთი ჰექტარი­ და 600 კვმ მიწა დავირეგისტრირე და მეგონა, დაზღვეული, მაგრამ... ახლა ამ ნაკვეთს ძალადობით მართმევენ. მივიღე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რომ ჩემი მიწის საკუთრების უფლება გაბათილებულია და ის ნუგზარ გონაშვილს უნდა გადაეცეს.

- რის საფუძველზე გამოიტანა საჯარო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება?

- თავადაც ვერ ვხვდები. ჩემი მოდავე ჩვენივე კუთხიდანაა. როდესაც მიწები ნაწილდებოდა, მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ ჩემი ნაკვეთი უნდოდა. მასაც იმავე შირაქის ველზე, ოღონდ სხვა ნაწილში, 2 ჰექტარი მიეზომა და კმაყოფილიც იყო. პრობლემა, ჩემი აზრით, მაშინ გაჩნდა, როდესაც დარეგისტრირებული მიწების იმ ნაწილზე, სადაც ჩემი ნაკვეთია, კოოპერატივი ავამუშავეთ და ამ შრომით შემოსავალი მივიღეთ. კოოპერატივი გაცილებით მეტ შემოსავალს გვაძლევს, ვიდრე ჩემს მომჩივანს აქვს, რომელსაც კუთვნილ მიწაზე დღემდე არ უმუშავია და მხოლოდ აქირავებს, შემოსავალი კი მეტი უნდა, არადა, თავადაც შეუძლია კოოპერატივის შექმნა, თუკი იშრომებს. პრეტენზიები 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც მითხრა, რომ ჩემი კუთვნილი მიწა წლების წინ მას ეკუთვნოდა და აუცილებლად იჩივლებს საჯარო რეესტრში მის დასაბრუნებლად.

- რა საფუძველი გააჩნდა ამისთვის, რომ საჯარო რეესტრმა მისი საჩივარი დააკმაყოფილა?

- იურისტებმაც ეს მითხრეს, რომ ელექტრონულად დარეგისტრირებულ ქონებას ვერავინ შეეხებოდა. ჩემი უბედურება ის არის, რომ ინსულტიანი მეუღლე მყავს, რომელსაც თავად ვუვლი, რის გამოც რეესტრში საქმის გასარკვევად ვერ წავალ, ელექტრონული ურთიერთობა კი არ შემიძლია. რეესტრი მიმითითებს, რომ გადაწყვეტილება­ შემიძლია სასამართლოში გავასაჩივრო, რაც ჩემთვის ასევე აბსურდია, რადგან ადვოკატს თანხები სჭირდება. მძიმე დღეში ვარ. საარსებო საშუალება გამომაცალეს ხელიდან...

P.S. ჩვენ დავუკავშირდით საჯარო რეესტრის იურიდიულ სამსახურს, სადაც გვიპასუხეს, რომ საჯარო რეესტრს ადმინისტრაციული სარჩელის საფუძველზე მართლაც შეუძლია კერძო საკუთრების უფლების გაბათილება და ამ საკუთრების სხვისთვის გადაცემა, გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი კი მხოლოდ სასამართლოა.