"უნდა გავჩუმდეთ, გამოვაცხადოთ სიჩუმე, სიწყნარე, მორატორიუმი, რომ ერთმანეთს არ ვლანძღავთ" - კვირის პალიტრა

"უნდა გავჩუმდეთ, გამოვაცხადოთ სიჩუმე, სიწყნარე, მორატორიუმი, რომ ერთმანეთს არ ვლანძღავთ"

უნდა გავჩუმდეთ, გამოვაცხადოთ სიჩუმე, სიწყნარე, მორატორიუმი, რომ ერთმანეთს არ ვლანძღავთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ სანამ საქართველო განაცხადზე პასუხს მიიღებს, ოპოზიციამაც და პოზიციამაც დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება შეწყვიტოს, რადგან არავინ იცის „ეს მომენტი კიდევ როდის დადგება“.

„დღეს პარლამენტში ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ჯობია გაჩუმდი 24 ივნისამდე, ჯობია შენ გაჩუმდი... უნდა გავჩუმდეთ, გამოვაცხადოთ სიჩუმე, სიწყნარე, მორატორიუმი, რომ ერთმანეთს არ ვლანძღავთ. არ დავაზიანოთ ეს პროცესი, ეს მომენტი კიდევ როდის დადგება? ეს ხომ უკრაინამ დააჩქარა?

ლანძღვასა და თათხვაზე და ძალადობის წაქეზებაზე ვამბობ, ან ისეთ გადაწყვეტილებებზე, როგორიც მაგალითად გვარამიას დაჭერა იყო და ა.შ. ასეთ რაღაცებზე გამოვაცხადოთ მორატორიუმი, საერთოდ გავჩერდეთ, მეტ-ნაკლებად შევნელდეთ 24-მდე რომ ვაჩვენოთ, რომ ეს არის ქართველი ერის არჩევანი და არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ არა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, უცხოეთში ყველას ჰგონია, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება, რაც ღარიბაშვილის განცხადების გამო ხდება და მან ეს შეცდომა უნდა გამოასწოროს.

"ყველას ჰგონია უცხოეთში, რომ ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, რატომ? იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა თქვა სანქციებს არ შევუერთდებიო, არადა ყველას საერთაშორისო სანქციას ვართ მიერთებული. ორმხრივ სანქციებს არ ვუერთდებით, რომ მაგალითად, ჩვენი ატამი არ შევიტანოთ.

ეს ჩვენი შეცდომა იყო, დიდი პოლიტიკური შეცდომა, იმ დღეს მოვუწოდე ღარიბაშვილს, რომ გამოასწორე ეს ნათქვამი-მეთქი, მერე რა, ცოცხალი ადამიანები ვართ და ძალიან ბევრი რამ გვეშლება, კაცობა, ღირსება, მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი პოზიცია ისაა, რომ თქვა, შემეშალა. ღმერთკაცები ხომ არ ვართ და ღმერთქალები. ურთიერთობები გამოსასწორებელი, უკრაინასთან ურთიერთობა იმ სიმაღლეზეა ასაყვანი, როგორსაც იმსახურებს ჩვენი ორი ქვეყანა და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"